Get All Access for $5/mo

ზავოდ კრაოტი როცა დიდი კომპანიის ფინანსური მენეჯერი ხარ...

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

დილის 6 საათზე გაგაღვიძა ნერვიულობამ, მშფოთვარე ღამე იყო. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, ზუსტად დილის 8 საათზე ბიუჯეტის განხილვაა ჩანიშნული. პატარა ამბავია? ამხელა კომპანიის ფინანსური მენეჯერი ხარ და ამ ბიუჯეტზე თვეების განმავლობაში მუშაობდი. კი მაგრამ, რა უბედურებაა 8 საათზე ბიუჯეტის განხილვა? ნერვები გეშლება, რომ ცენტრალური ოფისი თავისი დროით 11 საათზე ნიშნავს განხილვას და სულაც არ აინტერესებთ, რომ შენი დროით ეს დილის 8 საათია. ლოგინშივე რთავ ლეპტოპს და ხსნი სლაიდებს, რამე ხომ არ გამოგრჩა? ხომ ყველაფერი წესრიგშია? ბრიჯები კარგად გამოიყურება? მაკროეკონომიკის სლაიდიც? ციფრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს!!! გაყიდვები 2019 წლის საშუალო გაცვლის კურსითაა მოცემული ერთ სლაიდზე, მეორე სლაიდზე კი, მოგება-ზარალის უწყისში, ყველა წელი 2018 წლის კურსებითაა მოცემული, გაყიდვები ერთმანეთს არ ედრება! მაგრამ ასეც უნდა იყოს, სხვადასხვა კურსით არის დათვლილი და იმიტომ... ნეტა ხომ არ გაჭირდება ამ ყველაფრის მარტივი ენით ახსნა?? მაგრამ აღარ არის უკვე ამაზე ნერვიულობის დრო, გუშინ გვიანობამდე იმუშავე და ძალიან ცოტა გეძინა... სწრაფად უნდა გადაივლო, ჩაიცვა ძალიან არაკომფორტული შარვალ-კოსტიუმი და 07:30-ზე უკვე ოფისში უნდა იყო, პირდაპირი ჩართვაა სათავო ოფისთან.

07:20-ზე უკვე ოფისის ეზოში ხარ. ჯერ კიდევ ბნელა, ჟინჟლავს და ცივა. საკონფერენციო ოთახში უკვე ჩართულია ტელეკონფერენცია და სათავო ოფისის "აიტიშნიკები" ჩანან ეკრანზე. ცოტა ხანში დეპარტამენტების დირექტორები იწყებენ მოსვლას, ოთახში შემოსვლისთანავე შენსკენ მოდიან და გთხოვენ, რომ მათი სლაიდების ნაწილს გადაახედო, თვითონ არ გადაუმოწმებიათ ასისტენტების გამოგზავნილი სლაიდები და ეშინიათ, რომ არ შერცხვნენ ბიუჯეტის შუა განხილვისას. რამდენიმე სხვა დირექტორი "მორტყმაში არაა", მისმა დეპარტამენტმა რა უნდა წარადგინოს, მაგრამ შენი იმედი აქვთ, მოდიან, მეგობრულად მხარზე ხელს გადებენ და გეკითხებიან "კარგად გვაქვს ხომ ყველაფერი? თუ რამეა, შენ ილაპარაკე, კაი?" ცოტა ბრაზდები, რომ ამხელა დეპარტამენტის დირექტორები ფრირაიდერები არიან, მარა თან გიხარია, რომ შენი იმედი აქვთ და შენ შემოგციცინებენ თვალებში, ბოლოს და ბოლოს ამხელა კომპანიის ფინანსური მენეჯერი ხარ, ბიუჯეტის წარდგენის და ხელფასების დღეს პირველი კაცი ხარ!

ბიუჯეტის განხილვამ საშუალოდ ჩაიარა, ძირითადად შენ და გენერალური მენეჯერი ლაპარაკობდით, სხვები კი სმარტფონებიდან ღიმილიანი სახეებით "მნიშვნელოვან საქმეებს" აგვარებდნენ... გაყიდვებზე 3 მილიონი დაგიმატეს და გაყიდვების დეპარტამენტს დიდად არც გაუპროტესტებია, თუმცა ტელეკონფერენციის დასრულებისთანავე გეუბნებიან, რომ არ იციან რომელ ბრენდებში უნდა ჩაემატოს, ისედაც ყველა პროდუქტი ზეოპტიმისტურად იყო დაბიუჯეტებული, არა? საოპერაციო ხარჯებიც მილიონით შეგიმცირეს, საიდანაც ნახევარი ხელფასების ზრდის შემცირების ხარჯზე უნდა დაკორექტირდეს, მეორე ნახევარი კიდევ სადმე უნდა იპოვო. გენერალური დირექტორი ფორმალურ მადლობას გიხდის ბიუჯეტში ჩადებული რამდენიმეთვიანი ძალისხმევისთვის და გავალებს, რომ კორექტირებები დღესვე შეიტანო მონაცემებში, ოღონდ თვითონ უნდა გადაწყვიტო, რომელ ბრენდებში დაკორექტირდება გაყიდვები. გასაკვირია ფინანსური მენეჯერისგან ამის მოთხოვნა, მაგრამ შენვე იცი − ამ ყველაფერში თუ გაყიდვები და მარკეტინგი ჩაერთო, ძალიან დიდი დრო წავა დისკუსიაში და ბოლოს მაინც შენი გასაკეთებელი გახდება ბოლო წამს.

სწრაფად ჩამოხვედი დეპარტამენტში, გადაანაწილე სამუშაო, თუმცა ყველაზე რთული კორექტირებები შენთვის დაიტოვე და საქმეს შეუდექი. სმარტფონს ახლაღა დახედე... რამდენიმე გამოტოვებული ზარი და მრავალი მოკლე შეტყობინება დაგხვდა: "ხელფასები დღეს იქნება?" "რომელ საათზე გაგვაგონებ საამურ ხმას?" "ხვალ შაბათია, რას შვებით, რიცხავთ დღესვე?" საათს დახედე და უკვე საღამოს ხუთია, ექვსამდე თუ არ დააავტორიზე ხელფასები, ბანკი აღარ გაუშვებს და ხალხი უხელფასოდ დაგრჩება! არადა, კალკულაციები ჯერ არ დასრულებულა, დღეს გადატვირთვების ბოლო დღე იყო, მონაცემები ახლაღა მოვიდა და პრისელერების ბონუსებს ითვლიან ჯერ კიდევ. რა დროს ბიუჯეტის კორექტირებაა, მაგას ღამეც გააკეთებ, გადარიცხვა დააჩქარე ჯერ!

ხელფასებს გადახედე, ყველაფერი დეტალურად გადაამოწმე და ავტორიზაციის ღილაკსაც დააჭირე, თუმცა უკვე შვიდის ხუთი წუთი ყოფილა... სასწრაფოდ ურეკავ კორპორაციულ ბანკირს და სთხოვ, რომ სულ რაღაც ხუთი წუთი დაგაგვიანდა და მაინც გაუშვან ხელფასები. გამოგადგა უნივერსიტეტისდროინდელი სანაცნობო − ხელფასებს გაუშვებენ... მართლაც, ორიოდე წუთში იწყებს SMS-ები მოსვლას, წკრიალებენ ტელეფონები და ხალხი უზომოდ ბედნიერია. დაღლილი ხარ და ფიქრებმაც გაგიტაცა... კი მაგრამ, რატომ უხარია ამ ხალხს ხელფასის დღე ასე ძალიან? ისინი ხომ ყოველდღიურად გამოიმუშავებენ ხელფასის გარკვეულ ნაწილს? უბრალოდ, ჩარიცხვა ხდება ბოლო დღეს, მეტი არაფერი... გუშინაც კი შეეძლოთ ფულის დახარჯვა, ოვერდრაფტი ხომ აქვს ყველას ბანკში გახსნილი მოიცა, მოიცა! რა დროს მაგაზე ფიქრია! ბიუჯეტი გაქვს დასასრულებელი, უკვე საღამოს შვიდი საათია და გარეთაც დაბნელდა.

ლეკო შათირიშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინის" და "მინდორის" დამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი