Get All Access for $5/mo

თქვენი დამატებითი სამუშაო ზუსტად ახლა იწყება დახმარება ხომ არ გჭირდებათ ახალი დამატებითი სამუშაოს დაწყებაში?

By კიმ პერელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

დამატებითი სამუშაოებისადმი ინტერესი პანდემიამ გაზარდა. რატომ?

იმიტომ, რომ ეს კარგი საშუალებაა ახალი იდეების შესამოწმებლად, მეტი თანხის მისაღებად და თან, შესაძლოა, იგი ახალ კარიერაშიც გადაიზარდოს, რომელსაც მთლიანად თქვენ გააკონტროლებთ.

მაგრამ მომგებიანი დამატებითი სამუშაოს შექმნა ადვილი საქმე არ არის, ამიტომ იმ ნაბიჯებს გაგაცნობთ, რომლებიც თქვენი იდეის გამოსავლენად და მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ.

იპოვეთ თქვენი იდეა

როგორ უნდა დაიწყოთ?

ამ სამეტაპიანი გეგმით დაიწყეთ

მეოცნებე ხართ, იდეების მწარმოებელი მანქანა თუ იმედებით აღსავსე დამფუძნებელი?

წლების განმავლობაში ბევრი ანტრეპრენერის ქოუჩი ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ყველას სურს ამ კატეგორიათაგან ერთ-ერთში მოხვედრა. მეოცნებეებს იდეა აქვთ, მაგრამ თავდაჯერებულები არ არიან, ნაბიჯის გადადგმა უჭირთ. იდეების გენერატორებს ძალიან ბევრი იდეა აქვთ, მაგრამ არჩევანის გაკეთება და მათგან ერთის გამოყოფა უჭირთ. იმედებით აღსავსე დამფუძნებლები მოტივირებულები არიან, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, რით უნდა დაიწყონ.

თითოეულ კატეგორიას საკუთარი პრობლემები აქვს, მაგრამ გამოსავალი უმეტესად ერთი და იგივეა: თუ სერიოზულად გსურთ დამატებითი სამუშაოს დაწყება, მას დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეთ, რეალობა გაითვალისწინოთ, თვითანალიზი არ უნდა დაივიწყოთ და თქვენი გონება პრობლემების გადაჭრისკენ უნდა მიმართოთ. ქვემოთ სამი ნაბიჯია, რომელიც თქვენი დამატებითი სამუშაოსთვის სწორი იდეის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 1 შეიცანით საკუთარი თავი

იფიქრეთ იმაზე, რაც გაინტერესებთ, რითაც ხართ გატაცებული და რაც თქვენი ძლიერი მხარეა. იმ სფეროებს გადახედეთ, რომლებიც თქვენი ნიჭისა და ინტერესების გამოყენების საშუალებას მოგცემთ. მარიან მერფი ამის შესანიშნავი მაგალითია. მას ანტრეპრენერობა სურდა, მაგრამ არ იცოდა, რით დაეწყო და თავის გამოცდილებას, უნარებსა და ცხოვრებას გადახედა: მას მარკეტინგში ჰქონდა გამოცდილება, საავადმყოფოში სრული დატვირთვით მუშაობდა და ხუთი ვაჟი ჰყავდა. მისთვის ეს გახდა ამოსავალი წერტილი − ჯანმრთელობის პროდუქტის შექმნა ბავშვებისთვის, რომელიც დიდ ბრენდინგს მოითხოვდა.

ნაბიჯი 2 გამოავლინეთ პრობლემა

ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერები იმაზე კი არ ფიქრობენ, რომელი ბიზნესის დაწყება შეუძლიათ, არამედ პრობლემებს ეძებენ, რომელთა მოგვარებაც შეუძლიათ. თქვენც, როგორც კი პრობლემას დაადგენთ, საფუძვლიანად შეისწავლეთ იგი! ერთდროულად 10 სხვადასხვა იდეით არ უნდა დაინტერესდეთ, დრო არ უნდა დაკარგოთ იმაზე ფიქრში, რომლის რეალიზება სჯობს. ერთი უნდა შეარჩიოთ, შემდეგ იმ ადამიანებს დაელაპარაკოთ, რომლებსაც იგივე პრობლემა აქვთ, და დაადგინოთ, გადაიხდიდნენ თუ არა ისინი ფულს თქვენს პროდუქტში.

სწორედ ასე მოიქცა მერფი. მან იცოდა, რომ ბავშვებს კბილების გახეხვა სძულდათ და რაიმე უკეთესის შეთავაზებაზე ფიქრობდა. ამიტომ თავდაპირველად წიგნი დაწერა, და შემდეგ კი, ისეთი კბილის ჯაგრისი შექმნა, ბავშვები მუსიკის ფონზე იხეხავდნენ კბილებს. ამ გზამ მის შვილებთან გაამართლა. იგი მეგობრებს, ოჯახის წევრებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვების დედებს ესაუბრა და დაადგინა, რომ მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ და თავისი მუსიკალური კბილის ჯაგრისის მოსინჯვა სთხოვა.

ნაბიჯი 3 გაიმეორეთ, ინოვაციებზე ნუ იფიქრებთ

ბევრი ფიქრობს, რომ მათი დამატებითი იდეა მაშინ გაამართლებს, თუ რაღაც უნიკალური და გენიალური იქნება ... მაგრამ ასე არ არის. უფრო მარტივი (და იაფიც!) არსებულ იდეაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ასეთი მერფის გზა იყო. მან თავისი წიგნისა და ჯაგრისის გაყიდვა დაიწყო, სახელწოდებით The Twin Tooth Fairies (კბილის ტყუპი ფერია). მან თავიდან გამოიგონა პირის ღრუს ჰიგიენა? არა, ნამდვილად არა, მაგრამ რაღაც ახალი შემოგვთავაზა. ახლა მისი ჯაგრისი ინტერნეტით იყიდება Walmart-სა და Amazon-ზე, რაც მას დამატებით $3 000-ს აძლევს თვეში.

დამატებითი სამუშაოს იდეები შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი სფეროდან გამოჩნდეს. საკუთარ თავში ჩაიხედეთ, მსოფლიო ბაზრებს გადახედეთ, და ასე მიაგნებთ, რა მოთხოვნა არსებობს დღეს. შემდეგ იმას დაადგენთ, თქვენ ხომ არ შეგიძლიათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და იმედისმომცემი დამფუძნებლიდან წარმატებულად გადაიქცევით.

როგორ მოახერხეს ეს სხვებმა

შესაძლებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძიეთ

"ჩემმა ქმარმა 2016 წლის ვალენტინობა დღეს მკითხა, ხომ არ დავლევდი Dunkin'-ის ან Starbucks-ის განსაკუთრებულ ყავას. გარეთ ისე ციოდა, მისი წვალება არ მინდოდა და ვუთხარი, რომ შინაც შეგვეძლო ყავის დალევა. როდესაც ყავას მისხამდა, კარამელის კანფეტებს დავხედე, რომლებიც მან ჩემთვის და ჩემი ქალიშვილებისთვის იყიდა, და ეს გახდა გასხივოსნების წამი! გიჟური იდეა გამიჩნდა, − ვუთხარი მას, − განა გასაოცარი არ იქნება, თუ ამ კანფეტს ჩემი ყავის ან ჩაის ფინჯანში ჩავაგდებ და ის მყისიერად რაღაც განსაკუთრებულ, გემრიელ სასმელად გადაიქცევა? თან, გარეთ გასვლა და მისი შეძენაც აღარ მოგვიწევს.

ასე დაიბადა იდეა, რომელსაც ახლა Javamelts-ს ვუწოდებთ. საკვებისა და სასმელების სფეროში საერთოდ არ გვქონდა გამოცდილება, მაგრამ ამ იდეით იმდენად აღტაცებულები ვიყავით, რომ გადავწყვიტეთ უკეთეს ფინანსურ მომავალზე გვეფიქრა და უბრალოდ დაგვეწყო. უკვე რამდენიმე წელი გავიდა და QVC-ზეც გამოვჩნდით, Amazon-ზე ყველაფერი გავყიდეთ და რებრენდინგსაც შევუდექით. ახლა მთლიანად ბუნებრივ ინგრედიენტებზე ვიწყებთ გადასვლას. ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მე ჩემს გოგონებს ვუმტკიცებ, რომ ღირს იმის გაკეთება, რისიც გჯერა".

