Get All Access for $5/mo

''ისწავლე პრაქტიკულად'' ინოვაციური სასწავლო პლატფორმა ჰარვარდის ანტრეპრენერული კურსის ინსპირაციით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით, მოკლევადიანი, კონკრეტულ ამოცანაზე ფოკუსირებული და კონცენტრირებული ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებელი კურსები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე გლობალური მასშტაბით. თანამედროვე ადამიანისთვის მხოლოდ ერთი სპეციალობის თუ პროფესიის ფლობა საკმარისი აღარაა, ვინაიდან გარემო ელვისებრი სისწრაფით იცვლება და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნაც პერმანენტულად კორექტირდება. გარდა ამ ტენდენციისა, უკვე არაერთი კვლევის თანახმად, ე.წ. "მილენიალები" და Z-თაობის წარმომადგენლები უფრო მეტად თავიანთი დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოებისკენ არიან მიდრეკილნი, ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს და ეძებენ ანტრეპრენერულ შესაძლებლობებს. სწორედ მათთვის, ვინც საკუთარ იდეას ამუშავებს, ფიქრობს, რომ მისი სტარტაპი ღირებულია განსახორციელებლად, თუმცა აკლია გამოცდილება და სამეწარმეო უნარები, შეიქმნა პლატფორმა "ისწავლე პრაქტიკულად", რომლის დამფუძნებელს − თორნიკე კუჭავას, მსგავსი სივრცის ქართულ რეალობაში დანერგვის ინსპირაცია ჰარვარდის Entrepreneurship Essentials-ის კურსის გავლის შემდეგ დაებადა.

"ერთხელ, მეგობარმა ფულის სესხება მთხოვა და როდესაც ვკითხე, თუ რისთვის სჭირდებოდა, მიპასუხა, ჰარვარდის კურსის გავლა მინდაო. ამან მეც დამაინტერესა. წლების განმავლობაში გაყიდვების მიმართულებით ვიმუშავე და არც ვიცოდი, საქართველოდან დისტანციურად თუ იყო შესაძლებელი ჰარვარდის ოფიციალური კურსის შეძენა. მალევე მეც შევავსე აპლიკაცია და მივიღე დასტური. ასე ჩავირიცხე ჰარვარდის პროგრამაზე Entrepreneurship Essentials, ანუ ანტრეპრენერობის საფუძვლები", − აცხადებს თორნიკე, − "მეწარმეობა ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამ კურსის ფარგლებში ყველაზე მეტად თავად პროგრამის სტრუქტურამ და სპეციფიკამ დამაინტერესა. მასალა ჰარვარდის გამოცდილი ლექტორების მიერ იყო მომზადებული და ჩატვირთული პლატფორმაში, თუმცა ლექციები არა Live-რეჟიმში, არამედ ავტომატიზებული მეთოდით, წინასწარი ჩანაწერებისა და შემდგომი ინტერაქციის მეთოდით მიმდინარეობდა. საწყის ეტაპზე, წინასწარ წერდი იდეას, რომლის განვითარებაც გსურდა კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნით, ხოლო თითოეული თემის შემდეგ, ღია შეკითხვებს უპასუხებდი. ყურადღება ძირითადად მსჯელობას ეთმობოდა, ვინაიდან მეწარმეობაში დოგმატური, მკაცრად განსაზღვრული სწორი პასუხები პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე მოსახერხებელი კი ის იყო, რომ არ გვქონდა დადგენილი ზუსტი დრო ან კვირის დღეები, თუ როდის დაესწრებოდი ლექციას. ამას თავად მონაწილე ირჩევდა, მისი გრაფიკიდან გამომდინარე. ვინაიდან იმ პერიოდში ვმუშაობდი, ჩემთვის ხელსაყრელი დრო ღამის საათები გახლდათ. სწორედ ამ რეჟიმით ვისწავლე ოთხი კვირის განმავლობაში, წარმატებით დავასრულე კურსი და შესაბამისი სერტიფიკატიც მივიღე".

ჰარვარდის მეწარმეობის კურსის გავლა შთაგონებად იქცა თორნიკესთვის და მალევე მან მსგავსი სასწავლო პლატფორმის დანერგვა საქართველოშიც გადაწყვიტა. ცხადია, ადგილობრივი საგანმანათლებლო ბაზარი საკმაოდ მჭიდრო კონკურენციაშია და უამრავი ტრენინგ-ცენტრი თუ კურსი არსებობს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწვდის მსურველებს ცოდნას, თუმცა ყველა მათგანი ძირითადად ცოცხალ რეჟიმში, დისტანციური ან ჰიბრიდული მიდგომით ოპერირებს და სტუდენტებს უშუალო ურთიერთობა აქვთ ლექტორებთან. შესაძლოა ამას დადებითი მხარეც ჰქონდეს, მაგრამ დაკავებული ადამიანისთვის, რომელსაც მჭიდრო გრაფიკი აქვს, დროის გამონახვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რაც ბევრს აიძულებს უარი თქვან კვალიფიკაციის ამაღლებასა თუ სხვა პროფესიის დაუფლებაზე.

"ჰარვარდის კურსის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ამ პრინციპით მომუშავე პლატფორმა საქართველოშიც უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე შემექმნა "ისწავლე პრაქტიკულად", რომლის პირველი პროგრამა სწორედ სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული კურსი იქნებოდა და შემდგომში ეტაპობრივად სხვადასხვა მიმართულებებიც შეემატებოდა. ამ პლატფორმის მიზანია ქართველ მოქალაქეებს მიეცეთ შანსი პრაქტიკულად შეისწავლონ მათთვის საინტერესო სფერო. ავტომატიზაციის მეთოდის გამოყენებით, ისინი შეძლებენ თვითონ აკონტროლონ პროგრესი. სამეწარმეო საქმიანობის კურსის ფარგლებში, მონაწილეები წინასწარ დაწერენ მათთვის საინტერესო იდეას, ხოლო როდესაც კურსს გაივლიან, ექნებათ გამზადებული ბიზნესგეგმა, ცოდნა და უნარები, რომლებიც მოცემულ ან სხვა იდეის განხორციელებაში დაეხმარება. ეს გახლავთ, რაც მომეწონა ჰარვარდის კურსში და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მონაწილე სრულიად სხვა თვალით შეხედავს სამყაროს ამ კურსის გავლის შემდეგ, შეეცვლება მსოფლმხედველობა და დაინახავს შესაძლებლობებს იქ, სადაც მანამდე მათ ვერ ამჩნევდა", − აღნიშნავს თორნიკე კუჭავა.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა "ისწავლე პრაქტიკულად" და კონკრეტულად მეწარმეობის კურსი, შემუშავებულია იმგვარად, რომ მისი გავლა აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ბიზნესგანათლება ან რაიმე გამოცდილება სამეწარმეო მიმართულებით. კურსი შედგენილია მარტივი ენით, გასაგები ახსნებით, კონკრეტული მაგალითებითა და ქართული რეალობისთვის რელევანტური ბიზნესქეისებით.

თორნიკეს ინიციატივის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტი, ჰარვარდის კურსისგან მიღებული შთაბეჭდილებების გარდა, იყო მისი დამოკიდებულება თვითშემეცნების პროცესის მიმართ. როგორც თავად თორნიკე ამბობს: "ჩვენს ეპოქაში, როცა ინტერნეტის მეშვეობით ყველა ინფორმაცია "თითის წვერზე" გვაქვს, იკვეთება თვითშემეცნების ეფექტიანობის საკითხი. ეუძლია თუ არა ადამიანს, ყოველგვარი მასწავლებლის, ლექტორის თუ უნივერსიტეტის გარეშე, საკუთარ თავთან მუშაობით ისწავლოს (არა ტექნიკური მიმართულებები) და გახდეს პროფესიონალი? თვითშემეცნების მეთოდი ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანისთვის, რათა განავითაროს საკუთარი შემეცნებითი გამოცდილება, ემზადება იგი სხვადასხვა ონლაინკურსისთვის თუ უბრალოდ იკვლევს საკუთარი ინტერესის სფეროს, თავისივე სიამოვნებისთვის. თვითშემეცნების მეთოდის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია სასწავლო სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციას გასცდეს და საკუთარ თავთან მუშაობით უფრო ღრმად ჩასწვდეს მისთვის საინტერესო საკითხებს, რაც საბოლოო ჯამში, უკეთესი შემეცნებითი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. დაინტერესებული პირი, თვითშემეცნების მეთოდის გამოყენებისას, თავად აკონტროლებს სწავლის პროცესსა თუ პროგრესს, ეს კი მას უფრო დიდ ინტერესს უღვივებს".

ორიოდ სიტყვით პლატფორმის "ისწავლე პრაქტიკულად" პრინციპსა და მუშაობის მეთოდს რომ შევეხოთ, სწავლება ავტომატიზაციის ტექნიკით მიმდინარეობს, დავალებების შესრულებისას კურსის მონაწილე ეტაპობრივად გადადის ახალ საფეხურზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსის გავლის პარალელურად, აპლიკანტი, ყოველი მოდულის ბოლოს მიღებული ცოდნით ავითარებს მის მიერ განსაზღვრულ სამეწარმეო იდეას. სულ სამეწარმეო კურსის ფარგლებში 4 მოდულია გაერთიანებული და თითოეული მათგანი ქვეთავებადაა ჩაშლილი.

კურსში თავმოყრილია ის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც საჭიროა: ბიზნესიდეის შექმნა/აღმოჩენისთვის, მისი განვითარებისთვის, სწორი გუნდის შერჩევისთვის, ბიზნესმოდელის შექმნისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის, წილების განაწილებისთვის და საბოლოო პროდუქტის მიღებისთვის. ამისათვის, თორნიკემ მოამზადა ვრცელი პოდკასტები მეგობარ მეწარმეებთან და ინვესტორებთან ერთად, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით უპასუხებენ კონკრეტულ საკითხებს. პლატფორმის სპიკერები არიან: იესე პატიაშვილი ("ოიში სუშის" და "სნექის" დამფუძნებელი), ემილ კურბანოვი ("ლუმიერს ჩიმნი ქეიქის" დამფუძნებელი) და ნოდო ივანიძე (Wifisher, eventer.ge და საქართველოში პირველი "ანგელოზ ინვესტორთა" სინდიკატ Axelnetwork-ის დამფუძნებელი). ასევე, კომპანიის ღირებულების დათვლისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხს დეტალურად განიხილავს "ფინკა ბანკის" ფინანსისტი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი − თიკო ლობჯანიძე. მიუხედავად იმისა, რომ კურსი სრულად მორგებულია ქართულ რეალობას, იგი გლობალურ ექსკურსსაც მოიცავს, რაც მონაწილეებს ფართო სურათის დანახვაშიც დაეხმარება.

პლატფორმაზე "ისწავლე პრაქტიკულად" განთავსებული მასალა ეფუძნება ჰარვარდის სალექციო კურსს, თუმცა დამუშავებულია და გამდიდრებულია სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს გამოყენებით უშუალოდ თორნიკეს მიერ. შესაბამისად, მასალაზე საავტორო უფლებებიც მას ეკუთვნის. გარდა ამისა, ვინაიდან პოდკასტები მოდულების მიხედვით თემატურადაა გადანაწილებული და არასრული ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი, კურსის გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს ექნება სრულ მასალაზე წვდომა ორი თვის განმავლობაში, როგორც ტექსტობრივ, ისე ვიდეოფორმატში.

"იმისათვის, რომ პლატფორმა მეტად გამჭვირვალე და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გაგვეხადა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველი მოდულის რამდენიმე თავი იქნება სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს თავისუფალი წვდომა ექნება, რაც მათ შემდგომში კურსის შეძენის გადაწყვეტილებას გაუმარტივებს. გარდა ამისა, დღეს ყველა ვთანხმდებით "ნეთვორქინგის" აუცილებლობაზე, რის საშუალებასაც უშუალოდ პლატფორმა პირველ ეტაპზე არ იძლევა, თუმცა აუცილებლად შევქმნით დახურულ ჯგუფს სოციალურ ქსელში, სადაც კურსდამთავრებულებს შეეძლებათ აზრების გაცვლა, ურთიერთობა, ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა. ასევე, ვინაიდან თავად ჩოხატაურიდან ვარ, მინდოდა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება უფრო ხელმისაწვდომი გამეხადა და კურსის გავლის ნებისმიერ მსურველს, რომლის პირადი ნომერი 01-ით არ იწყება, დამატებით 15%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ", − ამბობს თორნიკე.

რაც შეეხება პლატფორმის სამომავლო გეგმებსა და განვითარების ვექტორს, თორნიკეს თქმით, მისი დიდი სურვილია კურსი საერთაშორისო მასშტაბით გაიტანოს და თავდაპირველად დაიწყოს რეგიონის ათვისებით. ვინაიდან სამეწარმეო კურსი ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას, ტენდენციებსა და საერთო კონტექსტს ითვალისწინებს, პლატფორმის დამფუძნებლის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ქვეყანაში ლოკალურ აუდიტორიაზე მორგებული სპიკერები და წარმატებული მეწარმეები მოიზიდოს. "ისწავლე პრაქტიკულად" საქართველოში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გაეშვება, ხოლო საწყის ეტაპზე კურსზე რეგისტრირებული მომხმარებელი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას − "ისწავლე პრაქტიკულად" შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდზე − WWW.LP.GE

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი