Get All Access for $5/mo

კონსულტაცია განვითარებისთვის C-TEAM MANAGEMENT CONSULTING – საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნესკონსულტანტთა გუნდი ქართულ ბიზნესს განვითარებაში ეხმარება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

C-Team Management Consulting 3 წლის წინ შეიქმნა. დავით ქარდავამ და სალომე არღვლიანმა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება გერმანიაში მიიღეს და სამშობლოს საავტორო პროექტის იდეით დაუბრუნდნენ. C-Team Management Consulting-ის დამფუძნებელთა მთავარ მიზანს საქართველოში არსებული ბიზნესკომპანიების პროფესიული კონსულტირება წარმოადგენდა. ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიამ 3 წლის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. ამ დროისათვის მათ ანგარიშზე 11 სექტორში 30 პარტნიორი კომპანია და 35 განხორციელებული პროექტია. ჟურნალი Entrepreneur დამფუძნებლებს კომპანიის საქმიანობასა და მთავარ ღირებულებებზე ესაუბრა.

საქართველო-გერმანია-საქართველო

დავით ქარდავამ საქართველო 17 წლის წინ დატოვა. განათლება კონტროლინგისა და ფინანსური მენეჯმენტის განხრით მიიღო და სამუშაო გამოცდილება ისეთ კომპანიებში დააგროვა, როგორებიცაა PwC, Rödl&Partner, con|energy Unternehmensberatung, c.con Management Beratung.

"ბოლო წლების განმავლობაში ვმართავდი პროექტებს გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, თუმცა გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი და ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართული კომპანიებისთვის გამეზიარებინა", − იხსენებს ბევრისათვის დღემდე გაუგებარ გადაწყვეტილებას დავით ქარდავა.

სალომე არღვლიანმა იურისტის დიპლომი საქართველოში მიიღო. თუმცა, ადგილობრივ კომპანიაში მუშაობის 3 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბიზნესის მართვის კუთხით მეტი ცოდნის შეძენა სურდა. საქართველო დატოვა და ლაიფციგის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

"ავირჩიე მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის მიმართულება, სამაგისტროს დასაცავად კი 47 ქართული კომპანია შევისწავლე. გერმანიაში 7 წელიწადი დავრჩი, ვიმუშავე ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Vodafone Deutschland GmbH, TÜV Rheinland AG, Comparex Deutschalnd AG, Bell flavor and fragrences".

ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად დღემდე სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-ში მუშაობას მიიჩნევს, სადაც ცოდნის, პროცესებისა და ხარისხის მართვის მიმართულებებით ახორციელებდა პროექტებს და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცა.

საქართველოში დაბრუნების მოტივაციის წარმმართველ ძალას მხოლოდ სამშობლოს მონატრება არ წარმოადგენდა. განვითარებადი ქართული ბიზნეს ეკოსისტემა ანტრეპრენერებისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რომლის დაძლევაც საინტერესო, აზარტულ და ფინანსურადაც მომგებიან პერსპექტივად ესახებოდათ.

"გვსურდა, საქართველოში დავბრუნებულიყავით და ჩვენი ცოდნა ადგილობრივი კომპანიების განვითარებისთვის გამოგვეყენებინა. გვინდოდა, რეალური ცვლილებები განგვეხორციელებინა", − ამბობს სალომე.

"გარდა ამისა, გარკვეულწილად აზარტიც არის. როდესაც გერმანიაში კონსულტანტის სტატუსით კომპანიაში შედიხარ, მეტ-ნაკლებად გამართული პროცესები და სწორად აწყობილი სისტემა გხვდება. შედეგად, ოპტიმიზაციის პოტენციალი შეზღუდულია და მუშაობ კომპანიის კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაწევაზე. საქართველოში კი ძალიან ბევრი სამუშაოა, ყველაზე რთული და საინტერესო მართვის სტილის ძირეული ცვლილება, ახალი და ინოვაციური მართვის ინსტრუმენტების დანერგვაა", − აცხადებს დავითი.

რა არის C-Team Management Consulting-ის მიზანი?

C-Team Management Consulting 2016 წელს ჩამოყალიბდა და რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

  • ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია & მართვა;
  • სტრატეგიული გეგმის და ბიზნესგეგმის შემუშავება;
  • KPI (საკვანძო ინდიკატორები) სისტემის განვითარება;
  • რეორგანიზაცია/ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
  • HR-სისტემის განვითარება;
  • შიდა ხარჯთაღრიცხვის სისტემების განვითარება და დანერგვა.

პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს, პროექტის ავტორთა აზრით, დამფუძნებელთან ან ტოპმენეჯერებთან პირველადი კომუნიკაცია წარმოადგენს.

"მთავარია, პირველი შეხვედრა შედგეს. ვუხსნით, რა დამატებითი ღირებულება აქვს ჩვენთან თანამშრომლობას, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვაცნობთ ჩვენ მიერ უკვე წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. ჩვენს გამოცდილებაში არ არსებობს არცერთი შემთხვევა, პირველი შეხვედრის შემდეგ დაინტერესება რომ არ გამოგვეწვია. ჩვენს საქმიანობაში კონკრეტული მეთოდები და მოდელები არსებობს, კონცეპტები, რომელთა შემუშავებაზე უამრავი წელი დაიხარჯა და პრაქტიკაში მრავალჯერ გაიტესტა. პრიორიტეტს ჩვენს პროექტებში მართვის პროცესის ინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის მართვა მაშინ არის წარმატებული, როდესაც კომპანიაში ეფექტიანი და კომპანიაზე მორგებული მართვის სისტემებია დანერგილი. გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში კარგი მენეჯერის მთავარ მიზანს არა თითოეული თანამშრომლის "მართვა", არამედ თვითმართვადი, ეფექტიანი მენეჯმენტისა და რეპორტინგის სისტემის განვითარება წარმოადგენს", − გვიმხელს წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოს დავით ქარდავა.

საქართველოში არსებული განვითარებადი ბიზნესგარემოს პირობებში, პარტნიორი კომპანიებისთვის C-Team Management Consulting-თან თანამშრომლობის საკითხზე დადებით გადაწყვეტილებას ხელს უწყობს თანამშრომლების საერთაშორისო გამოცდილება.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში საერთო ჯამში 9 ადამიანია. პროექტების ხელმძღვანელთა პოზიციებზეც სწორედ აშშ-ში და ევროპულ ქვეყნებში დაგროვილი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანები არიან დასაქმებული.

"დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაგუნდელს შენნაირი ღირებულებები ჰქონდეს – დახმარების სურვილი, გუნდურობა თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; აღქმა, რომ პარტნიორი კომპანია მთავარი ფოკუსია. ზრუნვა მის განვითარებასა და წარმატებაზე", − გვიხსნის სალომე არღვლიანი.

ქართულ რეალობაში ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სხვადასხვა სფეროში კონკურენტული გარემო აღმოცენდა. დამფუძნებლებმა თუ ტოპმენეჯერებმა გაიაზრეს, რომ უპირატესობის მოსაპოვებლად აუცილებელ იარაღს გამოცდილება, ცოდნა და სწორი მენეჯმენტი წარმოადგენდა. სწორედ ამ მომენტში დადგა კონსულტანტთა არსებობის საჭიროება. გუნდისა, რომელიც მენეჯმენტში მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თვალით ხედავს, ზომავს მართვის კონკრეტული ფორმის არსებულ და პოტენციურ შედეგებს, თვლის რისკს და სთავაზობს ოპტიმიზებულ სქემას, რომელიც კომპანიას წარმატებისა და განვითარების პერსპექტივას მოუტანს.

კომუნიკაცია, როგორც წარმატების წინაპირობა

პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას კომუნიკაცია წარმოადგენს. იმის მიუხედავად, კომპანიის ოპერირების რა ეტაპზე უწევს C-Team Management Consulting-ის შემადგენლობას ჩართვა, გადამწყვეტ დეტალს თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად სტრატეგიული გეგმების, ლოკალური სტრატეგიებისა და ტაქტიკების შემუშავება წარმოადგენს.

სალომეს თქმით, მუშაობა მცირე მასშტაბის პროექტებზე პატარა კომპანიებთან დაიწყეს. "შევისწავლეთ ქართული ბიზნესრეალობა, ვნახეთ, რა მოთხოვნები აქვთ, სად გადის ზღვარი – წითელი ხაზი, რომელსაც არ გადაკვეთენ; დავხვეწეთ მიდგომები, სერვისები; ბაზარი დინამიკურად ვითარდება და გვინდა ტენდენციებს წინ ვუსწრებდეთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პროექტების არსებობა და პარტნიორი კომპანიის თანამშრომელთა ინტენსიური ჩართულობა პროექტებში, რადგან ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესში კომპანიის თითოეული წარმომადგენელი მონაწილეობს".

პირველი და უმნიშვნელოვანესი დეტალი კომპანიის სტრატეგიულ დოკუმენტაციასთან გაცნობაა. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტრატეგიული განვითარების გეგმა ან საერთოდ არ არსებობს, ანდა, უბრალოდ, ფურცელზე ჩამოწერილ სურვილად რჩება, რომლის დანერგვა და განხორციელება რეალობაში ვერ ხერხდება. შესაბამისად, C-Team-ის გუნდი დამფუძნებლებთან და ტოპ-მენეჯერებთან ერთად თავად იწყებს სტრატეგიული დოკუმენტაციის შედგენას/ცვლილებას, შემდეგ კი დეპარტამენტების მიხედვით სტრატეგიული გეგმებისა და მიზნების შემუშავებას.

"სტრატეგიული გეგმა არ უნდა დაიწეროს და დაიდოს მხოლოდ კონსულტანტების მიერ. იმისათვის, რომ სტრატეგია რეალობაში დაინერგოს ორგანიზაციაში, გადამწყვეტია მისი შემუშავების პროცესში მაღალი და საშუალო რგოლის ჩართულობა. იმისათვის, რომ გეგმის რეალობაში ამუშავება მოხერხდეს, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მიზნების ჩაშლა და დაკონკრეტება თითოეული ორგანიზაციული ერთეულისთვის. აქ უნდა დავსვათ კითხვა − რა მიზანი უნდა დაისახოს კომპანიის თითოეულმა დეპარტამენტმა, იმისათვის, რომ კომპანიამ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს? როგორ უნდა გავზომოთ, რამდენად აღწევს ესა თუ ის ორგანიზაციული ერთეული ან თანამშრომელი მიზნებს? თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს პირადი მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის სტრატეგიიდან და რომლებიც კომპანიის განვითარების პარალელურად, მის პირად მოტივაციას წარმოადგენს".

სტრატეგიული გეგმის ამოქმედების განსაზღვრა KPI -ს, იგივე თანამშრომელთა პერფორმანსის გაზომვის პარალელურად ხდება. KPI, საკვანძო ინდიკატორთა სისტემა, საშუალებას იძლევა განსაზღვროს, რამდენად აღწევს თითოეული თანამშრომელი სტრატეგიულ და ინდივიდუალურ მიზანს.

სწორედ აქ შემოდის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის როლი და როგორც სალომე ამბობს, ბევრ განვითარებულ კომპანიაშიც კი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მნიშვნელობა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებამდეა დასული.

სწორედ ამიტომ, C-Team Management Consulting-ის წევრები ტრადიციული ტერმინის, HR-ის ნაცვლად ადამიანური კაპიტალის მართვის ტერმინს იყენებენ. მაქსიმალურად ცდილობენ, დეპარტამენტის როლი გაზარდონ როგორც კომპანიის სტრატეგიული მიზნის მიღწევის, ისე თანამშრომელთა პერფორმანსის თუ კმაყოფილების დონის გაზომვისა და ამაღლების პროცესში.

"ყოველთვის უარს ვამბობთ პროექტებზე, თუკი კომპანიის დამფუძნებელი პროექტისთვის თანამშრომლების დროითი რესურსის გამოთავისუფლებაზე თანხმობას არ აცხადებს. ჩვენი გამოცდილებით, შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ პროექტი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ვახერხებთ კომპანიის საშუალო და მაღალი მენეჯმენტის რგოლის თანამშრომლების ინტენსიურ ჩართვას მასში. როგორც წესი, ჩვენი პროექტის ფარგლებში იქმნება ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც როგორც C-Team-ის, ასევე პარტნიორი კომპანიის ექსპერტები არიან ჩართულნი. ორივე მხარის ექსპერტიზის შერწყმით, საუკეთესო შედეგის მიღწევა ხდება შესაძლებელი. გარდა ამისა, მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის პარტნიორ ორგანიზაციებში ტრანსფერს", − ამბობს დავითი.

როგორ ვმართოთ საკონსულტაციო პროექტები სწორად?

იმისათვის, რომ C-Team Management Consulting-სა და პარტნიორ კომპანიას შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა სწორად განვითარდეს, რამდენიმე ფაქტორია გადამწყვეტი. დავითს და სალომეს მიაჩნიათ, რომ პარტნიორის შრომის დაფასება ამოსავალი წერტილია. დაუშვებელია, მიხვიდე ადამიანებთან, რომლებმაც შექმნეს და განავითარეს კომპანია, და უთხრა, რომ C-Team Management Consulting-ს მოწვევამდე მენეჯმენტი სრულიად არასწორად ხორციელდებოდა. მათი საქმიანობა დასაფასებელია, რადგან ისინი მივიდნენ განვითარების გარკვეულ ეტაპამდე. დასაფასებელია აგრეთვე, რომ მათ აღმოაჩინეს გამოწვევები და ორიენტირებულები არიან ამ გამოწვევების დაძლევაზე.

გადამწყვეტი როლი ეკისრება თითოეული რგოლის მენეჯერისა და თანაშრომელთა ჩართულობას. რაც უფრო მეტად ვრთავთ პროცესში, მით უფრო მარტივი ხდება დანერგვისა და ცვლილებების მართვის პროცესი.

მუშაობის სტილი გამჭვირვალე, თავიდანვე დეტალურად დაგეგმილი და კონტროლირებადია დამკვეთის მხრიდან. კერძოდ, ყოველთვის, სანამ პროექტი დაიწყება, გვაქვს შემუშავებული და პარტნიორთან შეთანხმებული შემდეგი პუნქტები:

მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროექტის მიზანი

  • პროექტის გამჭვირვალე ბიუჯეტირება
  • პროექტის შეფასების ინდიკატორები
  • დეტალურად გაწერილი პროექტის გეგმა
  • პროექტში პარტნიორი კომპანიის მხრიდან გამოსაყოფი ადამიანური რესურსი

C-Team Management Consulting-ის მთავარი ღირებულებები

ანტრეპრენერთა პროექტის ისტორია 3 წელიწადს ითვლის. როგორც ყველა სტარტაპს, C-Team-ს განვითარების გარკვეულ ეტაპზე დაუდგა პრობლემა, რომლის აღმოფხვრასაც ბევრ პარტნიორ კომპანიაში თავად ცდილობს.

მას შემდეგ, რაც კომპანიის რეალური შედეგების შესახებ ბიზნესწრეებში ცნობილი გახდა, მათ სერვისებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ საკუთარი კომპანიის მართვაში ცვლილებების შეტანა თავად დასჭირდათ. არსებული პროექტები დაასრულეს და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე დროებით უარი განაცხადეს.

შედეგად C-Team Management Consulting-მა შექმნა შიდა სამოტივაციო სისტემა თანამშრომელთათვის და დახვეწა თანამშრომლების რეკრუტინგის პროცესი.

"ჩვენს ერთადერთ კონკურენტულ უპირატესობას ჩვენი გუნდი წარმოადგენს. სხვა კაპიტალი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, შევქმენით თანამშრომელთა აყვანის საკმაოდ რთული და დახვეწილი სისტემა. ჩვენს კომპანიაში გვაქვს პარტნიორული მოდელი. სტაჟიორმაც იცის, რომ გარკვეული კარიერული საფეხურების გადალახვის შემდეგ მას აქვს შესაძლებლობა, გახდეს კომპანიის მეწილე და პარტნიორი. ვინაიდან დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ თანამშრომლის განვითარებაში, ჩვენთვის აუცილებელია, თავიდანვე დავინახოთ კანდიდატში – პროექტის მენეჯერი იქნება ის, ასისტენტი თუ სტაჟიორი – მისი პოტენციალი, რომ გახდეს პარტნიორი", − ამბობს დავითი.

თითოეული თანამშრომელი საცდელ პერიოდში ხვდება, რა პროცესებთან მოუწევს შეხება და რამდენად რთულია საკონსულტაციო პროექტებზე მუშაობა. მეორე მხრივ, თანამშრომელს ეძლევა საშუალება გაიზიაროს ცოდნა და გამოცდილება როგორც C-Team-ის ექსპერტებისგან, ასევე პარტნიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტისგან, რადგან ისინი თავიდანვე ჩართულები არიან პარტნიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან კომუნიკაციაში.

C-Team-ის ძირითადი გუნდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული და როგორც სალომე ამბობს, თანამშრომლობის ამოსავალი წერტილი საერთო ღირებულებები და დიდი პროფესიული გამოცდილებაა.

C-Team Management Consulting-ის გუნდი

დავით ქარდავა

C-Team-ის მმართველი პარტნიორი

დავით ქარდავამ უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში, თრირის უნივერსიტეტში, კონტროლინგისა და ფინანსური მენეჯმენტის განხრით. დავითს აქვს მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება გერმანიაში ისეთ საკონსულტაციო კომპანიებში, როგორებიცაა Pricewaterhauscoopers, Rödl&Partner, con|energy Unternehmensberatung, c.con Management Beratung. საკონსულტაციო კარიერის პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს, რომელთა ფარგლებშიც გერმანიის, შვეიცარიისა და იტალიის კომპანიებს ეხმარებოდა სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში, ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ორგანიზაციებში საკვანძო ინდიკატორებისა (KPI) და რისკის მენეჯმენტის სისტემების დანერგვაში. დავითი არის აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის ბიზნესსკოლის მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს ფინანსურ მენეჯმენტსა და სტრატეგიულ მართვაში.

სალომე არღვლიანი

C-Team Management Consulting-ის პარტნიორი

სალომე არღვლიანმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესადმინისტრირებაში ლაიფციგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სალომეს აქვს 11 წელზე მეტი პროფესიული მუშაობის გამოცდილება, საქართველოსა და გერმანიაში. იგი ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Vodafone Deutschland GmbH (გერმანია), TÜV Rheinland AG (გერმანია), Comparex Deutschalnd AG (გერმანია), Bell flavor and fragrences (გერმანია), BDO (საქართველო). დღეისათვის იგი კომპანიის თანადამფუძნებელია და ჩართულია მის მიმდინარე პროექტების მართვასა და ახალი პროექტების მოძიების პროცესში. სალომე არის აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს ადამიანური რესურსების მართვასა და სტრატეგიულ მენეჯმენტში.

ნათია ჭინჭარაული

C-Team Management Consulting-ის პროექტების დირექტორი

ნათია ჭინჭარაულმა უმაღლესი განათლება მიიღო აშშ-ში, არგოსის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. ნათია ასევე გვევლინება ბიზნესის, მართვისა და ადმინისტრირების საერთაშორისო საპატიო საზოგადოება Sigma Beta Delta International-ის აქტიურ წევრად. ნათიას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება ამერიკის ფინანსურ სექტორში, ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიც არის Capital One Bank, Citibank და Wells Fargo. აშშ-ში 13-წლიანი ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის შემდეგ, ნათია საქართველოში აქტიურად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს TBC ბანკში.

2018 წლის მაისში კი, ნათია შეუერთდა C-Team Management Consulting-ის გუნდს. იგი პასუხისმგებელია პროექტის ზედამხედველობაზე, პროექტის ხარისხის უზრუნველყოფაზე, ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების მართვაზე.

ნელი ბახტაძე

C-Team Management Consulting-ის პროექტების მენეჯერი

ნელი ბახტაძემ განათლება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის, ბარუკისა და ფორდამის უნივერსიტეტებში. ნელი გვევლინება აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტის PMI ინსტიტუტის (Project Management Institute) წევრად. ნელის აქვს 10 წელზე მეტი ხანგრძლივობის პროფესიული გამოცდილება ნიუ-იორკში, ჰონკონგსა და სინგაპურში. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფლობდა წამყვან პოზიციებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა ფინანსურ ტექნოლოგიებში ლიდერი კომპანია Symphony, საინვესტიციო ბანკები − Eyzenberg & co და Prestwick holdings (Partner/Investment Fund). ნელის აქვს გამოცდილება ტექნოლოგიების დანერგვის პროექტების მართვაში, ინოვაციების დანერგვისა და ბიზნესოპერაციების განვითარების განხრით 70-ზე მეტ ბანკთან, როგორებიცაა Goldman Sachs, JP Morgan Chase, Bank of America Merril lynch, Credit Suisse, Deutsche Bank, Wells Fargo.

ზაქრო ებელაშვილი

C-Team Management Consulting-ის პროექტის მენეჯერი

ზაქრო ებელაშვილმა მიიღო ეკონომიკისა და ფინანსების ანალიზის მაგისტრის ხარისხი პალერმოს უნივერსიტეტში (იტალია). აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ აქტივობებში, ვორქშოპებსა და კონფერენციებში. სამაგისტრო პროგრამის გავლის პერიოდში მონაწილეობდა ERASMUS + გაცვლით პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ერთი სასწავლო სემესტრი გაიარა დუბროვნიკის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. დღეისათვის ზაქროს უკავია პროექტის მენეჯერის პოზიცია და აქტიურად არის ჩართული C-Team-ის პროექტების მართვაში.

პარტნიორი კომპანიები:

პაატა კურტანიძე − "ავერსის" დამფუძნებელი

C-Team Management Consulting-თან თანამშრომლობა მათ მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა C-Team-ის ხელმძღვანელმა და გუნდმა. დავინახეთ ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილებით აღსავსე ადამიანები, რომლებმაც დიდი ცოდნა შეიძინეს და ბევრს მიაღწიეს უცხო ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში საკუთარი წვლილის შესატანად დაბრუნდნენ. მსურს, დასახული მიზნების მიღწევაში წარმატება ვუსურვო.

არჩილ ბაკურაძე − ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" დამფუძნებელი

C-Team Management Consulting-თან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდა. წარმატების საფუძველი მათი პროფესიული მიდგომა, პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტი და სფეროს სიღრმისეული ცოდნა იყო. C-Team-ის პროექტი კომპანიაში რამდენიმე საკვანძო ბიზნესპროცესის განახლებასა და ავტომატიზაციის საკითხს ეხება. თანამშრომლობის შედეგად, "კრისტალმა" ინვესტირება ახალ ტექნოლოგიებში გადაწყვიტა. პროექტის მეორე ნაწილი კი KPI-სა და კორპორაციული სტრატეგიის შემუშავებას შეეხებოდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ დასახული ამოცანების დროულ და ეფექტურ შესრულებას".

პაატა ჩიტორელიძე − სამშენებლო კომპანია Element Construction-ის დამფუძნებელი

C-Team Management Consulting-თან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. გრძელვადიანი და სანდო პარტნიორია, მოქნილი ცვლილებების მიმართ და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მჯერა, ერთად უამრავ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

ვასილ ახრახაძე − სადაზღვევო კომპანია "უნისონის" დამფუძნებელი

"უნისონი" სწრაფად მზარდ სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და ინოვაციური მართვითი ინსტრუმენტების დანერგვაზე. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, ვითანამშრომლოთ C-Team Management Consulting-ის გამოცდილ, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან. C-Team Management Consulting-ის დახმარებით, კომპანიაში ინერგება ეფექტიანი ბიზნეს-პროცეს-მენეჯმენტი (BPM) და საკვანძო ინდიკატორების სისტემა (KPI). განსაკუთრებით ღირებულია ჩვენთვის C-Team Management Consulting-ის თანამშრომლების მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და მათი პროფესიული მიდგომა პროექტის მიმართ.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია