Join our Waitlist for Expert Advice!

თქვენ ვერასდროს მიაღწევთ ბალანსს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის და არც უნდა მიაღწიოთ, ამბობს Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი

By Amanda Breen

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სერიული ანტრეპრენერისა და ინვესტორის დღის წესრიგს გადახედეთ შინ და სამსახურში, გაეცანით როგორ ართმევს იგი თავს ყველა პასუხისმგებლობას, როდესაც ოჰანიანი და მისი მეუღლე, სერენა უილიამსი მეორე შვილს ელოდებიან.

დასკვნები

Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი მუდამ "გენერალური დირექტორის რეჟიმში" იყო და 20 წლისა თავის ჯანმრთელობას სერიოზულად არ უყურებდა;

სერენა უილიამსზე დაქორწინებამ და ოლიმპიას მამობამ შეხედულებები შეუცვალა;

ახლა ის დღის წესრიგს განუხრელად იცავს და ამასთან, ისეთ ნაბიჯებსაც დგამს, რომელსაც მისგან საერთოდ არ ელიან.

ტექნოლოგიურ ანტრეპრენერსა და ინვესტორს, ალექსის ოჰანიანს ბევრი საქმე აქვს.

მან ვენჩურული კაპიტალის ფირმა Seven Seven Six შექმნა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ემპათიაზეა სპეციალიზებული, გარდა ამისა, Reddit-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე ქალიშვილს − ოლიმპიასაც ზრდის, რომელიც ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსთან შეეძინა, ახლახან კი, პერმანენტული მაკიაჟის ცნობილი კომპანია Sharpie-ის პარტნიორი გახდა.

მალე ოჰანიანს კიდევ უფრო დატვირთული ცხოვრება ექნება, რადგან წლის ბოლოს მეორე შვილს ელოდება.

თუ ასეა, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს და როგორ ამყარებს ჯანსაღ ბალანსს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის?

ოჰანიანი Entrepreneur-თან საუბრისას ამბობს, რომ შეკითხვის პერიფრაზირებაზე უარს არ იტყოდა.

"მე არ ვფიქრობ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევაა მთავარი", − განმარტავს ის, − "არ მგონია, ვინმემ ნამდვილად შეძლოს ამის მიღწევა. მთავარი ბალანსი არ არის. თუ ბალანსს გამოეკიდებით, გიგანტი თანოსივით იფიქრებთ, რომ რაღაც იდეალურად დაბალანსებულის შექმნა შეგიძლიათ. რეალობა კი ასეთია: სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის თანაფარდობა არასოდეს არის 50/50, ამასთან ახლოსაც კი ვერასოდეს მიხვალთ და არც უნდა სცადოთ".

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი სფერო მეორეზე მუდამ პრიორიტეტული უნდა იყოს.

"ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც კარიერაზე, სამუშაოზე მოგიწევთ მთელი ყურადღების გამახვილება", − ამბობს ოჰანიანი, − "ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც პირად ცხოვრებაზე დაგჭირდებათ მთელი ყურადღების დათმობა. ეს სპექტრია, რომელიც მუდმივად წინ და უკან მიედინება".

ოჰანიანი ამ მიქცევა-მოქცევას ურთიერთობებს ადარებს და აღნიშნავს, რომ პარტნიორობა არასოდეს არის ზუსტად 50/50. ხანდახან სამსახურიდან შინ ბრუნდებით და ძალების მხოლოდ 20%-ის გაცემის უნარი გაქვთ, თქვენს პარტნიორს კი − 80%-ის, − გვიხსნის იგი, მაგრამ მთავარი კავშირის შენარჩუნებაა მუდმივი დინების პირობებში.

რიტუალები, რუტინა და "გაოცებისა და აღფრთოვანების" ფაქტორი

ოჰანიანი ამბობს, რომ ქორწინებამდე მუდმივად "გენერალური დირექტორის რეჟიმში" გახლდათ და მისთვის რაიმე სახის ბალანსის მოძებნა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის "საშინელება" იყო. ის იხსენებს, 20 წლისა როგორ ატანდა ძალას საკუთარ თავს, საერთოდ არ ფიქრობდა, რას მიირთმევდა და რამდენად ხშირად ვარჯიშობდა.

როდესაც 30 წელი შეუსრულდა და მამა გახდა, მისი ცხოვრება შეიცვალა. "ვიფიქრე, რომ ყველაფერი უნდა შემეცვალა, რათა ამ პატარისთვის რაც შეიძლება დიდხანს მეცოცხლა", − იხსენებს ოჰანიანი, − "და გულწრფელად რომ ვთქვა, ერთ-ერთი იყო მამობა, რომელმაც განსაკუთრებული ძალები შემძინა".

დღეს ოჰანიანი დღის წესრიგს განუხრელად იცავს, რათა მყარად იდგეს მიწაზე, მაშინაც კი, როდესაც გზად სირთულე ხვდება. დღეს მისი დღის რეჟიმი ასე გამოიყურება: დილას ცივი წყლის პროცედურებით იწყებს, ვარჯიშამდე ყინულიან აბაზანაში 10 წუთს ატარებს, შემდეგ შხაპს იღებს და პირველ ფინჯან ყავას სვამს.

ის გარკვეულ დროს იმისთვისაც პოულობს, რათა სისხამ დილით თავისი ყოველდღიური მიზნები ჩამოწეროს. ეს შეიძლება პირადიც იყოს და პროფესიულიც, − ამბობს ოჰანიანი. როდესაც შინაა, საღამოს 6 საათზე ოჯახთან ერთად სადილობს, ამასთან, ყოველ საღამოს − "გამონაკლისის გარეშე". ის ასევე "გაოცებისა და აღფრთოვანების" ძალას იყენებს, ტაქტიკას, რომელიც შეიძლება ისეთივე ეფექტიანი იყოს ოჯახში, როგორიც ბიზნესშია.

"ნებისმიერ ადამიანს ბევრად მეტად დაამახსოვრდებით, თუ მისი მოლოდინის შაბლონს შეცვლით", − გვიხსნის ოჰანიანი, − "ჩვენს დამფუძნებლებსაც ამას ვურჩევთ, მე კი, ჩემი ქალიშვილისა და მეუღლისთვის ვაკეთებ, ეს დღის რეჟიმის განუხრელი დაცვის სხვა მხარეა. თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთი დღის წესრიგი და მასთან დაკავშირებული მოლოდინია, შეგიძლიათ ისეთი რამ გააკეთოთ, რაც უჩვეულო და განსხვავებული იქნება".

შეისვენეთ და ის გააკეთეთ, რაც სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

როდესაც საქმე სტრესის მართვას ეხება, ოჰანიანს რამდენიმე სასარგებლო სტრატეგია აქვს. მას სამუშაო დღის განმავლობაში სეირნობა მოსწონს, ზოგჯერ ერთი-ორგან დარეკვაც. როდესაც თავის საკუთრებაში, სამხრეთ ფლორიდაში სეირნობს, იქ წიწილებისთვისაც "საკმარისი ადგილია", "პატარა ფერმასავითაა".

ოჰანიანი ხატვას დაუბრუნდა. ეს ჰობი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა და ამ უნარს წლების განმავლობაში იყენებდა, რამდენიმე კომპანიის ლოგოც კი შექმნა, მათ შორის, Reddit-ის. მაგრამ დღეს ხატვა "სტრესის მოხსნაში" ეხმარება (მისი საყვარელი ინსტრუმენტია Sharpie S-Gel-ის კალამი). და მან "აღფრთოვანება" ვერ დამალა, როდესაც დაინახა, რომ ოლიმპიამაც ხატვა დაიწყო.

"ხატვის გაკვეთილებს Sharpie -ის პარტნიორობამდეც ვატარებდით, ხატვის კლასი გვქონდა. YouTube-ს ვხსნიდი, ეს Covid-19-ის დროს იყო, გადავდიოდი არხზე − ხელოვნება პატარებისთვის", − ამბობს ოჰანიანი, − "აქ მთელი ოჯახია, ხატვის გაკვეთილებს მამა, დედა და შვილები ატარებენ, ერთად ხატავენ. მე ოლიმპიასთან ერთად მინდოდა ხატვა. ოლიმპია ამ გაკვეთილმა უზომოდ გაიტაცა, მე კი სერენა შემოვიყვანე. თუ შინ ბებია-ბაბუა გყავთ, ისინიც დახატავენ".

ოჰანიანი აცნობიერებს, რამდენად დიდი რესურსები აქვს და რამდენად რთული იქნება ჯანსაღი მდგომარეობის მიღწევა სხვა ანტრეპრენერებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებიც ჟონგლირებენ, რათა საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაექცნენ შინ და სამსახურში. სწორედ ამიტომაა იგი ანაზღაურებადი ოჯახური შვებულების დიდი დამცველი. ოჰანიანს სურს, ეს შესაძლებლობა ყველა ამერიკულ ოჯახს ჰქონდეს.

ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ოჯახის არსებობა, სწორი მხარდაჭერისას, პროფესიული ამბიციებისა და წარმატებების ახალ სიმაღლეებს გზას უხსნის. ოჰანიანმა აღმოაჩინა, რომ მისთვისაც ასე იყო.

"არსებობს პატარა ადამიანი, რომელზეც ამ სამყაროში ყველაზე მეტად ზრუნავ", − ამბობს ოჰანიანი, − "მსოფლიოში სხვა არაფერი გაინტერესებს, გარდა იმისა, ეს ბავშვი როგორ აღგიქვამს. როდესაც თავმდაბლობის ასეთი დოზა გაქვს, კიდევ ერთი მექანიზმი იხსნება და ეს მართლაც შესანიშნავია. როგორც უკვე ვთქვი, ეს ბედის ირონიაა, მაგრამ ამან ბევრად უკეთესი გამხადა. ვფიქრობ, ჩემი კარიერის იმ ნაწილთან შედარებით, რომელიც მამობა გახლავთ, წინა კარიერა თვითშემოქმედებად გამოიყურება".

Amanda Breen

Entrepreneur Staff

Senior Features Writer

Amanda Breen is a senior features writer at Entrepreneur.com. She is a graduate of Barnard College and received an MFA in writing at Columbia University, where she was a news fellow for the School of the Arts.
სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