მოულოდნელი მოვლენებისთვისაც დაიტოვეთ ადგილი როდესაც ვიწრო გზას ადგახართ, თავისდაუნებურად თქვენი შესაძლებლობებიც მცირდება
By Jason Feifer
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შესაძლოა წელს ჩვენთვის უდიდესი შესაძლებლობა აღმოჩნდეს ის, რაც არასდროს გვიძებნია. როდესაც ვიწრო გზას ადგახართ, თავისდაუნებურად თქვენი შესაძლებლობებიც მცირდება და იმის მოძებნის შანსიც იკლებს, რაც ყველაზე ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს.
ეს საკუთარ თავზე გამოვცადე მთელი ჩემი კარიერის დროს და გარდა ამისა, იმის მომსწრეც ვიყავი, რაც სხვებთან ხდებოდა. როდესაც ახალ წელს ვიწყებთ, ახალ მიზნებს ვისახავთ და ამიტომ, ნამდვილად ღირს ამ გაკვეთილზე დაფიქრება. მოულოდნელი მოვლენებისთვისაც უნდა დაიტოვოთ ადგილი. მიზნები უნდა დავისახოთ, მაგრამ ამავე დროს, არც უარის თქმა უნდა გაგვიჭირდეს მათზე. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ შესაძლოა ჩვენი ყველაზე დიდი შესაძლებლობა ის აღმოჩნდეს, რასაც საერთოდ არ ვეძებდით და უბრალოდ არც კი ვიცოდით, რომ არსებობდა.
მაგალითს მოგიყვანთ − ეს ტომის`~ ისტორიაა, ჩემი ნამდვილი მეგობრის, რომლის სახელსაც ვცვლი.
ტომს ყოველთვის ერთ კონკრეტულ კომპანიაში სურდა მუშაობა. მან ეს მიზანი თავისი კარიერის დასაწყისშივე დაისახა, რადგან ეს კომპანია სავსე იყო აღიარებული, ნიჭიერი ადამიანებით და აწარმოებდა პროდუქტებს, რომლებიც მას გენიალურად მიაჩნდა. მისთვის წარმატების საზომი გახდა ამ კლანში გაწევრიანება. ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც ის ეხებოდა, სტრატეგიულად იყო შერჩეული, რომ ერთ დღეს მისი საოცნებო სამუშაო რეალობა გამხდარიყო. ტომი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავის საოცნებო კომპანიას. იქაური თანამშრომლებიც კი გაიცნო.
და ერთ მშვენიერ დღეს, მისმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო: მან მიიღო ეს სამუშაო. და სრულიადაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდა.
ბუნებრივია, იქ ყოფნა საკმაოდ ბევრი თვალსაზრისით იყო სასიამოვნო მისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორის გამო კი, არც ისე კარგი. იქ მის შრომას არავინ აფასებდა. საკმაოდ ცოტას უხდიდნენ. ძალიან გრძელი სამუშაო დღე ჰქონდა და ხშირად შემოქმედებითი თავისუფლებაც არ იყო. მიუხედავად ამისა, მან წლები გაატარა ამ კომპანიაში, ხშირად ძალიან უკმაყოფილო იყო, მაგრამ იქ ყოფნის იდეას მაინც სიხარული მოჰქონდა მისთვის, თუნდაც სამუშაო დიდად სახალისო არ ყოფილიყო. თუმცა საბოლოოდ, მან უარი თქვა ამ სამსახურზე, რადგან იქაური რეალობა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა მისთვის. ის ნიჭიერი ადამიანი იყო და მას შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა მთელ რიგ კომპანიებში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო კმაყოფილი. მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რა უნდა, რადგან მთელი თავისი კარიერა ერთი კურსის დაგეგმვაში გაატარა.
მე ბევრი ასეთი ადამიანი შემხვედრია. ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის არ ვარ და ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რაც ადრე არ ვიცოდი ჩემი კარიერის შესახებ. უბრალოდ, ზუსტად არ ვიცოდი, კონკრეტულად რის გაკეთება მინდოდა. არც ჟურნალ Entrepreneur-ის შესახებ ვიცოდი რაიმე. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ადამიანებს სცენაზე გამოსვლისას ფულს უხდიდნენ და საერთოდ არაფერი ვიცოდი ყველა სხვა საქმის შესახებ, რასაც ახლა ვაკეთებ, და რასაც დღეს ჩემთვის სიხარული მოაქვს.
აბა, როგორ მოვხვდი აქ? კვლევითა და ძიებით. მხოლოდ იმის გამო ვთანხმდებოდი სამუშაოზე, თუ იქ გარკვეულ უნარებს ავითვისებდი, თუნდაც ეს კომპანია ჩემთვის საერთოდ ჩალის ფასი ყოფილიყო.
მე საკმაოდ ბევრი გზა გავიარე უსარგებლოდ. რა არ ვცადე. რაღაც საქმე დავიწყე და ხელი მომეცარა. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ამან მომამზადა მოულოდნელობებისთვის − ეს იყო როლი, რომელსაც დღეს ვასრულებ და კარიერა, რომელსაც მის გარშემო ვქმნი.
ამის გამო სულაც არ ვარ განსაკუთრებული, მაგრამ იღბლიანთა კლუბის ნაწილი ნამდვილად გახლავართ. უამრავ ანტრეპრენერს შევხვედრივარ, მათ დღეს ეცინებათ იმაზე, რასაც აკეთებენ! ეცინებათ! "მე არასდროს დამიგეგმავს, რომ ერთ დღეს ამ საპნის მწარმოებელი კომპანიის მართვას დავიწყებდი!" – ამბობენ ისინი. მაგრამ ამ კომპანიას დღეს მილიონები მოაქვს, მათ გამოწვევას უცხადებს და თან, სწორი გზებით. მათ უყვართ ეს საპნის კომპანია. და ისინი იქ საგულდაგულო გათვლებით კი არ მოხვედრილან, არამედ უბრალოდ იმის გამო, რომ უცნობ სფეროზე არ თქვეს უარი და საკუთარ თავს მისცეს შესაძლებლობა სიამოვნება მიეღოთ (სხვათა შორის, ჩემი ბევრი კოლეგაც ასეა აქ, Entrepreneur-ში. იმისთვის, რომ თქვენ ეს ჟურნალი წაიკითხოთ, ბევრი მათგანი სრულიად წარმოუდგენელ და გასაოცარ პროექტებს აკეთებს).
წელს, როდესაც მიზნებს დაისახავთ, მოგიწოდებთ, ცოტა თავისუფლად შეხედოთ მათ. ჩემს მიზნებზე ყოველთვის ვფიქრობდი, ჩემთვის ეს სასარგებლო რამ იყო, რისკენაც უნდა ისწრაფოდე და უბრალოდ იმიტომ, რომ თავისთავად მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანს ჩვენი გზის განათება შეუძლია და ეს გარკვეული დროის განმავლობაში სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ მიზანი გეგმა არ არის.
მას არ შეუძლია მთელი თქვენი გზის განსაზღვრა. თუ მეტისმეტად მკაცრად განსაზღვრავთ თქვენს კურსს, ყველა პერსპექტიულ ბილიკს ჩამოიტოვებთ პერიფერიაზე, რომელიც მთავარ გზას უერთდება. მოემზადეთ იმისთვის, რასაც 2022 წელი გიმზადებთ. როგორც გვპირდება, ის მნიშვნელოვანი წელი იქნება. მაგრამ რასაც უნდა აკეთებდეთ, სიამოვნება უნდა მიიღოთ იმით, რაც მოულოდნელად შეგხვდებათ გზაზე. რადგან გპირდებით, რომ მოულოდნელობაა ის, სადაც თქვენი შრომის საზღაური და ნამდვილი სიხარული გელოდებათ.