ვის როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა? - ნინი ონეზაშვილი, Majorel საქართველო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ახალი ხილი არ არის. წლებია, ქართული ბიზნესის უფრო მეტი და მეტი წარმომადგენელი ერთვება სხვადასხვა კამპანიაში, რომელიც ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ზოგისთვის ეს უკვე იქცა საკუთარი ბრენდის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ზოგი კი მხოლოდ ახლა იწყებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას. ENTREPRENEUR წამყვან ქართულ ბიზნესორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაზიარება სთხოვა.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის?
დღეს კომპანიაში გქონდეს სწორად ფორმულირებული CSR (Corporate Social Responsibility) მიმართულება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუდმივი სწრაფვა პროდუქტის/მომსახურების გაუმჯობესებისკენ. სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში განხორციელებული პროექტები ბიზნესს მდგრად განვითარებაში ეხმარება და ერთგვარ მარკეტინგულ მექანიზმსაც წარმოადგენს, რომელიც ბიზნესს კონკურენტისგან გამოარჩევს. იმისათვის, რომ კომპანიამ ჩამოაყალიბოს სწორი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, არ არის საჭირო, გქონდეს დიდი ბიუჯეტი. მაქსიმალური შედეგის მიღწევა მინიმალური ბიუჯეტითაც შესაძლებელია. სტრატეგიის ფორმირების დროს, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა გაიაზროს, თუ რომელი კონკრეტული CSR-მიმართულება არის მისი ბრენდის საქმიანობასთან ახლოს და ამის მიხედვით ააგოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი მიზნები. არასწორად ფორმულირებული სტრატეგია, ან უბრალოდ სტრატეგიის არქონა, კომპანიის იმიჯზე ნეგატიურად აისახება.
რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ერთეული კომპანიები თუ ცდილობდნენ, განეხორციელებინათ CSR-პროექტები, თუმცაღა დღეს ამ მიმართულებით უფრო მეტად აქტიურობენ. კორონავირუსის პანდემიამ კარგად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთ გუნდად იმუშაონ და იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. 2020 წელს, არსებული პანდემიის ჭრილში, დავინახეთ როგორც კარგი, ასევე ნეგატიური მაგალითები, რომლებმაც საზოგადოების მეხსიერებაში დიდი ხანი იარსება და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებლად დიდ ზეგავლენას იქონიებს.
დღეს აქტიურად ხდება კომპანიების იმიჯის შეფასება სხვადასხვა სოციალური არხის საშუალებით. საზოგადოებას მარტივად შეუძლია ინფორმაციის გავრცელება, მაგალითად ავიღოთ სოციალური ქსელების დახურული ჯგუფები. ამ მექანიზმმა, ადამიანებს საშუალება მისცა ჩამოყალიბდნენ მცირე ზომის გუნდებად და განიხილონ აქტუალური თემები, დააფიქსირონ თავიანთი აზრი კონკრეტულ სერვისზე, პროდუქტსა თუ დამსაქმებელზე და ამით ფაქტობრივად ყველაფერი საჯარო განხილვის საგნად აქციონ.
რა სახის ღონისძიებებს მიმართავს თქვენი კომპანია CSR-ის მიმართულებით? რომელიღაც განხორციელებულ პროექტს ხომ არ გამოარჩევთ?
"მეიჯერელი" დღეს 30 ქვეყანაში 58 000 თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ, ვიყოთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი. გლობალური სტრატეგიის ჭრილში, გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება:
- და ინკლუზიურობა ჩვენთვის, როგორც გლობალური კომპანიისთვის, მრავალფეროვნება არის ის, რაც გვხდის უნიკალურს. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაგეგმილი ყველა ტიპის ინიციატივა, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ღირებულებას. დღეს "მეიჯერელში" გვაქვს პროგრამა #OneTeam, რომელიც მიმართულია ერთობლივი აქტივობების დაგეგმვისკენ, რის ფარგლებშიც თანამშრომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილი კამპანია #ერთადვიზრუნოთსაზოგადოებაზე, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებისთვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ისინი ახდენდნენ დონაციას, შეგროვებული თანხა კი სრულად გაორმაგდა კომპანიის მიერ და გადაირიცხა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
- გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა ჩვენთვის, ის გარემო და საზოგადოება, სადაც ვსაქმიანობთ, არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ვისწრაფვით მისი გაუმჯობესებისკენ. ყველა ბიზნესს აქვს გავლენა გარემოზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ინიციატივა განვახორციელოთ, რაც შესაძლოა იყოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვა აქტივობები. "მეიჯერელ საქართველოში" თანამშრომლებთან საგანმანათლებლო შეხვედრები ისეთ თემებზე დაგვიგეგმავს, როგორიცაა გარემოს დაცვა და გაფრთხილება. ამასთან ერთად, 2017-2018 წლებში, განვახორციელეთ დასუფთავების გასვლითი აქტივობები, სადაც თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ გარემოს დასუფთავებას და ასევე ხეების დარგვას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, პროექტები სრულად ციფრული საკომუნიკაციო არხებით მუშაობს და ქაღალდის გამოყენება არის შეზღუდული. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ადგილობრივ თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულებით. განათლება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საკითხებია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბევრ მოსწავლეს განათლების მისაღებად აუცილებელი პირობები არ აქვს. "მეიჯერელი" ქუთაისსა და ბათუმში აქტიურად აფინანსებს გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს, ამასთან ერთად, ყოველწლიურად უზრუნველვყოფთ სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით Back To School-აქტივობის ორგანიზებას, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი პატარებისთვის სასკოლო ნაკრების გადაცემას.
- თანამშრომლების უფლებები და ჯანსაღი სამუშაო გარემო სამუშაო პირობების კუთხით, "მეიჯერელი" ნამდვილად გამორჩეული კომპანიაა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლები კომპანიის მთავარი ღირებულებაა. ვინაიდან კომპანია მომსახურების სფეროში საქმიანობს, დამეთანხმებით, ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერი მომხმარებლის ტოლფასია. სწორედ ეს არის ჩვენი მიდგომა თანამშრომლების მიმართ. ურთიერთპატივისცემა და ნდობა ჩვენი კომპანიის მუშაობის საფუძველია. ჩვენ ვიცით, რომ გამოწვევების დასაძლევად და ამბიციური გეგმების მისაღწევად, გუნდური მუშაობაა საჭირო, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ჩვენს კლიენტებთან. ჩვენ დასაქმებულებს ვთავაზობთ ბენეფიტების მიმზიდველ ნაკრებს და სამუშაო პირობებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. კომპანიის ღირებულებები და მთავარი პრინციპები ჩამოყალიბებული და გაწერილია ორგანიზაციის ქცევის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტს და დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე, საკანონმდებლო მოთხოვნებზე და კომპანიის შიდა კორპორაციულ წესებსა და დებულებებზე. დოკუმენტის მთავარი პრინციპებია: აზრის თავისუფალი გამოხატვისა და კრიტიკული საკითხების დაფიქსირების უფლება და ვალდებულება, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო, დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევისა და დაწინაურების პოლიტიკა.
- კეთილდღეობა დინამიკური და გამოწვევებით სავსე კლიენტთა მომსახურების სფერო, ხშირ შემთხვევაში, სტრესულ გარემოში მუშაობასთან ასოცირდება. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს "მეიჯერელის" გუნდს ქმნიან და მუდმივად ვისწრაფვით მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ და განვითარებისკენ. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, დაგვენერგა შიდა სამოტივაციო პროგრამა, რომელიც სამუშაო გარემოს მეტად გაუმჯობესებასა და გახალისებაზეა ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 13 ელჩი, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრების განვითარებაზე იზრუნებენ − დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობას, რათა მათ შეძლონ სამუშაო პროცესში განტვირთვა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა. ახალი წამოწყება ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება, განავითარონ პროფესიული თუ პერსონალური უნარ-ჩვევები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახალისო და გუნდურ აქტივობებში, გამოსცადონ სიახლეები და განიტვირთონ − როგორც სულიერად, ასევე გონებრივად და ფიზიკურად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს ტრენინგებს, ვორქშოპებს, სპორტულ, საქველმოქმედო და ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2021 წელს და მომდევნო წლებში CSR-ის მიმართულებით?
საქართველოში "მეიჯერელს" 5 წელი უსრულდება. შესაბამისად, წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისთვის. 2021 წელი Charte.ge-ისთან კოლაბორაციით დავიწყეთ და კასპის რეგიონში 10 სკოლის მოსწავლეს გადავეცით ლეპტოპები. დღეს, ეს სამაგალითო ინიციატივაა და მოვუწოდებთ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც, წვლილი შეიტანონ ამ საერთო კეთილდღეობისკენ მიმართულ საქმეში. ამასთან ერთად, სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს წინასასკოლო ღონისძიება პატარებისთვის, რომელიც უკვე ყოველწლიურ ინიციატივად იქცა. გარდა ამისა, ენის კურსების (გერმანული ენა) გრანტები სტუდენტებისთვის და ბევრი სხვა ტიპის აქტივობა, რომელიც ჩვენს CSR-პოლიტიკასთან არის თანხვედრაში, განხორციელებული იქნება.