AI რევოლუცია მეტწილად მარკეტინგია – ეს კი იმის მტკიცებულებაა, რომ მისი შესაძლებლობები გადაჭარბებულია
By Solo Ceesay
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აშშ-ის ეკონომიკამ, განსაკუთრებით მისმა ოდესღაც ხელშეუხებელმა ტექნოლოგიურმა სექტორმა, მხოლოდ იანვარსა და თებერვალში თითქმის 160 000 სამუშაო ადგილი დაკარგა. ხელოვნური ინტელექტით შთაგონებული შემცირებები საგანგაშო ტემპით ჩქარდება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა Block-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის მიერ განხორციელებული საკამათო 40%-იანი დათხოვნით. ჯეფ ბეზოსის Amazon-მა იანვარში 16 000 თანამშრომელი გაათავისუფლა და მიზეზად მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა, რადგან კომპანია დაუზოგავ ინვესტიციებს ახორციელებს AI-ში. ირონიულია, რომ ტექნოლოგიური სექტორის ამ კატასტროფული გადაჯგუფების ფონზე, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) კვლევა იუწყება, რომ "ათასობით" აღმასრულებელი დირექტორი აღიარებს, რომ AI-ს არ ჰქონია არავითარი მნიშვნელოვანი გავლენა დასაქმებასა და პროდუქტიულობაზე. მაშ, ვინ ცრუობს?
მსოფლიო მოსახლეობის 84%-ს ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ გამოუყენებია, ხოლო პრემიუმ სერვისებში საფასურს მხოლოდ 0,3% იხდის. მიუხედავად ამისა, სილიკონის ველის კაპიტალი კვლავ სიზუსტით არის ფოკუსირებული AI-ის მომავალზე – განსაკუთრებით კი აგენტურ პროდუქტებზე, რომლებიც როგორც პროფესიულ, ისე პერსონალურ შრომას ჩაანაცვლებენ. ეს ჰგავს ტონი სტარკის "ჯარვისის" რობოტების მასობრივ წარმოებას მაშინ, როცა ეს არავის უთხოვია.
ყველა ნიშნით ინდუსტრია საკუთარ შესაძლებლობებს გასცდა: ის მილიარდობით დოლარს ხარჯავს სტარტაპებში, რომლებიც დასაღუპადაა განწირული და გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე გამომთვლელ სიმძლავრეებს ფლანგავს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა და გაურკვევლობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
უდავოა, რომ რაღაც ხდება. აი, სამი მიზეზი, თუ რატომ ცდილობს ელიტა თავგანწირვით ხელოვნური ინტელექტის ბუშტის გახეთქვის თავიდან აცილებას.
1. მოგებისკენ სწრაფვა მოჩვენებითია
სოციალურ მედიამდე საზოგადოებრივი ცნობიერების ხელში ჩაგდება ბევრად უფრო რთული იყო. ტრადიციული წყაროები – საღამოს საინფორმაციო გამოშვებები თუ ბეჭდური მედია – საზოგადოებრივ განწყობებზე მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვიქმნიდნენ, თუმცა შეხების წერტილები მწირი იყო. მაშინ ადამიანები ცხოვრებას ჯერ კიდევ უნიკალურად და პერსონალურად განიცდიდნენ. სხვების ცხოვრებაში "შესაჭვრეტად" ადამიანებს ტელეფონის აღება ან ფიზიკური შეხვედრის დაგეგმვა უწევდათ.
ადამიანების ცხოვრება ხელუხლებელი იყო ინტერნეტის უძირო წიაღისგან. მხოლოდ ციფრულ ეპოქაში შესვლის შემდეგ მოიპოვეს კორპორაციებმა ჩვენი ცხოვრების ინტიმური დეტალები. ალგორითმებმა დაიწყეს ჩვენი შესწავლა და ჩვენი პრეფერენციების შესახებ უსასრულო მონაცემების შეგროვება. თავდაპირველად, ეს ნიშნავდა მორგებულ, უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას, რამაც ჩვენი მიჯაჭვულობა გამოიწვია. ახლა კი ეს არის გასაქცევი ოთახი გასასვლელის გარეშე, რომელიც სავსეა დაუსრულებელი შეთავაზებებითა და სოციალური პროგრამირებით.
ხელოვნური ინტელექტიც სწორედ ასეთია, ოღონდ ბევრად უფრო მძლავრი და აგრესიული ფორმით. ბევრი მათგანი, ვინც მას იყენებს, ბოროტად სარგებლობს ამ შესაძლებლობით, რაც AI-ს თქვენს გონებაში "შეჭვრეტის" სრულყოფილ იარაღად აქცევს. ათობით შემთხვევა ადასტურებს AI-ით გამოწვეულ ფსიქოზს, ზოგიერთმა კი მასთან რომანტიკული ურთიერთობაც კი გააბა. მიუხედავად იმისა, რომ ფულადი მოგება ან პროდუქტიულობის ზრდა თითქმის არ იზომება, სემ ალტმანი და AI-ის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჩვენი მომავალი სწორედ ამ "დესტრუქციულ" ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული.
2. ჩვენი მომავალი ხელოვნურ ინტელექტზეა "დამოკიდებული"
მაშინ როდესაც ეკონომიკური ანგარიშები მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა – და საშუალო სტატისტიკური მოქალაქე – მძიმე მდგომარეობაშია, ბაზრები შენელების არავითარ ნიშნებს არ ავლენენ. S&P 500 ინდექსი სტაბილურობას ინარჩუნებს ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს, მიუხედავად ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და მზარდი შემცირებებისა. ზედაპირულად ეს შთამბეჭდავია, თუმცა რეალური სურათი ბევრად უფრო შემაშფოთებელია. თუ აქციების ფასს ოქროს ღირებულებით გავზომავთ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მათ არასახარბიელო მაჩვენებლები აქვთ, ხოლო S&P 500-ის კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი წელს საერთოდ შემცირდა. ამერიკის ეკონომიკურ ზრდას NVIDIA და რამდენიმე სხვა AI-თან დაკავშირებული კომპანია განაპირობებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გარშემო ატეხილ ციებ-ცხელებას ასუბსიდირებენ. AI-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი არის ის "ცხელი ჰაერი", რომელიც ამ საჰაერო ბურთს ფრენის საშუალებას აძლევს. მის გარეშე შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი საბაზრო კრახის მოწმენი გავმხდარიყავით.
აშშ-ის მთავრობა გეგმავს ამ ტექნოლოგიების დანერგვას ძირითად ოპერაციულ და სამხედრო ფუნქციებში. ამერიკის ორმა წამყვანმა AI სტარტაპმა, OpenAI-მ და Anthropic-მა, საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, გამართა შეხვედრები ოფიციალურ პირებთან ამ პროცესის ფორმალიზებისთვის. კერძო სექტორის ინოვაციები ხშირად იძენს საჯარო დანიშნულებას, თუმცა ეს შემთხვევა უნიკალური ორმხრივი მოგებაა: სამთავრობო დონეზე ტექნოლოგიის ათვისება პირდაპირი ინვესტიციაა AI-ის მომავალში. ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტი უკვე "ზედმეტად დიდი გახდა საიმისოდ, რომ დამარცხდეს" და სწორედ ამიტომ დავუკავშირეთ მას ჩვენი ბედი.
3. თუ ჩვენ არ დავნერგავთ AI-ს სწრაფად, ამას ჩვენი კონკურენტები გააკეთებენ
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი აშშ-ის მთავარ კონკურენტად იქცა გლობალურ ასპარეზზე. მისი ეკონომიკა, რომელიც ახლა მოცულობით აშშ-ის ეკონომიკას აღემატება, ლიდერობს ინოვაციებში, განსაკუთრებით სამომხმარებლო ტექნოლოგიების სფეროში. BYD-მა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილებით (EV) ცოტა ხნის წინ შემოვიდა, გაყიდვებით უკვე გაუსწრო Tesla-ს და შენელების ნიშნებს არ ავლენს. წლიურ ჭრილში, 2026 წელს Tesla-ს გაყიდვები აღდგა და 91%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 2025 წელს პირველი ვარდნა (-4,78%) განიცადა. BYD-მა უმოკლეს დროში შეძლო Tesla-ს სამოდელო რიგის რეპლიკაცია და განსაცვიფრებელ წარმატებას მიაღწია.
ჩინეთი ასევე უკეთეს პოზიციაშია ენერგიის წარმოების კუთხით – მისი გამომუშავება ორჯერ აღემატება აშშ-ის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოსახლეობა ჩინეთის მეოთხედს შეადგენს, ის ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩინეთი ლიდერობს მზის ენერგიის წარმოებაში, რაც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის აშშ-ის დომინაციას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინური open-source DeepSeek მოდელის მოულოდნელი გამოჩენა, რომელმაც სულ რაღაც ერთ დღეში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება 1 ტრილიონ დოლარზე მეტით შეამცირა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაწვრთნა მხოლოდ 5,6 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად იქცევა ჩინეთი ძლიერ კონკურენტად AI-სა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში.
ახლა ისე, როგორც არასდროს, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან ღირებულებაში დაარწმუნოს, რათა ქვეყანა თავის უმთავრეს მეტოქეს არ ჩამორჩეს. ამ ნაპრალების ამოვსების გარეშე, აშშ-ის მმართველობას, როგორც მსოფლიოს ერთადერთი და უდავო ზესახელმწიფოსი, შესაძლოა მოულოდნელი დასასრული დაუდგეს.
AI – დაგვეხმარება თუ ჩვენს წყევლად იქცევა?
ამერიკის მომავალი ისეთი ბუნდოვანია, როგორც არასდროს. კრიზისში მყოფი ინდუსტრიები და მასობრივი შემცირებები სულ უფრო მეტად აღრმავებს კლასობრივ და ქონებრივ უთანასწორობას. დღეს შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის ზედა 10% სამომხმარებლო ხარჯების ნახევარზე მეტს განაპირობებს, რაც ჩვენი ეკონომიკის სისუსტეს უსვამს ხაზს. მოსალოდნელი "თეთრსაყელოიანთა რეცესია" საფრთხეს უქმნის ამ სისტემას, რომელიც მხოლოდ ზედა ფენაზეა დამოკიდებული. ირონია ისაა, რომ ამერიკის მომავალი სწორედ ამ ჯგუფზე დგას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის წარმატება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათ საარსებო წყაროს. ეს კლასიკური Catch-22 არის.
წინ უპრეცედენტო დრო გველის. ჩვენ ან ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული "ოქროს ხანისკენ" მივეშურებით, ან შესაძლოა პირდაპირ ამერიკის სამარეს დავყურებდეთ. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რომელი გზა გახდება ჩვენი მომავალი.
თარგმანი: მარიამ ქობალია