Get All Access for $5/mo

დუალური პროფესიული განათლების უპირატესობები და წარმატებული თანამშრომლობა Food Alliance-თან ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული დასაქმების ეფექტური პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე შრომითი ბაზრის საჭიროებებზე, დუალური განათლების პროგრამის ეფექტურობასა და ამ მხრივ კომპანია Food Alliance-ის წარმატებულ მაგალითზე, Entrepreneur-ს "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია EDEC-ი ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, საქართველოში ახორციელებს პროექტს "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში", რომელიც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა Food Alliance-თან თანამშრომლობა, რაც შრომით ბაზარზე დუალური განათლებისა და დასაქმების კარგ პრეცედენტს და ეფექტურ მოდელს წარმოადგენს.

"როდესაც ვსაუბრობთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, უპირველესად უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში არ გვაქვს მოწესრიგებული შრომის ბაზარი, რაც ნიშნავს, რომ არ ხდება სამუშაო მოთხოვნების სწორი და დროული ანალიზი. ბოლო წლების განმავლობაში, შრომით ბაზარზე გაჩნდნენ სხვადასხვა აქტორები, მათ შორის სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების სახით, რომლებიც ჩართულნი არიან, თუმცა ეს მოკვლევები იმდენად ფრაგმენტულია, რომ სრულ სურათს არ გვაძლევს. ეს მოუწესრიგებელი სისტემა შემდეგ პირდაპირ კავშირშია კადრების დასაქმებასთან. მთავარი პრობლემა კი არის იმაში, რომ სახელმწიფო თავის დროზე კარგად არ ეცნობა შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ვერ აკეთებს პროგნოზირებას, რაც პირდაპირ კავშირშია სამუშაო ძალასთან, რომელიც იქმნება. ამ ორს შორის შეუსაბამობა კი ქმნის დისბალანსს. რეალობა, როგორც წესი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, მათი კომპტენციები, არ შესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. "კოვიდ"-პერიოდამდე უნარების შეუასაბამობა იყო ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელსაც ამ კუთხით ვაწყდებოდით სამუშაო ბაზარზე. სწორედ აქედან გამომდინარე არის დუალური განათლების პროგრამების დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას შევუწყოთ ხელი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაოს მაძიებლებს ძალიან დაბალი აქვთ მოტივაცია გრძელვადიან პროგრამებში ჩართვისთვის, რადგან დასაქმების სურვილის გაჩენისთანავე, მისი რეალიზება მეტად მოკლე დროში სურთ. ცხადია, ეს პირდაპირ მიბმულია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. შესაბამისად, ეს გახლავთ ძალიან მოკლე გზა, რომელიც მათ ერთდროულად ეხმარება სამუშაო გარემოში უნარებისა და შემოსავლის გამომუშავებაში. ეს არის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, თუ როგორ უნდა დაასაქმო შრომით ბაზარზე შედარებით ნაკლებად კონკურენტულად მიჩნეული სამუშაო ძალა.

რაც შეეხება თავად პანდემიის სიტუაციას, დღეს რეალურად ქვეყანაში ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალდა, ანუ ამ სექტორში სამუშაო ადგილები შემცირდა. მომავალი წლისთვის ყველას უჭირს პროგნოზების გაკეთება. თუ შევხედავთ წინა წლებს, თუ საიდან იყო სამუშაო ადგილების ზრდა გამოწვეული, ვხედავთ, რომ ეს გახლდათ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. ბიზნესი ზრდიდა თავის წარმადობას და შესაბამისად ზრდიდა მოთხოვნას კადრებზე. დღეს ბიზნესების უმეტესობა შეჩერებულია, ან უბრალოდ სტაგნაციის პერიოდშია. მომავალი მათ თავიანთი საქმიანობის აღდგენისთვის დასჭირდებათ, რათა ჩვეულ რელსებს დაუბრუნდნენ. ეს არ იქნება ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, მომავალი წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ არსებულ სამუშაო ძალას საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნია, მარტივი ვითარება არ გველოდება.

რატომ და როგორ უნდა შეიმუშაონ კომპანიებმა სამუშაო პოზიციების მიხედვით კომპეტენციების ჩარჩოები წინასწარ? როგორია ამ კუთხით Food Alliance-თან თქვენი მუშაობის გამოცდილება?
ეს შრომის კულტურის ნაწილია და ნამდვილად არაერთი სექტორის გამოწვევაა, რადგან ხშირად მოთხოვნები და რეალური საჭიროებები ერთმანეთს კონკრეტულ სამუშაო ადგილთან მიმართებაში აცდენილია. როდესაც ჩვენ სამუშაო ძალის კვლევას ვატარებთ, უპირველესად, დამსაქმებელს ვთხოვთ, რომ დაფიქრდეს და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს ვაკანსიასთან ერთად იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც ამ სამუშაოს უკავშირდბა. საკმაოდ ბევრ საწარმოში ვაწყდებით მსგავს პრობლემას. თუმცა, ჩვენ ამ დროს მათ ვეხმარებით, რომ ეს მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს მიახლოებული იმ მოთხოვნებთან, რომლებიც შემდეგ დასაქმებულმა უნდა შეასრულოს. Food Alliance-ი არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს დუალური განათლება. როდესაც ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა დაფუძნება და აპირებდნენ საქართველოში შემოსვლას, ჯერ კიდევ მაშინ დაგვიკავშირდნენ − ცხადია, წინა კარგი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გამოცდილების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, პირველივე დღიდან, საწარმოს შენობის მშენებლობის პარალელურად, ჩვენ დავისახეთ ერთობლივი მიზანი და ვეძებდით მათთვის სამუშაო კადრებს. ამაში ჩართული იყო HR-კომპანია, რომელიც ასევე ემუშავა Food Alliance-ს სწორედ ამ ვაკანსიებთან დაკავშირებული მოთხოვნების ფორმირებაში. როგორც კი საწარმო გაიხსნა, შერჩევის ეტაპები ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. საერთოდ, დუალური განათლების უპირატესობა ის არის, რომ ყველა ეტაპზე დამსაქმებელი ჩართულია პროცესში. ამის სამომავლო მიზანია, მივიღოთ სწორედ ის კადრები, რომელსაც ეძებს დამსაქმებელი. აქედან გამომდინარე, დასაქმების შანსი არის ძალიან მაღალი. Food Alliance-ის შემთხვევაში, 15 გადამზადებული ადამიანიდან 14 დასაქმდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს განაპირობა სწორედ იმან, რომ ყველა ეტაპზე ჩართული იყო დამსაქმებელი.

როგორია EDEC-ის როლი და სამომავლო გეგმები ქვეყანაში შრომითი ბაზრის გასავითარებლად?
როდესაც შრომის ბაზარზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვკვეთოთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სამუშაო ძალაში მონაწილეობისა და დასაქმების მაჩვენებლებს შორის სქესთა დისბალანსი. მაგალითად, მამაკაცთა წილი 2018 წლის მონაცემებით იყო 65,4% შრომის ბაზარზე. ასევე, სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც იდენტურ პოზიციაზე მამაკაცების ანაზღაურება ქალებთან შედარებით მეტია. აგრეთვე, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ დამსაქმებლებზე, არამედ თავად სამუშაოს მაძიებლებზე და მათ აღქმებზე. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში კარიერული განვითარების სისტემები არ არსებობს. იმ ქვეყნებში კიმ სადაც ეს კარგადაა გამართული, სამუშაოს მაძიებელს სკოლის ასაკიდან უკვე კარგად აქვს გააზრებული, თუ რა ტიპის სამსახური სურს და დაახლოებით უკვე წარმოდგენა აქვს, თუ რისი გაკეთება მოუწევს ამა თუ იმ პოზიციაზე. ჩვენს ქვეყანაში კი ეს პრობლემაა, რადგან ადამიანებს აღქმა სამუშაო ადგილისა და მახასიათებლებისა, სათანადო არ აქვთ. რაც უნდა მიახლოებული იყოს ვაკანსიის განაცხადი, მაინც ბოლომდე ვერ ხდება ხოლმე ამის სწორად გაგება ან გააზრება. შესაბამისად, ძალიან ბევრს ვემუშავებით ხოლმე სამუშაოს მაძიებლებს, რათა კარგად წარმოიდგინონ სამუშაო პროცესი. ეს აუცილებელია შრომაზე ორიენტირებული და პროდუქტიული თანამშრომლის შესარჩევად. ხშირად ბევრი ელემენტარული საკითხის გააზრების პრობლემაც კი არის. საქართველოში ასეთი მიდგომები აუცილებლად შესამუშავებელია.

ცოტა ხნის წინ საქართველოში შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებაა სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად. შესაბამისად, ამ უწყებას პირდაპირ აქვს გათვალისწინებული, რომ ახალგაზრდების შრომასა და განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, მათ შორის მათ სამეწარმეო საქმიანობებში ჩართვის პროცესს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია, რომლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაც მიმდინარეობს და რომელიც 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს, იქნება რეალისტური სათანადოდ გამოყოფილი რესურსებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებები გატარდება საქართველოში. ჩვენი − EDEC-ის მთავარი ამოცანა კი იყო, დაგვენახვებინა სახელმწიფოსთვის, თუ როგორია წარმატებული მოდელი და როგორ უნდა განხორციელდეს ის. ამაზე სხვადასხვა უწყებას უკვე გავუზიარეთ გამოცდილება და გაზიარებას მომავალშიც განვაგრძობთ. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პროცესში, თუმცა მხოლოდ ჩვენი, ერთი ორგანიზაციის ძალისხმევა არასაკმარისია. მართალია, კარგი პრეცედენტები შევქმენით, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი უკვე სისტემურად უნდა გაკეთდეს და ამაში სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს.

სტატია შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი