ჩვენ ნდობის რეცესიაში ვართ და ამის საპასუხოდ თქვენი საიდუმლო იარაღი ბრენდის ელჩები არიან

By Mike Feazel

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიები მართლაც შესანიშნავია ყურადღების მისაპყრობად, თუმცა ნდობის მოპოვება კვლავ ადამიანების საქმეა.

ამის ნათელი მაგალითია ის, თუ როგორ შეცვალა მარკეტინგი ხელოვნურმა ინტელექტმა. ანალიტიკა, ტარგეტირება და შემდგომი კომუნიკაცია დღეს ექსპონენციურად უფრო სწრაფია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები თქვენი კომპანიის ეფექტიანობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, არცერთი მათგანი არ ცვლის იმ საბოლოო გადაწყვეტილებას, როდესაც პოტენციური მომხმარებელი წყვეტს, რომ თავისი ბიზნესი თქვენ მოგანდოთ.

ადამიანების უმეტესობას კვლავ სურს ურთიერთობა ჰქონდეს რეალურ ადამიანთან, ისეთთან, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება და ვისაც შეუძლია კონტრაქტის ხელმოწერის დროს თვალებში შეხედოს. და რაც უფრო ავტომატიზებული ხდება სამყარო, მით უფრო ფასეული ხდება ეს ადამიანური კავშირი.

სახურავების ინდუსტრია ამის იდეალური მაგალითია. ჩემი ვირტუალური სახლის მომსახურების კომპანია, Roof Maxx, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ეროვნული დილერების ტრენინგისა და მათთან კომუნიკაციის გასამარტივებლად. თუმცა, გაყიდვების უმეტესობას ეს დილერები მაინც სახლის მფლობელებთან პირდაპირი ურთიერთობით ახორციელებენ. ისე, როგორც ამას მხოლოდ ადამიანი შეძლებს.

აი, როგორ ვაკეთებთ ამას ჩვენ და როგორ შეგიძლიათ თქვენც დაიცვათ იგივე პრინციპები, რათა თქვენი ბრენდი ავთენტიკური დარჩეს სამყაროში, სადაც ნდობა ხშირად ეცემა.

ანონიმურობა ავთენტიკურობის ყველაზე დიდი მტერია

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ ონლაინ, ალბათ აღარ არის საჭირო ახსნა, რამდენად რთულია რეალურისა და არარეალურის ერთმანეთისგან გარჩევა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია შექმნას ნებისმიერი კონტენტი და მიაწეროს იგი ნებისმიერ წყაროს.

არ შევუდგები იმის ჩამოთვლას, რატომ არის ეს საზოგადოებისთვის პრობლემური, მაგრამ აი, რატომ არის ეს ცუდი ბრენდებისთვის: როდესაც ნებისმიერს შეუძლია ეკრანის მიღმა ექსპერტიზის გაყალბება, ნამდვილ ექსპერტებს უწევთ დაამტკიცონ, რომ ნამდვილად იციან, თუ რაზე საუბრობენ.

ამ ფენომენს სახელიც აქვს, ნდობის რეცესია. და ეს პროცესი დაიწყო ბევრად ადრე, სანამ ხელოვნური ინტელექტი მეინსტრიმად იქცეოდა. Ipsos-ის მონაცემების მიხედვით, ონლაინგამოცდილებისადმი ნდობა 11 პუნქტით შემცირდა 2019-დან 2022 წლამდე, სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში.

ცნობისთვის, ChatGPT 2023 წლის დასაწყისში გამოვიდა, თუმცა ღრმა სწავლების ტექნოლოგიები უკვე ათწლეულებია არსებობს. მაშინაც კი, ხელოვნური ინტელექტი ნდობის ამ კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა.

იმავე კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების თითქმის 50%-მა შეშფოთება გამოთქვა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენების რეგულირების პოლიტიკის გამო. ამასთან, 50%-ზე მეტმა მნიშვნელოვანად მიიჩნია ონლაინკონტენტის შექმნისა და გავრცელების კონტროლის პოლიტიკა.

გჭირდებათ მტკიცებულება, რომ ეს რეალური პროცესია, და რომ ის კვლავ გრძელდება? უბრალოდ, გადახედეთ Salsify-ს 2026 წლის მომხმარებელთა კვლევის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის 3000-ზე მეტი მყიდველი გამოიკითხა.

კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინშოპინგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 57%-ით შემცირდა. მთავარ მიზეზად კი დასახელდა "პროდუქტის შესახებ ინფორმაციისადმი ნდობის მზარდი დეფიციტი", რის გამოც მომხმარებლები შესყიდვების გასაკეთებლად კვლავ ფიზიკურ მაღაზიებს უბრუნდებიან.

თქვენს ბრენდს ადამიანები სჭირდება

ჩვენი დილერები Roof Maxx-ში ძალიან კარგად იცნობენ ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტს, რომელიც ასფალტის კრამიტის დასამუშავებლად არის განკუთვნილი. ჩვენი დილერების უმეტესობა თავადაც გადახურვის სპეციალისტია და ყველა მათგანს აქვს გამოცდილება იმ სახურავების ამოცნობაში, რომლებიც ასეთი დამუშავებისთვისაა განკუთვნილი.

უფრო მეტიც, მათ ამის გაკეთება პირადად და ერთი შეხედვითაც შეუძლიათ. თუ რომელიმე ჩვენი დილერი თქვენს სახურავზე მუშაობს და შემთხვევით შეამჩნევს, რომ თქვენი მეზობლის კრამიტიც მოძველებული და მყიფეა, დიდი ალბათობით სამუშაოს რომელიმე ეტაპზე შეძლებს მეზობელთან მისვლას, საკუთარი თავის წარდგენას და ამ თემაზე საუბრის დაწყებას.

რაც მთავარია, თქვენს მეზობელს უკვე ეცოდინება, რომ თქვენ ახლახან დაიქირავეთ ისინი თქვენი სახურავის შესაკეთებლად. ამიტომ დილერის პროფესიონალიზმის მიმართ მას უკვე ექნება გარკვეული ნდობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუბარს უფრო გახსნილი და კეთილგანწყობილი დაიწყებს, განსხვავებით იმ სკეპტიციზმისგან, რომელსაც ადამიანები ხშირად ავლენენ ინტერნეტში ინფორმაციის ძიებისას.

ამ ტიპის პერსონალიზაცია გადახურვის სფეროში კარგად მუშაობს, რადგან საკუთარი სახლის გაუმჯობესებაზე ფულის დახარჯვა პირადული გადაწყვეტილებაა. თუმცა შეიძლება გაგიკვირდეთ, რამდენი სხვა ტიპის ბიზნესიც შეიძლება სარგებლობდეს "ძველი სკოლის" მიდგომით.

ძველ გზებს ისევ ახალი ღირებულება აქვთ

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ონლაინშოპინგი ან ციფრული მარკეტინგი "მკვდარია". სინამდვილეში, პირიქით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება. თუმცა მთავარი დასკვნა ეს არ არის.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ონლაინშოპინგს, ეს ზრდა ნდობის ზრდით არ არის განპირობებული. რადგან ონლაინგამოცდილებისადმი ნდობა რეალურად მცირდება, ეს მიუთითებს, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი იმ ქმედებებზე, რომლებსაც ადამიანები ინტერნეტის საშუალებით შეასრულებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე ვერ შეძლებენ ადამიან-ექსპერტთან საუბარს.

ამის უკეთ გასაგებად შეიძლება განვიხილოთ საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე. ტიპური მომხმარებელი ონლაინშოპინგზე წელიწადში დაახლოებით 1 200 აშშ დოლარს ხარჯავს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები შესაძლოა მზად იყვნენ გარკვეული რისკის გასაწევად, მაგალითად, მაისურების ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ნივთების შეძენისას, მაგრამ ისინი არ შეასრულებენ დიდი მოცულობის შესყიდვებს.

მაღალი ღირებულებისა და მაღალი რისკის მქონე ნივთები ბევრად უფრო სერიოზულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს. სწორედ ამიტომ მათ სჭირდებათ სანდო ავტორიტეტთან საუბარი, ადამიანთან, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ამიტომ გააგრძელეთ ნიჭიერი ადამიანების მოძიება და დარწმუნდით, რომ თქვენს გუნდს შესაბამისი ადამიანური უნარებით ამზადებთ. ეს უნარები ყოველთვის ფასეული იყო, და მომავალში ისინი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ოდესმე.

თარგმანი: ანო ტვილდიანი

Mike Feazel

Entrepreneur Leadership Network® Contributor

CEO & Co-Founder of Roof Maxx

Mike Feazel, co-founder of Roof Maxx, is a roofing industry leader known for innovation and sustainability. A former top contractor and columnist, he’s a sought-after voice on roofing trends, business growth, and plant-based solutions that extend roof life.