Get All Access for $5/mo

Sfero - პირველი ნეოსოციალური ქსელი სანდრო ბოლქვაძის ანტრეპრენერული გზა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ადამიანის ყოველდღიურობის მნიშვნელოვან წილს ონლაინკომუნიკაცია და ციფრულ სივრცეში მუშაობა, ურთიერთობა თუ გართობა იკავებს, სხვადასხვა სახის სოციალურმა ქსელებმა მყარად გაიდგა ფესვები და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელ მდგენელად იქცა. სოციალური ქსელები, თავდაპირველად შეიქმნა ერთი შეხედვით მარტივი და ალტრუისტული მოტივებით − ერთმანეთისგან ფიზიკურად შორს მყოფი ადამიანები დაეკავშირებინა და შესაძლებლობა მიეცა, თვალი ედევნებინათ ერთმანეთის ცხოვრებისათვის. თუმცა, ისევე როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის სხვა სფეროები, სოციალური ქსელებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა და დღევანდელ მომხმარებელს სხვადასხვა დანიშნულებისა და მიზნებისათვის სპეციფიკური სოციალური ქსელით შეუძლია ოპერირება.

Entrepreneur-ს სურს გიამბოთ ახალ, რევოლუციურ და რაც მთავარია, ქართულ ნეოსოციალურ ქსელზე − Sfero, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან სივრცეში თავი მოუყაროს რეკრუტინგის, განათლებისა და კარიერული ზრდის პროცესებს. საბოლოო ჯამში, ამ სამი მიმართულების ერთიანობა საშუალებას იძლევა პიროვნებამ მაქსიმალურად სწრაფად იპოვოს მისთვის სასურველი სამსახური და მიიღოს ნებისმიერი ტიპის განათლება, მათ შორის ვირტუალური. გარდა ამისა, Sfero კომპანიებს ეხმარება თანამშრომლების პოვნაში, HR და საგანმანათლებლო პროცესების ავტომატიზაციაში.

Sfero-ს თანადამფუძნებელი და იდეის ავტორი სანდრო ბოლქვაძე გახლავთ, რომელიც წლების წინ ტექნოლოგიური ინდუსტრიისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნამდე მიიყვანა. Sfero-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur სანდროს ესაუბრა:

"Sfero-ს ფუნქციონალი განსხვავებულია, ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისაგან. თანამედროვე სოციალურ ქსელებს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია − ეს არის ინფორმაციის გამოქვეყნება და კომუნიკაცია. Sfero უფრო წინ წავიდა და სამი მიმართულება გააერთიანა: ინფორმაციის გამოქვეყნება, კომუნიკაცია და მენეჯმენტი. ასეთი მიდგომა ბევრად მოსახერხებელია, რომელიც ამცირებს პროცესების ხარჯებს და აჩქარებს ინფორმაციის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის დროს. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა შესაძლებლობას, Sfero-მ პროფესიონალებს შესთავაზოს ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველაზე დაბალ ფასად, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე", − აცხადებს სანდრო ბოლქვაძე, − "გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოებული ყველა პროცესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება, შესაბამისად პლატფორმის მომსახურებას არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. ეს ფაქტორი ასევე ძალიან სწრაფად მასშტაბირების საშუალებას იძლევა, ვინაიდან რაც უფრო დიდი იქნება საიტის მომხმარებლების პოპულაცია, მით მეტად გაუადვილდება ხელოვნურ ინტელექტს საიტის მართვა, რადგან სტატისტიკური ანალიზი ხელოვნური ინტელექტის კვების წყაროს წარმოადგენს".

როგორც ნეოსოციალური ქსელის თანადამფუძნებელი გვიამბობს, Sfero-ს სისტემა სამი ტიპის პროფილის შექმნის შესაძლებლობას გვთავაზობს, ესენია: პერსონალური პროფილი, სკოლის პროფილი და ორგანიზაციის პროფილი. მათი ფუნქციები განსხვავებულია, თუმცა Sfero-ს ეკოსისტემა მჭიდროდ აკავშირებს მათ ერთმანეთთან.

დეტალურად რომ განვიხილოთ, თუ რა ძირითად ფუნქციებსა და ინსტრუმენტებს გვთავაზობს თითოეული პროფილი, თვალი გადავავლოთ მათი შესაძლებლობების აღწერილობას:

პერსონალური პროფილის ძირითადი შესაძლებლობები:

  • ჭკვიანი კალენდარი, რომელიც ავტომატურად ინიშნავს ღონისძიებებს.
  • მიღწევები (Achievements), რომლის დამსახურებითაც პროფილს უფრო ხშირად სტუმრობენ.
  • ციფრული სერტიფიკატების პროფილთან მიმაგრება, რომელიც ინტეგრირებულია საძიებო სისტემაში.
  • გამოცდილების მიმაგრება, რომელსაც ორგანიზაცია ადასტურებს.
  • განათლების მიმაგრება, რომელსაც სკოლა ადასტურებს
  • სხვადასხვა საკვალიფიკაციო დოკუმენტის რეზიუმეში ატვირთვა.
  • CV – Builder, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ბრენდირებულ რეზიუმეს ხელახლა შექმნის.
  • Notify Me − ფუნქცია, რომელიც სამსახურის ძიებას ავტომატურს ხდის.
  • პერსონალური სტატისტიკა გატყობინებს, თუ რამდენად ეფექტიანია შენი კვალიფიკაცია.
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული განათლების შეთავაზებები, რომელიც კანდიდატს დაეხმარება აიმაღლოს კვალიფიკაცია და მარტივად იპოვოს სამსახური.

ორგანიზაციის პროფილის ფუნქციონალი:

  • საერთო სამუშაო სივრცე, ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის
  • პროფილის შექმნა, სადაც კომპანიის შესახებ ინფორმაცია იქნება განთავსებული.
  • ვაკანსიების შექმნა და განთავსება.
  • Easy Apply − ფუნქცია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეკლამირებულ ვაკანსიაზე, ერთი Click-ით განაცხადის გაგზავნის საშუალებას იძლევა.
  • ATS − აპლიკანტის თრექინგის სისტემა საშუალებას იძლევა ყველა შემოსული კანდიდატის რეზიუმეს გაეცნო და მოიწვიო გასაუბრებაზე პლატფორმიდან გაუსვლელად.
  • IMS − ინტერვიუს მენეჯმენტის სისტემა საშუალებას იძლევა ონლაინ ან პირდაპირი გზით გაესაუბრო კანდიდატს live-ში, შეაფასო ის და შეინახო ისტორიაში.
  • Archive − ინტერაქტიული სივრცე, სადაც ყველა შემოსულ კანდიდატზე ინფორმაცია ინახება.
  • Employee Management − აქ შესაძლებელია უკვე დასაქმებული კანდიდატების მართვა.
  • ავტომატური შეტყობინებები (SMS და E-mail), რომელიც HR-ს რუტინული პროცესისგან ათავისუფლებს.

სკოლის პროფილის ძირითადი შესაძლებლობები:

  • სკოლის პროფილი აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ სასწავლებლებს.
  • პროგრამების გამოცხადების ფუნქცია დონეების მიხედვით: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, ასოცირებული.
  • ციფრული სერტიფიკატების შექმნა, რომელიც მიემაგრება კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულების შემდეგ.
  • სტუდენტების სივრცე, სადაც ყველა სტუდენტი და კურსდამთავრებული ერთ სივრცეშია.
  • საერთო სამუშაო სივრცე, ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის
  • პროფილის შექმნა, სადაც კომპანიის შესახებ ინფორმაცია ერთად იქნება განთავსებული.
  • ვაკანსიების შექმნა და განთავსება.
  • Easy Apply − ფუნქცია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში დარეკლამებულ ვაკანსიაზე, ერთი Click-ით განაცხადის გაგზავნის საშუალებას იძლევა.
  • ATS − აპლიკანტის თრექინგის სისტემა საშუალებას იძლევა ყველა შემოსული კანდიდატის რეზიუმე ნახო და მოიწვიო გასაუბრებაზე პლატფორმიდან გაუსვლელად.
  • IMS − ინტერვიუს მენეჯმენტის სისტემა საშუალებას იძლევა ონლაინ ან პირდაპირი გზით გაესაუბრო კანდიდატს live-ში, შეაფასო ის და შეინახო ისტორიაში.
  • Archive − ინტერაქტიული სივრცე, სადაც ინახება ყველა შემოსულ კანდიდატზე ინფორმაცია.
  • Employee Management − აქ შესაძლებელია სამსახურში აყვანილი კანდიდატების მართვა.

"მოგეხსენებათ, გლობალიზაცია იწვევს პროცესების აჩქარებას, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად გააგზავნის განაცხადს კანდიდატი ვაკანსიაზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ შევიმუშავეთ Easy Apply ფუნქცია, რომელიც არარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზავნოს განაცხადი რეგისტრაციის გარეშე, სწრაფად და მარტივად. აღსანიშნავია ისიც, რომ Easy Apply ფუნქცია ინტეგრირებულია სხვა სოციალურ ქსელებში და მაგალითად Facebook-ის მომხმარებელს ერთი Click-ით შეუძლია განცხადების გაგზავნა", − აღნიშნავს სანდრო ბოლქვაძე.

ისეთი მასშტაბის პროექტები, როგორიც გახლავთ Sfero, ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებების საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს დამფუძნებლისგან. ამ ახალი სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი − სანდრო ბოლქვაძე, უკვე წლებია, ლერი მილდიანთან ერთად ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის კუთხით მუშაობს. ამ ახალი წამოწყების პარალელურად, იგი გახლავთ "ინოვაციური განათლების ცენტრის" − მონტესორის საბავშვო ბაღის თანადამფუძნებელი, რომელიც სკოლამდელ საგანმანათლებლო სექტორში ევროპულ, პროგრესულ სტანდარტს ნერგავს. გარდა ამისა, სანდრო კომპანია BM Soft-ის თანადამფუძნებელია, რომელიც პერმანენტულად მუშაობს სხვადასხვა სახის ციფრულ პროექტზე. Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ტექ-ანტრეპრენერი სანდრო ბოლქვაძე, ამისათვის კი, ერთად გადავავლოთ თვალი მის კარიერულ თუ პროფესიულ გამოცდილებას.

როგორც თავად სანდრო გვიამბობს, სკოლის დასრულების შემდეგ იგი პროფესიის არჩევის პროცესში საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. მისი ინტერესების სფერო სამ მიმართულებას − მუსიკას, არქიტექტურასა და ბიზნესის ადმინისტრირებას მოიცავდა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ბიზნესის ადმინისტრირებაზე შეაჩერა, რაც მისი შემდგომი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად იქცა.

სანდროს პირველი კარიერული ნაბიჯები უნივერსიტეტის მეორე კურსიდან იწყება და მას შემდეგ მან ისეთ სფეროებში მოსინჯა თავი, როგორიცაა IT-მენეჯმენტი, ფინანსები, ბიზნესის მოდელირება და ბიზნესის მომიჯნავე სხვა მიმართულებები. როგორც სანდრო იხსენებს, სწავლის პარალელურად, იგი დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და იმის გაგებას, თუ საბოლოოდ რა მიმართულებით სურდა მუშაობის გაგრძელება.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სანდრო მიხვდა, რომ კონკრეტული დარგი, რომელიც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა, სტატისტიკური ანალიზი და ბიზნესის მენეჯმენტი იყო. სწორედ სწავლის დასრულების შემდეგ, მან წარმოების მიმართულებით მოსინჯა ძალები და ლერი მილდიანთან ერთად ჩაერთო როგორც ქარხნებისა და საწარმოების შექმნაში, ისე ტურისტულ სექტორში. ეს გამოცდილება მას დაეხმარა თვლისა და წინასწარი პროგნოზების კეთების უნარის განვითარებაში, ისევე, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანების დასაქმების ცოდნის გაღრმავებაში.

დღესდღეობით სანდრო ბოლქვაძე ერთდროულად სამი მიმართულებით მუშაობს. იგი გახლავთ BM Soft-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ინოვაციური განათლების ცენტრის − მონტესორის საბავშვო ბაღის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, და ამავდროულად, საერთაშორისო კომპანია One Smart Star-ის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელი საქართველოს რეგიონში.

ასეთი დატვირთული რეჟიმით ცხოვრება ადამიანისგან თვითდისციპლინასა და მუდმივ ორგანიზებულობას მოითხოვს. როგორია სანდროს ყოველდღიური რუტინა? – "დილით 7 საათზე ვიღვიძებ და როგორც წესი, ერთი საათის განმავლობაში ვეცნობი გლობალურ სიახლეებს. ამის შემდეგ ვამოწმებ ელექტრონულ ფოსტას, ვპასუხობ წერილებს და მივდივარ ოფისში. ვცდილობ საღამოს საათები დავუთმო ახალი მიმართულებების კვლევას და ჩემს საყვარელ ჰობის − ფორტეპიანოს. გვიან ღამით 23:00 საათიდან 01:00 საათამდე მიყვარს ვარჯიში. შინ დაბრუნებისას, ძილის წინ ვეცნობი სიახლეებს ანთროპოგენეზის, ასტრონომიისა და მიკრობიოლოგიის დარგებში. ხელს მიწყობს ის ფაქტორი, რომ ძილისთვის ღამის განმავლობაში სულ რაღაც 4-5 საათი მყოფნის", − გვიზიარებს საკუთარ ყოველდღიურ განრიგს სანდრო ბოლქვაძე.

როგორც სანდრომ Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, Sfero-ს შექმნის იდეა მას ბაკალავრიატის ბოლო კურსებზე გაუჩნდა, როდესაც საკუთარი კარიერული დაგეგმარებისა და მომავალ პროფესიულ მიმართულებაზე კონცენტრირება დაიწყო. მრავალმხრივმა ინტერესის სფერომ და ალტრუისტულმა სწრაფვამ, მის ირგვლივ მყოფი უნიკალური ნიჭისა და უნარების მქონე თანაკურსელები ყველას, მათ შორის მსხვილ კომპანიებსაც გაეცნოთ, უბიძგა სანდროს შეექმნა სოციალური ქსელი, რომელიც რეკრუტინგისა და პროფესიული განვითარების პროცესს ხელმისაწვდომსა და მარტივს გახდიდა.

დღესდღეობით, Sfero-ს პლატფორმის უკან სრულად ენთუზიაზმის, საერთო იდეისა და იდეალების გარშემო გაერთიანებული ადამიანები არიან. "მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უნიკალური პოტენციალი. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ეს პოტენციალი გამოავლინოს და ამით დაეხმაროს ჩვენი პროექტების წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე", − აცხადებს სანდრო, − "ჩემი მომავალი სრულად დავუკავშირე ციფრულ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ ეს არის ყველაზე მძლავრი სფერო, ენთუზიასტების ერთ სივრცეში გასაერთიანებლად. რაც შეეხება Sfero-ს პლატფორმას, ის, რაც გავაკეთეთ, არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ სამსაფეხურიანი გეგმა იმისათვის, რომ Sfero რაც შეიძლება სწრაფად იქცეს გლობალურ მოთამაშედ".

Entrepreneur დაინტერესდა, რას ურჩევდა სანდრო ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მომავალ ქართველ ანტრეპრენერებს. როგორც Sfero-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, წარმატების ერთადერთი ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ყოველდღიურად შემეცნების პროცესით იყოს დაკავებული. "შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად ამოიცნოთ საკუთარი სურვილები და თუ გსურთ წარმატება, არცერთი წამით არ შეჩერდეთ, რადგან დრო ისეთი რესურსია, რომლის აღდგენა შეუძლებელია", − აღნიშნავს სანდრო ბოლქვაძე, − "ჩემი აზრით, გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ იდეალების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების გარემოცვაში. ცხადია, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მარცხიც ბევრია, თუმცა ეს უნდა მიიღოთ ახალი შესაძლებლობების გაჩენის წყაროდ და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან