რას ამბობთ მაშინ, როდესაც ამას არ ამბობთ მოკლე გზამკვლევი მინიშნებების, ჟესტებისა და სხეულის პოზების შესახებ, რომლებიც უკეთეს შედეგებს განაპირობებს შეხვედრებზეც და ურთიერთობების დამყარების დროსაც
By Jason Feifer
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვანესა ვან ედვარდსი თავს მიქნევს და მეც საპასუხოდ მაშინვე ვუქნევ თავს.
რატომ გავაკეთეთ ეს?
"ჩვენი სიგნალები გადამდებია, ოღონდ, კარგი თვალსაზრისით", – ამბობს ის, – "იმიტომ, რომ ისინი სიგნალების მთელ ციკლს ქმნიან".
ვან ედვარდსი სრულიად გადარეულია, ისე აინტერესებს ეს საკითხები. მისი სიტყვებით, თვითონ "გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი ერთი მოუქნელი ადამიანია", რომელმაც საკუთარი კარიერა ადამიანის ქცევის შესწავლისას შექმნა. ახლა ის ინტროვერტებს და ამბივერტებს ასწავლის, თუ როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას მისი კომპანია Science of People-ის მეშვეობით. მისი ახალი წიგნი "მინიშნებები: დაეუფლეთ ქარიზმატული კომუნიკაციის საიდუმლო ენას", პატარა სიგნალებს იკვლევს, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუგზავნით. შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ მეტად გააკონტროლონ თავიანთი ცხოვრება, თუ ისწავლიან, როგორ უნდა გამოიყენონ ეს სიგნალები.
მინიშნებების ციკლთან ფენომენი გვაბრუნებს, რომელსაც "სარკისებრი ასახვა" ჰქვია. მინიშნებათა ციკლები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის ქცევას ქვეცნობიერად ჰბაძავენ. საუბრის დროს წინ გადაიხრებით თუ არა, ის ადამიანიც გადმოიხრება, ვისაც ესაუბრებით, და თუ უკან გადაიხრებით, ის ადამიანიც სავარაუდოდ იმავეს გააკეთებს. თუ იცით, რომ ეს ასე იქნება, ამ პოზის გამოყენებას შეძლებთ თქვენ სასარგებლოდ.
"დავუშვათ, თქვენს გუნდს ხვდებით", – ამბობს ვან ედვარდსი, – "და გსურთ, რომ ყველა გახსნილი, გულწრფელი იყოს და ყველა თანამშრომლობდეს. ამიტომ, მათ არავერბალურ და ხმოვან სიგნალებს აძლევთ თანამშრომლობაზე. დიახ, არსებობს სიგნალები, რომლებიც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ უნდა ითანამშრომლონ".
მათ შორისაა გაშლილი ხელები ისე, რომ ხელისგულები ზემოთ იყოს მიმართული − ეს მისასალმებელი ჟესტია. თავის ნელა, სამჯერ დაქნევა კი ადამიანებს უბიძგებს უფრო დიდხანს ისაუბრონ, მაგრამ ფრთხილად იყავით, ეს ძალიან სწრაფად არ გააკეთოთ, რადგან შეიძლება მოუთმენლობაზე მიანიშნებდეს.
თუ გსურთ აშკარად ჩანდეს, რომ მზად ხართ სასაუბროდ და გულჩათხრობილი არ ხართ, მკერდზე ხელები არ გადაიჯვარედინოთ. თქვენი გუნდი შეამჩნევს ამ მინიშნებებს და მაშინვე გადაიღებს. "ისინი შინაგანად მომართულნი იქნებიან ისე, რომ უკეთ ითანამშრომლონ", – ამბობს ვან ედვარდსი, – "და შემდეგ ამ ჟესტს უკან დაგიბრუნებენ, რომ თქვენც უკეთ ითანამშრომლოთ მათთან და უკუკავშირის შესანიშნავ ციკლს მიიღებთ".
ბუნებრივია, სხეულის ენაზე ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც დეტალზე, რომელზეც ადამიანები მაშინ რეაგირებენ, როდესაც ფიზიკურად ერთად არიან, მაგრამ როგორც ვან ედვარდსი ამბობს, დისტანციურ სამუშაო გარემოში ეს მინიშნებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. "სამყაროში, სადაც ჩვენი ურთიერთობები ცოტა არ იყოს გამოსულია კონტროლიდან, და დამაბნეველია, ჩვენ ვიდეოკონფერენციებს ვმართავთ და უიმედოდ ვცდილობთ უფსკრულის გადალახვას, რადგან მოსაუბრეს ხელს ვერ ჩამოვართმევთ. ამ დროს შესაძლოა მინიშნებებმა დააჩქაროს კავშირის დამყარება".
შემდეგ გვერდებზე ჩვენ კონტაქტების დამყარების რამდენიმე უმარტივეს გზას განვიხილავთ − როგორც უშუალო, ისე ვირტუალური შეხვედრისათვის.
წინ უნდა დაიხაროთ თუ უკან უნდა გადაიწიოთ?
"კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც თქვენ თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრით იხრებით წინ, ეს პოზა თქვენი ტვინის კონკრეტულ, მოქმედებაზე ორიენტირებულ ნაწილს ააქტიურებს", – ამბობს ვან ედვარდსი (იხილეთ კვლევა No1). რატომ? წინ გადახრა ხშირად მოქმედებას უძღვის წინ, მაგალითად, თუ გვინდა, რომ რაღაცას შევეხოთ ან რაიმე უკეთ დავინახოთ, ინსტინქტურად მისკენ ვიხრებით.
ასე რომ, თუ გსურთ ვინმეს აჩვენოთ, რომ ჩართული ხართ საუბარში, წინ უნდა დაიხაროთ. ეს მათ მიანიშნებს: "მე პატივს ვცემ, რასაც თქვენ ამბობთ, მზად ვარ მოქმედებაზე გადასასვლელად, – ამბობს იგი, – "ზუსტად ასევე, როდესაც დაღლილი ხართ და სამუშაოზე გიჭირთ კონცენტრირება, კომპიუტერისკენ ან წიგნისკენ უნდა დაიხაროთ. ეს თქვენს ტვინს გააღვიძებს".
როდესაც უკან ვიხევთ ან ვინმესგან შორს ვიჭერთ თავს, ჩვეულებრივ სიგნალს ვიძლევით, რომ რაღაც არ მოგვწონს ან რომ ბოლომდე არ ვართ გულახდილები. მაგრამ ხანდახან კარგია ცოტაოდენი დისტანცია იყოს თქვენსა და თქვენს აუდიტორიას შორის − როდესაც მთლად კონცენტრირებული არ ხართ, ფიზიკურად უკანდახევა დაგეხმარებათ კონტროლის აღდგენაში. მაგალითად, თუ ჯგუფს ესაუბრებით და აზრებს ვერ უყრით თავს, ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადადგათ.
თუ ღრმად ხართ პროექტში ჩაფლული და მეტისმეტად ხართ გადატვირთული, სავარძელს მიეყრდენით. "მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თქვენს ტვინს ფაქტობრივად ამ გზით შეუძლია გონებრივი დისტანცირება", – ამბობს ვან ედვარდსი (იხილეთ კვლევა No2).
ნაკლები კომფორტი, ყურადღების მეტი გაფანტვა
როდესაც ადამიანებს არასასიამოვნო საუბრები აქვთ, ისინი მოუსვენრად ტრიალებენ ადგილზე. ვან ედვარდსი მათ "დამამშვიდებელ ჟესტებს" უწოდებს. ეს პატარა მოძრაობებია, რომლებსაც ხშირად ხელებით ან სახით ვაკეთებთ, რათა უსიამოვნო ვითარებას დავაღწიოთ თავი.
ეს საკმაოდ პრობლემურია რამდენიმე დიდი მიზეზის გამო. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ დამამშვიდებელი ჟესტები ადამიანს ნაკლებად ქარიზმატულს ხდის (იხილეთ კვლევა No3). ამასთან ერთად, მათ აუდიტორიის ყურადღება მომხსენებლის გზავნილიდან საკუთარ მოძრაობებზე გადააქვთ. და რაც მთავარია, სავარაუდოდ ისინი სხვა ადამიანებსაც უხერხულად აგრძნობინებენ თავს. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც სპიკერი სცენაზე ნერვულად ტრიალებდა, აუდიტორიის წევრებსაც გაეზარდათ სტრესის დონე (იხილეთ კვლევა No4).
ასე რომ, რა უნდა გააკეთოთ, რომ უფრო მშვიდი და ავტორიტეტული ჩანდეთ?
თავდაპირველად, ის უნდა დაადგინოთ, რა ჟესტებზეა საუბარი, რათა დამამშვიდებელი ჟესტები აღარ გამოიყენოთ.
ქვემოთ რამდენიმე გავრცელებულ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:
- ხელების გადაჯაჭვა
- თითების ტკაცუნი
- კალმის პირში ჩადება
- ადგილზე ქანაობა/რწევა
- შეხტომა
- საკუთარ მკლავებზე შეხება
როგორც ედვარდსი ამბობს, დამამშვიდებელ ჟესტებს ერთბაშად ვერ შეაჩერებთ. ამიტომ გირჩევთ იგი "ჩანაცვლების ტაქტიკას". ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს განერვიულებულ სხეულს რაღაც უფრო მიზანმიმართული უნდა გავაკეთებინოთ.
ამისათვის გთავაზობთ ამ ექვს გზას:
- კალამი დაიჭირეთ ხელში
- ჩაის ან ყავის ფინჯანი დაიჭირეთ ხელში
- პოდიუმს დაეყრდენით
- არ გაიკეთოთ სამკაულები და არ ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც რეგულირებას მოითხოვს
- პრეზენტაციის დროს პულტი გამოიყენეთ
- სახიდან თმა გადაიწიეთ
უკეთ ჩაერთეთ ვიდეოკონფერენციის დროს
შემდეგი მინიშნება სცადეთ: წარმოთქვით სიტყვები, რომლებიც შეხებასთან ასოცირდება. მაგალითად, Zoom-ის ზარის დროს შეგიძლიათ თქვათ: "მინდა ხელი გავშალო და ვირტუალურად ჩამოგართვა!"
რა მოხდება: როდესაც სხვა ადამიანებს ვეხებით, ჩვენი სხეული ფიზიკურად რეაგირებს და ქიმიურ ნივთიერებებს − ოქსიტოცინს და დოფამინს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ, გვეხმარება უფრო კომფორტულად, მათთან კავშირში ვიგრძნოთ თავი. ვან ედვარდსი დაინტერესდა, ანალოგიურად თუ რეაგირებს ჩვენი სხეული ფიზიკური კონტაქტის იდეაზე. ამის გასარკვევად, მან კლარმონტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ პოლ ჯ.ზაკთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი.
მათ მონაწილეებს მოწყობილობა მიამაგრეს, რომელიც ადამიანთა სხეულებში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს გააკონტროლებდა და შემდეგ ჯგუფებად დაყვეს ისინი: ერთი ჯგუფი უყურებდა ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ვიღაც დადებითად განწყობილი ესალმებოდა აუდიტორიას, მაგრამ ფიზიკურ შეხებაზე მინიშნება არ იყო. მეორე ჯგუფმა უყურა ვიდეოს, რომელშიც ვიღაც ესალმებოდა ადამიანებს და მრავალჯერ მიანიშნებდა შეხებაზე. ასეთ სიტყვებს ამბობდა: "მინდა შემეძლოს და იქიდან გაკოცო ლოყაზე, სადაც ახლა ვარ", ან − "ვირტუალურად გართმევ ჩემს გაშლილ ხელს".
შედეგები ნამდვილად საყურადღებო იყო. 100%-ით უფრო ძლიერი ფიზიოლოგიური რეაქცია ჰქონდა ჯგუფს, რომელიც უყურებდა ვიდეოებს, სადაც შეხებასთან ასოცირებული სიტყვები ისმოდა. იმ ჯგუფს კი, სადაც მონაწილენი ნეიტრალურ ვიდეორგოლებს უყურებდნენ, შედარებით სუსტი ფიზიოლოგიური რეაქცია ჰქონდათ.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს: გსურთ ვინმეს დამშვიდება ან გუნდებს შორის მჭიდრო კავშირების წახალისება? "პირველი 10 სიტყვა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ან სატელეფონო ზარის დროს წარმოთქვამთ, რაიმე სიტყვას უნდა შეიცავდეს, რომელიც ჩართულობას გულისხმობს", – ამბობს ვან ედვარდსი. მაგალითად, ვირტუალურად ჩამოართვით ხელი ან ჩაეხუტეთ მოსაუბრეს იმის მიხედვით, თუ რა არის უფრო შესაფერისი გარკვეულ ვითარებაში.
რა დისტანციაზე უნდა ვიყო კამერისგან Zoom-ის ზარების დროს?
"ყოველთვის უმჯობესია მინიმუმ ნახევარი მეტრის დაშორებით იყოთ, რათა სხეული უკეთ გამოჩნდეს და მოსაუბრემ თქვენი ხელები დაინახოს, როდესაც ჟესტიკულირებთ. ასე, თქვენ წინ ოდნავ დახრასაც შეძლებთ ისე, რომ მთელი სხეული არ გადახაროთ, თუმცა მუდამ ამ პოზაში არ უნდა იყოთ. კამერა საკმარისად შორს უნდა იყოს თქვენგან, რათა დახრა შეძლოთ გარკვეული აქცენტების გასამახვილებლად, თუმცა მასთან არც ისე ახლოს უნდა იყოთ".
უკეთესი კავშირები ჩამოაყალიბეთ
"ჩვენ ორი ფაქტორის მიხედვით ვაფასებთ ადამიანებს – პირველი სითბოა, მეორე კი, კომპეტენცია", – ამბობს ვან ედვარდსი, – "ასე რომ, როდესაც ვინმესთან გაქვთ ურთიერთობა, სითბოსა და კომპეტენციის ნიშნებს შორის ბალანსის შენარჩუნება აუცილებლად მოგინდებათ". როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ქვემოთ თითოეული მათგანის შესახებ ერთი მაგალითია მოცემული და შემდეგ კიდევ ერთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ სითბოს ნიშნები დაინახოთ.
აწეული წარბები
კვლევები გვიჩვენებს (იხილეთ კვლევა No. 5.), რომ წარბებს მაშინ ვწევთ მაღლა, როდესაც მღელვარების ან ცნობისმოყვარეობის გამოხატვა გვსურს, ან კიდევ, უბრალოდ მინიშნება, რომ ჩართვა გვსურს საუბარში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ხშირად ქვეცნობიერად ვაკეთებთ, არსებობს შესანიშნავი გზები ამის მიზანმიმართულად გასაკეთებლად. წარბების აწევა შესაძლოა სასარგებლო იყოს ინტროვერტებისთვის − ნამდვილად მარტივი გზა აღმოჩნდეს ურთიერთობების დასაწყებად.
"თუ ლაპარაკობთ და ამჩნევთ, რომ ბევრი არ სწევს წარბებს", – ამბობს ვან ედვარდსი, – "შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ვიღაც სხვისი ჯერი დადგა".
_______________
თავდაჯერების სიგნალი – დაშორება ყურის ბიბილოსა და მხარს შორის
როდესაც ვღელავთ ან გვეშინია, საკუთარ თავში ვიკეტებით – მხრები მაღლა გვაქვს აწეული, თავი − დახრილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მცირე მანძილია ყურის ბიბილოსა და მხარს შორის. "თუ გსურთ უფრო კომპეტენტურად გამოიყურებოდეთ, მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ ეს მანძილი", – ამბობს ვან ედვარდსი.
ეს მოგვცემს საშუალებას მეტი სივრცე დავიკავოთ, რაც გვეხმარება თავისუფლად და თავდაჯერებულად გამოვიყურებოდეთ. ამის მისაღწევად, ვან ედვარდსი სახელურებიანი სკამების გამოყენებას გვთავაზობს: თუ მიზანმიმართულად დააყრდნობთ ხელებს სახელურებზე, გარანტია გექნებათ, რომ თქვენი მხრები ჩამოშვებული იქნება.
__________________
საფრთხის ზონის სიგნალი
მოკუმული ტუჩები
როდესაც ვინმეს ძლიერ აქვს მოკუმული ტუჩები, ხშირად თავს იკავებს ან არ ერთვება საუბარში. ეს სითბოსა და თავდაჯერების გამოხატვის საპირისპიროა – ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ სიგნალს ყურადღება მიაქციოთ. "როდესაც ვინმეს ხედავთ, ვინც ასე აკეთებს, საუკეთესო დროა რაღაც მსგავსი უთხრათ: "ჯონ, რაიმე ხომ არ გამომრჩა?" ან "ჰეი, მერი, რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვს?" – ამბობს ვან ედვარდსი.
"თუ გსურთ მოკუმული ტუჩები მოქმედებაში იხილოთ", – ამბობს ის, – "უბრალოდ Shark Tank-ს უნდა უყუროთ: ინვესტორები ხშირად იკვნეტენ ტუჩებს, სანამ იტყვიან, რომ საქმიდან გადიან".
_______________
ბონუს რჩევა – წარბების შეჭმუხნა
ნურასოდეს შეიჭმუხნით წარბებს!
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შეჭმუხნილი წარბები მხოლოდ იმის მაჩვენებელი კი არ არის, რომ უბედურად ვგრძნობთ თავს, ან არც ისე სასიამოვნო განწყობა გვაქვს, არამედ სინამდვილეში, ეს უფრო მეტ უარყოფითი ემოციებს იწვევს (იხილეთ კვლევა No6.) ეს მართლაც ასეა, მაშინაც კი, თუ სრულიად სხვა მიზეზის გამო გაქვთ შეჭმუხნილი წარბები – თუნდაც, მზეზე იდგეთ სათვალის გარეშე.
საქმე ის არის, რომ როდესაც გაბრაზებული ხართ ან უბრალოდ მზეზე დგახართ, სახის ერთი და იგივე კუნთები აქტიურდება.