Get All Access for $5/mo

ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით "შესანიშნავი რომ გახდე, შენი კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს ავტომატური", - ჯეიმს ქლეარი

By მაკო ჯაოშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების თანახმად, ადამიანის უნარები და პოტენციალი კომპანიის ყველაზე ძლიერ კაპიტალს შეადგენს. კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი, ბიზნესკონსტულტანტი, იცხაკ ადიზესი თავის უამრავ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლში თანამშრომლების აქტიური ინტეგრირება და მათი მენტალური კეთილდღეობისთვის შექმნილი უსაფრთხო გარემო ბიზნესის მდგრადი განვითარების წინაპირობაა.

პროგრესულად მზარდი ორგანიზაციები სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანთა ჩართულობას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კომპანიისადმი ემოციურ ბმას, მიზნებისა და ფასეულობებისადმი ერთგულებას. პროცესებში ჩართულობით ადამიანებში მატულობს გუნდურობის შეგრძნება, საერთო საქმეზე ზრუნვის ხარისხი, ურთიერთპატივისცემის გამოხატვა, მიმდინარე თუ სამომავლო სიახლეებით დაინტერესება. ისინი გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს, ნაყოფიერად მუშაობენ და ნაკლებად უჩნდებათ სხვაგან გადასვლის სურვილი.

ზოგადი განმარტებით, ნებისმიერი კომპანიის წარმატება ისეთი პოლიტიკის შექმნას უკავშირდება, რომელშიც ორგანიზაციული ხედვა რეალისტურ მიზნებზე დაყრდნობით ყალიბდება. საყურადღებო შეხედულებაა, რომ ყოველი კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტი შემოქმედებითი, შთამაგონებელი პროცესებით პერიოდულ გადასინჯვას ითვალისწინებს. აქ იგულისხმება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სტრატეგიის გადახედვა და ახლებური ბიზნესმოდელის შემუშავება, სადაც ლიდერობის კონცეფცია წინა პლანზეა წამოწეული. მის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცდილება ადასტურებს, რომ ბოლო ხანს გაცილებით მოთხოვნადია კომპანიის მხრიდან ინვესტირება თანამშრომელთა პიროვნულ განვითარებაში, ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობ პროგრამებში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში, ეს ეხება როგორც პროფესიულ გადამზადებას, ასევე უმაღლესი აკადემიური განათლების მიღებას და ზოგად მენეჯმენტსა თუ ლიდერობაში დაოსტატებას.

უახლესი ტექნოლოგიების ეპოქამ თავისთავად წარმოშვა კომპეტენციის დონეზე არსებული უნარების განახლების საჭიროება და გარკვეულწილად შეცვალა განათლების დანიშნულება ახალი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რაც უწყვეტი სწავლა-განვითარებისას, შემდგომ წინსვლაზე მიმართული ორგანიზაციული კულტურის შექმნას საჭიროებს. პრიორიტეტული ხდება ადამიანებზე ზრუნვის გამოვლენა და პროცესებში მათი ჩართულობისთვის რეკომენდებული ნაირგვარი აქტივობები, მათ შორის, ლიდერობის განმავითარებელი სწავლების ფორმები, მოტივაციის ამაღლების წამახალისებელი სისტემა, შემეცნებით-სახალისო კონკურსები, შემოქმედებით პროექტებში თანამონაწილეობა და სხვა.

გაინტერესებთ რისი ათვისება ხდება აქტუალური?!

უმთავრესი აქცენტი ემოციური ინტელექტის და ასერტული კომუნიკაციის გამყარებაზე კეთდება, რაც საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს, იყვნენ მოქნილები, გამოავლინონ ცვლილების მიმართ ფსიქოლოგიური მზაობა, შემოქმედებითად მიუდგნენ პროცესების მართვას, გაანალიზონ სიტუაცია და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. შესაბამისად, გახდნენ უფრო პროაქტიურები, ითანამშრომლონ კოლაბორაციის პრინციპით და თამამად გამოთქვან მოსაზრებები თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ერთ-ერთ წინა სტატიაში, ლიდერობა 4.0-ის გარშემო საუბრისას, აღვწერე უმაღლესი განათლებისა და ბიზნესსექტორის პარტნიორობაზე ახლებური ხედვა, რაც, ფაქტობრივად, გარკვეული ცვლილებაა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დასანერგად და ტალანტების განსავითარებლად. დღევანდელ გამოწვევებს კოლაბორაციული სტილის ლიდერები 4 მნიშვნელოვანი ეტაპის ინიცირებით პასუხობენ:

  1. ისინი უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ გუნდში ინოვაციებითა და შემოქმედებითობით გაჯერებული ნიჭის განვითარებას;
  2. მათი სამოქმედო ტაქტიკა ორმხრივ მოგებიან კომუნიკაციასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კონკურენტულ უპირატესობასთან;
  3. ისინი აღიარებენ, რომ ცვლილებები უწყვეტი პროცესია, შესაბამისად, გამოცდილების მუდმივი გაზიარებით აუმჯობესებენ დაგეგმვის სტრატეგიებს.
  4. ინოვაციური მიდგომებისა და კრიტიკული აზროვნების კონცეპტუალური უნარების გამყარებით ქმნიან ცვლილებებთან მოსარგებ ხელსაყრელ გარემოს.

ასეთი კომპეტენციის გამოსამუშავებლად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ვთავაზობთ მდგრადი განვითარებისთვის თანამშრომელთა გადასამზადებელ სატრენინგო მოდულს - ლიდერობა 4.0. ზოგად მენეჯმენტში პროფესიული დაოსტატებისა და აკადემიური ცოდნით კვალიფიკაციის ასამაღლებად კი შტაინბაისთან ერთობლივად შემუშავებული ჩვენი სამაგისტრო პროგრამა კომპანიებს ეხმარება ბიზნესპროცესების უკეთ მართვისა თუ შემოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით ინოვაციური პროექტის შექმნაში. ჩვენი ახალი საგანმანათლებლო პროგრამები კომპანიის თანამშრომელს უვითარებს ლიდერობას, ინოვაციურობას და პერსონალურობას ერთი მხრივ, კარიერიული წინსვლის მისაღწევად და მეორე მხრივ, ორგანიზაციის მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანების უკეთ განსახორციელებლად.

ნათქვამია, არაფერია მუდმივი, ცვლილების გარდა. და მაინც, როგორია ცვლილებისადმი ჩვენი დამოკიდებულება?!

ამის განსაზღვრისთვის მარშალ გოლდსმითის "ლიდერების შეფასებითი კვლევის" კითხვარზე დაყრდნობით რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რაც საკუთარ შესაძლებლობათა გადამოწმებასა და თვითგამორკვევაში გვეხმარება.

პირველ რიგში, დააკვირდით, რამდენად განიხილავთ ნებისმიერ ცვლილებას, როგორც შესაძლებლობას და ცდილობთ თუ არა შემოქმედებითი მიდგომით გააუმჯობესოთ მისაღწევი შედეგი. ასევე საინტერესოა, რამდენად უჭერთ მხარს სხვების ინიცირებით წამოჭრილ საკითხებს, ავლენთ თუ არა მოქნილობას სისტემური ხასიათის ცვლილებების დასანერგად. როცა ახალი შესაძლებლობები ჩნდება, ინდივიდუალურად ახდენთ მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას თუ გუნდური განხილვების საფუძველზე. უსმენთ თუ არა გარშემო მყოფებს, რა იდეები შეიძლება ჰქონდეთ ახალი საჭიროებების განსავითარებლად. გჯერათ თუ არა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებების სამომავლო ხედვისა და სტრატეგიული გეგმის შესაცვლელად.

