უორენ ბაფეტი 61 წლის შემდეგ Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გასულ თვეს, 96 წლის იუბილეზე, აღიარებულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა, შენიშნა, რომ მისი 1 წლის შვილიშვილის შვილი მასზე სწრაფად გადაადგილდებოდა. ამ დაკვირვებამ საბოლოოდ განამტკიცა მისი გადაწყვეტილება, რომ 61-წლიანი მმართველობის შემდეგ, Berkshire Hathaway-ს გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.
პარასკევს აქციონერთა მიმართავაში მან განმარტა, რომ დაუყოვნებლივ გადადგება, დაიკავებს საპატიო თავმჯდომარის სტატუსს და დარჩება დირექტორთა საბჭოში.
"დროს ვერავინ აჯობებს. თუმცა იგი ჩემ მიმართ გულუხვი აღმოჩნდა. მან მომცა შესაძლებლობა, მენახა Berkshire ისეთ მწვერვალზე, რომლის მომავალშიც ისეთი დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. კომპანია საიმედო ხელშია და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად მის აქციონერად ვრჩები", – წერს ბაფეტი.
ბაფეტის ოპტიმიზმს მისი მემკვიდრე, აღმასრულებელი დირექტორი, გრეგ აბელი განაპირობებს, რომელმაც მის მოლოდინებს გადააჭარბა და დაარწმუნა, რომ ცვლილებებისთვის იდეალური დროა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს კი ბაფეტის 71 წლის ვაჟი, ჰოვარდი დაიკავებს, რომელიც საბჭოში უკვე 33 წელია საქმიანობს.
"კომპანიას გრეგი უხელმძღვანელებს, ჰოვარდი კი ჩვენს კულტურასა და ფასეულობებს დაიცავს – იმას, რაც ჩვენს ფინანსურ აქტივებზე გაცილებით ძვირფასია", – აღნიშნავს ბაფეტი.
ბაფეტი Berkshire-ის მართვის სადავეებს ეტაპობრივად თმობდა
ბოლო წლებში ბაფეტი Berkshire-ის ყოველდღიურ მართვას აშკარად ჩამოშორდა. 2026 წლიდან მან აღმასრულებელი დირექტორის სადავეები გრეგ აბელს გადააბარა, რომელიც წელს თავად გაუძღვა აქციონერთა კრებას და დაწერა ყოველწლიური წერილი, რითაც ბაფეტის ათწლეულების ტრადიცია შეიცვალა.
კომპანიასთან მისი ფინანსური კავშირებიც მცირდება: ბაფეტი გეგმავს, რომ 2034 წლის ბოლომდე თავისი დარჩენილი, დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის აქციები ოთხ საქველმოქმედო ფონდს გადასცეს. იგი წლებია საკუთარი ქონების 99%-ზე მეტის გაცემას ისახავს მიზნად და 2006 წლიდან მოყოლებული ქველმოქმედებისთვის მილიარდები უკვე გაიღო.
ბაფეტის მოღვაწეობა Berkshire-ში ეპოქალურია: 61 წლის წინ მან კრიზისში მყოფი საფეიქრო საწარმო ჩაიბარა და იგი დაზღვევის, რკინიგზის, ენერგეტიკის, წარმოებისა თუ საცალო ვაჭრობის გიგანტურ კონგლომერატად აქცია.
ამ გარდასახვის მასშტაბს ციფრებიც მოწმობს: 2025 წელს კომპანიის საოპერაციო მოგებამ 44,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (მცირედით ნაკლები წინა წლის 47,4 მილიარდზე), ხოლო საოპერაციო ფულადმა ნაკადმა 46 მილიარდს მიაღწია