Get All Access for $5/mo

რიჩარდ ბრენსონი – კაცი, მეტსახელად Dr Yes Screw It, Let's do it!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წიგნმა, რომლის მიმოხილვაც მინდა შემოგთავაზოთ – Screw It, Let's do it. Lessons in Life and Business (by Richard Branson), თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მისი წაკითხვის შემდეგ, ამ წიგნის ავტორი – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ანტრეპრენერი, ბრენდთა შორის ბრენდის – Virgin-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი ჩემი როლური მოდელია. თუ ვინმეს უნდა ვუმადლოდე ჩემს გატაცებას ანტრეპრენერშიპის თემით, სწორედ ეს, მართლაც რომ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადამლახავი, კაცი – სერ რიჩარდ ბრენსონია.

ვისაც წაუკითხავს ჩემი ედითორიალი "კი თუ არა?", ემახსოვრება, რომ სწორედ რიჩარდ ბრენსონმა დამარწმუნა ახალი შესაძლებლობებისთვის "კი"-ს თქმის მიზანშეწონილობაში და გამაბედვინა, მისი ავტორიტეტით გათამამებულსა და მეტად თავდაჯერებულს, საჯაროდ მეღიარებინა, რომ მეც "კი"-ს მთქმელი კაცი ვარ, როგორც თვით დიდი ბრენსონი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გავლენიანი ავტორები და მენეჯმენტის გურუები ხშირად საპირისპიროს, ანუ "არა"-ს თქმას გვირჩევენ.

ახლაც, კიდევ ერთხელ, მინდა გავიხსენო 2010 წლის სექტემბერი. ლონდონი-თბილისის რეისი, როცა მანჩესტერის ბიზნესსკოლაში სამაგისტრო პროგრამის დაწყების წინ გამართული გაცნობითი შეხვედრიდან ისედაც უამრავი შთაბეჭდილების ქვეშ, თავბრუდახვეული ვბრუნდებოდი თბილისში.

მახსოვს, ამ წიგნის კითხვაში როგორ შეუმჩნევლად გავიდა ლონდონი-თბილისის რეისისთვის განკუთვნილი თითქმის ხუთი საათი, მე კი, ნაცვლად იმისა, რომ სხვა მგზავრების მსგავსად გამხარებოდა თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვება, პირიქით − მინდოდა პილოტს კიდევ გაეგრძელებინა ფრენა, რომ მეც კიდევ უფრო დიდხანს მეფრინა ჩემს ფავორიტ ანტრეპრენერთან ერთად...

დიახ, მეფრინა − გნებავთ პირდაპირი, გნებავთ ირიბი გაგებით, რადგან ამ მასშტაბის, ამ გაქანებისა და შესაძლებლობის ადამიანები არა მხოლოდ კონტინენტებს აახლოებენ ერთმანეთთან საკუთარი კომფორტული თვითმფრინავებით, არამედ ამჯერად უკვე გალაქტიკის პლანეტებს – საკუთარივე კოსმოსური ხომალდებით...

წიგნის Screw It, Let's do it პირველსავე გვერდზე, პირველსავე პარაგრაფში, ბრენსონი წერს:

"გავხალისდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ Virgin-ის თანამშრომლები მეტსახელით − Dr Yes მომიხსენიებდნენ. გასაგებია, რატომაც. ჩემი ავტომატური პასუხი შეკითხვაზე, თხოვნაზე ან პრობლემაზე, თითქმის ყოველთვის იყო დადებითი, ვიდრე უარყოფითი. მე მუდამ ვცდილობდი, მომეძებნა საბაბი რაიმე ახლის საკეთებლად, თუ ის კარგ იდეად მიმაჩნდა, ვიდრე პირიქით".

ასევე დაგაინტერესებთ: გარისკე მიზნისთვის

შვებით ამოვისუნთქე, როცა შევიტყვე, რომ "კი"-ს მიმართ ჩემს დამოკიდებულებაში ეჭვის შეტანა, მიუხედავად "კი"-ს თქმით გამოწვეული უამრავი გართულებისა და იმედგაცრუებისა, არ იყო საჭირო, რადგან თვით სერ რიჩარდ ბრენსონიც ჩემსავით ამბობდა "კი"-ს...

აი, თუ არ გჯერათ: "ბევრი ადამიანი ამბობს – "არა", ან "ვიფიქრებ ამაზე". ეს არის მათი პასუხი, მიუხედავად იმისა, პატარა და უმნიშვნელოა საკითხი, თუ რაიმე დიდი და რევოლუციური. შესაძლოა, ისინი ფრთხილობენ, ეჭვით უყურებენ ახალ იდეებს ან მართლაც სჭირდებათ დრო მოსაფიქრებლად. მაგრამ ეს არ არის ჩემი სტილი. თუ იდეა კარგია, მე ყოველთვის ვამბობ "კი"-ს და შემდეგ ვიწყებ მუშაობას იმაზე, თუ როგორ ვაქციო ის რეალობად. რა თქმა უნდა, ყველაფერზე "კი"-ს არც მე ვამბობ. თუმცა, რა სჯობს? − ხანდახან შეცდომა დაუშვა თუ ახალი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა?"

წიგნში ავტორი, რომელიც დღეს თავის კომპანიებს საკუთარი კუნძულიდან მართავს და კოსმოსში სამოგზაუროდ ემზადება, თავად იხსენებს საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს − ბავშვობიდან და მისი პირველი ბიზნესიდან დაწყებული, დღევანდელი ბიზნესიმპერიით დამთავრებული...

ბრენსონს სჯერა მიზნების. ის პრაქტიკულია. არ ფანტაზიორობს. მიზანს ისახავს და დაუღალავად მუშაობს მის მისაღწევად. რასაც აკეთებს, გულით აკეთებს. ესაა მისი და მის მიერ დაფუძნებული Virgin-ის კრედო.

ასევე დაგაინტერესებთ: რიჩარდ ბრენსონის ბედნიერებისა და წარმატების 8 გასაღები

ბრენსონისთვის ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლაა, საიდანაც ყველაზე ღირებული რამ ისწავლა – Just do it! და ჩვენც იმავესკენ მოგვიწოდებს, რისთვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვინ მოთვლის, რამდენი პირველი ნაბიჯი გადადგა რიჩარდ ბრენსონმა 1972 წლიდან, Virgin-ის პირველი ჩამწერი სტუდიის დაფუძნებიდან, დღემდე, როცა Virgin-ის ბრენდით უზარმაზარი კომპანიები გვხვდება სხვადასხვა სფეროში − იქნება ეს მატარებლები, თვითმფრინავები თუ კოსმოსური ხომალდებიც კი, აღარაფერს ვამბობ საკომუნიკაციო ბიზნესზე, წიგნებზე, რადიოზე, ტურიზმზე...

Richard Branson: I relish it when we take on a new idea and make it fly – იფრინეთ თქვენც!

და თქვენც თქვით – Yes!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი