⚡ Get All Content for 20% Off ⚡

და მაინც – კი თუ არა? "კი"-ც და "არა"-ც!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

Entrepreneur-ის ივნისის ნომრის სარედაქციო სვეტის თემას „კი თუ არა?" კვლავ მინდა დავუბრუნდე. თუმცა, ჯერ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მოისმინა ამ თემაზე ჩაწერილი ჩემი პირველი პოდკასტი, რომლის განახლებას, იმედი მაქვს რეგულარულად შევძლებ და საინტერესო თემებზე აუდიოფორმატშიც გესაუბრებით. პოვნით კი მიპოვით ყველგან, სადაც ინტერნეტია:

Soundcloud.com/Entrepreneur Georgia

და მაინც – „კი" თუ „არა"?

თუ ვინმეს „კი"-ს მიმართ ჩემი მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება და სიმპათია გადაჭარბებულად მოეჩვენა, მათი გულის მოსაგებად ვიტყვი: „კი"-ც და „არა"-ც!

გააჩნია ვინ. გააჩნია როდის. გააჩნია რატომ.

ჩემი დაკვირვებით, ასაკისა და გამოცდილების მატების პარალელურად, „კი"-ს დოზა მცირდება, „არა" კი იზრდება.

სანამ ახალგაზრდა ხარ, როცა ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ და ყველაფერი გაინტერესებს – შესაბამისად ახალ შესაძლებლობებზეც არ ამბობ უარს და ენთუზიაზმით ეჭიდები ახალ გამოწვევებს.

შემდეგ დგება გარდამავალი პერიოდი, როცა „კი" და „არა" ერთმანეთს ენაცვლება, ამას კი უკვე მოყვება მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული გამოცდილებით გამდიდრებული ეტაპი, როცა განსაკუთრებულად აფასებ შენ მიერ არჩეულ საქმეზე დახარჯულ თითოეულ წუთს, გეძვირფასება შენ მიერ არჩეული ცხოვრების სტილი და არაფერს და არავის აძლევ ამ დალაგებულ, კონცენტრირებულ, ხარისხიან სივრცეში შემოჭრისა და არსებული კომფორტის დარღვევის საშუალებას – რაც უნდა მიმზიდველად და საინტერესოდ ჩანდეს ახალი შეთავაზებები...

თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში ეს ეტაპები სხვადასხვა დროს დგება.

„არა"-ს თქმას დამსახურება უნდა. „არა" იმ გამორჩეულ ადამიანებს უხდება, ვინც იმდენად ღირებულს ქმნის, რომ ახალ შეთავაზებაზე „კი"-ს თქმით მხოლოდ დაკარგავს, ვიდრე შეიძენს.

მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა „არა", როცა შენს დროსა და ენერგიას გაცილებით მნიშვნელოვანსა და ღირებულზე ხარჯავ − იქნება ეს საქმე, ჰობი თუ პირადი ცხოვრების სტილი.

„არა" მაშინაა გამაღიზიანებელი, მაშინაა გაუგებარი, როცა „არა"-ს მთქმელი, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა „კი" და ახალი გამოწვევა მიეღო, კვლავ აგრძელებს არაფრის ან რაიმე უმნიშვნელოს კეთებას და საკუთარი კომფორტის ზონაში უდარდელად ცხოვრებას.

ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 25 წელია, 18 წლის ასაკიდან არცერთი დღე უქმად არ გამიცდენია, ამ ჩემი „კი"-სადმი მიდრეკილების გადამკიდე, მუდამ Trial and Error-ში ვარ და საერთო ჯამში 25-ჯერ 365-დღიან უწყვეტ გამოცდილებას ვითვლი, რაც ექსპერიმენტებში, შეცდომების დაშვებასა და მათ გამოსწორებაში, ახლის ძიებაში დახარჯული 10 ათასამდე დღე გამოდის, ეს კი არცთუ ცოტაა დასკვნების გამოსატანად – მხოლოდ ახლა მიჩნდება განცდა, რომ დროა, უფრო სწორად დრო მოდის, რომ არა ყოველთვის და ყველაფერზე, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ვთქვა კარგად გააზრებული „არა".

უფრო სწორად, ნელ-ნელა დავიწყო უარის თქმა და ნელ-ნელა გავუგო გემო „არა"-ს.

თუმცა „კი" ჯერ კიდევ მაინც მექაჩება თავისკენ. ვნახოთ, როდის დადგება მტკიცე „არა"-ს დრო. მეც ძალიან მაინტერესებს…

P.S. ჩემივე ლოგიკის მიხედვით, თუ „კი" ახალგაზრდობის თანმდევი ფენომენია, მაშინ სულაც არ მინდა მალე მოვიდეს „არა"-ს დრო და მირჩევნია, ჩემი ბევრი „კი"-თ კიდევ დიდხანს დავრჩე ახალგაზრდა!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია