$1.2 მილიონი Pulsar AI-ს სილიკონის ველის ინვესტორებისგან ქართული სტარტაპის დიდი წარმატება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც 1,2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა "სილიკონის ველის" ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული სტარტაპის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი ე.წ. "ენჯელ ინვესტორები" და ვენჩურული ფონდები, როგორიცაა: Ridge Ventures, Great Oaks VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Ten Eighty Capital, და სხვა.
მსგავსი სტატია: ადამიანური ინტელექტის ხელოვნური ალტერნატივა
Entrepreneur Georgia-ს მკითხველი კარგად იცნობს Pulsar AI-ს გუნდს წინა სტატიებიდან. ის 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში.
ისინი ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიდნენ ტექნოლოგიებს, რომელიც მანამდე არ არსებობდა; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.
2018 წელს, TBC ბანკთან ერთად, Pulsar AI-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Payments Awards-ის ნომინაციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა, HSBC-ისა და NuData-ს ("მასტერქარდის" კომპანია) გვერდით. 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო მობილურ ბანკინგად დასახელდა აპლიკაცია, რომელიც Pulsar AI-ის ხმოვან ტექნოლოგიას იყენებს.
წელიწადზე მეტია, რაც Pulsar AI-მა შეცვალა თავისი ბიზნეს მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისიდან გადავიდა SaaS მოდელზე, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისად მიწოდებას გულისხმობს მათ მიერ უკვე შექმნილი ტექნოლოგიებით. ამან სტარტაპს ბიზნეს მოდელის მასშტაბირების და გლობალურ ბაზრზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.
სწორედ ამ დროს, Pulsar AI-ის გუნდი Startup Grind კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა სილიკონის ველს, სადაც საინტერესო ბიზნეს კავშირები დაამყარეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის დამფუძნებლის, ჯორჯ არისონის გაცნობა. ჯორჯ არისონი ამერიკის ავტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია Shift-ის დამფუძნებელია. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ ერთმანეთის მიღწევების გაცნობით და გადაწყვიტეს თანამშრომლობა. აქტიური განხილვების პროცესში, აღმოაჩინეს რომ პულსარის NLP და მიმოწერის ავტომატიზაციის ტექნოლოგიას შეუძლია გადაჭრას ერთ-ერთი უმსხვილესი პრობლემა აშშ-ის ავტომობილების საცალო გაყიდვების ბაზარზე. ავტომობილის ინდუსტრია კი ჯორჯის ექსპერტიზის სფეროა, რითაც ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გუნდს. შედეგად, 2019 წლიდან პულსარმა და ჯორჯმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ავტომობილების საცალო ინდუსტრიისთვის მომხმარებელთა ჩართულობის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებაზე.
მსგავსი სტატია: ამერიკელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ევანგელისტებს შორის
დღესდღეობით, Pulsar AI-ს უკვე ორი ოფისი აქვს - ერთი თბილისში, მეორე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ). თბილისში ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების გუნდი განაგრძობს მუშაობას, ხოლო კაიფორნიაში ბიზნეს გუნდმა გადაინაცვლა.