Get All Access for $5/mo

"ლურჯი ოკეანის" ოცნება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე კიდევ ერთის ძალის აღმოჩენით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

500 000-მდე გაყიდული ეგზემპლარი და მსოფლიო დონის 70-მდე ავტორის 110-ზე მეტი წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემა - ასეთია "ლურჯი ოკეანის" ცხრაწლიანი მოღვაწეობა ციფრებში. თუმცა პროექტის ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ მათი გუნდისთვის მთავარი მიღწევა მკითხველთან დაკავშირებული ემოციები და მათგან მიღებული დადებითი უკუკავშირია.

"ლურჯი ოკეანის" შექმნის იდეა 2015 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაჩნდა. იმ პერიოდში ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ბიზნესლიტერატურა არ არსებობდა. მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიის მთავარი ბიზნესმოვლენის მიმდინარეობისას "პალიტრა L-ის" დირექტორს, თინა ასათიანს, გაუჩნდა იდეა, ბრაიან თრეისის ყველაზე პოპულარული წიგნი "შეჭამე ბაყაყი" (Eat That Frog) ქართულ ენაზე გამოეცა. იდეას კომპანიის მფლობელებმაც დაუჭირეს მხარი.

"ყველამ დაინახა საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით "ლურჯი ოკეანის" არსებობის აუცილებლობა, ისევე როგორც მსგავსი ლიტერატურის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობისთვის. და აი, ასე, "ლურჯ ოკეანეში" დაიბადა ლურჯი ოკეანე".

მკითხველისთვის "ლურჯი ოკეანის" შეთავაზება იმთავითვე იყო გაბედული ნაბიჯი და საჭირო სიახლე, თუმცა, გარდა საგამომცემლო საქმიანობისა, პროექტი ბიზნესიდეაც იყო. ACT-ის მიერ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის მომზადებული კვლევის მიხედვით, 2015 წელს წიგნის საშუალო ტირაჟი 1000 ეგზემპლარი იყო. ამ ფონზე კი "შეჭამე ბაყაყის" 3000-იანი ტირაჟი გამოცემიდან ძალიან მალე გაიყიდა. სწორედ ამ კომერციულმა წარმატებამ დაარწმუნა თავის დროზე იდეის ავტორები, რომ ქართველ მკითხველს სჭირდებოდა ის, რასაც "ლურჯი ოკეანე" შესთავაზებდა.

გამოცემა ძალიან კონკრეტული მიზნითა და ოცნებით შეიქმნა - ხელი შეეწყო ქვეყანაში წარმატებული ბიზნესსაქმიანობისა და განათლებისათვის. თამთა ამბობს, რომ თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატებისთვის მრავალი ინსტრუმენტია საჭირო, ხოლო მათი ფორმალური განათლებით ათვისება ნაკლებადაა შესაძლებელი. საკუთარი შეხედულებების მუდმივი განახლება, ფაქტებზე აგებული აზროვნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, თვითშემეცნება და ადამიანებზე ფოკუსირებული ბიზნესის კეთების უნარი - ყოველივე ამის განვითარებისთვის საუკეთესო გზა სწორედ ბიზნესლიტერატურის გაცნობაა.

"ბიზნესლიტერატურას შეუძლია შეავსოს ნაპრალი ტალანტების ფაქტობრივ ცოდნასა და იმ კომპეტენციებს შორის, რომელსაც თანამედროვე დასაქამების ბაზარი მოითხოვს", - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

"ლურჯი ოკეანის" ძირითადი საგამომცემლო ხაზი მსოფლიოში წამყვანი ანტრეპრენერების, ქოუჩების, მენეჯმენტ-კონსულტანტების ბესტსელერი წიგნების გამოცემას მოიცავს ლიდერობის, მენეჯმენტის, მოტივაციის, მარკეტინგის, კრეატიული ინდუსტრიის შესახებ. გუნდი ამაყობს იმით, რომ ქართველ მკითხველს სწორედ მათ შესთავაზეს მშობლიურ ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერები.

"საამაყოა, რომ ქართულ ენაზე პირველად გამოვეცით საიმონ სინეკის, დანიელ კანემანის, დენიელ გოლმენის, ჯორდან პეტერსონის, ადამ გრანტის, ედ მაილეტის, ჯონ ჰეგარტის და ა.შ. მსგავსი მსოფლიო მნიშნელობის ავტორები", - ამბობს თამთა.

როგორც ის გვიყვება, "ლურჯი ოკეანის" არსებობის მიზეზი სწორედ ბიზნესლიტერატურის, ტრენინგებისა და ტრანსფორმაციული გამოცდილებების შეთავაზებით ადამიანებისა და გუნდების იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვაა, რომელიც თანამედროვე კომპლექსურ, სწრაფად ცვალებად და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით სავსე სამყაროში საკუთარი თავის შესაცნობად, შინაგანი ჰარმონიისა და წარმატების მისაღწევად არის საჭირო.

წიგნების ელექტრონული, ბეჭდური თუ აუდიოვერსიების მოპოვება უფრო და უფრო მარტივდება, ხოლო ინგლისური ენის ცოდნა ლიტერატურის თვალსაზრისითაც კიდევ უფრო აფართოებს შესაძლებლობების ჰორიზონტს. მაგრამ თამთა მიიჩნევს, რომ პროფესიული და თვითგანვითარების შესახებ ლიტერატურის მშობლიურ ენაზე გაცნობის შესაძლებლობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ "ლურჯი ოკეანის" პროექტები არასდროს კარგავს აქტუალურობას.

2024 წელი "ლურჯი ოკეანისთვის" რებრენდინგით დაიწყო. ცხადია, რებრენდინგი არ გამოიხატება მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებაში. მთავარი "ლურჯი ოკეანის" საქმიანობის არეალის გაფართოებაა. კომპანიამ უკვე ჩაუყარა საფუძველი ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ბიზნესსა და ბიზნესლიტერატურას შორის დიალოგის სივრცის შესაქმნელად - "Crossover: კიდევ ერთის ძალა" 2023 წლის 8 დეკემბერს გაიმართა. გარდა ამისა, გამოცემამ წამოიწყო პროექტი "ლურჯი ოკეანე ბიზნესისთვის". ამოცანა ასეთია - საქართველოს ყველა საშუალო თუ მსხვილ კომპანიაში წარმოდგენილი იყოს "ლურჯი ოკეანის" ბიბლიოთეკა. "ლურჯი ოკეანე" ორგანიზაციებს ბესტსელერ წიგნებთან ერთად, ამ წიგნებზე დაყრდნობით შექმნილ ექსკლუზიურ ტრენინგ-მოდულებსაც შესთავაზებს.

უფრო ინტენსიური გახდება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაც - პროექტ OceanU-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს "ლურჯი ოკეანე" წიგნებს საჩუქრად გადასცემს. იგეგმება სახელმძღვანელოების უნივერსიტეტებთან ერთად გამოცემა, წიგნების სილაბუსში ძირითად და დამხმარე მასალად შეტანა, სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება.

თამთა ფიქრობს, რომ კომპანიები სამუშაო პროცესს, როგორც კონკურენციას, არ უნდა უყურებდნენ. მისი აზრით, სამყაროს საიმონ სინეკისეული აღქმა ყველაზე სწორი ხედვაა და "ლურჯი ოკეანე" სწორედ მსგავსი მიდგომის გავრცელებას ემსახურება.

"ბიზნესი, ცხოვრება, ურთიერთობები - დავინახოთ როგორც უსასრულო თამაში და არა როგორც კონკურენცია, დავეხმაროთ ადამიანებს, შეიძინონ თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნა და უნარები, შთავაგონოთ შექმნან ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით... შესაბამისად, ჩვენი მიზანი არა კონკურენტების "დამარცხება", არამედ ამ ხედვის გავრცელება და მასში მაქსიმალურად ბევრი ადამიანისა და ორგანიზაციის ჩართვაა.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ლიდერისა და ბრენდის მთავარი ამოცანა მასშტაბური და ავთენტური ოცნების შეთავაზებაა, რომელიც ბრენდთან დაკავშირებული ადამიანების ხედვებსა და ოცნებებებსაც აერთიანებს. "ლურჯი ოკეანის" ოცნება არა მხოლოდ საკუთარი თავის ან ქვეყნის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა წიგნების საშუალებით".- ამბობს ის.

როგორც თამთა აღნიშნავს, ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ე.წ. self-help მიმართულებით ნაშრომებიც. ეს მოიცავს წიგნებს, რომლებიც მკითხველს საკუთარ თავზე დაოსტატებაში, სულიერი კომპეტენციების განვითარებასა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ახლო და ღირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

"ლურჯმა ოკეანემ" თარგმნა და გამოსცა ისეთი წიგნები, როგორიცაა ეკჰარტ ტოლეს "აწმყოს ძალა", ნორმან ვინსენტ პილის "პოზიტიური აზროვნების ძალა", ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის "იკიგაი", ჯეი შეტის "სიყვარულის 8 წესი" და ა.შ.

"მსოფლიოში ამ მიმართულების ლიტერატურაზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაიზარდა და საქართველოც მიჰყვება ტრენდს". - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

გამოწვევა, რომელიც ყოველ ახალ ტექსტზე მუშაობისას ჩნდება, თარგმანის რელევანტურობაა. თამთა გვიხსნის, რომ ყოველ ახალ წიგნზე მუშაობს პროფესიონალებით დაკომპლექტებული სარედაქციო ჯგუფი და დამატებით კონკრეტული სფეროს წარმომადგენელიც.

"მაგალითად, თუ წიგნი კრეატიულ ინდუსტრიას შეეხება, ინდუსტრიისათვის სპეციფიკური ტერმინების დაზუსტებაში მთარგმნელსა და რედაქტორს წამყვანი ქართველი მარკეტერი ეხმარება. კონსულტანტი საგამომცემლო პროცესის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც გამოცემას სანდოობას მატებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის "ლურჯი ოკეანის" თითოეული კონტრიბუტორი. ვგულისხმობ წიგნების კონსულტანტებს, წინასიტყვაობის ავტორებს, ღონისძიებების სპიკერებს, ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ჩვენ გვერდით არიან, განვითარებაში გვეხმარებიან და თავადაც ვითარდებიან ჩვენთან ერთად".

თარგმანის დასრულების შემდეგ სამუშაო პროცესში სარედაქციო ჯგუფი ერთვება - რედაქტორი, დამკაბადონებელი, კორექტორები, ტექნიკური რედაქტორი. მნიშვნელოვანია წიგნის კონსულტანტისა და ყდის დიზაინერის როლიც.

"ზოგადად, ახალი წიგნის გამოცემას ისე ვუდგებით, როგორც ახალ პროექტს. ჩემთვის, როგორც გამომცემლისთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება წიგნის პირველი ქართულენოვანი ეგზემპლარის (რომელსაც გამომცემლები "სასიგნალო ეგზემპლარს" ვუწოდებთ) მიღებაა. ჩემი გამოცემული ყველა წიგნის პირველი ეგზემპლარი ან შენახული მაქვს, ან ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრად გადაცემული", - ამბობს თამთა Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, "ლურჯი ოკეანის" გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი მკითხველის უკუკავშირი და გაზიარებული დადებითი ემოციებია. იმის ცოდნა, რომ სწორ დროს ადამიანებს სწორი ლიტერატურა შესთავაზეს, მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინეს, ყველაზე დიდი მოტივაციაა.

საინტერესოა "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელის ისტორიაც, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესლიტერატურა პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენოს ადამიანმა.

თამთა გამოცემის დაარსების დღიდან ამ ლიტერატურის ერთგული მკითხველი და "ლურჯი ოკეანის" გულშემატკივარი იყო, ესწრებოდა წიგნების პრეზენტაციებსა და ვორქშოპებს. ამბობს, რომ ბრენდის იდეა და მისია მასთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. თითქმის ორი წელია, "ლურჯ ოკეანეში" ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს და ამბობს, რომ ამ სფეროში ძალების მოსინჯვა ერთი დიდი მიზეზით გადაწყვიტა - საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა.

"ახლა ვხვდები, რას ნიშნავს საკუთარი საქმის სიყვარული და რამდენად ტკბილია საზოგადო კეთილდღეობაში შეტანილი მცირე წვლილის განცდა", - გვეუბნება თამთა ჯაფარაშვილი.

თამთასა და "ლურჯი ოკეანის" გუნდის თითოეული წევრისთვის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და შესაბამისი ნაბიჯები იდენტობის ნაწილია - "ლურჯი ოკეანის" მიზანი და სურვილია, გაავრცელოს ცოდნა და ადამიანებს თვითგანვითარების შესაძლებობები გაუფართოოს. სწორედ ამიტომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და მათ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მაგალითად, 2023 წელს "ლურჯმა ოკეანემ" GITA-სთან პარტნიორობით ექვს რეგიონულ ტექნოპარკში ბიბლიოთეკები გახსნა. იგეგმება ლიტერატურის უნივერსიტეტებისთვის გადაცემაც. თამთა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ მათი დიდი სურვილია, წიგნებზე წვდომა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებსა და პატიმრებსაც ჰქონდეთ.

"ოცნება ის არის, რისთვისაც იბრძვი; მომავლის შენეული ხედვა, ის, რის შეცვლასაც აპირებ ამ სამყაროში. "ლურჯი ოკეანის" ოცნებაა, ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარ თავში, ხოლო შემდეგ - გარე სამყაროში კიდევ ერთის ძალის აღმოჩენაში დაეხმაროს".

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"