3 გულწრფელი შეკითხვა, რომელიც შენს თავს უნდა დაუსვა, სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებ

"დადებითი აზროვნება მართლა ძალიან კარგია და ტვინის ასეთი მოწყობის გარეშე, ადამიანებს უზომოდ გაგვიჭირდება ფრენის დაწყება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამი წლის წინ ჩემი მეგობრებისთვის მობეზრებული და უცნობებისთვის საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე.

ნინო ცქვიტაია

წამოვედი ძალიან კარგი სამსახურიდან. მიზეზი არც ხელფასი, არც გუნდი, არც უფროსი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ოფისში მაგიდის ადგილმდებარეობა ყოფილა. არამედ იყო ჩემ შიგნით მოუსვენრად ჩასაფრებული კოდალა, რომელიც კაკუნით მიწვრილებდა გულს. ამ კაკუნ-კაკუნში ბევრი შეკითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხების გაცემის სურვილმა მოსვენება სრულიად დამიკარგა.

იქნებ რაიმეს ვტოვებ, იქნებ რაღაცები ხდება იმ დროს, როდესაც მე ოფისში ტრადიციულ ხუთშაბათის შეხვედრას ვესწრები?.. იქნებ არც ისეთი ძლიერი სპეციალისტი ვარ და უბრალოდ იმიტომ ვაკეთებ ამ საქმეს, რომ კომპანია და ბრენდი მიდგას უკან?.. იქნებ მეტი ფული შემიძლია ვიშოვო ნაკლები დროით და ძალისხმევით?..

ამ შეკითხვებზე პასუხი არ არსებობდა, ან არსებობდა იმდენი, რამდენ ადამიანსაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება უფიქრია. მათი პასუხები არ მაინტერესებდა, მე ჩემი მინდოდა მიმეღო და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება იმაზე მარტივად, ვიდრე ეს გარედან ჩანდა.

წამოვედი სამსახურიდან, ავიღე ოფისი, მოვიფიქრე (ჩემი თანამშრომელი სანდრო დამეხმარა) კომპანიის სახელი, დავხატეთ ლოგო, რომელიც ცოტა ხნის წინ შევცვალეთ, ავაწყვეთ ვებგვერდი, შევარჩიეთ და გავარემონტეთ ოფისი, ჩემი სტუდენტებიდან ავიყვანე 4 თანამშრომელი და პირდაპირ პროექტებზე მუშაობა დავიწყე.

კლიენტებმა არ დააყოვნეს – სხვადასხვა თხოვნით, პროექტით, შეთავაზებით.

ოფისის კარზე სტენსილით გასაღები გვაქვს დახატული (კომპანიას KEY COMMUNICATIONS ჰქვია) და ზოგჯერ გასაღებების დუბლირებაზეც კი გვაკითხავდნენ).

საქმე გადასარევად მიდიოდა და მიდის პრინციპში, თუმცა არსებობს შეკითხვები, რომელზეც პასუხები რომ მქონოდა, შესაძლოა ბევრი სტრესი და უსიამოვნება ჩემს თავთან ამერიდებინა.

ამ შეკითხვების თავისუფლად მორგება შეგიძლიათ ცხოვრების სხვა სიტუაციებზეც – ოჯახის შექმნიდან დაწყებული, კარიერის არჩევით დამთავრებული. ხშირ შემთხვევაში, ჩემნაირი ვარდისფერსათვალიანი ადამიანები ასეთ პრაგმატულ მიდგომებს სკეპტიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი აუცილებლად ძალიან ძალიან კარგად იქნება, სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და ა.შ.

ეს დადებითი აზროვნება მართლა ძალიან კარგია და ტვინის ასეთი მოწყობის გარეშე, ადამიანებს უზომოდ გაგვიჭირდება ფრენის დაწყება, თუმცა სკეპტიკური და ხშირად პესიმისტური მიდგომის გარეშე, ჩვენი ფრენა ცოტა ხანს გაგრძელდება და ძალიან მტკივნეულიც შეიძლება იყოს დაშვება.

ამ შეკითხვებზე პასუხები ნამდვილად არ მქონდა, ჩემს საქმეს რომ ვიწყებდი, უფრო სწორად, ისიც არ ვიცოდი, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ოთახის ავეჯის ფერი, რომელიც დიდხანს და გულდასმით ვარჩიე.

 

პირველი შეკითხვა:

სოლოს ცეკვავთ, დუეტში, თუ დასში გირჩევნიათ ყოფნა?

გაგეცინებათ, მაგრამ ერთ სავარჯიშოს გასწავლით: დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ცეკვავთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცეკვა ჩვენი სურვილებისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებების გამოხატვაა. მე დიდი მოცეკვავე არ ვარ, თუმცა ყველაზე მეტად მომწონს და გულს მიჩქარებს ცეკვა „ბოლეროს“ ნახვა.

„ბოლერო“ არის ცეკვა, სადაც თითქოს მარტივ რიტმს უკრავს საკმაოდ დიდი შემადგენლობის ორკესტრი, ხოლო მოცეკვავე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას. რამდენჯერაც უნდა ნახო ეს ცეკვა, ყოველთვის ძალიან ჩართული ხარ. ფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება შეცვალოს მოცეკვავემ, ააჩქაროს ან შეანელოს ტემპი. ოდნავ დაძაბულიც კი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ – ამდენი ადამიანის ყურადღების ცენტრში მყოფ მოცეკვავეს შეიძლება რაიმე შეეშალოს და არავინ არის მის გვერდით, რომ გადაფაროს მისი ეს შეცდომა.

მარტო ხარ, უკან დიდი ორკესტრი გიდგას, რამდენიმე წუთში კორდებალეტიც აგყვება, თუმცა შენი ძირითადი საქმე მაყურებელთან, ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი რიტმის დაჭერაა, როდესაც არც მათ მობეზრდებათ შენი ცქერა და არც შენ დაგეხვევა თავბრუ.

ზოგს „ფლამენკოს“ ცეკვა მოსწონს – ექსპრესიითა და ცეცხლოვანი ქალებით, რომლებისთვისაც მარტივია სამყაროს ფეხის ბაკუნით დაუმტკიცონ, ვინ არის აქ ბოსი. ზოგი აჭარული ცეკვის მრავალფეროვნებით ან ირლანდიური ცეკვის სინქრონით და დისციპლინით იხიბლება.

ეს მეტაფორა იმიტომ მოვიყვანე, რომ სანამ თქვენს საქმეს დაიწყებთ, კარგად გაიაზრეთ, რა არის თქვენი ცხოვრების რიტმი, ანტურაჟი და კოსტიუმი, სადაც საუკეთესოდ გრძნობთ თავს.

მარტო გირჩევნიათ მუშაობა, პარტნიორთან ერთად, რომელიც თქვენს საქმეს გაინაწილებს, ან იმას გააკეთებს, რაც თქვენ არ გამოგდით, თუ გუნდთან ერთად, სადაც ყველას მოძრაობა ერთმანეთთანაა შეთამაშებული?

მე სოლომოთამაშე აღმოვჩნდი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გამოცდილება და უნარები ადამიანთა გუნდს სიამოვნებით გაუზიაროს ან ამ უნარების ტრანსფორმირება განახორციელოს. როგორც აღმოჩნდა, მიჭირს დიდი გუნდის მართვა, იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის ნაკლები დრო მრჩება და არც დიდად პარტნიორული გამოცდილებით ვარ ბედნიერი.

მეორე შეკითხვა:

რა არის თქვენი ძირითადი მოტივაცია?

საკუთარ კომპანიას ან ბიზნესს იწყებენ ადამიანები, ვისაც ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე საერთო თვისება აერთიანებთ. ეს არის სიახლის, ექსტრემისა და თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელთათვისაც თავისი რაობის გამოხატვა ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.

თუმცა საკუთარი საქმის წამოწყებისას, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის ის მოტივაცია, რომელიც ყოველდღე საწოლიდან წამოგახტუნებთ (მე გვიან ვიღვიძებ, მაგრამ მაინც).

ეს შესაძლოა იყოს ფული, გავლენა; შესაძლოა იყოს ახალი სიტყვის თქმის, უსამართლობასთან ბრძოლის, პროცესების შეცვლის სურვილი.

ჩემ შემთხვევაში, პროფესიული და პირადი სურვილები ძალიან დაემთხვა ერთმანეთს, და ჩემი ძირითადი მამოძრავებელი ძალა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი აღმოჩნდა.

სურვილი ერთია და მონეტიზაცია მეორე. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის პროექტებად გადაქცევა ყოველთვის არ გამოდის, ჰოდა უინტერესო საქმის კეთება კიდევ ნამდვილად არ მინდა. ასე რომ, ასეთ რაღაცაზე შევუთანხმდი ჩემ თავს – არცერთ საქმეს არ მოვკიდებ ხელს მხოლოდ ფულის გამო, თუმცა ენთუზიაზმზე მუშაობაც აღარ მეხალისება.

მესამე შეკითხვა:

კომპრომისი, რომელზეც არასოდეს წავალ?

ყველაზე ცუდი და კარგი რამ ცხოვრებაში არის ფაქტი, რომ ჩვენი დრო ჩვენს ხელში არ არის. არ ვიცით, რამდენი 24 საათი გვაქვს დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ადამიანის ბუნებრივი სურვილია მაქსიმალური სიამოვნება, სარგებელი და შინაარსი მიიღოს ამ დროისგან. თუმცა ეს სამი სიტყვა სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულ საქმიანობასთან ასოცირდება.

აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ჩემი გაცდენილი ფილმის პრემიერა, დრო, რომელიც ვერ გამოვნახე, რომ ესპანური ენა კარგად ვისწავლო, ან ახალი წიგნი წავიკითხო, ვარჯიში და სპავიზიტი მენანება. როგორც აღმოვაჩინე, არცერთი ახალი პროექტი არ მიღირს იმად, რომ ღამე გავათენო, ჯანსაღი ცხოვრების სტილზე უარი ვთქვა და ჯანმრთელობა დავიზიანო.

სამწუხაროდ, ცხოვრება ჩვენზე მორგებული არ არის და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, თუმცა იმისათვის, რომ ყველა გამოცდას შედარებით მარტივად გაუძლოთ, უნდა გახსოვდეთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია და რა კომპრომისზე არ წახვალთ არაფრისდიდებით. იყავით დადებითი განწყობით, თუმცა ყველა შესაძლებლობა კარგად აწონ-დაწონეთ და ჯანსაღი სკეპტიციზმი გამოიჩინეთ.

დამიჯერეთ – ცხოვრება მრავალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. მთავარია, თქვენ დახვდეთ მომზადებულები.