Get All Access for $5/mo

დეფოლტი - რუსეთის ახალი ეკონომიკური რეალიები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუსეთის მხრიდან, უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული სამხედრო მოქმედებების ფონზე, უამრავმა სახელმწიფომ და კერძო კომპანიამ, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი აამოქმედა. აღნიშნული სანქციები, საკმაოდ მრავალმხრივია და მიმართულია, როგორც კონკრეტული ინდივიდების, ისე რუსეთის ბაზრის ფინანსური სტაბილურობის შერყევის და გლობალური სისტემებისგან გათიშვისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში სანქციებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და მოსახლეობის ნაწილისათვის, მსგავსი ეკონომიკური მარწუხები არაპროპორციულ ბერკეტად აღიქმება, რუსეთის ეკონომიკა დღითიდღე სუსტდება და ექსპერტთა ჯგუფები, უახლოეს მომავალში დეფოლტსაც არ გამორიცხავენ.

რა არის დეფოლტი, როგორია რუსეთისათვის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი და სად არის საქართველო, ამ გლობალური ცვლილებების ფონზე? ამ და სხვა შეკითხვებს Entrepreneur-ს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა უპასუხებს.

დასაწყისისთვის, გთხოვთ განვმარტოთ დეფოლტის მნიშვნელობა. რა სახის დეფოლტები არსებობს და რა შედეგებამდე მივყავართ მათ?

დეფოლტი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც მსესხებელი (სესხის ამღები ან ფასიანი ქაღალდების ემიტენტი) არღვევს საკრედიტო ხელშეკრულების ერთ ან მეტ პირობას. დეფოლტის ორ სახეობას გამოყოფენ: საკრედიტო მომსახურების და ტექნიკურ დეფოლტს.

საკრედიტო მომსახურების დეფოლტის დროს მოვალე არ/ვერ იხდის სასესხო გრაფიკით გათვალისწინებულ პროცენტს და/ან ძირითად თანხას. ტექნიკური დეფოლტის შემთხვევაში კი ირღვევა საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებიც ძირითადად ფინანსური კოეფიციენტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დონეზე ვერ შენარჩუნება და/ან მოვალის ისეთ საქმიანობაში ჩართვაა, რომელმაც შესაძლებელია გარკვეული ზიანი მიაყენოს კრედიტორს. როდესაც, ქვეყნების დეფოლტზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში სწორედ საკრედიტო მომსახურების დეფოლტს ვგულისხმობთ ხოლმე.

რისი მომასწავებელია ქვეყნისთვის, როდესაც საგარეო ვალებს ვეღარ ემსახურება და მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ეცემა?

საკრედიტო მომსახურების დეფოლტი, შესაძლოა მრავალი პრობლემის საფუძველი გახდეს ქვეყნისთვის, მათ შორის უმთავრესი მნიშვნელოვნად გაუარესებული საკრედიტო რეიტინგია. ქვეყნის გაუარესებული საკრედიტო რეიტინგი ასევე აუარესებს ქვეყანაში მოქმედი კომპანიების საკრედიტო რეიტინგსაც (რადგან მათი რეიტინგის დათვლისას, ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგია). გაუარესებული საკრედიტო რეიტინგის ფონზე კი, ძალიან რთული ხდება სესხის აღება (რადგან ქვეყანა არასანდო პარტნიორად ითვლება) და თუ ქვეყანა მაინც შეძლება საგარეო ვალის აღებას (მათ შორის სესხის ან ობლიგაციების გაყიდვის გზით) მას მნიშვნელოვნად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევს (ვალის მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება).

არ არსებობს პირდაპირი მექანიზმი, რომელიც დეფოლტის შემთხვევაში ქვეყანას აიძულებს კრედიტორები დააკმაყოფილოს, მაგალითად აქტივების გაყიდვის გზით (კერძო კომპანიების შემთხვევაში, კრედიტორების დაკმაყოფილება კომპანიის აქტივების გაყიდვის შემდეგ ხდება, სახელმწიფოების შემთხვევაში ასეთი მექანიზმი არ არსებობს). თუმცა კრედიტორების ინტერესების დაცვისთვის ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებს იყენებენ, როგორიცაა ქვეყნებისთვის სანქციების დაწესება ან უკიდურეს შემთხვევაში მუქარა ომის დაწყებაზე. თუმცა, ისტორიაში არაერთი შემთხვევა გვქონია, რომ მიუხედავად ზეწოლისა, სუვერენული დეფოლტის პირობებში, მნიშვნელოვნად დაზარალებულა კრედიტორების ინტერესები. ზოგადად სუვერენულ დეფოლტს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი მოსდევს ხოლმე.

გთხოვთ, გავიხსენოთ საბერძნეთის 2015 წლის დეფოლტი. რის ხარჯზე მოახერხა ქვეყანამ კრიზისის დაძლევა და რამდენად გრძელვადიანი პროცესია ეს?

რადგან სუვერენული დეფოლტი ძირითადად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ (არასტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით), საბერძნეთი პრაქტიკულად პირველ განვითარებული ქვეყანა იყო თანამედროვე მსოფლიოში, რომელსაც შეექმნა საკუთარი ვალდებულებების მომსახურების პრობლემა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან (2015 წელს საბერძნეთმა ვერ შეძლო 1.6 მილიარდ ევროზე მეტი დავალიანების დაფარვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის). საბერძნეთი საკმაოდ მწვავე სავალო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და საკუთარი ძალებით აღნიშნულ კრიზისზე გამკლავება შეუძლებელი იყო. საბერძნეთის სავალო კრიზისმა ევროკავშირის ქვეყნები საბერძნეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსზეც კი დააფიქრა. თუმცა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა (საბერძნეთის დახმარების პროგრამას თავიდან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა ევროკავშირში) საბოლოოდ მაინც შეჯერდნენ საბერძნეთის დახმარების პროგრამაზე (საბერძნეთის მიერ გარკვეული ღონისძიებების გატარების ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების პირობით), რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისის დაძლევაზე. ქვეყანას ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები შეექმნა შემდეგ წლებშიც. სავალო კრიზისზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა საბერძნეთის ეკონომიკაზე. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით შემცირდა 2015-2016 წლებში (მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით), გაიზარდა უმუშევრობა და ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწია გარკვეული სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი შეკვეცის ხარჯზე. გარდა მოკლევადიანი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტებისა, სუვერენულმა დეფოლტმა ნეგატიურად იმოქმედა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, რასაც პრობლემებს ქმნის გრძელვადიანი პერიოდისთვისაც.

რუსეთის შემთხვევაში, რამდენად გარდაუვალია დეფოლტი და რა ვადებში აისახება ეს მოსახლეობის ყოველდღიურობაზე?

რუსეთის შემთხვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება საბერძნეთის შემთხვევისგან. რუსეთი სუვერენული დეფოლტის გაზრდილი რისკი ძირითადად ცივილური სამყაროს მიერ დაწესებულ მკაცრ სანქციებს უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის უცხოური ვალუტის რეზერვების გაყინვაა დასავლეთის მიერ (ეს ყოველივე არ აძლევს რუსეთს საშუალებას იმისა, რომ აღნიშნული რესურსი გამოიყენოს ძირითადად დოლარსა და ევროში დენომინირებული საგარეო ვალის მომსახურებისთვის). რუსეთის მთავრობას და ისეთ დიდ რუსულ კომპანიებს (მაგალითად, გაზპრომი, სბერბანკი და სხვა) ჯამურად 150 მილიარდი დოლარის დავალიანება გააჩნიათ ინვესტორების მიმართ. რუსული აგრესიის გამო კი, რუსეთს დაახლოებით 630 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებზე აქვს წვდომა შეზღუდული, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში (ეს მთლიანი რეზერვების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილია).

მიუხედავად რთული ვითარებისა, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შეძლო $117 მილიონის გადახდა დოლარში დენომინირებულ ობლიგაციაზე (რუსეთი ჯერ კიდევ იღებს უცხოურ ვალუტას ნავთობისა და გაზით ვაჭრობის შედეგად). თუმცა, შემდეგი გადახდა რუსეთს 30 აპრილისთვის უწევს და თუ ვერ შეძლებს საჭირო უცხოური ვალუტის მოძიებას სუვერენული დეფოლტის წინაშე დადგება. საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსეთის საკრედიტო რეიტინგი და რუსეთის რეიტინგი მის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იყო ამაზე დაბალ დონეზე (მისი კომპანიების უმეტესობის აქტივები უკვე შეფასებულია როგორც არაჯანსაღი) და ანალიტიკოსები საკრედიტო რეიტინგის შემდეგ გაუარესებას პროგნოზირებენ.

Moody's-მა გააფრთხილა კიდეც ინვესტორები, რომ მათ შეიძლება 35%-65%-მდე დაკარგონ უახლოეს მომავალში. რომ შევაჯამოთ, ამ გადმოსახედიდან რუსეთის სუვერენული დეფოლტის ალბათობა ძალიან მაღალია, თუმცა ის თუ კონკრეტულად როდის ვერ შეძლებს რუსეთი თავისი ვალდებულებების მომსახურებას, რუსეთთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მომავალ დინამიკასა და სანქციების სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება გავლენას მოსახლეობაზე, სანქციებს უკვე აქვს პირდაპირი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე (მოსახლეობა თანდათან გრძნობს სანქციების ნეგატიურ ეფექტებს) და დეფოლტის გარეშეც ვხედავთ აშკარა ტენდენციას, რომ ინვესტორები გააფთრებით ცდილობენ რუსეთის ბაზრის დატოვებას. სხვადასხვა ორგანიზაციების გათვლით, რუსეთის ეკონომიკა ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 7%-ით შემცირდება. პესიმისტურ სცენარებში კი უფრო მასშტაბურ ვარდნასაც ვარაუდობენ.

საინტერესოა, სად არის საქართველო ამ პროცესში? რა გავლენებზე შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკონომიკაზე თუ რუსეთში დეფოლტი მოხდება?

რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რუსეთის სუვერენული დეფოლტი კიდევ უფრო დაამძიმებს მის ეკონომიკას, რაც ასახვას ჰპოვებს ქართულ ეკონომიკაზეც. გავლენა, პირველ რიგში, რუსეთში შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითა და წარმოებით იქნება პროვოცირებული, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ექსპორტზე (შემცირებული მოხმარების გამო, საბოლოო პროდუქტების ექსპორტზე, როგორებიცაა: ღვინო, მინერალური წყლები და სხვა) და შემცირებული წარმოების გამო, წარმოებაში გამოყენებულ შუალედურ პროდუქტებზე (ფეროშენადნობები, სპილენძი და სხვა), ფულად გზავნილებსა და ტურიზმზე.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

შენიშვნა: ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტისა და Internews Georgia-ს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ავტორის მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

DISCLAIMER: This article is made possible by the support of the American people through the United States Agency for International Development (USAID), within MediaTOR project, implemented by ISET Policy Institute and Internews Georgia under the USAID Economic Governance Program's grant activity. The content of this publication/article/reporting (specify) do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან