სუპერდამაჯერებელი ადამიანების 13 თვისება

დამაჯერებელ ადამიანებს ამოუხსნელი უნარი აქვთ, საკუთარ მოსაზრებებში დაგარწმუნონ

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგ ადამიანს ამოუხსნელი უნარი აქვს, საკუთარ მოსაზრებაში დაგარწმუნოს.

entrepreneur

არ აქვს მნიშვნელობა, ცდილობთ ბოსს თქვენი პროექტი დააფინანსებინოთ, თუ მოზარდ შვილს ფეხსაცმლის ჩაცმა აიძულოთ – დარწმუნების უნარი წარმატების მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტია.

დამაჯერებელ ადამიანებს ამოუხსნელი უნარი აქვთ, საკუთარ მოსაზრებებში დაგარწმუნონ. მათი საიდუმლო იარაღი თავის მოწონებაა. ისინი გაიძულებენ მოგეწონოთ მათ იდეებზე ბევრად მეტი – თავად ისინი.

ძალიან ბევრი იმ არასწორ მოსაზრებას იზიარებს, რომ ადამიანებს მხოლოდ მათი თანდაყოლილი და დაუსწავლელი თვისებების გამო უნდა მოეწონოთ, რომლებიც მხოლოდ იღბლიანებს დაჰყვათ – კარგი გარეგნობა, სანატრელი სოციალურობა და საოცარი ნიჭიერება. მარტივია, მსგავსი ცრურწმენის მსხვერპლი გახდეთ. სინამდვილეში, მოეწონებით თუ არა სხვას, თქვენზეა დამოკიდებული და ამას ემოციური ინტელექტი(EQ) განსაზღვრავს.

კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის დროს, ცდის პირები იმ 500 ზედსართავი სახელით შეაფასეს, რომელთაც „მოსაწონი ადამიანის“ განმსაზღვრელად თავად მიიჩნევდნენ. ყველაზე „რეიტინგულ“ ზედსართავებს არაფერი ჰქონდათ საერთო ისეთ საყოველთაოდ მიღებულ მახასიათებლებთან, როგორებიცაა სასიამოვნო გარეგნობა, ინტელექტუალურობა, მიმზიდველობა (შინაგანი თვისებები). მაღალრეიტინგული ზედსართავები თავმდაბლობა, გულღიაობა და გამგებიანობა (სხვებზე მიმართული თვისებები) აღმოჩნდა.

ამ ეპითეტებს მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე, დახვეწილი კომუნიკატორების მიმართ იყენებენ. TalentSmart-ის მიერ მილიონზე მეტი ადამიანის კვლევისას შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი, ვინც ამ უნარებს ფლობენ, არა მხოლოდ მოსწონთ სხვებს, არამედ სხვებზე უკეთაც მუშაობენ.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების იმ მახასიათებლების განსასაზღვრად, რომლებიც მათ დამაჯერებელ პერსონებად აქცევთ, მოკვლევა ჩავატარეთ. ქვემოთ იმ პატარა ხერხებზე მოგითხრობთ, რომლებსაც განსაკუთრებულად დამაჯერებელი ადამიანები თავის სასარგებლოდ იყენებენ.

მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა

 დამაჯერებელი ადამიანები არასოდეს იგებენ ბრძოლას, რომელიც ომის წაგებად დაუჯდებათ. მათ კარგად იციან, როდის უნდა დადგნენ მტკიცედ და მიზნის მისაღწევად მსხვერპლსაც ხშირად გაიღებენ. მათ დათმობაც შეუძლიათ, უკანდახევაც და გარშემომყოფების გასახარად ბევრ რამეს აკეთებენ. ასე იმიტომ იქცევიან, რადგან იციან – გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანების გულს მოიგებენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ბევრად უკეთესია იყო წარმატებული, ვიდრე „მართალი“.

არ არიან „მიმწოლები“

დარწმუნების უნარის მქონე ადამიანები საკუთარ იდეას მტკიცედ და თავდაჯერებულად ატარებენ, თუმცა აგრესიულები და „მიმწოლები“ არ არიან. „მიმწოლი“ პერსონა დიდი თავისტკივილია. მიმღებისთვის თქვენი იდეების პირდაპირ სახეში მიხლა ამ უკანასკნელთ აიძულებს, თავდაცვითი პოზიცია აირჩიონ. დამაჯერებელი ადამიანები კი ბევრს არც ითხოვენ, არც საკუთარ პოზიციას იცავენ გამეტებით. იციან, რომ თავმდაბლობა გრძელვადიან პერიოდში ბევრის გულს მოიგებს. თუკი ზედმეტად აგრესიულად მიგაჩნიათ თავი, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეზე გაამახვილეთ აქცენტი. ნუ გახდებით მოუთმენელი და ზედმეტად „მიმწოლი“. გაითვალისწინეთ – თუკი თქვენი იდეა მართლაც კარგია, სხვებსაც მოაწონებთ, თუკი დროს მისცემთ. სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა ეს იდეა სრულიად შეუმჩნეველი აღმოჩნდეს.

არ არიან შეუმჩნეველნი

მეორე მხრივ, საკუთარი იდეის კითხვის სახით წარდგენა და ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ვინმეს მხარდაჭერას ელით, არადამაჯერებელია. თუკი მორცხვები ხართ, თქვენი იდეების ფაქტებად წარდგენაზე გაამახვილეთ აქცენტი. თქვენი აზრი საინტერესოდ გადმოეცით. ასევე, საუბრიდან განსაზღვრებები ამოიღეთ. როდესაც ცდილობთ დამაჯერებელი იყოთ, წინადადებაში ისეთი სიტყვების ადგილი, როგორებიცაა „ვფიქრობ“ და „თუ შესაძლებელია“, არ არის.

იცნობენ საკუთარ აუდიტორიას

დამაჯერებელ პერსონებს საკუთარი აუდიტორია თავიდან ბოლომდე აქვთ შესწავლილი. ამ ცოდნას კი მათთვის გასაგებ ენაზე სასაუბროდ იყენებენ. მორცხვ ადამიანთან თქვენი დამარწმუნებელი ტონის დაწევა, ხოლო აგრესიულ, ენერგიულ ტიპაჟთან ტონალობის აწევა, ცოდნა, რომ ყველა განსხვავებულია და მათი მახასიათებლების გათვალისწინება, დაგეხმარებათ თქვენი მოსაზრებები უფრო გასაგები გახადოთ.

სურათს გიჩვენებენ

კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანების დარწმუნება ბევრად მარტივია, თუკი მოსაზრებას ვიზუალის დახმარებით გააცოცხლებთ. დამაჯერებელი ადამიანები ვიზუალური საშუალებების გამოყენებით ახერხებენ კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი დამაჯერებლობა. როდესაც არსებული ვიზუალური საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი ან შესაფერისი, ისინი შთამბეჭდავ ისტორიებს ყვებიან და საკუთარ აზრებს აცოცხლებენ. კარგად მოყოლილი ამბავი მსმენელში გამოსახულებას აჩენს, რომლებთან დაკავშირება იოლია, ხოლო დავიწყება – ძნელი.

მათი სხეულის ენა დადებითია

ჟესტების, გამომეტყველებისა და ხმის ტონალობის გაცნობიერება (და დარწმუნება, რომ ისინი დადებითია) ადამიანებს თქვენი არგუმენტაციის მიმართ ღიად განაწყობს. ენთუზიაზმით გამსჭვალული ტონალობა, ხელების ჩამოშვება, თვალით კონტაქტის დამყარება და იმ ადამიანის მხარეს გადახრა, ვისაც ესაუბრებით, სხეულის ენის დადებითი მაგალითებია. დამაჯერებელი ადამიანები მას საუბარში ჩასართავად იყენებენ. დადებითი ჟესტები აუდიტორიას საუბარში ჩააბამს და დაარწმუნებს, რომ რასაც ამბობთ, სიმართლეა. და როდესაც საქმე დარწმუნებაზე მიდგება, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამბობთ სათქმელს, და არა ის, რასაც ამბობთ.

ისინი იღიმიან

ადამიანები ბუნებრივად (და გაუცნობიერებლად) ირეკლავენ მოსაუბრის სხეულის ენას. თუკი გსურთ, ხალხს თავი მოაწონოთ და დამაჯერებელი იყოთ, საუბრის დროს გაიღიმეთ. ისინიც გაუცნობიერებლად გიპასუხებენ იმავეთი და თავსაც კარგად იგრძნობენ. დამაჯერებელი ადამიანები ბევრს იღიმიან, რადგან საკუთარი იდეების მიმართ მართლაც ენთუზიაზმით არიან განწყობილნი. და ვისაც უნდა ესაუბრებოდეთ, ამას გადამდები ეფექტი აქვს.

ისინი თქვენს მოსაზრებას აცნობიერებენ

დარწმუნების უძლიერესი ტაქტიკა სხვისი მოსაზრების მართებულობის დაშვებაა. აღიარეთ, რომ თქვენი არგუმენტი იდეალური არ არის. ამით მიხვდებიან, რომ გონებაგახსნილი ხართ და მიზანზე უხეშად კონცენტრაციის ნაცვლად, გსურთ, საკუთარ არგუმენტაციაში შესწორებები შეიტანოთ. აუდიტორიას უნდა გააგებინოთ, რომ მათი ინტერესების საუკეთესო გამტარებელი ხართ. სცადეთ გამოიყენოთ ისეთი განცხადებები, როგორებიცაა: „ვხვდები, საიდან გამომდინარე საუბრობთ“; „არგუმენტი ძალიან აზრიანია“. ეს მიანიშნებს, რომ მათ საუბარს აქტიურად უსმენთ და თქვენი არგუმენტების ძალით გატარებას არ ცდილობთ. დამაჯერებელი ადამიანები ოპონენტებს საშუალებას აძლევენ, პოზიცია დაიცვან და მათ მოსაზრებებს მართებულად მიიჩნევენ. ეს საქციელი პატივისცემაზე მეტყველებს, რაც საპირისპირო მხარეს მყოფს მისი მოსაზრების გათვალისწინებისკენ უბიძგებს.

