Join our Waitlist for Expert Advice!

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუ თქვენი პატარას აღზრდაზე თავად ზრუნავთ, ბუნებრივია ისეთი სამსახურის მოძებნა მოგიწევთ, რომელიც შინიდან მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთ. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეა, დიდი ცვლილებები ხდება, კომპანიები სატელეკომუნიკაციო სამუშაოებსა და მოქნილ დისტანციურ გრაფიკზე გადადიან. ასეთ პირობებში ორივე მშობელს შეუძლია მუშაობა. ხშირად ეს მათი სურვილიცაა და აუცილებლობაც. აშშ-ში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო სფეროში დასაქმებულთა რიცხვი ასტრონომიულად − 115 პროცენტით, 1,8-დან 3,9 მილიონამდე გაიზარდა.

თუ შინ ხართ და ბავშვს უვლით, თქვენი ინტერესებისა და უნარების შესაფერისი სამსახურისა და ბიზნესის 18 იდეას გთავაზობთ, რომელთა განხორციელება ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და სახლიდანაც თავისუფლად შეგიძლიათ.

კონსულტანტი კოლეჯში შემსვლელთათვის

მოსწავლეებს, რომლებიც კოლეჯისთვის ემზადებიან, ხშირად განაცხადის ერთდროულად რამდენიმე კოლეჯში წარდგენას ურჩევენ (დაახლოებით 4-დან 8-ის ჩათვლით). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათთვის აუცილებელია დახმარება როგორც სწორი კოლეჯის შერჩევაში, ისე მასალების შეგროვებაში, ესეს დაწერაში, ინტერვიუს დაგეგმვასა და განაცხადის შეტანის ვადების დაცვაზე ზრუნვაშიც კი. ეს სრულიად ნათლად უჩვენებს, თუ რატომ არის ასეთი დიდი მოთხოვნა საკონსულტაციო მომსახურებაზე, როდესაც კერძო კოლეჯებში შესვლისას დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსური დახმარების მოპოვებაა აუცილებელი. კოლეჯის აბიტურიენტების რიცხვი, რომლებმაც კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლეს, 2003-დან 2013 წლამდე სამჯერ გაიზარდა.

ამ სფეროს კონსულტანტს აკრედიტაცია ან სამეცნიერო ხარისხი კი არა, გამოცდილება მოეთხოვება საკონსულტაციო, კოლეჯის დოკუმენტაციის მომზადების ან სწავლების საკითხებში. მთავარია გამოცდილება და კანდიდატის დოკუმენტაციის სრულყოფილად, დროულად, ვადების შესაბამისად შედგენა ისე, რომ მის საუკეთესო უნარებს წარმოაჩენდეს. ბუნებრივია, თქვენს კლიენტებს დიდად დაეხმარებით, თუ კოლეჯის ვითარებაში ერკვევით და მათაც გაარკვევთ, რისი შეთავაზება შეუძლია ცალკეულ სასწავლებელს და რას ეძებენ ისინი კანდიდატებში.

თუმცა, როგორც წესი, ფინანსური დაგეგმვის დარგობრივი ჯგუფის აკრედიტაცია და სერტიფიკაცია აუცილებელია კონსულტანტებისთვის ფინანსური დახმარების საკითხებში. ასეთია მაგალითად სერტიფიცირებული ფინანსური დახმარების საბჭო სტანდარტის საკითხებში, ანუ CFA ინსტიტუტი. კონსულტანტი მშობლებს, როგორც წესი, კოლეჯში სწავლების ყველაზე დაბალი გადასახადის მოპოვებაში და შესაბამისად, თანხის დაზოგვაში ეხმარება. ეს სამუშაო თქვენგან ფინანსური დახმარების რესურსების ცოდნას მოითხოვს და იმასაც, თუ როგორ უნდა შეავსონ მშობლებმა ფინანსური დახმარების ფორმები, როგორიცაა მაგალითად, "სტუდენტების ფედერალური დახმარების სააპლიკაციო ფორმა" (FAFSA).

მშობლებმა კონსულტანტს უნდა მიმართონ, როგორც ფინანსური დახმარების დასაგეგმად და საგადასახადო საკითხების გასარკვევად, ასევე კოლეჯის დანაზოგების გეგმებზე და დაფინანსების უკეთეს პაკეტზე მოსალაპარაკებლად. თქვენი მომსახურება სკოლებს, ბიბლიოთეკებს, კერძო სასწავლო ცენტრებს და უნივერსიტეტებს უნდა შესთავაზოთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონსულტაციო ბიზნესზე შემდეგი წიგნის წაკითხვას გირჩევთ: "დაიწყეთ საკონსულტაციო ბიზნესი კოლეჯში შემსვლელთათვის", გამომცემელი: Entrepreneur Press და Eileen Figure Sandlin; წიგნის შეძენას შემდეგ გვერდებზე შეძლებთ: Amazon, eBooks.com და Barnes & Noble.

შტატგარეშე ავტორი/ რედაქტორი

სხვადასხვა დარგში შტატგარეშე ავტორისა თუ რედაქტორისთვის უამრავი სამუშაოა, სტატიების დაწერა იქნება ეს თუ ტექსტის რედაქტირება. ბუნებრივია, თქვენს გამოცდილებასა და სპეციალიზაციის სფეროებზე ბევრია დამოკიდებული. შესაძლოა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდეთ, თუ გამოცდილება გაქვთ. მაგალითად, საავიაციო ინდუსტრიაში, ან ბლოკჩეინის აპლიკაციებში უსაფრთხოების სფეროში. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ ის სფეროები, რომლებშიც უკვე გაქვთ კონტაქტები და ცოდნა. ამასთან, აუცილებელად უნდა გქონდეთ ვებგვერდი საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციით, რომელიც თქვენს საუკეთესო სამუშაოს წარმოაჩენს (თუ ჯერ არ გაქვთ გამოქვეყნებული სამუშაოების ნიმუშები, ამით უნდა დაიწყოთ). შტატგარეშე რედაქტორის საშუალო საბაზისო ხელფასი $51,104.-ია.

თუმცა, თუ ახლა იწყებთ, იცოდეთ, რომ შტატგარეშე სამუშაო ადგილებიც არსებობს და ბაზრებიც. "თუმცა, ამ სფეროში დიდი კონკურენციაა", − გაფრთხილებთ ჯონ რამპტონი, რომელიც Entrepreneur.com-ისთვის წერს სტატიებს.

სად შეიძლება მუშაობის დაწყება? შესაფერისი სამუშაო არასრული დატვირთვით შესაძლოა FlexJobs-ზე მოძებნოთ, რომელზეც ისეთ სპეციფიკურ კატეგორიებზე გაეცნობით ინფორმაციას, როგორიცაა თამაშები, ფინანსები ან სამედიცინო თემები; Freelanced − სოციალური ქსელია, რომელზეც სამსახურის მოძიება და თქვენი პორტფოლიოს გაზიარება შეგიძლიათ. FreelanceWritingGigs-ზე კი, ვაკანსიების მთელი ჩამონათვალია შტატგარეშე ავტორებისა და რედაქტორებისთვის სხვადასხვა სფეროში.

ამ სფეროში შტატგარეშე ვაკანსიების სრულ სიას შემდეგ ვებგვერდებზე იხილავთ: 101 Places to Find Freelance Writing Jobs, The 7 Best Freelance Sites to Find Work და The 15 Best Freelance Websites to Find Jobs.

ტექსტის ამკრეფი

ამ ტიპის სამუშაოს შესრულება დისტანციურადაც შეიძლება − მხოლოდ ტექსტის სწრაფად და ზუსტად აკრეფა უნდა შეგეძლოთ − ჩვეულებრივ, 80 სიტყვისა წუთში. საშუალო ხელფასი $26,882-ია წელიწადში. ამ საქმის დასაწყებად ვაკანსიის საიტებით, მაგალითად Glassdoor-ით უნდა დაიწყოთ ძიება, ან შტატგარეშე სპეციალისტად დარეგისტრირდეთ ისეთ გვერდებზე, როგორებიცაა TranscribeMe, Go Transcript და UpWork.

გარკვეულ სფეროებში სპეციალიზაციაც შეგიძლიათ, მაგალითად − სამედიცინოსა და იურიდიულში. ყოველთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა აქ არის. რაც შეეხება აპარატურას, ტექსტების დასამუშავებლად ყურსასმენები, კომპიუტერი და პროგრამული უზრუნველყოფა დაგჭირდებათ. შესაძლოა, სატერფულშიც ღირდეს ინვესტირება, რომლითაც სწრაფად შეძლებთ ჩანაწერის შეჩერებას, გადახვევასა და გადახედვას.

ბუღალტერი საგადასახადო საკითხებში

როგორც წესი, ბუღალტრებს სეზონური სამუშაო და შესაბამისად, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ბუღალტერმა საგადასახადო დეკლარაციები და ანგარიშები უნდა მოამზადოს და საგადასახადო რეგულაციებისა და რეფორმების კურსში იყოს. საგადასახადო სამუშაოს შესრულებას ნებისმიერი ნამდვილად ვერ შეძლებს, კარგ ბუღალტრებს ყოველთვის ეძებენ. ამ სამუშაოსთვის შემდეგი უნარებია აუცილებელი − საბუღალტრო პროცედურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (ან შესწავლის უნარი), დეტალებისადმი ყურადღება და რა თქმა უნდა, კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

ბუღალტრის საშუალო წლიური ხელფასი $53,994-ია. შესაძლოა ბაკალავრის ხარისხი გქონდეთ და ბუღალტრად იმუშაოთ, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ბუღალტრებს, რომლებსაც სერტიფიცირებული სახელმწიფო ბუღალტრის (CPA) ლიცენზია აქვთ.

გრანტის დაწერა

ვინც გრანტებზე მუშაობს, განვითარებასა და არაკომერციულ სამუშაოს უყრის საფუძველს. როგორც წესი, ისინი დამოუკიდებელი კონტრაქტორები არიან და "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ დამფუძნებელსა და გრანტის მაძიებელს შორის". საშუალო წლიური ხელფასი $45,483-ია. კარგი ის არის, რომ გრანტის დასაწერად სერტიფიკატი აუცილებელი არ არის, თუმცა ამ სფეროში სწავლების პრაქტიკული კურსებიც არსებობს.

ამ პოზიციისთვის გარკვეული უნარები აუცილებელია და ბუნებრივია, კარგად უნდა წერდეთ. საჭიროა დაასაბუთოთ, რატომ უნდა მისცეს დამფინანსებელმა სააგენტომ ფული ორგანიზაციას, რომლისთვისაც მუშაობთ. გარდა ამისა, პასუხების მოძიებაც და კარგად გამოკვლევაც უნდა შეგეძლოთ. სუბსიდიების მოსაპოვებელ განაცხადის ფორმაში აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციაზე, რომელიც გრანტის მოძიებას ცდილობს. თქვენი ამოცანა ისაა, რომ თვალყური მიადევნოთ ინფორმაციას და იგი იმ პრინციპების შესაბამისად წარადგინოთ, რომელსაც დამფინანსებელი ორგანიზაცია მოითხოვს. დაბოლოს: არ დაივიწყოთ, რომ ყველაფერი დაწესებულ ვადებში უნდა მოასწროთ.

თუ ამ სამუშაოს დაწყებას აპირებთ, შემდეგ ვებგვერდებს გაეცანით: www.fdncenter.org, www.tgci.com და www.fundsnetservices.com.

დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუ როგორ დაწეროთ გრანტები, Entrepreneur Press-ის მიერ გამოცემულ წიგნში E-business: Step-by-Step Startup Guide ("ელექტრონული ბიზნესი − ყველა ეტაპი დასაწყებად") შეძლებთ, რომლის შეძენა Amazon-ზე, eBooks.com-სა და Barnes & Noble-ზეა შესაძლებელი.

საბუღალტრო მომსახურება

ამ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ შტატგარეშე ბუღალტრად მუშაობას დიპლომის გარეშეც შეძლებთ, მაგრამ საზრიანი აუცილებლად უნდა იყოთ და ციფრებშიც კარგად ერკვეოდეთ. "თუ სათანადო კურსებზე ჩაეწერებით, ბუღალტერიას მუნიციპალურ კოლეჯში ან ინტერნეტით შეისწავლით", − გირჩევთ ჯონ რამპტონი, რომელიც Entrepreneur.com-ზე აქვეყნებს სტატიებს. მაგალითად, საბუღალტრო აღრიცხვაში უფასო კურსები არსებობს. კლიენტებს თქვენი მომსახურება უნდა შესთავაზოთ − ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისების მომზადება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ანგარიშ-ფაქტურის გამოტანისა და ინტერნეტგადახდის უფასო ინსტრუმენტითაც ისარგებლოთ.

თუ კონკრეტული დარგი და კლიენტურის იდეალური სეგმენტი არ გაქვთ, რომელთანაც სიამოვნებით იმუშავებდით, ჩამოწერეთ იმ კომპანიების სია და დაადგინეთ ხომ არ გყავთ საკონტაქტო პიროვნება ამ კომპანიებში, რომელიც პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. კლიენტურის მოსაზიდად ბუღალტერიაში მთავარი პირადი კონტაქტებია. ასევე მეგობრებთან, ნათესავებთან ინფორმაციის გავრცელება და რეფერალები.

ამ სფეროში სამსახურის მოძიებას შემდეგ ვებგვერდებზე შეძლებთ: Glassdoor.com, Monster.com, CareerBuilder და LinkedIn.

კადრების ინტერნეტით შერჩევის აგენტი

ამ ტიპის აგენტები კანდიდატებს სხვადასხვა დარგებში ეძებენ, ეცნობიან და ინტერვიუს უტარებენ. ტექნოლოგიური სფეროს კანდიდატებზე დიდი მოთხოვნაა და მათი შერჩევა დისტანციურად, არასრული სამუშაო გრაფიკის პირობებშიც არ იქნება რთული. Glassdoor-ის შეტყობინებით, ინტერნეტაგენტები საათში დაახლოებით $30-დან $40-მდე გამოიმუშავებენ.

ინტერნეტით კადრების შერჩევა რომ შეძლოთ, ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი შეფასების უნარი უნდა გქონდეთ. ისეთი კანდიდატები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც ზუსტად ერგებიან გარკვეულ სამუშაოს. ამ სამსახურისთვის ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად არ დაგჭირდებათ, მაგრამ სკოლის შემდეგ ორწლიანი კურსები ან შესაბამისი გამოცდილება კი აუცილებელია. თუ აკრეფთ შემდეგ სიტყვებს: "ვირტუალური რეკრუტერი", ამ პოზიციას ვაკანსიების ნებისმიერ საიტზე მოძებნით.

ვირტუალური რეპეტიტორი

რეპეტიტორებისთვის მასწავლებლის სახელმწიფო ატესტაცია აუცილებელი არ არის. ამიტომ თუ რაიმე დარგში გაქვთ კარგი ცოდნა სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით ან Skype-ით წელიწადში საშუალოდ $26,019 გამომუშავებას შეძლებთ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ბიოლოგიის, ქიმიის, კომპიუტერის, მათემატიკის, ასტრონომიისა და ეკონომიკის პედაგოგებზე.

კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა უცხოეთის ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში ინგლისური ენის სწავლებაა. ინგლისურის მასწავლებლის ვაკანსიებს შემდეგ ვებგვერდებზე მოძებნით: VIPKID, Englishunt, Topic-Time, Twosigmas, Lingoda და Funbulous.

სოციალური ქსელების მარკეტოლოგი

სოციალური ქსელების მარკეტოლოგზე დიდი მოთხოვნაა. კომპანიებმა სოციალურ ქსელებში რეკლამაზე 2017 წელს $36 მილიარდი დახარჯეს. თუ კარგად ერკვევით სოციალურ მედიაში და აუცილებელ ინსტრუმენტებზეც გაქვთ წარმოდგენა, შესაძლოა თქვენი მომავალი სოციალური ქსელების მარკეტინგი იყოს. ამ სამუშაოს შესრულებას დისტანციურად, კომპიუტერითაც შეძლებთ და სმარტფონითაც.

მარკეტოლოგის მოვალეობაში შედის: სოციალური მედიის ანგარიშების შექმნა, აუდიტის ჩატარება (კლიენტის აქტივობის შემოწმება სოციალურ მედიაში) და სოციალური მედიის ანგარიშების ყოველდღიური მართვის სტრატეგიის დამუშავება.

"მარკეტინგი სოციალურ ქსელებში მთელი დღე Facebook-ზე თამაშივით ადვილი არ არის, მაგრამ არც სპეციალური უნარები ან აპარატურაა საჭირო. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად დრო აუცილებლად დაგჭირდებათ, თუმცა ეს არცთუ ძნელი შესასწავლია", − წერს ჯეისონ დემერსი, მარკეტინგის გურუ სოციალურ ქსელებში და ავტორი წიგნისა "მარკეტინგის სრული სახელმძღვანელო სოციალურ ქსელებში".

სამსახურის მოსაძებნად დემარსი მცირე ბიზნესით ან სტარტაპით დაწყებას გირჩევთ. ვიდრე ოფიციალურ სამსახურზე გააკეთებთ განაცხადს, რეპუტაციის შექმნაზე უნდა იზრუნოთ. "აუცილებლად უნდა გქონდეთ ვებგვერდი და სრული ინფორმაცია მიაწოდოთ კლიენტს თქვენს გამოცდილებაზე სოციალურ ქსელებში. გარდა ამისა, სოცქსელებში თქვენი გვერდები ისე უნდა გაუშვათ, როგორც მიმდინარე პორტფოლიო შესაძლო სამსახურისთვის. ეს თქვენი სავიზიტო ბარათი იქნება".

მსგავსი სტატია: ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თავისუფლების 4 მარტივი ნაბიჯი

ქორწილების კოორდინატორი და კონსულტანტი

თუ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების ნიჭი გაქვთ, მაგრამ ამავე დროს ბავშვებთანაც გინდათ ყოფნა, ერთი კომპრომისი არსებობს − ქორწილების კოორდინატორი უნდა გახდეთ. ეს არცთუ ძვირადღირებული მომსახურებაა იმ პატარძლებისა და სიძეებისთვის, რომლებსაც ქორწილის ორგანიზების სრული თანხის გადახდა (დაახლოებით $5,000 to $10,000) არ სურთ.

კოორდინატორის ერთი დღის ანაზღაურება 600 დან $1,000-მდეა, რაც იმაზეცაა დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობთ და იმაზეც, თუ რამდენი დრო ან მომსახურებაა საჭირო ქორწილის დღის დასაგეგმად. კოორდინატორმა სტუმრებს, მომწოდებელს და ნებისმიერ წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება, მომწოდებლებთანაც უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები და ყველაფერი მოაწესრიგოს ქორწილამდე ორი კვირის განმავლობაში.

თქვენი საქორწინო ბიზნესის რეკლამა პირადი კონტაქტებით უნდა სცადოთ, რეკომენდაციები კარგ სამსახურს გაგიწევთ. ამიტომ თქვენი ბავშვების მოვლის გრაფიკს გადახედეთ და დაადგინეთ, გაქვთ თუ არა საკმარისი დრო ქორწილის ორგანიზებისთვის, რადგან დრო აუცილებელია წარმატებული ღონისძიების გასამართად. ამ საქმიანობაში განსაკუთრებით სასიამოვნო ისაა, რომ ღონისძიებების რაოდენობას მხოლოდ თქვენ განსაზღვრავთ.

გრაფიკული დიზაინერი

მაკეტებსა და დიზაინერის საქმეზე რას იტყვით? ეს საქმე ხომ არ გაინტერესებთ? თუ გრაფიკული დიზაინერის პროფესია მოგწონთ, ხარისხი ან სერტიფიკატი აუცილებელი არ არის, უფრო მეტად სამუშაოების პორტფოლიო, კომპიუტერი და გრაფიკული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფა − Adobe Photoshop, Indesign ან Illustrator მოგეთხოვებათ.

გრაფიკული დიზაინერის მთავარი ამოცანა რეკლამისთვის გამოსახულებების, კონცეფციებისა და მაკეტების, ბროშურების, ჟურნალებისა და კორპორაციული ანგარიშების შექმნაა. გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა შეძლოს იმის გაგება, თუ რა უნდა კლიენტს. ისინი ხშირად სარეკლამო სააგენტოებთან, საგამომცემლო კომპანიებთან, ჟურნალებთან, კორპორაციებთან, სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლებთან და კერძო პირებთან თანამშრომლობენ. გრაფიკული დიზაინერის საშუალო წლიური ხელფასი $48,256-ია.

ამ პოზიციის ვაკანსიების მოძიებას ისეთ გვერდებზე შეძლებთ, როგორებიცაა: Glassdoor.com, Monster.com, CareerBuilder და LinkedIn.

შინიდან გაუსვლელად გრაფიკული დიზაინის ბიზნესის დასაწყებად Entrepreneur Press-ისა და George Sheldon-ის გამოცემული წიგნი, "დაიწყეთ გრაფიკული დიზაინის ბიზნესი" წაიკითხეთ, რომლის შეძენასაც Amazon-ზე, eBooks.com-სა და Barnes & Noble-ზე შეძლებთ.

ცხელი ხაზის ოპერატორი

ეს სამუშაო საათობრივია და მისი დაწყება საკმაოდ მარტივია. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისთვის, რომლებსაც დისტანციურად სურთ მუშაობა და არ აქვთ დრო დამატებითი მომზადებისა და განათლების მისაღებად. აქ ცვლისა და დღეების შერჩევასაც თავად შეძლებთ და რადგან ტელეფონით ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, მოსმენისა და ურთიერთობის დამყარების უნარი დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ.

მართალია ცხელი ხაზის ოპერატორის სამსახურისთვის ერთი ან ორი წლის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ისეთ სამსახურში, რომელშიც სატელეფონო ზარებიც შედის და ადამიანების დახმარებაც. ამიტომ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნეთ (ცხელი ხაზის ოპერატორების სათანადო მომზადებაზე, როგორც წესი, კომპანიების უმეტესობა თავად ზრუნავს).

ცხელი ხაზის ოპერატორი შემომავალ ზარებს პასუხობს და კლიენტებს ეხმარება. ამ ტიპის სამუშაოს დასაწყებად ვაკანსიების საიტებზე "კლიენტების მომსახურება" მოძებნეთ.

თარჯიმანი/მთარგმნელი

თუ ინგლისური ან რომელიღაც სხვა ენა იცით (დიდი მოთხოვნაა ჩინურზე, იაპონურზე, ესპანურსა და არაბულზე), თქვენი უნარის მონეტიზებას შეძლებთ. შეგიძლიათ დისტანციურად იმუშაოთ თარჯიმნად. ზოგიერთ შემთხვევაში ზეპირ თარგმანში კვალიფიკაცია აუცილებელია, ზოგჯერ ენის ტესტის ჩაბარებაა საჭირო, უმეტესად კი ენის სრულყოფილად ცოდნაც საკმარისია.

სხვადასხვა პლატფორმაზე უამრავი სამსახურია მათთვის, ვინც ასეთ სამუშაოს ეძებს: Gengo, Upwork, American Journal Experts, Cyracom, Interpreters and Translators, Inc., Language Line Certified Languages Interpbridge, Andovar და Rev. − ეს ამ სფეროში არსებული რესურსების მხოლოდ ნაწილია.

მასწავლებლის თანაშემწე

განათლების დარგში რომ შეძლოთ მუშაობა, ბავშვებიც უნდა გიყვარდეთ და დიდი მოთმინების უნარიც გქონდეთ. თუ სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, მასწავლებლის თანაშემწედ მუშაობასაც შეძლებთ და თქვენი ბავშვების აღზრდასაც. ამ პოზიციაზე მუშაობისას გაკვეთილების გეგმებისა და შეფასების ფურცლების შედგენა არ დაგჭირდებათ, მასწავლებელს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში უნდა დაეხმაროთ − მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, ფაილების წარმოება, გაკვეთილის ჩატარება და სხვ.

განათლების დარგში პარაპროფესიონალის სამუშაოსადმი (მათ შორის − ბიბლიოთეკაშიც) განსხვავებული მოთხოვნებია. ზოგიერთ სკოლაში უმაღლესი განათლება აუცილებელია, ზოგან მხოლოდ კოლეჯის ორწლიანი განათლება და გამოცდის ჩაბარებაც საკმარისია.

დიეტოლოგი

დიეტოლოგები თვითდასაქმებულნი არიან და შინიდან მუშაობენ − ეს ძალიან კარგი პროფესიაა მშობლებისთვის. დისტანციურად მუშაობას შეძლებთ, თუ კვების საკითხებით, საკვების ულუფებით, დიეტით და ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხართ დაინტერესებული. დიეტოლოგები კერძო კლიენტებთან და ორგანიზაციებთან, სკოლებთან და საავადმყოფოებთან თანამშრომლობენ. კონსულტაციებს ატარებენ ჯანდაცვის საკითხებზე; კვების, დიეტების, საკვების მომზადებისა და ცხოვრების სტილზე.

დიეტოლოგი რომ გახდეთ, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი უნდა გქონდეთ ჯანდაცვის დარგში − დიეტოლოგის, ან სურსათისა და კვების განხრით. ამასთან, კვებისა და დიეტოლოგთა აკრედიტაციის საბჭოს (ACEND) მიერ დამტკიცებული პროგრამით. ეს დიეტოლოგიის აღიარებული პროგრამის ოქროს სტანდარტია. თუ ამ სფეროში გსურთ კარიერის გაკეთება, დაბეჯითებით გირჩევთ მაგისტრის ხარისხის მიღებას.

ხშირად დიეტოლოგებს პრაქტიკის დაწყებამდე სახელმწიფო ლიცენზია, სერტიფიკაცია ან რეგისტრაცია მოეთხოვებათ. ასე რომ კარგად გამოიკვლიეთ, რა ტიპის სამუშაოს შესრულებას იღებთ საკუთარ თავზე, ხელფასი რამდენია და დროის რა პერიოდია თქვენთვის ხელსაყრელი. დიეტოლოგის საშუალო წლიური ხელფასი $59,023-ია.

ბავშვის მომვლელი/ძიძა

თუ ბავშვი გყავთ და შესაბამისად მისი მოვლის გამოცდილებაც გაქვთ, ეს სამსახური თქვენთვის საქმიანობის ბუნებრივი გაგრძელება იქნება. ბავშვის მომვლელის, ძიძის ბიზნესის დასაწყებად სათანადოდ უნდა ერკვეოდეთ, რა წესები და პოლიტიკაა თქვენს ქვეყანაში ბავშვის მოვლის დარგში. შესაბამისი ლიცენზიები და ნებართვები აუცილებლად დაგჭირდებათ. ინფორმაციის მოძიებაში "ბავშვთა მოვლის ლიცენზირების წესების ეროვნულ მონაცემთა ბაზა" დაგეხმარებათ.

მაგრამ თუ ლიცენზირებისა და კანონების გვერდის ავლა გსურთ, ამისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი უნდა იმუშაოთ და სულ ორი ან სამი ბავშვით შემოიფარგლოთ. სახელმწიფო რეგულაციები უნდა შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი საბავშვო ბაღის საქმეებს სწორად აწარმოებთ. პირადი კავშირები უნდა გამოიყენოთ, თქვენს მომსახურებაზე ხმა ნაცნობებს შორის და სოციალური ქსელითაც უნდა გაავრცელოთ. გააკარით განცხადებები ისეთ ადგილებში, სადაც მშობლები იკრიბებიან, სკოლამდელ დაწესებულებებთან და იმ კომპანიებთანაც, რომლებსაც საბავშვო საქონელი გადააქვთ; ან საბავშვო მომსახურებაზე არიან სპეციალიზებული. მაგრამ პირველი ნაბიჯი ნებართვის მიღებაა.

გარდა ამისა, შრომის ონლაინბაზრები სცადეთ, როგორებიცაა Care.com, Urbansitter.com და Sittercity.com ბავშვების მომვლელისა და ძიძის ვაკანსიებს გადახედეთ, ან Snagajob ნახეთ. ამ ვებგვერდზე უმთავრესად საათობრივი სამუშაოებია.

სპეციალისტი საინფორმაციო და საძიებო მარკეტინგის საკითხებში

საინფორმაციო და საძიებო მარკეტინგის სპეციალისტს ვებინფორმაციის შექმნა ევალება და თანაც ისეთის, რომელიც მნახველებს მოიზიდავს (და შესაბამისად, შემოსავალს). საძიებო მარკეტინგი ამ პოზიციის ნაწილია და ავტომატურად გულისხმობს, როდესაც ბრენდის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნავთ, კარგად ერკვეოდეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში (SEO), Google-ზე ვებგვერდის რეიტინგის გაზრდასა და საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით ვიზიტორების მოზიდვაში. და ყველაზე მთავარი ისეთ ინსტრუმენტებში გარკვევაა, როგორიცაა Google Analytics.

ვაკანსიის საიტებზე მსგავსი პოზიციები შემდეგი დასახელებით უნდა მოძებნოთ: "ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი", "ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის სპეციალისტი".

კონტენტმარკეტინგის სპეციალისტის შემოსავალი წელიწადში საშუალოდ $50,390-ია.

ვირტუალური თანაშემწე

ვირტუალური თანაშემწე უშტატო ადმინისტრაციული თანაშემწეა, რომელიც ოფისის გარეთ სხვადასხვა სფეროში მუშაობს. თქვენი მოვალეობაა მოგზაურობის დაჯავშნა და ორგანიზება, ასევე კალენდრის წარმოება, შენიშვნების მიღება და დაფიქსირება, ბლოგპოსტების დაფორმატება, წერა და კვლევა, და სხვა ადმინისტრაცული ამოცანები. ამ თანამდებობაზე საშუალო ხელფასი საათში $ 15,57-ია და როგორც ნებისმიერი თანაშემწისთვის, კომპიუტერის ცოდნა, ორგანიზებულობა და ურთიერთობის ეფექტურად დამყარება (სავარაუდოდ, უფრო მეტად ელექტრონული ფოსტითა და გზავნილებით, და არა ტელეფონით) აუცილებელია.

ვირტუალური თანაშემწის ვაკანსიის ძიება უშტატოთა ისეთ გვერდებზე სცადეთ, როგორებიცაა: Upwork, Remote.co, ZipRecruiter და Freelancer.com.

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