-— ქეროლაინ ბარბარიტი,

თანადამფუძნებელი, Javamelts

თქვენს სამსახურში მოაგვარეთ პრობლემა

"2016 წელს აშშ-ში Mercedes-Benz-ის კორპორაციულ სათავო ოფისში ვმუშაობდი, როდესაც შევამჩნიე, რომ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურასა და თაობებს მიეკუთვნებოდნენ, კომუნიკაციისა და კარიერული განვითარების პრობლემა ჰქონდათ. ეს ადამიანები საზოგადოების აბსოლუტურად სხვადასხვა ფენიდან იყვნენ და არ იცოდნენ, როგორ გაეგოთ სწორად ინფორმაცია ან როგორ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს. მე გამოსავალს ვეძებდი და ამიტომ ყველა ჯგუფისთვის შევიმუშავე გეგმა, რომელიც თანამშრომლებსა და ლიდერებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარებოდა, რათა ზრდა-განვითარებაზე ეზრუნათ. მე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის განყოფილების ხელმძღვანელს წარვუდგინე ჩემი იდეა და ის მოიწონეს. შემდეგ აღმასრულებელი სპონსორი ვიპოვე და საქმეს მოვკიდე ხელი.

ეს დიდი გამოცდილება იყო. ჯგუფმა ინდივიდუალური შეხვედრებისა და ჯგუფური სემინარების ჩატარებას შეუწყო ხელი და კონტაქტების სწრაფად დამყარებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც კი ჩაატარა, რომელზეც ჩვენ შეუძლებელს მივაღწიეთ, კომპანიის ხელმძღვანელებიც კი შევკრიბეთ თანამშრომლებთან შესახვედრად და მისასალმებლად.

მაშინ კი მივხვდი, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა იმალებოდა და სხვა კომპანიებშიც შემეძლო იმავეს გაკეთება! ამიტომ შევიმუშავე სასწავლო პროგრამა ჯერ კიდევ Mercedes-Benz-ში ყოფნისას, რომელიც ადამიანებს სხვებთან ურთიერთობის ხელოვნებას ასწავლის, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. შემდეგ კი ქოუჩინგის სერვისი დავიწყე, სახელწოდებით Connect. ახლა ამ სასწავლო პროგრამას ვიყენებ სემინარების ჩასატარებლად და იდეების გასავრცელებლად საერთაშორისო დონეზე.

— მიშელ ენჯოლი ბეატო,

დამფუძნებელი, Connect

გაუმარტივეთ სხვებს სიცოცხლე

"მე ვმუშაობ კომპანიაში, რომელსაც უდიდესი აზიური სასურსათო მაღაზია აქვს ჯექსონვილში, ფლორიდის შტატში. ჩვენ მაღაზიის შიგნით მდებარე ოფისში ვმუშაობთ. ვხედავდი, რომ მომხმარებლები მუდმივად ყიდულობდნენ რაღაცას და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რამდენად გაუმარტივებდა მათ ცხოვრებას სურსათ-სანოვაგის შინ მიტანა. მიწოდების სერვისი კი არსებობდა, მაგრამ ისინი ჩვენსავით პატარა სპეციალიზებულ მაღაზიებთან უმეტესად არ მუშაობდნენ. ამიტომ ეს კარგ შესაძლებლობად მიმაჩნდა.

სურსათის მიწოდების ბიზნესი რთული საქმეა და მე არ მქონდა შესაძლებლობა, ეს ყველაფერი თვითონ მომეგვარებინა. სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი, და ამასთან, სკოლაშიც დავდიოდი. როდის უნდა მემართა ეს ბიზნესი? ამიტომ ჩემს უფროსს, კომპანიის მფლობელს მივმართე და ვკითხე, თუ გახდებოდა ჩემი პარტნიორი და საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი თანხის 50 პროცენტი შევთავაზე. თუ მიწოდებაზე გავამახვილებდით ყურადღებას, ჩვენ ზედნადებ ხარჯებსაც დავზოგავდით. ის დამეთანხმა. ახლა ჩვენი მაღაზიის მიწოდების სერვისის გაშვებაზე ვმუშაობთ, გარდა ამისა, პარტნიორული ურთიერთობებიც დავამყარეთ ადგილობრივ რესტორნებთან და სწრაფი კვების სატვირთო მანქანებთან. მომავალში ჩვენი სერვისის გაფართოების იმედიც გვაქვს და აპლიკაციის შექმნასაც ვფიქრობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის".

