ERTSYD - მეწარმეობა სოფლის ტურიზმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, თანამედროვე საზოგადოებისათვის ნებისმიერ სფეროში ინკლუზიურობის მიღწევა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და გარემოს სწორად ადაპტაციით, ნებისმიერ ადამიანს წარმატების მიღწევის აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვს. ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი არსებობს, თუმცაღა სანამ ამ თემას შევეხებოდეთ, გვსურს გაგაცნოთ პროექტი ERTSYD, რომელმაც მიმდინარე წლის 11 და 12 ნოემბერს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უშუალოდ პროექტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გამართა.
ERTSYD არის პროექტი, რომელიც უკრაინული საზოგადოების "მწვანე ჯვარი" და მისი პარტნიორების მიერ საქართველოდან, მოლდოვიდან და გერმანიიდან ხორციელდება. ეს პროექტი მოიაზრებს სოფლის ტურიზმში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთათვის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ამ ეტაპისათვის, გამართულია ERTSYD-ის ორი ნაწილი, რომელთაგან მეორეს ევროკავშირის პროგრამა - "ერასმუს + ახალგაზრდობის სფეროში − აღმოსავლეთ პარტნიორობა − პარტნიორობა სამეწარმეო საქმიანობაში" (Erasmus + Capaticty Building in the field of − Eastern Partnership – Partnership for Enterpreneurship) უდგას გვერდით.
ERTSYD 2-ის მიზანია, სოფლად მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას, აამაღლოს მათი თვითშეფასება და ამ გზით, მათი ფინანსური მდგომარეობაც გააუმჯობესოს.
აღნიშნულ პროექტს ოთხი ქვეყნის − გერმანიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლობა ახორციელებს. ეს თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, უშუალოდ კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებისათვის, როგორიცაა ტრენინგები, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები და ა.შ.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სოფლად დასაქმების ერთ-ერთი შესაძლებლობა აგროტურიზმია, რომლის განვითარება ახალგაზრდებს ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებით შეუძლიათ. ERTSYD-ის პროექტი ითვალისწინებს სოფლად ტურიზმის სექტორში ჩართულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაკავშირებას, მათ აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში ჩაბმას და მეწარმეობის წახალისების გზით, თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე მეტი შესაძლებლობის შექმნას. სოციალური მეწარმეობისა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარება კი ამ პროექტისათვის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია.
პროექტში მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ შემდეგი ორგანიზაციები:
- არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება მწვანე ჯვარი" (Green Cross Society) უკრაინიდან
- საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი (Georgian Speleologists Union) საქართველოდან
- ეკოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი "კაჰული" (Ecological Counseling Center Cahul) მოლდოვიდან
- "არკო" (ARCO) გერმანიიდან
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი ERTSYD ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი აქტივობები განხორციელდა, როგორიცაა: ტრენინგები, სახელწოდებით "სოციალური მეწარმეობა აგროტურიზმის სფეროში"; შეიქმნა ვებპორტალი www.rt4all.com, სადაც მოცემულია პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ხელმისაწვდომია საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებში ადაპტირებული ადგილების სპეციალური ინტერაქტიული რუკა; დაიწერა სახელმძღვანელო 6 ენაზე, სახელწოდებით "სოფლის ტურიზმი − დასაქმებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის შესაძლებლობები"; შეიქმნა აპლიკაცია ERTSYD Toursim for all, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.
რაც შეეხება ERTSYD-ის მეორე ეტაპს, ანუ მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, ესენია: ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა უკრაინაში − "ჯომარდობა ყველასთვის" (Rafting For All); ჩატარდა სამი ტრენინგი − "სოციალური მეწარმეობა აგროტურიზმის სფეროში"; მომზადდა 5-წუთიანი ვიდეორგოლი სოფლის ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ბოლოს, ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენციები ყველა პარტნიორ ქვეყანაში.
ორიოდ სიტყვით "სოციალური მეწარმეობა აგროტურიზმის სფეროში" ტრენინგების სერიასაც რომ შევეხოთ, ესაა ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა მუშაკთა ტრენინგი, თუ როგორ უნდა დაიწყონ საკუთარი ბიზნესი სოფლად. ტრენინგები შეიცავს კონკრეტულ მაგალითებს და პრაქტიკულ მასალას. ასევე, განიხილება სოციალური მეწარმეობა, როგორც აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის წამოწევის მეთოდი. განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა აგროტურიზმს, რომელიც ეროვნულ სამართლებრივ კონტექსტს ემყარება.
ERTSYD-ის მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთათვის გაწეული სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, Entrepreneur ესაუბრა საქართველოს სპელეოლოგთა კავშირის (GSU) წარმომადგენელ სოფო ნიკოლაძეს (Sophie Nikoladze):
პროექტის განმავლობაში ვეწვიეთ ოთხ პარტნიორ ქვეყანას (გერმანია, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო). ამ ვიზიტებში ჩართული იყვნენ სოფლად მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდები, ისევე, როგორც ახალგაზრდა მუშაკები. ვიზიტები იყო როგორც ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფორმატით, ასევე ტრენინგებისა და კონფერენციების მიმართულებით. მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური ტურიზმისა და მეწარმეობის საუკეთესო მაგალითებს. ტრენინგების დროს დაათვალიერეს საწარმოები, ტურისტული ობიექტები, ნახეს როგორი სერვისის მიწოდებაა საჭირო/შესაძლებელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის.
საქართველოში, გარდა იმისა, რომ შეიცვალა კანონმდებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროს მისაწვდომობაზე ყურადღების გამახვილება. აგროტურიზმი კი, ამ სფეროს განვითარების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს აუმაღლდეთ ცხოვრების ხარისხი, მათ უნდა შეეძლოთ სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. პროექტის ფარგლებში, ადამიანებმა ნათლად დაინახეს, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში მდგრადი სოციალური საწარმო, როგორ შეიძლება საკუთარი ტურისტული ობიექტის შექმნა, თუნდაც საცხოვრებელი სახლის ადაპტირებულ guest house-ად გადაკეთება, მუზეუმის კეთილმოწყობა, ონლაინსივრცის ადაპტაცია და ა.შ.
ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი, უკრაინაში ვიზიტისას აღმოჩენილი აქტივობაა − "ჯომარდობა ყველასთვის", რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა დნესტრის მდინარეზე 4-დღიანი "ქემფინგისას" დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს. მონაწილეთაგან, ზოგი უსინათლო იყო, ზოგი მოძრაობის შეზღუდვებით. ყველანი ერთად სხდებოდნენ ნავებში და ეშვებოდნენ მდინარეზე, საღამოს კი კარვებში ეძინათ. ასეთი გამოცდილება დაუვიწყარია განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ პრაქტიკის გადმოღება ტურიზმის ნებისმიერ სფეროშია შესაძლებელი, გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ახალი იდეებით და მოტივაციით აივსნენ, შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის შესახებ მიღებული გამოცდილება თავიანთ საცხოვრებელ ადგილას გამოიყენონ, იყვნენ უფრო ინკლუზიურები და გაუზიარონ ცოდნა გარშემომყოფ ადამიანებს.
შედეგები ასახულია ვებგვერდზე: www.rt4all.com სადაც იხილავთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ჩვენი პროექტის აქტივობების შესახებ.
კონფერენციაც, რომელიც 11 და 12 ნოემბერს ჩატარდა, სწორედ ამ პროექტის საბოლოო ფაზაა, სადაც პარტნიორმა ქვეყნებმა შეაჯამეს გაზიარებული გამოცდილება, გააცნეს შედეგები ქვეყანაში მოქმედ კომპეტენტურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მიიღეს მათგან რჩევები ინკლუზიური სოფლის ტურიზმის განვითარების შესახებ და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.