რა მოუტანა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას მსოფლიოს წამყვანმა აქსელერაციის პროგრამამ - 500 Global
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული, წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი, რომელიც 2020 წლიდან საქართველოშიც ოპერირებს 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ, 4 წლიან ტალღას იწყებს.
წინა ორი ნაკადის განმავლობაში საქართველოში 500 Georgia-ს ფარგლებში 30-მდე სტარტაპმა გაიარა აქსელერაცია, რამაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გლობალურ რადარებზე გამოჩენის პერსპექტივა რეალობად აქცია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის გაცხადებული მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება გახლავთ. სწორედ 500 Global-ის დახმარებით, გასულ წელს ოთხმა ქართულმა სტარტაპმა მოახერხა სილიკონ ველიზე ინვესტორებთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წამოღება ადგილობრივი ფონდებისგან.
რაც შეეხება საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა, სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქართულ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობებს მისცემს. აღსანიშნავია, რომ 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და დემო-დღით დასრულდება. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
2020 წლიდან მოყოლებული, 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. კომპანიებში ამაღლდა ცნობიერება და მზაობა საერთაშორისო კერძო კაპიტალის მიმართ, ხოლო პროგრამის მონაწილე სტარტაპების ნაწილი გაფართოვდა უცხოურ ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის უდიდესი აღიარება იყო CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე გამგზავრებამ, რამაც ანტრეპრენერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა, ხოლო საქართველო გლობალურ სტარტაპ რუკაზე ახლებურად წარმოაჩინა.
და მაინც, რა მოუტანა 500 Global-მა საქართველოში არსებობის ორი წლის განმავლობაში, როგორც სტარტაპ ეკოსისტემას, ისე ფართო ჭრილში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? Entrepreneur-ს ამ შეკითხვაზე პროგრამის წარმატებული სტარტაპერები პასუხობენ:
"Cardeal-ის წარმატებაში 500 Global-ს გადამწყვეტი როლი უჭირავს. ზოგადად, როდესაც Cardeal-ზე ვსაუბრობთ, გამოვყოფთ ორ პერიოდს: Cardeal აქსელერაციის პროგრამამდე და Cardeal აქსელერაციის პროგრამის შემდეგ, ვინაიდან ჩვენი რეალური ზრდა სწორედ ამ პროგრამის შემდეგ დაიწყო, რასაც ციფრებიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიურმა კრიზისმა და რეგიონში მიმდინარე საომარმა ვითარებამ ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირა, ჩვენ ამის პარალელურად, ყველა მნიშვნელოვანი მეტრიკით გავიზარდეთ და დღეს უკვე Cardeal მოგებაზე მუშაობს; 500 Global-ის პროგრამის დაწყებისას ჩვენ უკვე ვიყავით ბაზარზე გასული და ვიცნობდით ჩვენს მომხმარებელს, თუმცა არ გვქონდა ყველაზე მთავარი, სწრაფი ზრდის ტემპი. დღეს, უკვე როდესაც თითქმის 2 წელი გავიდა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 500 Global- ის დახმარებით მნიშვნელოვანი გაუჯობესება გვაქვს ამ მიმართულებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული სტარტაპ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაიზრდა, როგორც სტარტაპების რაოდენობის, ისე მათ მიერ მიღწეული შედეგების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, ვფიქრობ 500 Global-ის მსგავსი პროგრამა, საკუთარი აქტივობებით გვაძლევს მნიშვნელოვან ვალიდაციას მსოფლიო ბაზარზე", - აცხადებს Cardeal-ის დამფუძნებელი ზურა ბაკურიძე.
"500 Global-ის საქართველოში შემოსვლამ ქართულ სტარტაპებს მოგვცა წვდომა ისეთ ინფორმაციასა და გამოცდილებაზე, როგორსაც საქართველოში ვერ მოვიპოვებდით. დღევანდელი ჩვენი გუნდის/კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 500 Global-ის პროგრამის აქსელერაციაში მონაწილეობამ, პროგრამის ბოლოს კი, სილიკონ ველიზე ვიზიტმა ახალი შესაძლებლობების კარი გააღო ჩვენი კომპანიისათვის", - განაცხადა Payze-ს დამფუძნებელმა კახა გელაშვილმა.
"უპირველეს ყოვლისა, 500 Global-ში მონაწილეობამ მოგვცა გამოცდილება და ცოდნა მენტორებისგან, რომელიც ჩვენი პროდუქტის განვითარებაში და Product Market Fit-ის აღმოჩენაში დაგვეხმარა, რაც ცალსახად კომპანიის ზრდაში აისახა. ლოგისტიკურ ბაზარზე არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, მომხმარებლის რაოდენობის ზრდა და მეტი შემოსავლის გენერირება. სილიკონ ველის რაც შეეხება, იქაური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენს ხედვებზე, უფრო მასშტაბური და გლობალური გახადა. გარდა ამისა, მივიღეთ საჭირო კონტაქტები, ე.წ. ნეთვორქინგი, რაც დამატებითი თანხების მოზიდვაში და პოტენციური ინვესტორების აღმოჩენაში დაგვეხმარა. ვფიქრობ, 500 Georgia ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია რაც განხორციელებულა, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად სტარტაპები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას 500 Global-ში გლობალურ ბაზარზე ჩნდებიან და მეტ ინტერესს აღძრავენ ქართული სტარტაპებისადმი. როდესაც ასეთი პროგრამა ატრენინგებს სტარტაპერებს, ეს ცოდნა ეკოსისტემაში ილექება, გროვდება და ჩნდებიან წარმატებული სტარტაპები, რომლებსაც მეტი ინვესტორი და მეტი დაინტერესება მოაქვთ ადგილობრივ ეკოსისტემაში. 500 Global-მა საქართველო გლობალურ რუკაზე სრულიად ახლებურად წარმოაჩინა, ხოლო ქართულ სტარტაპებს სილიკონ ველის ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა", - ვანიკო ჩალაძე, Cargon-ის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩერული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2600-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. აქვე გეტყვით, რომ 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.