— ნალაე კიმი

თანადამფუძნებელი, Shelf To Curb

ნუ შეგეშინდებათ, საკუთარ თავს ხელს ნუ შეუშლით

ამ ოთხ ნაბიჯს მიჰყევით, რათა თქვენი შესაძლებლობების გამოყენება შეძლოთ

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდ დროს ვატარებდი ადამიანებთან საუბარში იმის დასადგენად, თუ რატომ ერიდებოდნენ ისინი რაიმე ახლის წამოწყებას. და ხშირად ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდი: შიშის გამო. მათ ეშინოდათ.

ჩემთვის ეს გასაგებია. მე მრავალი ბიზნესი შევქმენი და გავყიდე კიდეც, ჩემი ბოლო კომპანია $235 მილიონად გავყიდე და ყოველ ჯერზე მეშინოდა წარუმატებლობის, უარის, ადამიანებისთვის იმედის გაცრუების. და ჯერ კიდევ მეშინია. ჩვენ ყველას გვეშინია! მთავარი შიშებისგან გათავისუფლება კი არა, იმის სწავლაა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ და როგორ წავიდეთ წინ. ამისთვის შევქმენი შიშის მარტივი, ოთხსაფეხურიანი პროცესი:

ნაბიჯი 1 გააცნობიერეთ თქვენი შიშები

შიში გადარჩენის ინსტინქტია. იგი საფრთხისგან გვიცავს და გადარჩენის საშუალებას გვაძლევს. მაგრამ ხშირად ჩვენს გონებას არ შეუძლია ეგზისტენციური (ხმალკბილა ვეფხვი!) და არაეგზისტენციური (უხერხულობის გრძნობა!) საფრთხის ერთმანეთისგან გარჩევა. ამისი სწავლა კი აუცილებელია. კვლევამ აჩვენა, რომ ემოციების უმეტესობა მხოლოდ 90 წამი გრძელდება. როდესაც შიშს გრძნობთ, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ შიშია, საფრთხე არ გემუქრებათ და ეს შეგრძნება მუდმივად არ გაგრძელდება.

ნაბიჯი 2 აღიარეთ თქვენი შიშები

მოდით, რეალისტები ვიყოთ: შიშს ლოგიკით ვერ დასძლევთ. მოგწონთ თუ არა ეს, ის თქვენთანაა. ასე რომ, უნდა შეძლოთ და შეებრძოლოთ... ან კიდევ, მიიღოთ იგი. მე ვამბობ, რომ ის უნდა მიიღოთ. რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ შიში თქვენი მეგობარია. ემოციები ჩვენს დასაცავად არსებობს, თუნდაც ისინი ზოგჯერ ცდებოდნენ. და მეორე − თუ მიიღებთ მას და აღიარებთ, რომ ის ყოველთვის თქვენთან ერთად იქნება. ამიტომ შეგიძლიათ მის "გადასალახად" ან "მოსაშორებლად" დროის დაკარგვა შეწყვიტოთ... თქვენი დრო მის გაგებას, მართვასა და გაზიარებას (ყველაზე მნიშვნელოვანი) მოანდომეთ. შინაგანად ყველაფერი ბევრად საშიშია, ვიდრე გარედან ჩანს! ცხადად დაინახეთ თქვენი შიშები და თქვენს ცნობიერში გადაიტანეთ. საკუთარი გრძნობები თქვენს მეგობართან ერთად განიხილეთ ან დღიურში აღწერეთ. როგორც კი გააცნობიერებთ თქვენს შიშებს, მის მართვასთანაც უფრო ახლოს იქნებით.

ნაბიჯი 3 თქვენს შიშებზე მოახდინეთ ზემოქმედება

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ შიშის წამალი ზნეობრივი ნაბიჯები იყო, და მასთან ერთად, გამბედაობა. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის მართალია. ამგვარი ქმედებები შემდგომ ქმედებებს განაპირობებს, იმპულსი შემდეგ სხვა იმპულსებს წარმოქმნის. და ამიტომ, თუ პოტენციურ მომხმარებელთან დარეკვისა და კომერციული წინადადების შეთავაზების მეშინოდა, ამას აუცილებლად ვაკეთებდი. თუ სცენაზე გასვლის შიში მქონდა, სწორედ ამას ვაკეთებდი. ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ, თავდაჯერებულები და გამბედავები ვხდებით, და შემდგომ ნაბიჯებს ვდგამთ. თუკი ოდესმე ვყოყმანობდი, ერთმანეთს ვადარებდი, რა რისკი იყო დაკავშირებული მოქმედებაზე გადასვლასთან და რა − უმოქმედობასთან. რა მოხდებოდა ახლა, ან ერთი წლის შემდეგ, თუ მოქმედებაზე არ გადავიდოდი? იმ გარისკვაზე უარეს შედეგს მივიღებდი თუ არა, რომელიც გადახტომასა და საოცნებო ცხოვრების შექმნასთან იყო დაკავშირებული? მირჩევნია, შიშებით ვიყო შეპყრობილი, ვიდრე სინანული მკლავდეს.

ნაბიჯი 4 გაიმეორეთ

ეს არ არის შიშისგან გათავისუფლების რეცეპტი, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენს შიშებს გაგვაცნობიერებინებს და წინსვლის საშუალებას მოგვცემს. აქ ერთი საიდუმლოა − უნდა ისწავლოთ, როგორ გადააქციოთ თქვენი შიშები "საწვავად" წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ნელ-ნელა თქვენს შიშებზე უფრო ძლიერები გახდებით და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისინი საერთოდ არ დაკარგავენ ძალას.

თქვენი შიშების მაგალითზე ისწავლეთ

"აუწერელმა შფოთვამ შემიპყრო, როდესაც გადავწყვიტე ჩემს სურვილს მივყოლოდი და ცხოვრებისა და აღმასრულებელი ქოუჩის პროფესიული გზა ამერჩია. თვითმარქვია მეგონა საკუთარი თავი. ვფიქრობდი, რატომ მოუნდებოდა ვინმეს ჩემი ქოუჩად აყვანა. თუ ვინმეს ვეტყოდი, რომ ბიზნესს ახლა ვიწყებ, დამცინებდნენ. მაგრამ მივხვდი, რომ ერთადერთი გზა წინ წასასვლელად და რაიმეს შესაცვლელად, ზრდის პროცესის თანმდევი ძალზე არასასიამოვნო მომენტების დაშვება და მიღება იყო. იგნორირების ნაცვლად, ჩემს შიშებს ყურადღება მივაქციე. როდესაც თვითსაბოტაჟისკენ მიპყრობილი ჩემი აზრები გავაცნობიერე. ვცდილობდი მათზე აღარ მეფიქრა და რაიმე გაცილებით საიმედოთი ჩამენაცვლებინა.

ჩემი თითოეული პატარა წარმატების ჩაწერა დავიწყე და საკუთარ თავს უფლებას ვაძლევდი, ყოველი მათგანი აღმენიშნა. წარუმატებლობები კი (და ეს დღესაც ხდება) მაძლევდა საშუალებას, სხვაგვარად მეფიქრა. და იმაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რომ რაღაც "მე ვერ შევძელი", იმაზე მეფიქრა, რომ "რაღაც გავიგე, რაც შემდეგში დამეხმარება". ამიტომ გახდა ჩემთვის სრულიად მისაღები არასასიამოვნო მომენტებიც და ეს აუცილებელია, რათა ანტრეპრენერი გახდე".

— სარა კიმელმანი,

დამფუძნებელი, Reline Coaching

შეისწავლეთ საკუთარი წარმატება

"მე გრაფიკული დიზაინერი და მხატვარი ვარ, და პატივის მიგება მსურდა ჩემი ერთი საყვარელი დიზაინერისთვის − მილტონ გლეიზერისთვის, რომელიც ყველაზე მეტად I Love New York ლოგოთია ცნობილი. მას სარეკლამო პლაკატები აქვს შექმნილი კეტსკილის მთების თემაზე, რომლებიც არც ისე შორსაა იმ ადგილიდან, სადაც ვცხოვრობ. მე იმან გამინათა გონება, რომ არავინ ქმნიდა თანამედროვე პლაკატებს რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. მე რამდენიმე გავაკეთე კეტსკილისთვის და მათი გაყიდვა დავიწყე ჩემთანაც და Etsy-იზეც.

მათ იმაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ველოდი, მაგრამ ასეთ დროს შეიძლება თვითმარქვიას სინდრომი საიდანღაც ჩუმად შემოგეპაროთ. მთავარი ის კი არ არის, რომ ჩემი ნამუშევრის საჯარო განხილვაზე გატანის მეშინია, რეალურად იმის შიში მაქვს, რომ ჩემი წარმატების ფორმულა ჯერ არ მისწავლია. ახლა ამაში გარკვევას ვცდილობ, მინდა ვისწავლო, თუ როგორ უნდა გავიმეორო.

ბოლოსდაბოლოს, მინდა, ეს მხოლოდ დამატებითი სამუშაო კი არა, ჩემი მთავარი საქმე გახდეს. ახალ დიზაინებს ვქმნი და იმედი მაქვს, ისინი ისეთივე წარმატებას მოიპოვებენ, როგორიც ჩემი კეტსკილის ნამუშევრები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რაღაცის გაგების შესაძლებლობა იქნება იმაზე, თუ რა სურს მომხმარებელს. ეს კი ჩემი ბრენდის ზრდა-განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო გამაძლიერებს".

— კელი ენ რეივერი,

თანადამფუძნებელი, Raver Pres

ნუ შექმნით იზოლაციაში

"ჯანსაღი სპორტული სასმელის Cure Hydration-ის იდეა პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც ტრიატლონში (სირბილი, ველორბოლა, ცურვა) ვვარჯიშობდი და ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენას ვცდილობდი. ამ იდეის შესწავლა მინდოდა, მაგრამ Jet.com-ის მარკეტინგის მიმართულების დირექტორის თანამდებობაზე ვმუშაობდი სრული დატვირთვით და მზად არ ვიყავი სამსახურიდან წამოსასვლელად, და არც იმისთვის, რომ ჩემი მდგომარეობისთვის კომპანიაში საფრთხე შემექმნა.

ჩემს ძირითად სამსახურს კვირაში 50 საათზე მეტს ვუთმობდი და ვფიქრობდი, რომ კვირაში 10 საათი მაინც დამჭირდებოდა დამატებითი სამუშაოს ზრდა-განვითარებაზე. არ მინდოდა ეს ფარულად მეკეთებინა, ამიტომ Jet-ის იურისტ კონსულტს მივმართე და იდეაზე მუშაობის ნებართვა ვთხოვე. მან მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, თუ ჩემს ბიზნესზე ოფისში ყოფნის დროს არ ვიმუშავებდი. მისი კურთხევით, ჩემი ბიზნესი LegalZoom-ის მეშვეობით დავარეგისტრირე და ღამით და შაბათ-კვირაობით დავიწყე მუშაობა. ამან ჩემი იდეის შემოწმების დრო მომცა და იმ ნაბიჯების დანახვისაც, რომელთა გადადგმაც იყო აუცილებელი პროდუქტის შესაქმნელად. როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე სრული დრო მიმეძღვნა ჩემი იდეისათვის, უკვე ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში".

— ლორენ პიკასო

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Cure Hydration

ახლავე დაიწყეთ!

პირველი ნაბიჯი ყველაზე მძიმეა, ყველაზე საშიში და ყველაზე აუცილებელი. დაიწყეთ!

ჩემი პირველი დამატებითი სამუშაო ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან დავიწყე 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ. იმ დროს, მთლიანად განადგურებული, გამოუცდელი და დათრგუნვილი ვიყავი. როგორ დაიწყოთ? პასუხი იმდენად მარტივია, რომ სულელურადაც კი ჟღერს: გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ დაწყების შესახებ. ყველაფერი ამ პირველი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ მთელი დღე მოანდომოთ თავის მართლებას − მეტისმეტად დატვირთული ხართ, დაღლილი, ფინანსები არ გაქვთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ აშშ-ში დასაქმებულთა თითქმის ნახევარს უკვე აქვს გარკვეული სახის დამატებითი სამუშაო. მართალია, მათ პრობლემებიც აქვთ, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ. ქვემოთ იმ ნაბიჯებს გაეცნობით, რომლებიც მე დამეხმარა დაწყებაში და თქვენც დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 1 დასვით ეს შეკითხვები.

მნიშვნელოვანია, ისეთი დამატებითი სამუშაო მოძებნოთ, რომელიც თქვენს უნარებსა და ცხოვრების წესს შეესაბამება. ჰკითხეთ საკუთარ თავს ამის შესახებ...

რამდენი დროის დათმობა შემიძლია ამ საქმისთვის? დრო წინასწარ განსაზღვრეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.

რა შემოსავალი უნდა მივიღო ამ საქმით, რომ დაწყებად ღირდეს? ეს არ არის მიზანი, ეს მხოლოდ იმის შემოწმებაა, რამდენად რეალურია თქვენი იდეა. იყავით რეალისტები, ყველაფერი ჩაიწერეთ და ხშირად გადაიკითხეთ. ამით დაადგენთ, გამოიყენებთ თუ არა კარგად დროს.

რა უნარები მაქვს ამ სამუშაოს შესასრულებლად? არ იცით? მეგობრებს ჰკითხეთ, მათი აზრით, რა გამოგდით კარგად, სია შეადგინეთ და სამი რამ შეიტანეთ.

ნაბიჯი 2 სტრუქტურის შექმნა.

ზოგიერთს სძულს სტრუქტურა. შესაძლოა ისინი იმიტომ ოცნებობენ ანტრეპრენერობაზე, რომ თავიანთი სამსახურის სტრუქტურას გაექცნენ! მაგრამ მე გეუბნებით: სტრუქტურა გაძლევთ თავისუფლებას. ეს არის ის საფუძველი, რომელზეც უნდა ააშენოთ. აი, როგორ უნდა შექმნათ იგი:

→მიზანი დაისახეთ. მომწონს გონივრული მიზნების დასახვა − კონკრეტული, გაზომვადი, მისაღწევი, აქტუალური და დროული.

თითოეულ ელემენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენ გჭირდებათ მიზნები, რომელთა შესრულებასაც უნდა ცდილობდეთ, და ამ დროს თქვენს პროგრესს უნდა მიადევნოთ თვალი. ამას დაადგენთ თუ არა, იმასაც მიხვდებით, თუ რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად.

→ გრაფიკი შეადგინეთ. ყოველკვირეულად თქვენი დამატებითი სამუშაოსთვის 10 საათის გამოყოფას შეძლებთ? ამ შეკითხვაზე რა პასუხიც გექნებათ, თქვენს კალენდარში შეიტანეთ და მიჰყევით მას.

→ იპოვეთ თქვენი ინსტრუმენტები. მრავალი პლატფორმა და სერვისი არსებობს, რომლებიც დაწყებაში დაგეხმარებათ. ისეთებს გადახედეთ, როგორიცაა Upwork, eBay, Etsy. საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება დაიწყეთ და თქვენი ბაზარი შეისწავლეთ ისე, რომ მინიმალურ რისკზე წახვიდეთ.

ნაბიჯი 3 ხელი შეუწყეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს

როდესაც რაიმე ახალს დაიწყებთ, გარს უნდა შემოიკრიბოთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი გზა აქვთ გავლილი, ეს უზომოდ სასარგებლოა. და კიდევ უკეთესი − თუ ისინი რამდენიმე კილომეტრით თქვენზე წინ არიან! ორი ტიპის ადამიანი მოძებნეთ:

→ მენტორები. თქვენ არ გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც რაიმე ოფიციალურ როლს შეასრულებენ. ამის ნაცვლად, იმ მეგობრებისგან ან ყოფილი კოლეგებისგან შექმენით მინი-მენტორების ქსელი, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ და ცოდნაც.

→ პარტნიორები ანგარიშვალდებულების განხრით. იპოვეთ ვინმე, ვინც დაახლოებით იგივე გზაზე დგას და მასთან იმეგობრეთ. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაეხმაროთ, რომ სწორ გზაზე იაროთ. როდესაც საკუთარი თავის უფროსი ხართ, სხვა უფროსებს არ უნდა ჩამორჩეთ.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: დროა გზას გაუდგეთ იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს შეკითხვები დაუსვათ ან იდეალურ მომენტს დაელოდოთ. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდება, ზრდაში დაგეხმარებათ.

(უფასო) მარკეტინგი იპოვეთ

"2020 წლის თებერვალში გავუშვი ფუნქციური საღეჭი რეზინის ხაზი, რომელიც მცენარეული ვიტამინებით და ადაპტოგენებით, ან სხვა კომპონენტებით მზადდება. მე არ ვარ ანტრეპრენერების ოჯახიდან, ამიტომ არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ანტრეპრენერი.

მე 40 წლის ვარ, ემიგრანტების ოჯახიდან ვარ და ამიტომ შეფიქრიანდნენ ჩემი მშობლები − უკვირდათ, რატომ გადავწყვიტე საღეჭი რეზინის გაყიდვა კარგად ანაზღაურებად კარიერაზე მთელი ყურადღების გამახვილების ნაცვლად. თავს საკმაოდ ასაკოვანად მივიჩნევდი იმისთვის, რომ უდარდელი ანტრეპრენერი ვყოფილიყავი.

მაგრამ პროდუქტი დავამუშავე და დავფიქრდი, როგორ უნდა გამეტანა იგი ბაზარზე. Instagram-ში ვიხეტიალე და რამდენიმე ადამიანი ვიპოვე, რომლებსაც სოლიდური ხელმომწერები ჰყავდა და ვიფიქრე, რომ შესაძლოა Mighty Gum-ით დაინტერესებულიყვნენ. მათ ელექტრონული წერილი გავუგზავნე და ჩემი პროდუქტი შევთავაზე. ისინი დამთანხმდნენ და როდესაც იგი თავიანთ სოციალურ არხებზე ახსენეს, ამას მოთხოვნების ისეთი ზრდა მოჰყვა, რომ ნამდვილად არარეალური მომეჩვენა. სათანადოდ არასოდეს ვაფასებდი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას შესაბამის ინფლუენსერებთან, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს გახდა მთავარი".

— მეთიუ თალაკოტური,

დამფუძნებელი, Mighty Gum

გამოცდილებით ისწავლეთ

"კოლეჯის დამთავრებამდე არასრული დატვირთვით ვმუშაობდი კონსულტანტად და ამან დამარწმუნა, რომ ტატუს მოვლის ბაზარს სათანადოდ არ აფასებდნენ. მე ბრენდის შექმნა მინდოდა ამ სიცარიელის შესავსებად და ჩემს პარტნიორს, სელომ აგბიტორს გავუზიარე ეს იდეა. ჩვენ ადრეც ვთანამშრომლობდით, ქალის საცურაო კოსტიუმებს ვაგზავნიდით ჩემი ბინიდან და ბევრი რამ ვისწავლეთ საიმედო ბრენდინგზე, კლიენტების მომსახურებაზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა ჩაგვეტარებინა ინვენტარიზაცია დიდი წვალების გარეშე. ახლა უკვე მზად ვიყავით უფრო დიდი პროექტის განსახორციელებლად. საკუთარი პროდუქტი შევქმენით, $600 ჩავდეთ რეკლამაში და ჩვენი მეზობლები დავიქირავეთ, რათა შეკვეთების შესრულებაში დაგვხმარებოდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საკმაოდ სწრაფად გავზრდილიყავით, რათა კოლეჯის დამთავრების მომენტისათვის მწარმოებლების დაქირავება შეგვეძლებოდა. ბოლოსდაბოლოს, ორივეს გამოგვიჩნდა სამსახური, სადაც სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ამ $600-მა კარგი სამსახური გაგვიწია, საქმიანობა დავიწყეთ. მას შემდეგ, საკმაოდ სტაბილური შეკვეთები გვქონდა და კვლავ შეგვეძლო ფინანსების გამოყოფა ინგრედიენტების მსხვილი პარტიის შესაძენად და სარეკლამო ხარჯების გასაზრდელად".

— ოლივერ ზაკი,

თანადამფუძნებელი, Mad Rabbit Tattoo

მოსინჯეთ თქვენი პროდუქტი

"2020 წელს კარანტინის დროს, ქალთა გლობალურ ტექნოლოგიურ ვირტუალურ კონფერენციაზე ელჩი ვიყავი. მომხსენებლებს ჩამოვართვი ინტერვიუ და ღონისძიების შემდეგ, YouTube-ზე გამოვაქვეყნე მასალები. იმდენად ბევრი კარგი გამოხმაურება მივიღე, რომ მივხვდი, უფრო მეტი ინფორმაციის გაზიარება შემეძლო ჩემი საზოგადოებისთვის სერიებით, რომელშიც რეგულარულად მექნებოდა ინტერვიუ ჭკვიან ლიდერებთან. ეს დიდი ექსპერიმენტი იყო, ამიტომ თავიდან საერთოდ არ მსურდა ფულის დაბანდება. ამის გამო, პოდკასტებზე საერთოდ არ მიფიქრია. შემდეგ მივხვდი, რომ YouTube-ზე ვიდეოპოდკასტის გაზიარება შეიძლებოდა, რაც კომენტარების უფასოდ გაანალიზების შესაძლებლობას მომცემდა. ამან გაამართლა და უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი, ინვესტიცია დავაბანდე ვებკამერებში, განათებასა და კარგ მიკროფონში. ახლა ეს სერიები, სახელწოდებით Personal Branding for Professionals ("პირადი ბრენდინგი პროფესიონალებისთვის") იზრდება და ჩემს სამომავლო გეგმებში ახლა უკვე ტრადიციული პოდკასტიც შედის".

— კეტაკი ვაიდია

წამყვანი, Personal Branding for Professionals

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".