ისინი კარგ შეკითხვებს სვამენ

საუბრის დროს დაშვებული უდიდესი შეცდომა მოლაპარაკის სიტყვების ნაცვლად თქვენს სათქმელზე ფოკუსირება ან იმაზე ფიქრია, რამდენად ახდენს სხვისი სიტყვები თქვენსაზე გავლენას. საუბარი ხმამაღლა და ნათლად ისმის, თუმცა, აზრი იკარგება. თავის დაზღვევა, უბრალოდ, ბევრი შეკითხვის დასმით შეგიძლიათ. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც უსმენენ. ისეთი მარტივი რამ, როგორიც დამაზუსტებელი შეკითხვაა, აგრძნობინებს, რომ უსმენთ და გადარდებთ, რაზეც საუბრობენ. გაოცდებით, შეკითხვების დასმის შემდეგ რამხელა დაფასება და პატივისცემა გხვდებათ წილად.

ისინი სახელით მოგმართავენ

სახელი თქვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები სახელს გიწოდებენ. დამაჯერებელი პერსონები შეხვედრის დროს ყველას სახელით მიმართავენ. ადამიანს სახელი მხოლოდ მაშინ არ უნდა დაუძახოთ, როდესაც ესალმებით. კვლევა გვიჩვენებს, რომ საკუთარი პერსონის ვალიდურობის განცდა ძლიერდება, როდესაც საუბრის დროს სახელით ხშირად მოგვმართავენ.

ისინი კომუნიკაციას ამყარებენ

მეტი შანსია, ადამიანებმა თქვენი მოსაზრება გაიზიარონ, როდესაც ხვდებიან რა ტიპაჟი ხართ. მოლაპარაკებების შესწავლის დროს, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს კლასში შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ინსტრუქციების გარეშე, 55%-მა დავალება წარმატებით შეასრულა. თუმცა მაშინ, როდესაც სტუდენტებს უთხრეს, საკუთარი თავი წარედგინათ, მოეყოლათ წარსულზე, ვიდრე მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, მცდელობა წარმატებული 90%-ის შემთხვევაში აღმოჩნდა. მთავარია, მოლაპარაკებების პროცესში ზედმეტად არ ჩაერთოთ. პერსონა, ვისთანაც საქმეს იჭერთ, ადამიანია და არა მხოლოდ ოპონენტი ან მიზანი. მნიშვნელოვანი არგუმენტიც კი აზრს დაკარგავს და თქვენს თითოეულ სიტყვაშიც დაეჭვდებიან, თუკი კომუნიკაცია ადამიანურ დონეზე არ შედგა.

ისინი გულწრფელები არიან

გულწრფელობა და კეთილსინდისიერება დამაჯერებლობისთვის აუცილებელი ფაქტორებია. არავის მოსწონს სიყალბე. ადამიანები გულწრფელებისკენ უფრო კეთილგანწყობილები არიან, რადგან ენდობიან. რთულია დაუჯეროთ ვინმეს, როდესაც არ იცით ვინ არის და რას გრძნობს. დამაჯერებელი პერსონის ამოცნობა ყველას გამოსდის. ისინი საკმარისად თავდაჯერებულნი არიან და თავს კომფორტულად გრძნობენ. როცა კონცენტრირდებით თქვენს მამოტივირებელ ძალასა და ბედნიერების მომტან ფაქტორებზე, ბევრად საინტერესო და დამაჯერებელი გახდებით. იმის ნაცვლად, რომ გარშემომყოფებს თავი ისეთად მოაჩვენოთ, როგორიც არ ხართ, თუმცა გსურთ იყოთ.

მათ იციან, როდის დაიხიონ უკან

დამაჯერებლობისთვის სულსწრაფობა საფრთხეა. კვლევები ცხადყოფს, რომ როდესაც ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად დაარწმუნოთ სხვები რამეში, მათ საკუთარ აზრზე დარჩენის სურვილი უჩნდებათ. თქვენი მოუთმენლობა მათ კონტრარგუმენტებით საკუთარი მოსაზრების დასაცავად უბიძგებს. თუკი თქვენი პოზიცია მყარია, არ შეგეშინდეთ უკანდახევის და „მშვიდი ცურვის“. კარგი იდეები ხანდახან რთული გადასამუშავებელია და მცირე დროის დახარჯვა დიდ შედეგს მოგიტანთ.

ზემოთქმულის შეჯამება მოგცემთ შემდეგს:

დამაჯერებელი ადამიანები გარშემომყოფების ემოციების წაკითხვასა და პასუხის გაცემაში დახელოვნებულნი არიან. მათი საფუძველი ემოციური ინტელექტია, მისი მეშვეობით ადამიანებს საკუთარ მოსაზრებაში არწმუნებენ. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონეებს 90%-ით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვებს. დაამატეთ ეს თვისებები თქვენს „რეპერტუარს“ და დამაჯერებელთა ექსკლუზიური გუნდისკენ მიმავალ გზასაც დაადგებით.