ცვლილებების სამართავად მნიშვნელოვანი კომპონენტია შიდა ორგანიზაციულ დონეზე პარტნიორულ ურთიერთობათა ხელშეწყობა, კოლეგიალობის გაღრმავება და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა. ამ თვალსაზრისით, ლიდერობის გაზიარების უნარი კიდევ უფრო შედეგიანია. ის მოიცავს გარშემო მყოფთა წახალისებას, რათა ყოველმა მათგანმა აღმოაჩინოს საკუთარი ტალანტი და სრულად მოახდინოს თვითრეალიზება. სხვების სტიმულირებაზე ზრუნვა თავისთავად ქმნის წარმატების ერთობლივად მიღწევის რეალურ შესაძლებლობას. ამასთანავე, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გათვალისწინება საგრძნობლად ამაღლებს გუნდური შეჭიდულობის ხარისხს.

მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიური პროცესების განახლება ან დახვეწა, ცხადია, აადვილებს ბიზნესის ოპერირებას, თუმცა პარალელურად უნდა გადამოწმდეს, რამდენად მიესადაგება თანამშრომელთა არსებული თეორიული ცოდნა დასანერგ სიახლეებს, ხომ არაა საჭირო მათი ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, დამატებითი ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების კუთხით.

ამერიკელი ანტრეპრენერის, უამრავი წიგნის ავტორის, საუკეთესო მოტივატორის, ჯიმ რონის მიხედვით, მიზნისადმი ჩვენს დამოკიდებულებასა და აქტივობებს შორის სინერგიულობა არა მხოლოდ წარმატების ფორმულაა, არამედ ცხოვრების მთელი ფილოსოფია, რაც გვაძლევს ბიძგს შინაგანი ტრანსფორმაციისთვის.

აქვე ერთ საინტერესო გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. შესაძლოა გსმენიათ ე.წ. კიდევ 10-ის წესი, რომელიც გვაჩვევს, დამატებით 10 მცდელობა მაინც გავაკეთოთ, სანამ დავნებდებით ამა თუ იმ წამოწყების რეალიზებას; 10 იდეა განვიხილოთ, ვიდრე ერთ კონკრეტულ გადაწყვეტამდე მივალთ; პრობლემის გადაჭრაზე ფიქრის დროს 10 ალტერნატიული ვერსია შევქმნათ. ეს ერთგვარი ტესტ-დრაივია ნებისყოფის განმტკიცებისა და შემართებით წინსვლის სურვილის გასაღვივებლად. ფაქტობრივად, შეუპოვრობის სავარჯიშოდ იყენებენ, რომელიც გამძლეობასაც გვიყალიბებს. გამძლე ადამიანის სახასიათო ნიშნებია: საქმის მიმართ ერთგულება, სტრესმედეგობით სხვების გამხნევება, ცვლილებების განხილვა შესაძლებლობად, მიზნისადმი პრინციპულობის გამოვლენა, მოქმედებისკენ მუდმივი სწრაფვა, ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავება, დადებითი განწყობის შენარჩუნება.

მომავალზე ორიენტირებული ლიდერი კომპანიები მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შიდა პოლიტიკას. ისინი აღიარებენ, რომ შიდა ან გარე ფაქტორების გავლენით ორგანიზაციაში მუდმივად ხდება ცვლილებები. სიტუაციურად შეიძლება შეიცვალოს ხედვა, მისია, ცალკეული მიდგომა თუ პროცესი, მიზნები და ტაქტიკური სვლები. ყველაფერი ექვემდებარება ცვლილებას, უცვლელი რჩება ადამიანებზე ზრუნვა და მათ მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების გამოხატვა. ამისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევა:

  1. ნდობის ატმოსფეროს შენება
  2. ყველას მიმართ ჰუმანურობა
  3. საქმის კეთებისას დაკვალიანება
  4. პროცესებში მუდმივი ჩართულობა

შემდგომი ნომრის თემაა ანტრეპრენერთა მიერ მომავლის ხედვისა და პრობლემების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობები.