Join our Waitlist for Expert Advice!

ჟუჟუნა - ნახევრად ცქრიალა ქართული ღვინო თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელსაც ტრადიციისამებრ, თუმცა უჩვეულო ფორმატში გაიმართა. ქვეყნის უმსხვილესმა საფინანსო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2020 წლის გამარჯვებულები შეკრებების აკრძალვის ფონზე ონლაინ გვამცნო. წლევანდელ რჩეულებს კი სწორედ ის ქართული ბიზნესკომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც განსაკუთრებულად რთული წლის მიუხედავად, თავს მოდუნების უფლება არ მისცეს და საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად, სწრაფი რეაგირებით ალტერნატიული გზები გამონახეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ძალისხმევას არ ზოგავენ და ამით სხვებსაც დიდ მოტივაციას სძენენ. 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს Entrepreneur-ი გაგაცნობთ.

"ჟუჟუნა" ნახევრად ცქრიალა ქართული ღვინოა, რომელიც თავდაპირველად მომხმარებლებისთვის ჩამოსასხმელი ფორმით ბარებსა და რესტორნებში იყო ხელმისაწვდომი, ბოლო დროის კი ბრენდმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და 2020 წელს არაერთი სიახლით დაგვამახსოვრა თავი.

"ჟუჟუნას" დამფუძნებლები ვასკა ჩუბინიძე, გიორგი ტაბატაძე, მათე აბესაძე, რეზო ჩარკვიანი, ირაკლი შენგელია, დავით ბეჟანიშვილი და გოგი დაქიშვილი არიან, რომლებმაც წლის ყველა გამოწვევის მიუხედავად, ბრენდს დანებების საშუალება არ მისცეს და ნომინაციაში "საუკეთესო ადაპტაციის მაგალითისთვის" გამარჯვებულებიც გახდნენ.

"ჟუჟუნას" პირველი იდეა 2017 წლის ზაფხულში გაჩნდა, რასაც დროული სამზადისის დაწყებაც მოჰყვა. პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამზადებელ პერიოდს 1 წელი დასჭირდა. "ჟუჟუნა" პირველად მომხმარებლებმა 2018 წლის მაისში, 4GB-ის მუსიკალურ ფესტივალზე დააგემოვნეს, ამის შემდეგ კი სტარტაპი თითქმის ყველა ფესტივალსა და ღონისძიებაზე საკუთარი ბარით იყო წარმოდგენილი. ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აქტიურად სტუმრობდა და გორგოლაჭებზე მდგარი მობილური ბარით უამრავ მსურველს სიახლის დაგემოვნების მოქნილ შესაძლებლობას აძლევდა.

სულ მალე "ჟუჟუნა" Horeca-სექტორის ობიექტებშიც სწრაფად შევიდა და მათი სასმელების მენიუს განუყრელი ნაწილი გახდა, რაც ბრენდის გაყიდვების ძირითად წყაროდ იქცა. თუმცა, 2020 წლის გაზაფხულზე შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, კომპანიას გაყიდვების ყველა წყარო შეუწყდა, რაც, რომ არა სწრაფი ადაპტირება, შესაძლოა დამღუპველი ყოფილიყო.

"2020 წლის გაზაფხულზე ყველაფერი დაიკეტა და ღონისძიებებიც შეწყდა, რამაც "ჟუჟუნას" შემოსავლებზე პირდაპირ უარყოფითად იმოქმედა. მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ "ჟუჟუნა" მხოლოდ ჩამოსასხმელი ფორმით არსებობდა და არა დაბოთლილი. რამდენიმე დღეში გაყიდვები ციფრულ არხებზე გადავაწყვეთ, რათა მათი გამოყენებით როგორმე ფონს გავსულიყავით. ამაში გამოძახების სერვისებიც აქტიურად ჩავრთეთ "გლოვოსა" და "ვოლტის" სახით. ვიშოვეთ ლიტრი მოცულობის შუშის ბოთლები და დავაკარით სტიკერები. გამოძახების შემთხვევაში კი ღვინოს ამ ბოთლებში ვასხამდით და ვუგზავნიდით ადრესატს. თუ კოქტეილს შეუკვეთავდა, მის ინგრედიენტებსაც ვამატებდით, შემდეგ კი შინ კოქტეილებს თავად ამზადებდნენ. აღსანიშნავია, რომ "ჟუჟუნას" მეორეული გამოყენებაც აქვს და ის უამრავი კოქტეილის ძირითადი ინგრედიენტია. მას სამჯერ უფრო ნაკლები გაზი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ცქრიალა ღვინოს და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე სასმელია, რომელიც რქაწითელისა და მწვანეს ნაზავით მზადდება. უმთავრესი გამორჩეული მახასიათებელი კი ის გაზია, რომელსაც მეორადი დუღილის შედეგად ვიღებთ", − ვასკა ჩუბინიძე.

"ჟუჟუნას" გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ პირველი ლოქდაუნის დროს ბრენდი არც გამქრალიყო და არც გაჩერებულიყო. ამისათვის სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურ საკომუნიკაციო მოქმედებებსაც ახორციელებდა და სახალისო online-ღონისძიებებსაც მასპინძლობდა. სწორედ ამის შედეგი იყო ზაფხულში მოხსნილი შეზღუდვების შემდეგ ბარებსა და რესტორნებში გაზრდილი ცნობადობა და მოთხოვნა "ჟუჟუნაზე", რაც გაყიდვებზე პირდაპირ დადებითად აისახა.

"ამ ყველაფერმა გააჩინა მოტივაცია, ფინანსების მოძიების შესაძლებლობა (გავზარდეთ ლიზინგი, დავამატეთ სესხი) და ემოციური მზადყოფნა, რომ წინა პერიოდის მსგავსად, კიდევ უფრო გვეყოჩაღა. შემდეგი ეტაპისთვის აუცილებლად უნდა მოვმზადებულიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეძინა სპეციალური დანადგარები და დაგვეწყო ზრუნვა "ჟუჟუნას" ქარხნულად ჩამოსხმისა და საცალო ბაზარზე შესვლისათვის. რეალურად, ამის სურვილი და ოცნება მისი შექმნის დღიდან გვქონდა, თუმცა ყველაზე სწორი მომენტი სწორედ პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა", − ამბობს ვასკა ჩუბინიძე.

სუპერმარკეტების დახლებზე "ჟუჟუნა" სულ მალე გამოჩნდება. შეზღუდვების მოხსნისა და Horeca-სექტორის ამუშავებისთანავე კი ძველ პოზიციებსაც აუცილებლად დაუბრუნდება და ჩამოსასხმელი სახით ისევ აცქრიალდება ჭიქებში.

ადგილობრივი საცალო ბაზრის კარგად ათვისების შემდეგ კი, დაბოთლილი პროდუქტით, ბრენდ "ჟუჟუნას" გუნდი უკვე საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებისკენ დაიწყებს აქტიურ სვლას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"