აპრილში რუსული ნავთობის მიწოდება გლობალურ ბაზარზე 3 მლნ ბარელით შემცირდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Reuters-ის ცნობით, აპრილის თვის დასაწყისიდან ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება დღეში სამი მილიონი ბარელით შემცირდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ 16 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და დასავლეთის მხრიდან ამოქმედებული სანქციების ფონზე, რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პარიზის წარმომადგენლობის თქმით, ნედლეულზე მზარდი ფასები და რუსეთის მიმართ სანქციები საგრძნობლად შეაფერხებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას მოახდენს ინფლაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში გაწევრიანებულია 31 ინდუსტრიულად მძლავრი სახელმწიფო (გარდა რუსეთისა). სააგენტო ყოველთვიურად აქვეყნებს ანგარიშებს ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა ომის დაწყებიდან და ნავთობზე ფასის მკვეთრი ზრდის შემდეგ ეს მათი პირველი განცხადება გახლავთ.
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ექსპორტის მნიშვნელოვან, დღეში 2,5 მილიონი ბარელით შემცირებას, საიდანაც 1,5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი, ხოლო 1 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტებია", - აღნიშნულია IEA-ს ანგარიშში, - "ეს დანაკარგები შესაძლოა გაიზარდოს, თუკი შეზღუდვები და საზოგადოებრივი წნეხი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება".
რუსეთი ახორციელებს დღეში 7-დან 8 მილიონ ბარელამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს. ამავდროულად, IEA-ს პროგნოზით, მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე დღეში 1,3 მილიონი ბარელით შემცირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ხოლო მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საშუალოდ, დღიურ 99,7 მილიონ ბარელს შეადგენს.
უკრაინის კრიზისმა საწარმოო სიმძლავრეების გადატვირთულობა ახლებურად დაანახა მსოფლიოს და ვინაიდან წამყვანი მწარმოებლები, როგორებიც არიან: ოპეკ+, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები არ ჩქარობენ ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მოცულობის გაზრდას, IEA-ს არ აქვს მოლოდინი, რომ აშშ, კანადა და სხვა ქვეყნები, მიწოდების გლობალური დეფიციტის შევსებას შეძლებენ.
IEA-ს ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან, მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი დღიურ 700 000 ბარელს გაუტოლდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ნავთობის მარაგების დონე 2014 წლის აპრილის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე ჯერ არ ყოფილა.