რა ხდება მაშინ, როცა შეძენილ ნივთს უკან აბრუნებთ? პასუხი: თქვენ 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის გლობალური თავსატეხის ნაწილი ხდებით, სადაც მთელი ზარალი ბრენდებისა და მაღაზიების კისერზე ტყდება. თუმცა, გამოსავალი ახლოსაა

By Liz Brody

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადღაც, Walmart-ის უზარმაზარ სამყაროში, 27 მაისს, ზუსტად 15:18 საათზე, ერთმა მომხმარებელმა Nintendo Switch 2 მაღაზიას უკან დაუბრუნა. შეიძლება Joy-Con კონტროლერებმა ვერ მოხიბლა. შეიძლება შემთხვევით წვენი გადაასხა. პროდუქტის დაბრუნების მილიონი მიზეზი შეიძლება არსებობდეს.

მაგრამ აქ გაცილებით უფრო მწვავე კითხვა იბადება: რა ბედი ეწია იმ Nintendo Switch-ს ამის შემდეგ? პასუხი იმაზე ჩახლართულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ძვირი ჯდება ეს ყველაფერი.

წლების განმავლობაში, უკან დაბრუნებული საქონელი დიდი თუ პატარა მაღაზიებისთვის ბიზნესის განუყოფელი, უჩინარი ხარჯი იყო. ის, რისი დაბრუნებაც თაროზე აღარ ხერხდება, ხშირად ჩალის ფასად მიდის ლიკვიდატორებთან, ნაწილი კი ნაგავსაყრელზე ან ცეცხლში ასრულებს გზას. წარსულში ბრენდები და სავაჭრო ქსელები ამ ზარალს უბრალოდ პროდუქტის საწყის ფასში აქსოვდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პანდემიის კვალდაკვალ ონლაინშოპინგის ბუმი დაიწყო, Amazon-მა კი მყიდველებს ყოყმანი უფასო დაბრუნების სერვისით გაუქარწყლა, ადამიანებმა შოპინგის ჩვევები რადიკალურად შეცვალეს. ამ მოვლენის აღსაწერად სრულიად ახალი ლექსიკონიც კი გაჩნდა: მაგალითად, bracketing (როდესაც მყიდველი ერთდროულად იწერს რამდენიმე ზომას, რათა გაარკვიოს რომელი მოერგება და დანარჩენებს უკან აბრუნებს) და wardrobing (როცა ნივთს ყიდულობენ, ერთხელ იცვამენ და შემდეგ მაღაზიას უბრუნებენ).

მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ მომხმარებლები ნივთებს ისეთივე დაუნდობელი შემართებით აბრუნებენ, როგორც ულიმიტო ბუფეტიდან იღებენ ულუფებს. შარშან ონლაინშეკვეთების თითქმის 20% მაღაზიებს დაუბრუნდა. თუ იმ პროდუქციის ჯამურ ღირებულებას შევხედავთ, რომელიც სავაჭრო ქსელებში ნიაღვარივით უკან მიედინება, დავინახავთ, რომ ახლა ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის პრობლემის წინაშე ვდგავართ.

"ეს ყველაფერი ცუნამივით დაგვატყდა თავს. პრობლემის მასშტაბები წარმოუდგენელი სისწრაფით გაიზარდა. უცებ, ყველა ერთდროულად მიხვდა, რომ პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი", – ამბობს სკოტ ქეისი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის (NRF) – მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ასოციაციის – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ამ კრიზისის საპასუხოდ, ბაზარზე კომპანიების მთელმა ტალღამ იჩინა თავი. მათი სახელები რიგითი მყიდველისთვის ბევრს არაფერს ამბობს, მათ შორისაა Optoro, Loop, Redo, ReverseLogix და Rebel, თუმცა, დიდი ალბათობით, თქვენი დაბრუნებული ნივთები სწორედ მათ ხელში გაივლიდა. ისინი "რევერსული ლოგისტიკის" სფეროში ოპერირებენ. მათი მიზანია საქონელი მაღაზიების თაროებზე დააბრუნონ მაშინ, როცა ვაჭრობის მთელი სისტემა გათვლილია მხოლოდ იმაზე, რომ პროდუქტი მყიდველის ხელში აღმოჩნდეს და არა პირიქით.

ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეწარმისთვის, სენდერ შამისისთვის, დაბრუნებული ნივთების ბუმი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. ის უკვე 18 წელზე მეტია, "უკულოგისტიკის" ურთულესი თავსატეხის ამოხსნას ცდილობს. მისი კომპანია, ReturnPro, ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დაბრუნებულ საქონელს ამუშავებს და ხელახლა ყიდის, მიმდინარე წელს კი მისი შემოსავალი ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. როცა გაიგებთ, თუ როგორ ააწყო მან ეს ბიზნესი, თავადაც დაინახავთ, რა წარმოუდგენლად რთულია დაბრუნებული Nintendo Switch-ის უკან, Walmart-ის თაროზე მოხვედრა და, ამავდროულად, რამხელა პერსპექტივა იმალება ამ სისტემის გამართულ მუშაობაში.

ბევრს ჰგონია, რომ უკან დაბრუნებულ, ფაქტობრივად ხელუხლებელ Nintendo Switch-ს უბრალოდ ისევ თაროზე დადებენ და როგორც სრულიად ახალს, ისე გაყიდიან. იგივე ეხება სვიტერსაც, რომელიც ვიღაცამ სულ რაღაც წამიერად მოისინჯა და ზომაში არ მოერგო. მაგრამ საქმეც სწორედ ამაშია: თუ საუბარი ჩვეულებრივ, ფიზიკურ მაღაზიაზე არ გვაქვს, მარშრუტი A პუნქტიდან B-მდე სულაც არ არის იმ გზის იდენტური, რომელსაც ნივთი უკან, B-დან A-სკენ გადის.

პირველ რიგში, გვხვდება იდენტიფიკაციის პრობლემა. გაყიდვის მომენტში, ათას ცალ Nintendo Switch 2-ს შეიძლება ერთი და იგივე შტრიხკოდი (UPC) ჰქონდეს, რადგან თაროზე ისინი აბსოლუტურად იდენტურები არიან. მაგრამ, როგორც კი ეს ათასი სათამაშო კონსოლი უკან ბრუნდება, თითოეული მათგანი სრულიად უნიკალური ხდება – ერთს ნაკაწრი აქვს, მეორეს ყუთი შემოეხა, მესამე სრულიად ახალივითაა, მეოთხეს ეტყობა, რომ იხმარეს, მეხუთე საერთოდაც ყალბია და ა.შ. ასე რომ, ახლა თითოეულ დაბრუნებულ Nintendo Switch 2-ს ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი კონტროლი სჭირდება.

მეორე პრობლემა ისაა, რომ თუ ნივთს კურიერის საშუალებით აბრუნებენ, ის საწყის მაღაზიას არ უბრუნდება, როგორც წესი, გიგანტურ საწყობში იგზავნება. საწყობებში კი შეიძლება "დასამუშავებელი პროდუქციის უზარმაზარი, რეალური მთები დაგროვდეს", – აღნიშნავს უილ ო'ბრაიენი, ლოგისტიკური ქსელების მრავალწლიანი სპეციალისტი და ახლა უკვე True North Growth Partners-ის მმართველი პარტნიორი. და ვის ევალება ამ ქაოსის დალაგება? თითქმის არავის, რადგან ეს არავის უშუალო საქმე არაა.

"თუ მე სადისტრიბუციო ცენტრს ვმართავ, ჩემი მთავარი საქმე პროდუქციის გაგზავნაა და ჩემს მუშაობასაც სწორედ გაგზავნილი ტვირთით აფასებენ. საიდან მოვიტანო იმის ფუფუნება, რომ კვირაში 100 საათი ვიღაცების დაბრუნებული ნივთების გარჩევას მოვანდომო?" – აღნიშნავს ის.

საწყობმა რომც შეძლოს ამ ნივთების მიღება და დამუშავება, ბრენდისა თუ საცალო მოვაჭრის წინაშე მაინც ერთი მთავარი დილემა ჩნდება: თუკი პროდუქტი ჯერ სადღაც უნდა გავგზავნო, რათა შეკეთდეს, გასუფთავდეს და ხელახლა შეიფუთოს, შემდეგ კი სხვაგან გადავამისამართო ხელახლა გასაყიდად (თანაც, დიდი ალბათობით, ფასდაკლებით) – ამართლებს კი ეს ყველაფერი ფინანსურად? ხშირად ბევრად უფრო იაფი ჯდება ამ ნივთების პირდაპირ სანაგვეზე მოსროლა, ანდა ლიკვიდატორისთვის ჩალის ფასად მიყიდვა.

ბიზნესის მფლობელებს, როგორიც ემილი ჰიკადეა – ძვირადღირებული საძილე სამოსის ბრენდის, Petite Plume-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – გამოსავლის პოვნა ახლა ჰაერივით სჭირდებათ.

"ჩვენთან დაბრუნებული პროდუქციის მაჩვენებელი საოცრად დაბალია – სულ რაღაც 4%. მაგრამ როცა 100 მილიონი დოლარის გაყიდვებზე ვსაუბრობთ, ეს 4 პროცენტიც კი კოლოსალურ ციფრად იქცევა ხოლმე. რისი გადარჩენაც შეგვიძლია, ვცდილობთ ხელახლა დავაბრუნოთ მარაგში, ნაწილს კი ქველმოქმედებას ვახმართ. თუმცა, როცა სხვა გზა არ გვრჩება, ზოგიერთი ნივთის უბრალოდ თავიდან მოშორება გვიწევს. გამუდმებით ვცდილობთ ეს პროცესი მეტად ეფექტური გავხადოთ, მაგრამ ჯერჯერობით იგი ჩვენს მუდმივ თავსატეხად და მოუშუშებელ ტკივილად რჩება", – ამბობს ის.

შამისის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დაბრუნებული პროდუქციის მართვა სრულიად სხვა, დამოუკიდებელი ბიზნესია, რომლის აწყობაც უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს.

"თანაც, ბრენდებისა და საცალო მოვაჭრეებისთვის ეს პირდაპირ ნიშნავს დასახული მისიიდან გადახვევას მაშინ, როცა მათი მთავარი საზრუნავი ახალი ნივთების მიღება და გაგზავნა უნდა იყოს".

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან, რომ სხვების ეს თავსატეხი საკუთარ ბიზნესად ექცია.

კალინინგრადში, რუსი ებრაელების ოჯახში დაბადებული შამისი ბავშვობაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს: ჯერ ისრაელში გადავიდა 4 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მამამისი 1981 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა; შემდეგ ნიუ-იორკში იცხოვრა იმდენ ხანს, რომ ბრუკლინური აქცენტიც კი აიკიდა, ბოლოს კი ტორონტოში დამკვიდრდა.

"საშინელი დისლექსია მაქვს. სკოლიდანაც გავირიცხე, კოლეჯიდანაც და საბოლოოდ – უნივერსიტეტიდანაც", – ჰყვება ის.

2001 წელს, მეგობრის რჩევით, ტორონტოს განაპირას აღმოაჩინა პატარა მაღაზია, რომელიც ელექტრონიკას წარმოუდგენლად დაბალ ფასად ყიდდა. როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ერთი დიდი ქსელური მარკეტიდან დაბრუნებული პროდუქცია იყო. შამისმა გადაწყვიტა, ბედი თავად ეცადა. მან ფული ისესხა და 53-ფუტიანი სატვირთო მანქანით 26 პალეტა დაბრუნებული საქონელი ჩამოიტანა. თითოეული ნივთი შეამოწმა და eBay-სა და Craigslist-ზე განათავსა.

"სატვირთო მანქანა 10 000 დოლარად ვიყიდე. 48 საათზე ნაკლებ დროში კი ყველაფერი 26 000 დოლარად გავყიდე. მაშინვე მივხვდი, რომ ამ ბიზნესში დიდი ფული დევს", – ამბობს ის.

2008 წელს შამისმა გადაწყვიტა, დაეარსებინა კომპანია, რომელიც დღეს ReturnPro-ს სახელითაა ცნობილი. როგორც თავად აღიარებს, მაშინ მხოლოდ ფულის შოვნა სურდა და პროდუქციის დაბრუნების პრობლემა არც კი ადარდებდა.

"თუმცა დროთა განმავლობაში, როცა დავინახე, რამდენად კომპლექსური იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ, შემიყვარდა ეს საქმე", – იხსენებს იგი.

იმ ადრეულ წლებში არსებობდა "უკულოჯისტიკის" სფეროს გიგანტი კომპანია Genco, რომელიც დაბრუნებული პროდუქციის მართვაზე იყო სპეციალიზებული (2015 წელს, როდესაც ის FedEx-მა შეიძინა, კომპანიის შემოსავალი 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა). თუმცა, ბევრი თვალსაზრისით, Genco უხეშად მუშაობდა: ისინი უმეტესად ან ლიკვიდაციაზე გზავნიდნენ ნივთებს, ან პირდაპირ მომწოდებლებთან აბრუნებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, იმავეს აკეთებდნენ. ლიკვიდატორები ნივთებს პალეტებზე ალაგებდნენ და აუქციონზე ყიდდნენ ისეთი გადამყიდველებისთვის, როგორიც ახალგაზრდა შამისი იყო. იმ დროს გადამყიდველად მომუშავე ჰიტენდრა ჩატურვედი იხსენებს, თუ როგორ ექცეოდნენ დაბრუნებულ ტანსაცმელს:

"ტანსაცმელს თივის ზვინებივით კრავდნენ და 18-ბორბლიან სატვირთოებში ყრიდნენ, ხოლო ფეხსაცმელს უზარმაზარ მუყაოს ყუთებში ტენიდნენ – არანაირი შეფუთვა, არანაირი დაცვა, უბრალოდ, ერთიანად ყრიდნენ შიგნით".

დღეს ჩატურვედი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწოდების ჯაჭვის მართვის დეპარტამენტის პროფესორია. მაშინდელ ქაოსს ის კარგად იხსენებს: ტანსაცმელს საბითუმო ფასად, რეალური ღირებულების 10 ცენტად ყიდულობდა, თუმცა მათგან უმეტესობის გადაყიდვა შეუძლებელი იყო. მთელი მისი მოგება იმ 15%-20%-ზე იყო დამოკიდებული, რის გაყიდვასაც როგორღაც ახერხებდა. მისი მონაცემებით, ე.წ. სწრაფი მოდის ნაწარმის 70%-80% პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ხვდებოდა.

რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდა შამისი დაბრუნებული პროდუქციის პრობლემატიკას, მით უფრო აქტიურად დაიწყო მისი გადაჭრის ახალი გზების ძიება. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ნივთები გადაეყიდა, დაფიქრდა: იქნებ წუნიანი საქონლის შეკეთებაც შესაძლებელი ყოფილიყო? ასე დაიწყო მან მცირე ზომის ფიზიკური მაღაზიების კარიერა ელექტრონიკის სფეროში – სთავაზობდა მათი დაბრუნებული საქონლის გამოსყიდვას, შეკეთებას და შემდგომში კონსიგნაციის წესით (რეალიზაციაზე ჩაბარებით) გაყიდვას. შემდეგ მან ბიზნესი მაიამიში გადაიტანა და დაახლოებით 2013 წლისთვის უფრო ფართო მასშტაბებზე ფიქრი დაიწყო. დაბრუნებული ელექტრონიკის რეალიზაციით კარგ ფულს შოულობდა, თუმცა საცალო მოვაჭრეებს მათი მთავარი პრობლემის – დაბრუნებული საქონლის მართვის არაეფექტურობისა და სიძვირის – მოგვარებაში ვერ ეხმარებოდა. სწორედ მაშინ გაუელვა აზრმა: ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მათი დაბრუნებული ნივთები გადაეყიდა და მოგება თავისთვის დაეტოვებინა, რა მოხდებოდა, თუ უშუალოდ საცალო მოვაჭრესთან ითანამშრომლებდა? იქნებ ამაში უფრო დიდი პოტენციალი იმალებოდა?

მან გადაწყვიტა, საცალო მოვაჭრეებისთვის პირდაპირ ეჩვენებინა, თუ რამდენს შოულობდა მათსავე პროდუქციაზე – ზოგ შემთხვევაში მოგების მარჟა 40%-ს აღწევდა – და შესთავაზა, ისინიც ჩართულიყვნენ ამ შემოსავლის განაწილებაში. მან დაიანგარიშა, რომ თავდაპირველი მოგების დათმობა მომავალში გამოიღებდა ნაყოფს გრძელვადიანი კლიენტების შეძენის სახით, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბის საქმიანობის საშუალებას მისცემდა. ნაცვლად იმისა, რომ საცალო მოვაჭრისგან შესყიდულ დაბრუნებულ საქონელში დოლარზე 43 ცენტი გადაეხადა, შამისი მათ სთავაზობდა ალტერნატივას: გადაეხადათ მისთვის მცირე საკომისიო მომსახურების საფასურად, ის კი პროდუქციას გამოაცოცხლებდა, შეაკეთებდა და კვლავ დააბრუნებდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ დახლებზე. იდეალურ შემთხვევაში, ეს თავად საცალო მოვაჭრის დახლები იქნებოდა, რაც მათ საშუალებას მისცემდა, თავი აერიდებინათ სხვა მეორადი ვაჭრობის პლატფორმებისთვის საკომისიოს გადახდისთვის. რა თქმა უნდა, დაბრუნებული საქონლის გამო ზარალი მაინც იქნებოდა, თუმცა გაცილებით ნაკლები. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი მიდგომით, როდესაც გაყიდვიდან მიღებული თანხის მაჩვენებელი იზრდება, მათ არა მხოლოდ საბრუნავი კაპიტალი გაეზრდებოდათ, არამედ შესაძლებლობა ექნებოდათ, ფასები შეემცირებინათ და კონკურენტული უპირატესობა მოეპოვებინათ.

დღეს, შამისის თქმით, საკომისიოების გათვალისწინებით, ReturnPro კლიენტის წმინდა შემოსავალს ლიკვიდაციისთვის დამახასიათებელი 5%-10%-დან 45%-60%-მდე ზრდის. მთლიანმა შემოსავალმა კი შესაძლოა 85%-საც კი მიაღწიოს. თუმცა, თავდაპირველად ის ბოლომდე ვერ ხედავდა, თუ როგორ შეძლებდა ამ ყველაფრის რეალობად ქცევას.

"ის მაშინ უფრო კოდირების მოყვარული "გიკი" იყო, მაგრამ მასში ნამდვილად იყო ის მისწრაფება, რომ ეზრუნა როგორც საქონლის მყიდველებზე, ისე თავად პროდუქტებზე", – იხსენებს ტონი შიაროტა, რომელმაც შამისი სწორედ იმ პერიოდში გაიცნო.

ეს იყო საერთო ღირებულება, რომელიც მათ აერთიანებდათ, რადგან მოგვიანებით, 2016 წელს, შიაროტამ Reverse Logistics Association-ის მართვა ჩაიბარა. 2002 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია (რომელიც მოგვიანებით NRF-მა შეიძინა) სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, რამდენადაც საქონლის დაბრუნების პრობლემა გლობალურ მასშტაბებს იღებდა. ორგანიზაციის საქმიანობაში შამისიც კი აქტიურად ჩაერთო.

თუმცა, იმ პერიოდში მისთვის ბოლომდე ნათელი არ იყო, თუ რა ტიპის კომპანია უნდა ჩამოეყალიბებინა. ეს უნდა ყოფილიყო ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც დაბრუნებულ საქონელს გაყიდდა? თუ ფიზიკური მიწოდების ჯაჭვი საწყობებითა და სატვირთო მანქანებით? იქნებ დახვეწილი ტექნოლოგიური სტარტაპი?

კომპანიის დაბრუნებული პროდუქციის სრულფასოვანი მართვისთვის ეს ყველაფერი ერთად იქნებოდა საჭირო, რაც სრული სიგიჟე ჩანდა. სწორედ მაშინ დაიწყო მან მოლაპარაკებები Walmart-თან.

როგორც ამერიკის უდიდესი ფიზიკური სავაჭრო ქსელისთვის, Walmart-ისთვის პროდუქციის დაბრუნების პრობლემა, რა თქმა უნდა, უცხო არ ყოფილა. ისინი თავიდანვე ცდილობდნენ ამ თავსატეხის დამოუკიდებლად გადაჭრას.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენი უკულოჯისტიკის ოპერაციების დიდი ნაწილი თავად მისტერ სემმა (სემ უოლტონმა, Walmart-ის თანადამფუძნებელმა) ჩამოაყალიბა", – აღნიშნავს სილვესტერ ჯონი, ამ საცალო გიგანტის ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებულ შტატებში უკუმიწოდების ჯაჭვის მიმართულების ხელმძღვანელი.

2011 წელს, როდესაც შამისმა საცალო გიგანტთან გზა გაიკვალა, Walmart-ს უკვე ჰქონდა შექმნილი დაბრუნებული საქონლის მართვის საკუთარი სისტემა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს პროცესი მთლიანად კომპანიის შიგნით დაეტოვებინა. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ მიწოდების უზარმაზარ ავტოპარკებსა და საწყობის მართვის მასშტაბურ ოპერაციებს ფლობდნენ. თუმცა, მათ მექანიზმში მაინც ჩანდა გარკვეული ბზარები.

"თუ საქმე იქამდე მიდის, რომ ლეპტოპს ჭანჭიკები უნდა მოუჭირო მის ხელახლა გასაცოცხლებლად – ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, საცალო ვაჭრობის ძირითად კომპეტენციას ნამდვილად არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი ღრმა ექსპერტიზა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა", – განმარტავს ჯონი.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც Walmart თავდაპირველად შამისის გუნდთან თანამშრომლობით დაინტერესდა. ReturnPro-ს შეეძლო საცალო ქსელიდან მიღებული, დაბრუნებული ნივთები შეეკეთებინა და განეახლებინა, რათა შემდგომ ისინი ფასდაკლებით გაყიდულიყო ისევ Walmart-ის დახლებზე თუ მეორადი ვაჭრობის სხვა პლატფორმებზე.

ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი: აი, რა ბედი ეწია 449 დოლარად შეფასებულ Nintendo Switch 2-ს, რომელიც მაისში Walmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში დააბრუნეს. პირველ რიგში, ის პირდაპირ ReturnPro-ს ბაზაზე გაიგზავნა. იქ სპეციალისტებმა შეაფასეს ყველა არსებული გზა და დაასკვნეს, რომ ნივთის განახლება და ხელახლა გაყიდვა ბევრად უფრო მოგებიანი იქნებოდა, ვიდრე მისი უკან, მომწოდებელთან დაბრუნება ან, უბრალოდ, ლიკვიდაციაზე გატანა. ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ კონსოლი სრულყოფილად მუშაობდა. ReturnPro-მ ის საგულდაგულოდ გაასუფთავა, რამდენიმე აქსესუარი შეუცვალა და სრულიად ახალ ყუთში მოათავსა. როგორც კი ეს ეტაპი დასრულდა, ReturnPro უკვე ხელახალი რეალიზაციის პროცესს შეუდგა. ამისთვის მათმა ჭკვიანმა სისტემამ 25-ზე მეტ სარეალიზაციო არხზე დეტალურად გაანალიზა მოთხოვნა, ფასწარმოქმნა, საკომისიოები და მარაგების ბრუნვის სისწრაფე. საბოლოოდ, კონსოლი რამდენიმე პლატფორმაზე განათავსეს, მათ შორის Walmart Marketplace-ზე, უშუალოდ ReturnPro-ს მიერ შექმნილ ფასდაკლებების საიტზე – VIP Outlet-სა და eBay-ზე.

სულ რაღაც სამ დღეში ვიდეოთამაშების კონსოლი eBay-ზე 359 დოლარად გაიყიდა – რაც მისი თავდაპირველი ღირებულების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ამ ყველაფერს, თავიდან ბოლომდე, მხოლოდ 16 დღე დასჭირდა.

მაინც იზარალა Walmart-მა ამ კონკრეტულ დაბრუნებაზე? რა თქმა უნდა. თუმცა, წაგება გაცილებით მცირე იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს Nintendo Switch უბრალოდ, სანაგვეზე რომ მოესროლათ. საბოლოო ჯამში კი, მსგავსი მიდგომა გაცილებით უკეთესია როგორც თავად კომპანიისთვის, ისე გარემოსთვის.

ჯონი, Walmart-ის ვიცე-პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ კომპანიამ მთელი თავისი ქსელის მასშტაბით უკვე მიაღწია იმას, რომ ნივთების 90%-ზე მეტი ნაგავსაყრელს ასცდეს, ახლა კი მიზნად აბსოლუტური, 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ დასახული. მაგრამ ამასთანავე, მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა იმაში, თუ როგორ აღიქვამს Walmart უკან დაბრუნებულ საქონელს: ახლა მას სურს, რომ ამ პროცესიდან რეალური მოგება ნახოს – არადა, ერთ დროს ეს სრულიად წარმოუდგენელ ამბად ჟღერდა.

როგორ არის ეს შესაძლებელი? მისი თქმით, მთელი საიდუმლო ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციასა და მარაგების სარეალიზაციო არხებში ელვისებურად დაბრუნებაშია.

"როდესაც შემოსავლების ამ წყაროს ზრდი და პარალელურად ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებ, სწორედ მაშინ ხდება გარდატეხა. ჩვენი უკუმიწოდების ჯაჭვის მიმართულება დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს წინ, რათა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ, მოგებიან მექანიზმად იქცეს. მეტიც, მიმდინარე წელს უკვე არაერთი თვე დავხურეთ წმინდა მოგებით", – ამბობს ის.

როგორც კი შამისს შესაძლებლობა მიეცა, Walmart-ისა და იმ სხვა საცალო მოვაჭრეების შიდა სამზარეულოსთვის, რომლებთანაც ReturnPro-მ თანამშრომლობა დაიწყო, ახლოდან ედევნებინა თვალი, მისთვის სრულიად ნათელი გახდა ის მასშტაბური გზა, რომელიც წინ ელოდა.

მან, მაგალითად, აღმოაჩინა, რომ საცალო მოვაჭრეების კორპორაციული სტრუქტურები ხშირად თავადვე ამწვავებს პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან კომპანიის შიდა გუნდები ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილად, იზოლირებულად მუშაობენ. ისეთი დეპარტამენტები, როგორებიცაა მაღაზიის ოპერაციების მართვა, ონლაინგაყიდვები, ტრანსპორტირება, მერჩანდაიზინგი და მარკეტინგი, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარი, ვიწრო პასუხისმგებლობების ჩარჩოში რჩებიან, რათა მაქსიმალურ პროდუქტიულობას მიაღწიონ. და მართალია, ეს მიდგომა იდეალურად ამართლებს პროდუქციის მასშტაბური რეალიზაციისას, ის უკიდურესად არაეფექტური ხდება, როცა საქმე უკან დაბრუნებული საქონლის მართვას ეხება. მაგალითად, მარკეტინგის გუნდმა სრულიად სხვაგვარად უნდა შეხედოს დაბრუნებული ნივთების პოპულარიზაციას და, შესაბამისად, ონლაინგაყიდვებისა თუ ოპერაციების განყოფილებებთანაც სულ სხვაგვარი კოორდინაცია უნდა დაამყაროს.

თავად Walmart-მაც გააცნობიერა ეს და ფუნდამენტურად შეცვალა საკუთარი გუნდების თანამშრომლობის პრინციპები. შამისმა სწორედ აქ დაინახა თავისი შანსი: ის მიხვდა, რომ სხვა საცალო მოვაჭრეებსაც შეეძლო დახმარებოდა ზუსტად იმავეს გაკეთებაში. მისი მიზანი გახდა შეექმნა ერთიანი, გამაერთიანებელი პლატფორმა, სადაც კომპანიის დაქსაქსული გუნდები შეძლებდნენ მონაცემების, სამუშაო პოლიტიკის, პროცესებისა და ეფექტურობის მაჩვენებლების ერთმანეთისთვის გაზიარებას, რათა დაბრუნებული საქონლის ბედზე ერთიანი, კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიეღოთ.

შემდეგ კი მან საკუთარი "უკულოჯისტიკური რვაფეხა" შექმნა – მძლავრი მექანიზმი, რომელმაც ელექტრონული კომერცია, მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია ერთიან, გიგანტურ ქსელად აქცია.

დღეს ReturnPro მომხმარებელს სრული ციკლის მომსახურებას სთავაზობს. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ სისტემა ცდილობს, მყიდველს ნივთის დაბრუნება საერთოდ გადააფიქრებინოს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი დაბრუნების პროცედურას იწყებს, პლატფორმამ შესაძლოა მას მსგავსი ღირებულების მქონე სხვა პროდუქტი შესთავაზოს და უბრალოდ, გადაცვლაზე დაითანხმოს. მას ასევე შეუძლია ამოიცნოს ისეთი კლიენტები, რომლებიც დაბრუნების პოლიტიკით ბოროტად სარგებლობენ (მაგალითად, ახასიათებთ ე.წ. wardrobin" – ტანსაცმლის ერთხელ ჩაცმა და შემდეგ უკან დაბრუნება) და მათ მომსახურების დამატებითი საფასურის გადახდა მოსთხოვოს.

თუკი მყიდველი ნივთს მაინც აბრუნებს, გამომდინარე იქიდან, თუ რომელ საცალო ქსელს ეკუთვნის ის, პროდუქტი პირდაპირ ReturnPro-ს 11 ბაზიდან ერთ-ერთში იგზავნება. იქ კი ხელოვნური ინტელექტი წამიერად იღებს გადაწყვეტილებას მისი ოპტიმალური ბედის შესახებ: დაბრუნდეს მომწოდებელთან, შეკეთდეს, ხელახლა შეიფუთოს, გასუფთავდეს, გაიგზავნოს ლიკვიდაციაზე, ხელახლა გაიყიდოს, გადამუშავდეს თუ მოხმარდეს ქველმოქმედებას (მათი მთავარი მიზანია, ნაგავსაყრელზე ნივთების ზუსტად ნული პროცენტი მოხვდეს).

ამ დროს სისტემა ითვალისწინებს თითოეული ვარიანტის ხარჯებსა და შესრულების სისწრაფეს. ბოლოს და ბოლოს, კაბა შეიძლება სამ თვეში მოდიდან გადავიდეს, სააღდგომო კურდღლის გაყიდვა კი მხოლოდ აღდგომაზეა შესაძლებელი. ალგორითმი ყოველთვის ისეა მომართული, რომ თითოეული კლიენტისთვის ფინანსური სარგებელი მაქსიმალურად გაზარდოს.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ამ პროცესს კომპანიის საკუთარი საბროკერო განყოფილება უძღვება, რომელიც კლიენტებს პირდაპირ გადამზიდავ და სატვირთო კომპანიებთან აკავშირებს (შამასი აღნიშნავს, რომ საკუთარი სატვირთო მანქანების ფლობა ფულის ტყუილუბრალოდ ფლანგვაა).

ვინაიდან ზოგიერთ ბრენდსა თუ საცალო მოვაჭრეს არ გააჩნია ალტერნატიული, "მეორადი ბაზარი" დაბრუნებული ნივთების ხელახლა სარეალიზაციოდ, ReturnPro-მ სამი საკუთარი პლატფორმა შექმნა (მათ შორის VIP Outlet), პარალელურად კი ათეულობით სხვა მსგავს პლატფორმასთანაც ინტეგრირდა. გაყიდვისთანავე პროდუქტი ახალ მფლობელთან მიემგზავრება, რისთვისაც კომპანია ან საკუთარ, ან მესამე მხარის სერვისებს იყენებს.

ReturnPro-ს შემოსავალი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მოედინება. მათ შორის მთავარი – მიწოდების ჯაჭვის მომსახურება, კერძოდ კი ნივთების განახლება და გაცოცხლებაა. ამასთანავე, ReturnPro პლატფორმით სარგებლობისთვის ყოველთვიურ გადასახადს აწესებს, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული დაბრუნებული საქონლის მოცულობაზე; იღებს გარკვეულ პროცენტს ნივთის ხელახალი გაყიდვიდან და მცირე მარჟას იტოვებს ტრანსპორტირების ორგანიზებაშიც, როდესაც კლიენტი სწორედ მათი ლოჯისტიკური სერვისით სარგებლობს.

დროთა განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა თავისი კლიენტების არეალი. დღეს, მსოფლიო დონის ისეთი გიგანტების გარდა, როგორიც Walmart-ია, ReturnPro თავის უკულოჯისტიკურ მომსახურებას მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსაც სთავაზობს.

ის ოფიციალურად აღიარებული პროვაიდერია Amazon-სა და Walmart Seller Center-ზე, სადაც განვითარების გზაზე მდგარ ბრენდებს შეუძლიათ საკუთარი დაბრუნებული საქონლის მართვა მთლიანად მათ მიანდონ. ამასთანავე, სისტემა მარტივადაა ინტეგრირებული Shopify-ს პლატფორმაზეც.

რამდენად მოგებიანია ეს კონკრეტული ბიზნესისთვის, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოცულობის საქონელი უბრუნდებათ უკან და რა დრო თუ ფინანსური რესურსი ეწირება ამ ყველაფრის მართვას. მაგალითად, მცირე ბიზნესისთვის შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს მხოლოდ დაბრუნების პროცესის ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ როცა საშუალო ზომის ბრენდი, დიდი ალბათობით, მიწოდების ჯაჭვისა და ხელახალი გაყიდვის სერვისებსაც სიამოვნებით აირჩევდა.

ReturnPro-ს კლიენტების დიდი ნაწილი ხშირად ამ უზარმაზარი მექანიზმის მხოლოდ ერთი კონკრეტული დეტალით იწყებს თანამშრომლობას, მაგრამ როგორც კი საკუთარი თვალით ხედავენ მოტანილ სიკეთესა და სარგებელს, მასშტაბებსაც თამამად აფართოებენ.

ამ ეტაპზე საცალო მოვაჭრეებისთვის უკანდასახევი გზა აღარ არსებობს. ნივთების უფასოდ დაბრუნების პრაქტიკა მათი ეკონომიკისთვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა: NRF-ის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, დღეს მომხმარებელთა 82% აცხადებს, რომ ონლაინშოპინგისას ეს მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.

ეს ყველაფერი კი შამისს ერთი მთავარი კითხვის წინაშე აყენებს: დღეს, როდესაც მას 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, კომპანია სტაბილურად მოგებიანია და წლიურად დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დაბრუნებულ საქონელს მართავს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი გარე დაფინანსების გარეშე, საკუთარი ძალებით შეძლო – კიდევ საით შეიძლება განვითარდეს მისი ბიზნესი ამ ეტაპის შემდეგ?

ერთ-ერთი ახალი იდეა მას სწორედ Walmart-თან მუშაობამ შთააგონა. მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ რამდენი მომწოდებელი ჰყავს კომპანიას და რაოდენ რთულია ამდენი პარტნიორული ურთიერთობის კონტროლი. საცალო მოვაჭრეებს თითოეულ ბრენდთან, რომელთანაც თანამშრომლობენ, ცალკეული იურიდიული ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამ დოკუმენტებში ზუსტადაა განსაზღვრული, უკან დაბრუნებული საქონლის რა პროცენტს დაიბრუნებს მომწოდებელი კომპენსაციის სანაცვლოდ. თავისი საცალო კლიენტებისთვის საქმის გასამარტივებლად, შამისმა შექმნა პორტალი, სადაც მათ ყველა ხელშეკრულების ერთ სივრცეში მოქცევა და თავიანთი მომწოდებლების ჩართვა შეუძლიათ, რათა ყველა მხარე ერთიან საინფორმაციო ველში იყოს მოქცეული. ამასთანავე, ეს კონტრაქტები საწყობში მიმდინარე ავტომატიზებული გადაწყვეტილებების საფუძველიც ხდება, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ რა ბედი უნდა ეწიოს თითოეულ კონკრეტულ ნივთს.

თუმცა, ახლა, როდესაც მათ სისტემაში სრულიად ახალი ბრენდები ჩაერთვნენ, ReturnPro-ს უკვე შეუძლია მათ, როგორც პოტენციურ კლიენტებს, ისე დაუკავშირდეს, რადგან დაბრუნებული საქონლის პრობლემებთან გამკლავება მათაც უწევთ.

"ეს ერთი დიდი სათაგურია", – ამბობს შამისი.

ახლა კი მისი ახალი სამიზნე ფალსიფიცირებული პროდუქციაა. NRF-ის ანგარიშის თანახმად, საქონლის დაბრუნების შემთხვევების 9% თაღლითურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყიდულობს ნამდვილ პროდუქტს, უკან კი მის ყალბ ასლს აბრუნებს. ეს მართლაც უზარმაზარი თავსატეხია, რომლის გადაჭრაც უდიდეს სარგებელს მოუტანს ნებისმიერს, ვინც ამას შეძლებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს ReturnPro ტექნოლოგიურ სტარტაპთან, სახელად Clarity, პარტნიორობით ამ პრობლემის მოგვარებას შეეცადა. სტარტაპის დამფუძნებლებთან თანამშრომლობით შამისმა შექმნა აპარატი, რომელსაც შეუძლია ამანათი აეროპორტის უსაფრთხოების (TSA) სტილში დაასკანეროს – რენტგენული ტექნოლოგიის, კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ნაცვლად იმისა, რომ საქონელი ადამიანმა ხელით შეამოწმოს, Clarity-ს შეუძლია დახურულ ყუთში შეიხედოს და სულ რაღაც სამ წამში დაადგინოს, პროდუქტი ორიგინალია, ყალბი თუ სახეცვლილი. ამის შემდეგ კი, თაღლითობის შემთხვევაში, ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმა მარტივადაა შესაძლებელი.

"ძალიან მიყვარს ანტრეპრენერებთან რეგულარული ურთიერთობა. ეს მაძლევს ისეთ იდეებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ძალებით არასოდეს მომივიდოდა თავში", – ამბობს შამისი.

დაბრუნებული საქონლის პრობლემის ევოლუციასთან ერთად, განვითარებას განაგრძობს ReturnPro-ც.

"15 წლის წინ რომ მეთქვა: მომეცით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია და მე შეგიქმნით მიწოდების ჯაჭვის ეროვნულ ქსელს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, ლოჯისტიკურ კომპანიასა და ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომლებიც ერთიან მექანიზმად იმუშავებენ-მეთქი, თქვენ აუცილებლად მეტყოდით, გიჟი ხარ, ერთ კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირდიო. თუმცა, ზუსტად იმავეს ეტყოდით ჯეფ ბეზოსსაც, არა? სხვაგვარად როგორ მივიდოდა ის წიგნებით ვაჭრობიდან ღრუბლოვანი სერვისებისა და ფილმების სტრიმინგის გაყიდვამდე?"

"რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი იქნებოდა, მხოლოდ ერთ-ერთ ასეთ კომპანიაზე გაეკეთებინათ აქცენტი. სირთულის მასშტაბები მართლაც უზარმაზარია. თუმცა, ამავდროულად, ეს ჩვენთვის კონკურენტული უპირატესობაცაა, რადგან არ შეგიძლია უბრალოდ ადგე, ხვალვე ახალი კომპანია დააფუძნო და განაცხადო, რომ ყველაფერს გააკეთებთ. სწორედ ეს გვიქმნის საიმედო დამცავ ბარიერს", – აღნიშნავს სომ მუკერჯი, ReturnPro-ს ფინანსური დირექტორი.

ამჟამად შამისი ვარაუდობს, რომ ReturnPro დაბრუნებული საქონლის ბაზრის მხოლოდ 1%-ს ფლობს. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ეს წილი აუცილებლად გაიზრდება.

"ანტრეპრენერის მთავარი საფიქრალია: რა პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი? და როდესაც მე ეს პრობლემა აღმოვაჩინე, მასზე, ფაქტობრივად, დამოკიდებული გავხდი. ვეღარ ვჩერდებოდი, რომ მის მოსაგვარებლად მექანიზმები არ შემექმნა. როდესაც ბიზნესს ასეთი მიდგომით აშენებ, ფული თავისით მოდის", – ამბობს იგი.

Liz Brody is a contributing editor at Entrepreneur magazine.