როგორ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი ბიზნესში

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობს კანონზომიერება, რომელიც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუდმივად მეორდება. როგორც კი მას შეამჩნევთ, დაინახავთ იმასაც, თუ რა იქნება შემდეგ – და როგორ მისცეთ ადამიანებს ის, რაც მათ სურთ.

გსურთ დაინახოთ შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ამას სხვები შეძლებენ? გსურთ იცოდეთ თქვენი ინდუსტრიის მომავალი, წინასწარ განსაზღვროთ მომხმარებელთა ქცევა ან უბრალოდ, მოემზადოთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის? ყველაზე ახლოს ამ ცოდნასთან ამ მარტივი პრინციპის ამოცნობა მიგიყვანთ: ყველაფერი ერთიანდება, იშლება და კვლავ ერთიანდება.

როგორც Entrepreneur-ის მთავარ რედაქტორს, ათასობით ბიზნესმენთან მქონია შეხება და ასობით კომპანია შემისწავლია. ეს არის ყველაზე მყარი და შთამბეჭდავი მოდელი, რაც კი ოდესმე შემხვედრია. მასზე ბევრს ვფიქრობ და ის მეხმარება, დასკვნები გამოვიტანო როგორც ჩემს საქმიანობაში, ისე სხვადასხვა ინდუსტრიაში მიმდინარე დიდ ცვლილებებზე. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, თქვენც ხშირად დაფიქრდებით ამაზე.

აი, ამბავი იმის შესახებ, თუ როდის წავაწყდი პირველად ამ იდეას. ეს მოხდა 2024 წელს, როდესაც Notion-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ივან ჟაოს ვესაუბრე.

Notion არის სამუშაო პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი – დავალებების სიები, გაყიდვების ტრეკერები, კოლაბორაციული დოკუმენტები, პრეზენტაციები და ასე შემდეგ. ის აერთიანებს Google Docs-ის, Excel-ის, PowerPoint-ის, კალენდრისა და სხვა ბევრი ხელსაწყოს ფუნქციებს ერთ სივრცეში. ეს სწორედ ისაა, რაც ადამიანებს ნამდვილად სურთ: Notion-ს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მისი ღირებულება 11 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჟაომ მითხრა, რომ მიუხედავად სირთულისა, მისი ბიზნესი ძალიან მარტივია: "Notion გამაერთიანებელი ბიზნესია", – თქვა მან. მისივე თქმით, ის ხშირად ფიქრობს "სამი სამეფოს ისტორიის" (The Romance of the Three Kingdoms) პირველ წინადადებაზე – ეს არის ისტორიული რომანი ჩინეთის იმპერიების აღზევებისა და დაცემის შესახებ. ის ასე იწყება: "იმპერია, რომელიც დიდი ხანია დაყოფილია, უნდა გაერთიანდეს; დიდი ხნის გაერთიანებული კი – უნდა დაიშალოს. ასე იყო ყოველთვის".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ყველაფერი მუდმივად იშლება და ხელახლა ერთიანდება. შესაძლებლობა ჩნდება მაშინ, როდესაც ხედავთ, თუ როდის ხდება ეს გარდატეხა. ჟაო ამბობს, რომ მან Notion-ით სწორედ ეს გააკეთა. მან დაიწყო ფიქრი სამუშაო ინსტრუმენტების ისტორიაზე:

ჯერ იყო გაერთიანება: 1990-იან წლებში ყველა Microsoft-ს იყენებდა. ეს იყო Word-ის, Excel-ისა და სხვა პროგრამების ერთიანი პაკეტი.

დაშლა: როდესაც cloud ტექნოლოგიები გამოჩნდა, ხალხმა Microsoft-ის პაკეტი დატოვა. ბიზნესებმა დაიწყეს სხვადასხვა, უფრო სპეციფიკური აპლიკაციების გამოყენება (Trello, Google Docs და ა.შ.).

ხელახალი გაერთიანება: ახლა ადამიანები დაიღალნენ ამდენი სხვადასხვა არჩევანით. ჟაომ ეს შენიშნა და შექმნა Notion, რათა ყველაფერი ისევ ერთ სივრცეში მოექცია. სიმარტივე მისი მთავარი უპირატესობა გახდა.

ჟაოსთან შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ვუსმენდი პოდკასტს – Search Engine. ეპიზოდში, სახელწოდებით – "როგორ გადავურჩეთ მედიის აპოკალიფსს?" – New York Times-ის მიმომხილველმა, ეზრა კლაინმა ახსნა, თუ რატომ ჩამოიშალა გაზეთების ინდუსტრია. ინტერნეტამდე გაზეთები იყო ერთგვარი პაკეტები – ისინი მოიცავდნენ ახალ ამბებს, სპორტს, რეცეპტებს, განცხადებებს, კინოაფიშებს და სხვა. მომხმარებელს შეიძლება მხოლოდ ერთი ნაწილი აინტერესებდა, მაგრამ ის იძულებული იყო ეყიდა (და შესაბამისად, დაეფინანსებინა) მთლიანი გაზეთი.

შემდეგ ინტერნეტმა ეს ყველაფერი შეცვალა და ასე ვთქვათ, "დაშალა". სპორტისთვის, რეცეპტებისა და ვაკანსიებისთვის ცალკეული პლატფორმები გაჩნდა. ბეჭდურ გაზეთები კი მხოლოდ ახალი ამბების გამო იყიდებოდა. ისინი ძვირი საწარმოებელია, მასში რეკლამის გაყიდვა გართულდა და არც ბევრი ძველი მკითხველისთვის აღმოჩნდა საინტერესო.

მიუხედავად მედიაინდუსტრიის ბიზნესმოდელის დასუსტებისა, The New York Times ფინანსურად ჯანსაღი კომპანიაა. როგორ? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მან ხელახლა ააწყო პაკეტი – თამაშებით, კულინარიით, სპორტით, პოდკასტებითა და ღონისძიებებით. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, ადამიანები მათი თამაშების აპლიკაციაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ახალი ამბების აპლიკაციაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, The New York Times იყო ერთიანი პაკეტი, დაიშალა და შემდეგ ხელახლა გაერთიანდა.

ახლა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ. დღეს ტრადიციული მედიაკომპანიები კონკურენციას უწევენ "კრეატორებს" – ინდივიდუალურ პირებს, რომლებსაც უზარმაზარი აუდიტორია და გავლენა აქვთ. შედეგად, სარეკლამო ბიუჯეტებიც მათკენ მიდის. ბევრი მეკითხება: საით მიდის ეს ყველაფერი? გაერთიანების და დაშლის პრიზმაში დავინახე, რომ ესეც იგივე პროცესია.

თავდაპირველი გაერთიანება: ადრე ადამიანები ენდობოდნენ მედიაბრენდს. ეს ბრენდი აერთიანებდა ბევრ ავტორს (მაგალითად, იწერდით Time-ს, რომელიც გთავაზობდათ არაერთი ავტორის ნამუშევარს).

ამჟამინდელი დაშლა: კრეატორებს შეუძლიათ პირდაპირ გავიდნენ აუდიტორიაზე, მათ აღარ სჭირდებათ ბრენდები. ხალხს ეს მოსწონს, რადგან ავტორთან პირდაპირ კავშირს გრძნობენ.

მომავალი ხელახალი გაერთიანება: მასშტაბის გასაზრდელად, კრეატორები თავად დაიწყებენ მედიაკომპანიების შექმნას, სადაც სხვა ავტორების პოპულარიზაციას მოახდენენ. საბოლოოდ, მთავარი კრეატორი დაიღლება და ჩამოშორდება პროცესებს, დარჩება მხოლოდ ბრენდის სახელი და ავტორთა ახალი გაერთიანება. ამ დროს "კრეატორების ეკონომიკა" ზუსტად იმ ტრადიციულ მედიამოდელად იქცევა, რომელსაც დღეს ებრძვის.

ამას უკვე ვხედავთ სტივენ ბარტლეტის მაგალითზე (პოდკასტი The Diary of a CEO). მან შექმნა კომპანია, რომელიც სხვა კრეატორების პოდკასტებს უშვებს. თუ ბარტლეტი სწორად იმოქმედებს, სახელი – Bartlett გახდება ისეთივე ბრენდი, როგორიცაა Forbes ან Bloomberg.

რატომ არ ჩერდება ეს ციკლი?

Netscape-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმ ბარკსდეილმა თქვა ფრაზა, რომელიც ბიზნესის ლეგენდად იქცა: "ფულის შოვნის მხოლოდ ორი გზა ვიცი: გაერთიანება და დაშლა".

ეს კანონზომიერება უსასრულოდ მეორდება, რადგან ორივე მათგანი რეალურ პრობლემას ჭრის, მაგრამ ამავდროულად, ახალ პრობლემას ქმნის: გაერთიანება მოსახერხებელი და ეფექტურია, მაგრამ გაიძულებთ გადაიხადოთ იმაში, რაც არ გსურთ. დაშლა გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ წარმოშობს ქაოსს და არჩევანისგან გამოწვეულ დაღლილობას.

ამიტომაც მუდმივად ვმოძრაობთ წინ და უკან. ეს პრინციპი მხოლოდ ბიზნესს არ ეხება: ჩვენ მუდმივად ვაერთიანებთ ჩვენს ცხოვრებას – მეგობრებს ერთად ვკრებთ, შემდეგ კი ვხვდებით, რომ მათთან ცალ-ცალკე შეხვედრა გვირჩევნია.

ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს იდენტობას: ჩვენი იდენტობა გადაჯაჭვულია სამსახურთან, მიღწევებსა და სოციალურ წრესთან. ზრდასთან ერთად ჩვენ ამ ყველაფერს ვაცალკევებთ, სანამ იდენტობის ახალ "პაკეტს" არ შევქმნით.

ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს კარიერას: ვიწყებთ ყველაფრის კეთებით, შემდეგ ვხდებით ვიწრო სპეციალისტები, ბოლოს კი ისევ ლიდერები, რომლებმაც ბევრი სხვადასხვა სფერო უნდა გააერთიანონ.

ეს ყოველთვის ცვალებადი იქნება. როგორც კი ამ მოდელს დაინახავთ, მიხვდებით, რომ არაფერია მუდმივი. სიახლეები, უბრალოდ, ძველი გამოცდილებების ახალი ვერსიებია.

იცვლება რამე? – მიჰყევით ცვლილებას. გსურთ რამის თავად შეცვლა? – იმოქმედეთ. გრძნობთ, რომ ჩამორჩით? – დააკვირდით ყურადღებით, რადგან შესაძლებლობა აუცილებლად წრეზე მობრუნდება.

ჩვენ ციკლში ვცხოვრობთ. ჩვენი საქმე კი ამ ციკლის ფორმირება და მასში მოძრაობაა.

თარგმანი: ნინო იმერლიშვილი

Jason Feifer

Entrepreneur Staff

Editor in Chief

Jason Feifer is the editor in chief of Entrepreneur magazine, a keynote speaker, and host of the podcast Problem Solvers. His newsletter, One Thing Better, helps entrepreneurs become more successful and satisfied.

As a speaker, Jason teaches the most important skill in business: adaptability. He's learned how the world's most impressive leaders and entrepreneurs thrive during change, and teaches those tactics to individuals, companies, and franchises — including Google, 1-800-GOT-JUNK, Clorox, Alibaba, Pfizer, Pearle Vision, Crocs, Dick's Sporting Goods, and many more.