USAID ზრდა - სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი უკვე ოთხი წელია საქართველოს 6 რეგიონში წარმატებით ხორციელდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"USAID ზრდა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტია, რომელიც უკვე ოთხი წელია საქართველოს 6 რეგიონში წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. 81 თემში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ფოკუსირებული, რაც თავის მხრივ, კიდევ არაერთ ქვესექტორსა და საქმიანობას მოიცავს. პროექტის სამიზნეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები და ადგილობრივი თემები წარმოადგენს, რომელთა კეთილდღეობის მაჩვენებლები პროექტ "USAID ზრდა"-ს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მისი მთავარი მახასიათებელი ის მოქნილობაა, რომელიც გაუთვალისწინებელ ვითარებაში საქმიანი იმპროვიზაციის კარგ შესაძლებლობას აძლევს, რათა იმ უეცარ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში ჩნდება, პროექტმა ახალი ინიციატივებითა და მყისიერი რეაგირებით უპასუხოს. ასეთი აღმოჩნდა პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელიც ყველაზე მძაფრად სწორედ რეგიონებსა და იქ არსებულ სასოფლო- სამეურნეო და ტურისტულ ობიექტებს შეეხო. გუნდმა ოპერატიულად შეძლო საჭირო გეგმის შემუშავება და არაერთი რესურსის მიზნობრივად მიმართვა.
თუ როგორია პროექტის პორტფოლიო 4 წლის მუშაობის თავზე, რა გამოცდილება და დოვლათი შეიქმნა ქვეყანაში "USAID ზრდა"-ს დახმარებით და რას უნდა ველოდოთ მის დასასრულს, ყოველივე ამას Entrepreneur-თან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი, ქეთი ჭუმბურიძე აფასებს.
"USAID-ის პროექტი "ზრდა" 2016 წელს დავიწყეთ. საბედნიეროდ, ჩვენი ურთიერთობის ფორმატი ჩვენს დონორთან ისეთია, რომ მოქნილობის საშუალებას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა, დაგეგმილთან ერთად სხვა აქტივობებიც შეგვემატებინა ჩვენი სამოქმედო არეალისთვის. მაგალითად, 2016 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ტურიზმი არ იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ პროექტისთვის. აქცენტი უფრო სოფლის მეურნეობაზე იყო გამახვილებული, თუმცა მუშაობის პროცესმა გამოკვეთა ახალი საჭიროება. ტურიზმის სექტორის აქტუალურობა და ტურისტების რაოდენობა სტატისტიკურად ძალიან იზრდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ საჭიროებებზე, სერვისებსა და ხარისხზე გაჩნდა მოთხოვნა. ამ მოთხოვნამ კი მიწოდების საჭიროება გააჩინა, განსაკუთრებით − რეგიონებში. როდესაც თანამედროვე ტურისტები ჩვენნაირ ქვეყანას სტუმრობენ, რაღაც გამორჩეულს და ახალს, განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ. ისეთს, როგორსაც ევროპის სხვა ქვეყნებში ვერ შეხვდებიან − იქნება ეს გამორჩეული ველური ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა თუ გასტრონომიის კუთხით. ჩვენ კი, ამ ყველაფერში საკუთარი როლი დავინახეთ. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მანდატით სამიზნე რეგიონებში მუშაობა. ამავდროულად, უზომოდ რთულია ტურიზმი ისეთ რეგიონში განავითარო, როგორიც შიდა ქართლია − საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ. თუმცა, აქაც გვქონდა წარმატების მაგალითი. ხალხი, რომელიც ამ ადგილებში ცხოვრობს, ცდილობს არ დატოვოს თავისი სამოსახლო, დარჩეს მამაპაპისეულ კარ- მიდამოში და გააგრძელოს საქმიანობა. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებში დავინახეთ და ვეცადეთ მათთვის აქ არსებული ტურისტული შესაძლებლობები დაგვენახვებინა, თუნდაც საოჯახო სასტუმროსა და მცირე მარნის გაკეთების სახით, რაც მოსახლეობის ადგილზე "დამაგრებას" შეუწყობს ხელს. თანაც, ეს რეგიონი დედაქალაქთან ახლოსაა და ესეც ხელშემწყობი ფაქტორია. ჩვენი ექვსივე სამიზნე რეგიონი ტურისტულად დიდი პოტენციალის მატარებელია და კიდევ ბევრი რამაა იქ შესასწავლი და აღმოსაჩენი. განსაკუთრებით ეს ჯავახეთსა და ქვემო ქართლს ეხება. სამწუხაროდ, კიდევ ბოლომდე არ ვიცით, როგორი განძის მფლობელები ვართ და ამ კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი. ცნობილი ტურისტული ადგილების მიღმა კიდევ უამრავი ძალიან ძვირფასი რამ იმალება, რომელსაც შესწავლა და პოპულარიზაცია სჭირდება".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეტალურად გაწერილ გეგმასა და მოსალოდნელ შედეგებთან ერთად, პროექტს განსაკუთრებული მოქნილობა ახასიათებს, რაც ხშირად გეგმის გადაჭარბების ან ახალი, მოულოდნელი დადებითი შედეგების მიზეზი ხდება. 4 წლის განმავლობაში პროექტმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი სერვისების განვითარებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყო ხელი. უფრო დეტალურად, ეს ყველაფერი იმ ანგარიშსა და რიცხვებში აისახება, რომელსაც პროექტის დასრულების შემდეგ მისი გუნდი შეჯამების სახით წარმოგვიდგენს. ამ დროის განმავლობაში კი არაერთი გამორჩეული სიახლისა და თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა, რისი რეპლიკაციაც მომავალში სხვა პროექტებშიც შესაძლებელია. პროექტის "USAID ზრდა" შემთხვევაში ამის კარგი მაგალითია სოფლის მეურნეობისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დამეგობრება აპლიკაცია "აგრონავტის" სახით. ახალი ციფრული ინსტრუმენტი "ფერმერთა ასოციაციასა" და "აჭარა ჯგუფთან" თანამშრომლობით შეიქმნა. მის მიზანსა და იდეას კი, "აჭარა ჯგუფში" შემავალი რესტორნებისა და სასტუმროების ქართული პროდუქტებით უზრუნველყოფა ფერმერებთან პირდაპირი წვდომის მეშვეობით წარმოადგენდა. "აგრონავტი" ეფექტური დამაკავშირებელი პლატფორმაა, რომელიც სოფლის მეურნეობის ქართულ რეალობაში ახალ სიტყვას წარმოადგენს, ფერმერებს კი საკუთარი პროდუქციის სწრაფ რეალიზაციაში ეხმარება. მსგავსი ინოვაციური მოდელების შექმნა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით, ამ სექტორების განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია, რისი წახალისებაც "USAID ზრდას" ერთ-ერთი მიზანია. პროექტის ფარგლებში, უნდა შეიქმნას ისეთი მოდელები, რომელიც მდგრადი და გრძელვადიანად ეფექტიანი იქნება, მათი სიცოცხლისუნარიანობა კი პროექტის დასრულებასთან ერთად არ ამოიწურება. ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასეთი მოდელები უკვე შეიქმნა და დაინერგა თუშეთში, რომელსაც "USAID ზრდა" პარტნიორებთან ერთად კომპლექსურად მიუდგა.
"თუშეთი საქართველოს სრულიად უნიკალური მარგალიტია, რომელსაც მეტად სჭირდება დაფასება. ცხადია, იქ ინფრასტრუქტურასა და გზას ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა ამ მხარის პოპულარობა სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ მზარდმა ინტერესმა გააჩინა საჭიროება, რომ თუშეთში შეგვექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების ისეთი მოდელი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებს მოიცავს: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი. სწორედ ამ სამივეს ვუპასუხეთ იმ აქტივობებით, რომლებიც თუშეთში განვახორციელეთ. ხელი შევუწყვეთ, რომ თემის წევრებმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად ეფექტურად იმუშაონ ინიციატივების ადვოკატირებასა და პროექტების განხორციელებაზე. ექსპერტებიც გვყავდა მოწვეული, რომლებმაც ამ ხალხს ასწავლეს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ერთობლივად, რათა რეალურ შედეგებზე გავიდნენ. ასევე, აქტიურად ვიმუშავეთ კერძო სექტორთან − სასტუმროებსა და კვების ობიექტებთან სერვისების გაუმჯობესების მიზნით. გავაკეთეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პროცესშია და ომალოს, როგორც გადატვირთული ეპიცენტრის, განმუხტვას გულისხმობს. თუშეთში ტურისტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ აქ არის და აუცილებელია მისი განტვირთვა. სხვა ხეობებშიც უნდა გაჩნდეს ისეთი პუნქტები, სადაც ეს ნაკადები გადანაწილდება. ამიტომ, ვცდილობთ დანარჩენი ხეობებიც მოვაწყოთ საკემპინგოდ და საბანაკედ. ასევე, ვიმუშავეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დიზაინის შემუშავებაზე, რომელიც ტურისტებისთვის საორიენტაციოდ უმნიშვნელოვანესი პუნქტია. აგრეთვე, საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით, მხარს ვუჭერთ და პატივისცემას ვუცხადებთ რეინჯერებს, რადგან ეს ადამიანები იქაურობის მცველები არიან, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი იკეტება. ამ ხალხის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ვმუშაობთ კესელოს მუზეუმთან, რომელიც აქ არსებული ერთადერთი მუზეუმია და უნიკალურ არტეფაქტებს ინახავს. თუმცა, იმის გამო, რომ იქ შენახვის პირობები არ არის, მუზეუმის ხელმძღვანელს ისინი ზამთარში შინ მიაქვს და შემდეგ უკან აბრუნებს. ვაპირებთ, მუზეუმს შესაფერისი შემნახველი აღჭურვილობა გადავცეთ. აგრეთვე, შევქმენით ადგილობრივი სამაცივრე მეურნეობაც მზის პანელების ბაზაზე, რათა ადგილობრივებმა ნედლეული და პროდუქტები საკმარისი რაოდენობით მოიმარაგონ. აი, ასე, ყველაფრით და ყველა მხრიდან "შევუტიეთ" თუშეთს, ნამდვილი შეკრული მხარდაჭერისთვის. მუდმივად ვზრუნავთ საპრომოციო მასალების შექმნაზე და იქაურების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაზე. ვფიქრობთ, ასეთი კომპლექსური მიდგომა უნდა არსებობდეს ყველა რეგიონში, როდესაც მათ განვითარებაზე ვსაუბრობთ", − ამბობს ქეთი ჭუმბურიძე.
მრავალმხრივი მხარდაჭერის პარალელურად, "USAID ზრდა" თანამედროვე, საჭირო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზეც არანაკლებ ზრუნავს, რაც კეთილდღეობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე მეტად, ბენეფიციარებს უკვე უახლესი ცოდნის შეძენა სურთ, რაც მათ ბიზნესის კოორდინირებული მართვისა და ოპერირებისთვის სჭირდებათ. მზარდ მოთხოვნას ცოდნის მიღებაზე კი "USAID ზრდა" მუდმივი, რელევანტური ტრენინგ-პროგრამებითა და სასწავლო მოდულებით პასუხობს, რითაც უკვე 5800-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და საკუთარი ცოდნა და უნარები სისტემური გახადა.
ისევე, როგორც ყველასთვის, COVID-19-ის გამოწვევა პროექტ "USAID ზრდასა" და მისი სამიზნე სეგმენტისთვისაც არანაკლებ მძაფრი აღმოჩნდა. თუმცა, მეორე მხრივ, გამოწვევების გადალახვასთან ერთად, ის ახალი იდეებისა და მხარდამჭერი მექანიზმების შექმნის კატალიზატორად იქცა. პანდემიის ტალღის გავრცელებისა და ეკონომიკური სტაგნაციის ნიშნების გამოჩენასთან ერთად, პროექტის გუნდმა იმ სასწრაფო გეგმაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ფერმერებს ბიზნესრადარებიდან გაქრობისგან გადაარჩენდა. ამისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვნად რეგიონებში ინფორმაციის სწორი და სწრაფი გავრცელება დაისახეს მიზნად, რაშიც მოხალისეთა საკმაოდ დიდი არმია ჩაერთო და ახალი რეგულაციები დეტალურად, კარდაკარ გააცნო მოსახლეობას. საინფორმაციო კამპანია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა.
აგრეთვე, "USAID ზრდამ", ბიზნესის სწრაფი ადაპტაციისა და ციფრულ პლატფორმებზე გადაწყობისთვის, საგრანტო პროგრამა შეიმუშავა, რითაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალ რეალობასთან მორგება შეუმსუბუქა. სწორედ მათი დახმარებით, რეგიონებში არაერთმა მეწარმემ საკუთარი საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ ციფრულ სივრცეში გადაიტანა და მიტანის სერვისის ამუშავებით საქმიანობა გადაარჩინა. "USAID ზრდას" ეკუთვნის ასევე ონლაინფესტივალი, რომელმაც რთულ დროს რეწვის ქართველ ოსტატებს და მათ შემოქმედებას პოპულარიზებისთვის ტრადიციულზე გაცილებით მასშტაბური არეალი გაუხსნა და მათი ნამუშევრები სრულიად მსოფლიოს წარუდგინა. პროექტის აღმასრულებელ გუნდს კარგად ესმის, ასეთ სიტუაციაში ბენეფიციარებისთვის მხარდაჭერისა და იმედის შენარჩუნების მნიშვნელობა, რისთვისაც ძალისხმევას არ ზოგავს და ამას არც დარჩენილი 1 წლის განმავლობაში აპირებს.
"ჩვენი პროექტი 1 წელიწადში მთავრდება და ამ დროშიც აუცილებლად კიდევ ბევრ კარგ რამეს შევძლებთ და გავაკეთებთ. ამ პროექტის დასრულების შემდეგაც, იმედია USAID-ი კიდევ ახალი ინიციატივით გამოვა და არაერთ პროექტს განახორციელებს. ამისთვის ძალიან კარგი იქნება ჩვენი პროექტის მაგალითები, რაზეც შესაძლოა დაშენდეს და განვითარდეს კიდევ არაერთი რამ. ამ დარგებში დამატებით უამრავი რამაა გასაკეთებელი და ამ სფეროში მომუშავე ხალხს საკმაო დახმარება სჭირდება. ვფიქრობ, სამომავლოდ აუცილებელია ისეთი პროექტები, რომელიც კერძო სექტორის გააქტიურებაზე იქნება მიმართული. ჩვენი პროექტი ძალიან კარგი მაგალითია, რომელმაც რამდენიმე მსხვილი პარტნიორობა შექმნა. მათ შორის, bp-ისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად. bp-ისთან ერთად, 41 სოფელში ვიმუშავეთ. ფაქტია, რომ ერთობლივ პროექტებს გაცილებით დიდ სარგებელი მოაქვს და აუმჯობესებს გარემოს. ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი პარტნიორობები სამომავლო პროქტებშიც გათვალისწინებული იქნება სექტორებს შორის. ტურიზმის მიმართულებით ბევრი იქნება გასაკეთებელი, რათა ის ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს და სრულფასოვნად განახლდეს მისი ოპერირება. საჭიროა ბუნებრივი რესურსების უკეთ ათვისება, ახალი ტერიტორიების მონიშვნა ტურისტულ რუკაზე და ახალი სერვისების განვითარება ყველა მიმართულებით. ამის პოტენციალი ნამდვილად არის. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს კომპანიას, Chemonics international-საც კიდევ მიეცემა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რადგან დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა, რომელსაც ამ ყველაფრის გასაუმჯობესებლად მივმართავთ. მზად ვართ ამ ყველაფრის სხვებისთვის გასაზიარებლად. ამას მუდმივად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებსა და დონორებს, და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რათა სამომავლო პროექტების დიზაინი სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ დიდ ნაშრომზე დაშენდეს და შედგეს", − ქეთი ჭუმბურიძე.