Get All Access for $5/mo

BTU-ში სტუდენტური ჰაკათონის - Unleashing the power of gpt-3-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

OpenAI-ის ChatGPT-იმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჩეთბოტს, რომელიც 2022 წლის 30 ნოემბერს ჩაეშვა, შეუძლია დაწეროს ბლოგი, შექმნას სამეცნიერო ნაშრომები, პროგრამები და სხვა. ამის პარალელურად, AI ჩეთბოტი მუდმივად ვითარდება და არავინ იცის, რა შესაძლებლობები გაუჩნდება მას უახლოეს მომავალში. სწორედ ამ პოტენციალის გამოცდის მიზნით, BTU-ში IT პროგრამების სტუდენტებისთვის ჰაკათონი -"Unleashing the power of gpt-3: a student hackathon" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ChatGPT-ის გამოყენებით შემდეგ საკითხებზე იმუშავეს:

  • ბლოგის დაწერა;
  • CV-ის აწყობა;
  • სტატიების შეგროვება და შეჯამება;
  • შეფასების დაწერა;
  • ქოფირაითინგი;
  • სხვადასხვა პროცესის, მათ შორის: ტალანტების მოძიებისა და დასაქმების ავტომატიზაცია;
  • Screenshot2reminder და სხვა.

48-საათიანი ჰაკათონის მონაწილე სტუდენტები კი ჟიურიმ შეაფასა:

  • ზაალ გაჩეჩილაძე - (Pulsar AI თანადამფუძნებელი);
  • თათია წმინდაშვილი - (უფროსი მკვლევარი, Impel);
  • ანა კოლხიდაშვილი - (r&d გუნდის ლიდერი, Impel).

გამარჯვებული პროექტი, რომლის ინიციატორებსაც ფულადი ჯილდო გადაეცათ, BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტების, ერეკლე მოდებაძისა და შოთა ლომაძის მიერ შექმნილი Agro AI გახდა. Agro AI წარმოადგენს Gpt-3-ის მოდელზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც ფერმერებსა და ნებისმიერ მსურველს ეხმარება ლოკაციის მიხედვით მიიღოს რჩევა - რომელი მცენარეული კულტურა მოიყვანოს, რა თანხა დაუჯდება მოყვანა, უდგენს რამდენიმე წელზე გაწერილ ბიზნეს გეგმას, რეკომენდაციას აძლევს როგორ დათესოს მცენარეები, მოუაროს, აიღოს მოსავალი და სხვა.

"გამარჯვების სურვილი და იმედი, რა თქმა უნდა, თავიდანვე გაგვაჩნდა, თუმცა ამის გარანტია ნამდვილად არ გვქონია. მითუმეტეს, რომ სხვა გუნდების პროექტებიც ძალიან საინტერესო იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჰაკათონში მონაწილეობა თითქმის ყოველთვის ღირს, რადგან უამრავ სიახლეს ვეცნობით, ვეხებით სრულიად ახალ ტექნოლოგიებს, ვიძენთ ახალ მეგობრებსა და ცოდნას.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პლატფორმას, პროექტის გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებთ. ამ გამარჯვებამ უფრო მეტი თავდაჯერება მოგვცა და დაგვარწმუნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამჟამად პროტოტიპის განვითარებაზე ვმუშაობთ და გვჯერა, რომ შევქმნით პროდუქტს, რომელიც თუნდაც 1 ადამიანს მაინც მოუტანს სარგებელს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გამარჯვებული გუნდის მონაწილე, ერეკლე მოდებაძე.

გამარჯვებული გუნდის გარდა, ჰაკათონის ფარგლებში განსაკუთრებული დაინტერესება მოიპოცა BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა, მარიამ ჯვარშეიშვილმა, რომელმაც Gpt-3-ის გამოყენებით ბიზნეს გეგმის გენერატორი შექმნა.

"ბიზნეს გეგმა არის გადამწყვეტი დოკუმენტი ნებისმიერი სტარტაპისთვის ან უკვე არსებული ბიზნესისთვის, რადგან ის აღწერს კომპანიის მიზნებს, სტრატეგიებს და ფინანსურ პროგნოზებს. თუმცა, ბიზნეს გეგმის ნულიდან დაწერა შეიძლება იყოს შრომატევადი და რთული პროცესი. სწორედ აქ ჩნდება ბიზნეს გეგმის გენერატორის იდეა და ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით და ინტეგრირებით, როგორიცაა GPT-3, პროცესი კიდევ უფრო გავამარტივე და ხელმისაწვდომი გავხადე. ბიზნეს გეგმის გენერატორი არის ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატიზირებს ბიზნეს გეგმის შექმნის პროცესს, სთხოვს მომხმარებლებს შეიყვანონ კონკრეტული ინფორმაცია თავიანთი ბიზნესის, ინდუსტრიისა და მიზნების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, გენერატორი სულ რამდენიმე წუთში ქმნის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ბიზნეს გეგმას. ბიზნეს გეგმის გენერატორი, რომელიც აღჭურვილია GPT-3-ით, არის ღირებული ინსტრუმენტი მათთვის, ვინც ცდილობს სწრაფად და მარტივად შექმნას პროფესიული და ყოვლისმომცველი ბიზნეს გეგმა", - განმარტავს მარიამ ჯვარშეიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, BTU-ს სტუდენტი სამომავლოდ აპირებს ინიციატივის განვითარებას, რისთვისაც, საწყის ეტაპზე საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფას შეეცდება. მისივე აღნიშვნით, განვითარების პროცესში ბიზნეს გეგმის გენერატორს დაემატება ისეთი ინსტრუმენტები: როგორიცაა ფინანსური ასისტენტი, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს შექმნან რეალისტური და ზუსტი ფინანსური პროგნოზები თავიანთი ბიზნესისთვის. ასევე რესურსებისა და ხელსაწყოების ბიბლიოთეკა, მაგალითად შაბლონები, ბიზნეს გეგმების ნიმუშები და იურიდიული დოკუმენტები. GPT-3-ის დახმარებით, გენერატორს ასევე შეეძლება მომხმარებლებს მიაწოდოს ინდუსტრიის ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული დამატებითი შეხედულებები, რაც მათ გაუადვილებს თავიანთი ბიზნეს გეგმის წარდგენას პოტენციურ ინვესტორებთან თუ პარტნიორებთან.

სტუდენტური ჰაკათონის გარდა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რევოლუციური პლატფორმის გარშემო, BTU წლის განმავლობაში კვლევით პროექტებს, პანელურ დისკუსიებს, ექსპერიმენტებს, სტუდენტურ კონკურსებს, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნასა და სხვა აქტივობებს გეგმავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?