Agile School - ბიზნესი ბიზნესის დასახმარებლად ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მუდმივად ცვალებად და მაღალკონკურენტულ გარემოში ორგანიზაციები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რაც შეზღუდული რესურსებით განსხვავებული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას მოითხოვს. ალექს გიჯაშვილისა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია Agile School ბიზნესს სწორედ თანამედროვეობისთვის საჭირო ცოდნას გადასცემს.
თანადამფუძნებელი ალექს გიჯაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის დაარსება პრობლემების კარგად გააზრებისა და გადაჭრის გზებზე ძებნის პროცესში გადაწყდა.
"ტრანსფორმაციებისა და სტრატეგიული მართვის გადაწყვეტილებებით ვაძლიერებთ მცირე და საშუალო მეწარმეებს ისეთი დაბრკოლებების გადასალახად, როგორებიცაა ოპერაციების ეფექტიანად მართვა, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, სწრაფი მასშტაბირება, პროდუქტების მართვა და ა.შ. ადამიანების ნაწილში კი ვცდილობთ მაქსიმალურად დიდი ცოდნა შემოვიტანოთ Agile-პროფესიების აუცილებლობის მიმართულებით. გავაძლიეროთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ Product Owner, Scrum Master, Product Manager და მათთან დაკავშირებულ პროფესიებს", − გვიყვება ალექსი.
Agile, როგორც მართვის მოდელი, მსოფლიო მასშტაბით ათეული წლებია გამოიყენება და პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ქართული ბაზრისთვის ის ჯერ კიდევ სიახლეა. სწორედ ამიტომ ალექსი ფიქრობს, რომ Agile School-ის დაფუძნება გამბედაობასა და სიმამაცეს მოითხოვდა დამფუძნებლების მხრიდან. იქ, სადაც Agile-მიდგომის არსის გააზრება ჯერ კიდევ პრობლემურია, ბიზნესისთვის სერვისის შეთავაზებას ხანგრძლივი და სწორი დაგეგმვა სჭირდება.
ალექსი ამბობს, რომ გარდა ბიზნესმოდელისა, ანტრეპრენერს კონკრეტული პიროვნული თვისებები სჭირდება წარმატებისთვის − სიჯიუტე, გამბედაობა და მიზანდასახულობა. მისივე თქმით, ანტრეპრენერები მუდამ მზად უნდა იყვნენ ცვლილებისათვის და მას არ შეუშინდნენ.
Agile School-ის დამფუძნებლებს გრძელვადიან წარმატებაზე ორიენტირებული სტრატეგია აქვთ და როგორც ამბობენ, ეს ამართლებს.
თუმცა, გამოწვევა Agile-ის მიმართ დაბალი ცნობადობის შესახებ კვლავ გამოწვევად რჩება. ამიტომ სტრატეგიის ნაწილი არა მხოლოდ მათი სერვისის, არამედ ზოგადად მეთოდოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ამისთვის Agile School სხვადასხვა ხერხს იყენებს − საგანმანათლებლო აქტივობები, აქტიური ბლოგი, უფასო თვითგანვითარების პლატფორმა UpMe, საქართველოში პირველი Agile ტერმინების ქართულენოვანი ლექსიკონი და Agile School Club, სადაც Agile-ის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ ზიარდება ინდუსტრიის სიახლეები.
ანტრეპრენერი ამბობს, რომ შეცდომებს უშვებდნენ და ახლაც უშვებენ, რაც საქმის კეთების ნაწილია. თუმცა მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მსგავს "გრძელვადიან მოგზაურობაში" ადამიანმა სწორად შეარჩიოს გუნდი.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში შევიძინე, არის გუნდი, ხალხი, რომლის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. გამოცდილება, რომელსაც გავუზიარებდი, იქნებოდა კონკრეტული ღირებულების გარშემო პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის შეკრება, მათი აზრის პატივისცემა და დამოუკიდებლობის მინიჭება", − ამბობს ალექსი გიჯაშვილი.
როგორც ალექსი გვიყვება, Agile School-ის გუნდისთვის მომხმარებლის კმაყოფილება არის მოტივაციაც და ინსპირაციაც, ყოველდღიურად განვითარდნენ. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს თვითდისციპლინაც.
"Agile School-ში ყოველდღიურად ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ჩვენი სერვისები, სწავლების ხარისხი და მიდგომები იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა გვაქვს, რითაც ჩვენს პარტნიორებსა და სტუდენტებს შევუქმნით საუკეთესო გამოცდილებას".
სამომავლო გეგმებში, ალექსი გიჯაშვილის თქმით, შედის რეგიონების მოცვა და რაც მთავარია, Agile-მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია, მეტი ბიზნესის ჩართვა და ახალი სასწავლო კურსები, რათა სერვისი კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისწვდეს.