My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

როგორ დავიწყო ბიზნესი

გადაზიდვა მარტივად!

STYX – გადაზიდვის ბიზნესის ახლებური გააზრება
გადაზიდვა მარტივად!
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღილაკზე თითის ზუსტად ერთი დაჭერაა საკმარისი იმისათვის, რომ თქვენი ძველი გარდერობი აგარაკზე, 500 ტომარა ფქვილი საწარმოში, ან 3 ტონა კარტოფილი ჰიპერმარკეტში მოხვდეს. STYX – ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ტვირთის გადაზიდვას თქვენთვის სასურველ დისტანციაზე. გაგიკვირდებათ და, STYX-ის საკუთრებაში არც მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი არ ჰყავს და მით უმეტეს, არც ტანკერი. კომპანიის მთავარი ფუნქციაა, შეასრულოს მედიატორის როლი დამკვეთსა და გადამზიდ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს შორის. Startup Georgia, Seedstars, USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მსოფლიო ბანკი – STYX მათი რჩეულია. Startup Georgia-ს 100 ათასლარიანი გრანტის მიღების შემდეგ, ახლად ჩამოყალიბებულმა კომპანიამ მსოფლიო ბანკის დაფინანსება მოიპოვა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მსოფლიო მასშტაბით გადაზიდვის სერვისის ავტომატიზების, გამარტივებისა და გაიაფების საქმეს მოჰკიდა ხელი.

ლაშა გორგოშიძეს მიაჩნია, რომ გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დიდი შანსი აქვთ, ტვირთის გადაზიდვის ბიზნესი შეცვალონ, გააიაფონ, გაამარტივონ და რაც მთავარია − ხარისხი და სანდოობა მოიპოვონ.

გუნდში სამი ადამიანია: პროფესიით ეკონომისტი ლაშა გორგოშიძე, ექიმი და ფიზიკოსი ალექსანდრე ქურიძე და პროგრამისტი ცოტნე ონიანი.

სამი წლის წინ სამმა მეგობარმა სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ საქმეზე ხელი მალევე ჩაიქნიეს. „ავტოპარკისა და სატვირთოების შენახვა ძვირი სიამოვნებაა და დიდი დრო მიაქვს. ეს იდეა თავიდანვე არ მომწონდა და განხორციელების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მიმაჩნდა, რომ დიდ დროსა და ნერვებს წაგვართმევდა. ბაზარზე არსებული პრობლემების სირთულიდან გამომდინარე მივხვდით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. გვსურდა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვექმნა გარემო, სადაც ყველა მხარე მოგებული დარჩებოდა, პროდუქტი, რომელიც გადამზიდ კომპანიებს ტვირთის გამგზავნებთან დააკავშირებდა. აღნიშნული ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა და შესაბამისად, მის განხორციელებაზეც ერთად დავიწყეთ ზრუნვა“, – იხსენებს ალექსანდრე ქურიძე.

2016 წელს, იდეისა და ბიზნესგეგმის დამუშავების შემდეგ, Startup Georgia-ს გრანტების პროგრამაში სცადეს ბედი და მათდა სასიხარულოდ, გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა ყველაზე შრომატევადი და რთული ეტაპი ჯერ კიდევ წინ ელოდათ – STYX-ის ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნამ წელიწადზე მეტი წაიღო.

„ხარისხიან IT-პროდუქტზე მუშაობა კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. STYX-ი უდიდესი შრომის ნაყოფია. მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა ელექტრონული ბაზარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა გამგზავნებისა და გადამზიდების ერთმანეთთან ონლაინსივრცეში დაკავშირება. გარდა ამისა, მომხმარებლისთვის ისეთი დამატებითი სერვისები უნდა შეგვექმნა, რომლებშიც საკომისიოს გადასახდელად მზად იქნებოდა“.

ზემოაღნიშნული სერვისის არსი შემდეგი გახლავთ: რეგისტრირდებით STYX-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში − როგორც გამგზავნი, ისე გადამზიდი ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპის ტვირთის გადაზიდვის მსურველი საიტზე ან აპლიკაციაში უთითებს ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადასატანი ტვირთის ტიპს, წონასა და ზომას, ასევე, გადაზიდვის ოპტიმალურ დროს. სწორედ აქედან იწყება გადამზიდთა „რბოლა“ და მასში იმარჯვებს ის, ვინც მომხმარებელს მისაღებ ფასსა და დროს შესთავაზებს.

დამკვეთს შეუძლია გაგზავნილ ტვირთს თვალყური ადევნოს GPS რუკაზე ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, მომხმარებლების სიმშვიდისა და დაცულობისთვის STYX-მა სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ თანამშრომლობაც დაიწყო. თითოეული ტრანზაქციის დაზღვევა თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. „ალდაგთან“ ერთად შევქმენით პროდუქტი, რომელიც დაზღვევის გადასახადს ავტომატურად აგენერირებს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც პროგრამულადაა შევსებული. მაგალითად, რა სახეობის ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება, ფეთქებადია, მსხვრევადი თუ აალებადი. ფასდება რისკი და დგინდება ტარიფი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაზეა მორგებული და არა სტანდარტიზებული. ამ შემთხვევაში, კმაყოფილია გამგზავნიც და სადაზღვევო კომპანიაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტვირთს ვაზღვევთ ყველაფრისგან, გარდა დაგვიანებისა. სერვისპაკეტში გათვალისწინებულია როგორც შესაძლო ბუნებრივი კატასტროფები, ისე კრიმინალისა და დაზიანების საფრთხეები. ტარიფის გენერირება სამართლიანია, ელექტრონული და ავტომატური“.

კომპანია შემოსავალს საკომისიოს სახით იღებს − თითოეული განხორციელებული ტრანზაქციიდან 10%-ს, რომელსაც გადამზიდი კომპანია იხდის.

ყველა გადამზიდი ერთ ბაზაში

USAID-ის პროექტში გამარჯვების შემდეგ, დამფუძნებლები მთელი საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ გადამზიდ კომპანიასა და კერძო პირს შეხვდნენ, ჩაატარეს კვლევები,  ფოკუსჯგუფები , და შეადგინეს გადამზიდების მონაცემთა ბაზა, რომელიც ამჟამად STYX-ის პლატფორმაზეა თავმოყრილი.

ლაშა გორგოშიძე ხშირად უსვამს ხაზს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას. მას მიაჩნია, რომ თუკი ქვეყანას სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნად სურს ქცევა, კერძო ბიზნესმა თვითგანვითარებაზე უნდა იზრუნოს და ისეთი სერვისები შექმნას, რომლებიც, პერსპექტივაში, დადებით გავლენას მოახდენენ როგორც უშუალოდ კომპანიაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე. „როდესაც ქვეყანაში ანაკლიის პორტი შენდება, აბრეშუმის გზის პროექტი ხორციელდება, კერძო ბიზნესმა უნდა იზრუნოს, რომ ქართულმა გადამზიდებმა მინიმუმ ქართული თუ მეზობლების, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, საერთაშორისო ტვირთებიც ატარონ. თუ ეს ბაზარი სწრაფად არ მოემზადა ცლილებებისთვის, ცუდი შედეგი დადგება. ჩვენი პროექტი ასრულებს ერთგვარი ლიდერის როლს იმისათვის, რომ ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში ახალი ერა დაიწყოს“.

საერთაშორისო პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი და აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს, სერვისის გამოყენება უკვე შესაძლებელია. „ნებისმიერი ახალი ბიზნესი ან/და წამოწყება, რომელიც საჭიროებს ტრანსპორტირებას, ჩვენი პირდაპირი მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ მარკეტინგზე და რეკლამირებაზე არც კი გადავსულვართ, უკვე გვპოულობენ როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ. ეს არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დამსახურება, რომელიც ჩვენს ვებგვერდს გავუკეთეთ“.

ამ ეტაპზე გადაზიდვები მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, თუმცა პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ STYX-ის შესაძლებლობები საქართველოს ბაზარს სცდება და განვითარების შემდეგ ეტაპზე საერთაშორისო გადაზიდვების პლატფორმად ქცევას შეძლებს. „ქვეყნის გარეთ გასასვლელად, სულ მცირე, რეგიონული ოფისი და სხვადასხვა ბაზარზე პრომოუშენი გვჭირდება. მომავალში, როცა მაგალითისთვის პოლონური გამგზავნი კომპანია განათავსებს შეკვეთას STYX-ის პლატფორმაზე და მას ქართული გადამზიდი გამოეხმაურება, პირველი პრეცედენტიც შედგება. ჩვენი მიზანია, მთლიანად ციფრულ სივრცეში გადავიტანოთ დამკვეთსა და გადამზიდს შორის ურთიერთობა. გვსურს, ისეთი ბრენდი, როგორიცაა DHL-ი და მომხმარებელი STYX-ში შეხვდნენ ერთმანეთს“.

გადაზიდვების ფასწარმოება

ვინაიდან STYX-ი გადამზიდსა და ტვირთის მეპატრონეს შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს, საკუთარ თავზე არც ფასწარმოებას იღებს და არც მძღოლებს ტვირთავს რეგულაციებით. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი თავისუფლება მივცეთ მომხმარებელს, რათა თავად გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა რომელიღაც გადამზიდი მაღალ შეფასებას. თუკი გამგზავნი მიიჩნევს, რომ მზადაა თავისი ტვირთი ანდოს კომპანიას, რომელსაც ჩვენს რეიტინგში 5-იდან 1 ბალი აქვს, მისი გადასაწყვეტია, ჩვენ არ ჩავერევით. ფასწარმოქმნაში არ ვმონაწილეობთ, გადამზიდები ფასს თავად სთავაზობენ, არჩევით კი მომხმარებელი ირჩევს“.

ამ ეტაპზე პროექტის ავტორთა პრიორიტეტი ყველა ოპერაციის ავტომატიზება და გამარტივებაა. ეგრეთ წოდებული „ბაგების“, ანუ შეცდომების აღმოჩენისა და აღმოფხვრის შემდეგ, STYX-ი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ სტადიაზე შესაძლებელი გახდება მარკეტინგულ სტრატეგიასა და კამპანიებზე მუშაობაც, რათა კომპანიამ ხმა მიაწვდინოს გადამზიდ სუბიექტებს. აღნიშნული სერვისის გამოყენება შეეძლება მომხმარებელს ერთი ლოკაციიდან მეორეზე ნებისმიერი ტვირთის გადასატანად − საოჯახო ნივთებიდან დაწყებული, საწვავით დამთავრებული.

TMS – ქაოსის რეგულატორი

STYX-ის დამფუძნებლებს ცოტა ხნის წინ მორიგი პროექტის იდეა გაუჩნდათ. გადაწყვიტეს ქართული TMS, იგივე ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა შეექმნათ და დაენერგათ.

TMS-პლატფორმის მიზანია გადამზიდებს ეგრეთ წოდებული  გამოწერაზე დაფუძნებული (Subscription Based) სერვისი  მიჰყიდოს.

ეს იქნება ხელსაწყო გადამზიდებისთვის, რომელიც საკუთარი ავტომობილების გადაადგილების განრიგის დაგეგმვაში, მოსახერხებელი მარშრუტებისა და ტვირთების სწორი გადანაწილების ორგანიზებაში დაეხმარება. პროექტის მიზანია გადამზიდების ხარჯების ოპტიმიზაცია თანამედროვე, უნიკალური ალგორითმის მეშვეობით, რაც გაზრდის მათ ეფექტურობას და საშუალებას მისცემს მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენონ არსებული რესურსი.

„მსოფლიო ბანკის გრანტი − 100 ათასი ლარი სწორედ ამ იდეამ მოგვაგებინა. ბიუჯეტის ათვისება 1 ოქტომბერს დავიწყეთ. TMS-სისტემა ვებგვერდზე იმუშავებს, აპლიკაციის ფორმით კი მას მძღოლები გამოიყენებენ. სწორედ აპლიკაციაში შეძლებენ დისპეტჩერისგან სხვადასხვა დავალების მიღებას“.

ტრანსპორტის მენეჯმენტის სისტემა მსოფლიოში აპრობირებული სერვისია. ამით სარგებლობა კომპანიებს სოლიდური თანხა უჯდებათ, რადგან ადგილმდებარეობის თრექინგისათვის მოწყობილობები ავტომანქანებში მონტაჟდება. „ჩვენი საოპერაციო ხარჯი და შესაბამისად, სერვისის ღირებულება კი დაბალი იქნება, რადგან ავტომობილთა თრექინგს მძღოლების მობილურის ან პლანშეტის მეშვეობით შევძლებთ“, – აღნიშნავს ალექსანდრე.

და რა სარგებელი მოაქვს მძღოლების ლოკაციის ცოდნას? პროექტის ავტორთა საბოლოო მიზანია, გადამზიდმა კომპანიებმა თუ კერძო პირებმა სხვადასხვა ტვირთი პარალელურად ატარონ, ასევე აიღონ შეკვეთები უშუალოდ STYX-ის აპლიკაციიდან, თუკი გამგზავნი გზად ან უკან მიმავალ მარშრუტზე გამოჩნდება. „შეგვიძლია STYX-ის პლატფორმიდან TMS-ის მომხმარებელს ვკითხოთ, რა ფასად წამოიღებს ტვირთს უკან მიმავალ გზაზე. მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ღირებულება შესაძლოა არარეალურად იაფიც კი გამოვიდეს“.

 

 

 

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur