Bebosia - კონსერვების მინისაწარმო აჭარაში "გვქონდა მიწის ნაკვეთი სოფლად და გადავწყვიტეთ საწარმო ჩვენსავე მიწაზე აგვეშენებინა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე არავისთვისაა სიახლე, რომ USAID-ის პროგრამას "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), წლიდან წლამდე უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში პერსპექტიული და მოტივირებული ადამიანების წარმოჩინებისა და ხელშეწყობის საქმეში. მათი ჩართულობით არაერთმა დამწყებმა თუ განვითარების ეტაპზე მყოფმა ანტრეპრენერმა გაიარა ბიზნესტრენინგებისა და მენტორობის სესია, გაიუმჯობესა სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მასშტაბირებისათვის აუცილებელ ფინანსებზე წვდომა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან USAID YES-Georgia-ს ეგიდით "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დაარსდა. ამ წლების განმავლობაში პროექტმა 5000 განაცხადი მიიღო, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას ტრენინგების კურსის გავლის შესაძლებლობა მისცა, 486 კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რომელთაგან 89-მ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" თანადაფინანსებაც მოიპოვა.
USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".
"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის, რათა თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლის შანსი მიიღონ. ამ პროექტის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე, საქართველოს სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში, მის ბენეფიციარს "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებულს, სტარტაპ Bebosia-ს დამფუძნებელ ნინო დოლიძესაც გაესაუბრა. Bebosia კონსერვების მინისაწარმოა, რომელიც ნინომ თავის ორ მეგობართან ერთად აჭარაში გახსნა. "წარმოება წელს დავიწყეთ, თუმცა იდეაზე ჯერ კიდევ შარშან ვფიქრობდით. გვინდოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. საამისოდ გვქონდა მიწის ნაკვეთი სოფლად და გადავწყვიტეთ საწარმო ჩვენსავე მიწაზე აგვეშენებინა. ჩვენი პირველი პროდუქტი ალუჩისგან დამზადებული ტყემლის საწებელი იყო, შემდეგ წითელი ტყემალიც დავამატეთ, ახლა კი აჯიკისა და ტომატ-პასტის წარმოებას ვიწყებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ხილის მურაბები, ჯემები და წვენებიც დავამზადოთ", − გვიამბობს Bebosia-ს დამფუძნებელი ნინო დოლიძე.
რაც შეეხება "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" მიღებულ გამოცდილებას, ნინო აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის შანსი იყო. "საუკეთესო მენტორი შეგვხვდა სანდრო კანდელაკის სახით, რომელსაც გაყიდვებსა და მარკეტინგში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მე თავად ამ სფეროს ვემსახურები და რთულია ხოლმე რაიმე სიახლის მიღება მსგავს ტრენინგებზე. ბატონმა სანდრომ ჩემი საქმის განვითარებისათვის ბევრი ახალი რამ მასწავლა. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" გატარებული სამი თვე ძალიან დაგვეხმარა მარკეტინგული განვითარებისა და გაყიდვების ზრდის საქმეში", − აცხადებს ნინო დოლიძე, − "პროგრამის შესახებ სოციალური გვერდის მეშვეობით შევიტყვე. თავიდან ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე, ვინაიდან დაფინანსების მოპოვების პერსპექტივა ბუნდოვანი იყო, ხოლო სკოლისათვის 3 თვის გაცდენა დროის ფლანგვად მეჩვენებოდა. თუმცა საბოლოოდ, აპლიკაცია მაინც შევავსე, მოგვიანებით კი დამიკავშირდნენ, ბევრ აპლიკანტს შორის რამდენიმე ადამიანი შეირჩა, რომელთა შორის მეც მოვხვდი და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ბატონმა სანდრომ პროდუქტის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები გაგვიზიარა და ადგილობრივ ბაზარზე პოტენციური კლიენტების მოძიებაშიც დაგვეხმარა. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება "აჭარა ჯგუფთან", რომელსაც სასტუმროს ქსელისათვის ტრადიციული ქართული პროდუქტის შეძენა სურს და იმედი მაქვს, მათთან ვითანამშრომლებთ".
საუბრისას ნინომ აღნიშნა, რომ დღესდღეობით ქართული წარმოების პროდუქტი საამაყოა, თუმცა აჭარლებისათვის განსაკუთრებულად საამაყო იქნება აჭარაში, ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტი. "როგორც ქალი მეწარმეები, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ყველასგან და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ დიდი ბრენდი გავხდეთ, ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ და ევროპასა თუ აშშ-ში ექსპორტზე გავიდეთ", − გვიამბობს ნინო დოლიძე.