როგორ გახდნენ ეს ფრანჩაიზები ფრანჩაიზერები

ოთხივე ანტრეპრენერმა გარისკა, ზოგიერთმა ახალი ბრენდი შექმნა, ზოგმა - სათავო კომპანია იყიდა და საბოლოოდ ყველა დიდი ბოსი გახდა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ ფრანჩაიზი ხართ და გინდათ ფრანჩაიზერი გახდეთ, სრულიად ახალ უნარებს უნდა დაეუფლოთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბრძენი ან წარმატებული ფრანჩაიზი იყავით, ფრანჩაიზერობაზე გადასვლა არასოდესაა მარტივი. ეს გზა ოთხმა ანტრეპრენერმა გაიარა და ისინი თავის ყველაზე ფასეულ გაკვეთილებს გვიზიარებენ.

Pixabay

„დაადგინეთ, რაში გჭირდებათ დახმარება“

ნადერ მასადე ბავშვი იყო, როდესაც მისი ოჯახი იორდანიიდან ცინცინატიში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს მისი ნათესავების უმრავლესობა რესტორანში მუშაობდა. „როდესაც შეერთებულ შტატებში ემიგრანტის სტატუსით ჩამოდიხარ, ახალ ქვეყანაში დასამკვიდრებლად ახალი უნარები გჭირდება, − ამბობს იგი, − „ასეთ დროს ყველაზე მარტივი რესტორნებში მუშაობაა“.

არც მასადე აღმოჩნდა გამონაკლისი: Taco Bell-სა და Burger King-ში დაიწყო მუშაობა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვა გზა აირჩია. მანქანათმშენებლობა და ბიზნესი შეისწავლა. პირველად ავტონაწილების მწარმოებლებთან მუშაობდა, შემდეგ − Procter & Gamble-ში. 2004 წელს ფრანშიზა − Buffalo Wings & Rings შეიძინა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მას მამამისი უხელმძღვანელებდა, მაგრამ სულ მალე ამ ბიზნესმა სერიოზულად გაიტაცა.

„ეს ბრენდი მომწონდა, ეს ნიშა, ეს საკვები“, − განაცხადა მან, − „ვერ ვიგებდი, რატომ არ იყო წარმატებული“. დარწმუნებული იყო, რომ თუ პროფესიულად შეხედავდა საქმეს და ყველაფერს მოაწესრიგებდა, ნამდვილი ჰიტი გახდებოდა. ბრენდის შეძენა 2005 წელს გადაწყვიტა და მფლობელი მის წინადადებას დაეთანხმა.

Buffalo Wings & Rings-ის შეძენის შემდეგ მასადემ ორი პარტნიორი მოიძია და პირველი დიდი პრობლემაც აღმოაჩინა. „სხვა მაღაზიების მფლობელებს სალიცენზიო შეთანხმება ჰქონდათ გაფორმებული, ისინი მუდმივ გადასახადს არ იხდიდნენ და ამიტომ არანაირი კორპორაციული მხარდაჭერა არ ჰქონდათ“, − განაცხადა მან. ეს ავტომატურად ნიშნავდა უფულობას და ამიტომ კომპანიის ყველა პრობლემის მოგვარება შემოქმედებითად უნდა ეცადა. ამას თითქმის ხუთი წელიწადი და ბევრი რამის შეცვლა დასჭირდებოდა − კომპანიის ფრანჩაიზებთან ურთიერთობების გადახედვა, სად უნდა გაეხსნათ ახალი ობიექტები და ისიც კი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესტორნები.

ახლა მასადეს რამდენიმე საკმაოდ მკაცრი რჩევა აქვს ფრანჩაიზებისთვის, რომლებსაც სურთ ფრანჩაიზერები გახდნენ: „დიდებული ფრანჩაიზი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს დიდებული ფრანჩაიზერი და პირიქით. უნდა იცოდეთ რა უნარები გაქვთ, ისიც, თუ რაში დაგჭირდებათ დახმარება და ისეთი ადამიანები უნდა დაიქირავოთ, რომლებიც ამ გარდამავალ პროცესში დაგეხმარებიან“.

რა ისწავლა მან

1: ინვენტარიზაციის ჩატარება

მასადემ და მისმა პარტნიორებმა ის დააფასეს, რაც ჰქონდათ: რაღაც ძველი უნიფორმები და ტექნიკა საწყობში; ვადაგასული დოკუმენტი ფრანშიზის გახსნის შესახებ. შემდეგი 18 თვე მოსამზადებელ ოპერაციებს მოახმარეს − ახალი წესდება შექმნეს, მარკეტინგის გეგმა, ბროშურები პოტენციური ფრანჩაიზებისთვის და გაერთიანებული მენიუ. „ადრე კორპორაციული მხარდაჭერა არ გვქონდა და ყველაფერი ჩვენი ხელით უნდა გაგვეკეთებინა“, − იხსენებს იგი.

2: ყველაფრის თავიდან დაწყება

ბრენდს ცინცინატიში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა იმის გამო, რომ რესტორნებს ადრე ცუდად მართავდნენ. ამიტომ გართულდა ახალი ფრანჩაიზების იქვე მოძებნა; მაგრამ როდესაც მასადემ ინტერნეტში სარეკლამო განცხადებები გამოაქვეყნა, კალიფორნიიდან, ტექსასიდან და ფლორიდიდან, დაინტერესდნენ. გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც შესაძლებლობები იყო და ბრენდის განახლება, ყველაფრის თავიდან დაწყება სცადა. „შეთანხმებები ბრენდის განვითარების შესახებ დიდი გამარჯვება იყო“, − ამბობს იგი (დღეს ცინცინატიში 12 მაღაზიაა გახსნილი და მათგან 9 ფრანშიზაა).

3: აუდიტორიის გაფართოება

Buffalo Wings & Rings ჩვეულებრივი სპორტული ბარების უმრავლესობას წააგავდა: ჩაბნელებული, მამაკაცური და ხმაურიანი იყო. „მივხვდით, რომ თუ ოჯახურსა და ქალებისთვისაც სასიამოვნო იერს შევძენდით, უკეთესი შესაძლებლობები გამოგვიჩნდებოდა“, − იხსენებს მასადე. მათ უფრო ნათელი და არცთუ ხმაურიანი სასადილო ოთახი დაამატეს. ტუალეტებიც გაცილებით ადვილად მისადგომი გახადეს, ბარის გვერდის ავლით, პირდაპირ სასადილო ოთახიდან შეიძლებოდა გასვლა. ავეჯიც განაახლეს, რომ ინტერიერი გაცილებით მიმზიდველი ყოფილიყო.

4: საკუთარი ბაზრის მოსმენა

მასადა და მისი ერთ-ერთი პარტნიორი იორდანიიდან არიან და იმედი ჰქონდათ, რომ იქაც გახსნიდნენ რესტორანს. მათი პირველი სამი მცდელობა ჩაიშალა. „ჩვენი მოდელის ადაპტირება გადავწყვიტეთ ადგილობრივი კულტურის შესაბამისად, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მომხმარებელს ეს ნამდვილად არ სურდა“, − ამბობს იგი, − „მათ ამერიკანიზებული რესტორანი აინტერესებდათ − ქათმის ფრთები, ინგლისური მენიუ, სპორტი, ბარი“. ამიტომ მათ ამერიკული მოდელის მაღაზიები გახსნეს და გაყიდვები ასტრონომიული ტემპით გაიზარდა.

„მირჩევნია, ჩემი ბედი თავად გადავწყვიტო“

ალექსის კორტნიმ სკოლის მასწავლებლად 8 წელიწადი იმუშავა, მეორე შვილზე იყო ორსულად, როდესაც უცებ მიხვდა, რომ მასწავლებლად მუშაობას აღარ გააგრძელებდა. მისი მეუღლე, ნილ კორტნი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა Famous Brands International-ს (TCBY და Mrs. Fields Cookies-ის დამფუძნებელი კომპანია). ოჯახი საკუთარი ბიზნესის გახსნაზე ფიქრობდა, მაგრამ არც იდეა ჰქონდათ და არც მზად იყვნენ.

ერთხელ ალექსისმა ქალიშვილი თმის შესაჭრელად საბავშვო სალონში მიიყვანა. Cookie Cutters Haircuts − ეს ერთადერთი სალონი იყო მთელ იუტას შტატში და იქაურობით გაოცებული დარჩა. გადაწყვეტილება მიიღო, Cookie Cutters-ის ფრანჩაიზი გამხდარიყო. „ეს მაღაზია შევიძინეთ, რომელშიც ექვსი სტილისტი მუშაობდა და პირველსავე შაბათს 135 ვარცხნილობა გავაკეთეთ“, − ამბობს ალექსისი. ისეთი დიდი მოთხოვნა იყო, რომ იუტაში კიდევ ექვსი ობიექტი გახსნეს.

ალექსისის ახალი ფრანჩაიზის საქმეები კარგად წავიდა, თუმცა მხოლოდ გარკვეული ხნით. ნილის კომპანია კოლორადოში გადავიდა და ოჯახიც იქ გადაიყვანა, ნილი დააწინაურეს − კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ამის გამო ალექსისი იძულებული იყო, თავისი Cookie Cutters-ის მისახედად ორ შტატს შორის წინ და უკან ევლო. ამის გაკეთებას როგორღაც ახერხებდა, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არ იყო იდეალური.

2014 წელს Cookie Cutters-მა კორტნების ოჯახს შესთავაზა ბრენდი ეყიდათ. მათ იყიდეს კომპანია და ნილი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ხოლო ალექსისი − მთავარი საოპერაციო ოფიცერი. ეს დიდი ცვლილება იყო − როგორც ემოციური ისე, ფინანსური, მაგრამ ისეთი, რომ შედეგი გამოიღო. ახლა ეს ბრენდი მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული, თითქმის 100 ადგილას ფუნქციონირებს.

რა ისწავლა მან

1: განვითარება ნელი ტემპით

კორტნის Cookie Cutters-ის შესაძენად ნაღდი ფული არ ჰქონდა. შესაბამისად, ოთხი თვე დაფინანსების საკითხების დაგეგმვაში გაატარეს. მათ დროც ჰქონდათ ხელსაყრელი გეგმის შესადგენად და იმ რისკ-ფაქტორების დასადგენად, რომლებსაც საკუთარ თავზე იღებდნენ. „იძულებული გავხდით საპესიო პროგრამის თანხაც კი ამ ბიზნესისკენ მიგვემართა, რაც ცოტა არ იყოს საშიში ჩანდა“, − იხსენებს ალექსისი, − „მაგრამ ჩვენ რომ არა, ვინმე სხვა შეიძენდა. მირჩევნია, ჩემი ბედი თავად გადავწყვიტო“.

2: ექსპერიმენტების ჩატარება გაყიდვის არხებით

Cookie Cutters-ის წინა მფლობელი ახალი ობიექტების გაყიდვას აღარ ცდილობდა, მაგრამ კორტნებს კიდევ სურდათ შეძენა. მათ თავიანთი ფრანშიზის გახსნის დოკუმენტი განაახლეს და რეკლამაზე დაიწყეს ზრუნვა. ინტერნეტ-რეკლამაში $30,000 ჩადეს, მაგრამ ერთი ახალი ფრანჩაიზიც კი არ გამოჩენილა, ამიტომ საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია FranNet-თან დაიწყეს თანამშრომლობა, რომელიც პოტენციურ ფრანჩაიზერებს პოტენციურ ფრანჩაიზებთან აკავშირებს. „თითქმის ყველა ფრანშიზის შეძენაში FranNet დაგვეხმარა“, − ამბობს იგი.

3: ახალი უნარების შეძენა

ალექსისს აუცილებლად უნდა ესწავლა ამდენი ფრანჩაიზის მართვა. მან Asana შეარჩია − პროექტების მენეჯმენტის აპლიკაცია. „ნებისმიერი ფრანჩაიზისთვის ცალკე დაფა მაქვს“, − ამბობს იგი, − „თუ Cookie Cutters-ში ახალი თანამშრომელი მოდის, მისთვის 12-კვირიანი გეგმა მაქვს შედგენილი, ყოველკვირეული სატელეფონო ზარებითა და 4-5 ამოცანით დაწყებული, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. ეს გვეხმარება ჩვენი საქმეებიც მშვიდად ვაკეთოთ და არც ახალი პარტნიორები გადავღალოთ“.

4: კომუნიკაციების შეცვლა

კორტნები ფრანშიზის მართვისას საკმაოდ მარტივ ოპერაციებს ასრულებდნენ: ალექსისი თავის ამოცანებს, ნილი − თავისას. ეს იყო და ეს. მაგრამ ახლა უკვე გაცილებით მსხვილ კორპორაციას მართავენ და ამიტომ სტილის შეცვლა აუცილებელი გახდა. „ჩვენი ოპერაციები შეთანხმებული რომ იყოს, ყველაფერმა, რასაც ვაკეთებთ, კიდევ ერთი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს“, - ამბობს ალექსისი.

 „კაპიტალის ასამუშავებელი ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს“

როდესაც დევიდ გრეჰემმა ახლანდელი ბიზნესი − Code Ninjas დააარსა, ბავშვებისთვის ჩვეულებრივი კი არა, განსაკუთრებული კოდირების სკოლის შექმნაზე ოცნებობდა. „ამ ბიზნესის დაარსება ნამდვილად დროული იყო. დანამდვილებით ვიცოდით, რომ ამ სფეროში ვიღაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწევდა და გვინდოდა, ეს ჩვენ ვყოფილიყავით“, − ამბობს იგი.

Code Ninjas გრეჰემისთვის ძველი საქმიანობის გახსენება იყო − კოდირება დიდი ხანია მოსწონდა და მოულოდნელად სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავიდა. კარიერა დაიწყო, როგორც პროგრამისტმა, კონსალტინგური ფირმის მფლობელმა და მმართველმა, ვიდეოთამაშების ბიზნესიც ჰქონდა და კოდირების პროგრამაც ზრდასრულთათვის, შემდეგ... ფიტნესის სამყაროზე შეაჩერა ყურადღება.

„განმეორებადი შემოსავლების ეს მოდელი მომწონდა“, − ამბობს იგი გულახდილად, − „მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა გამეხსნა სატრენაჟორო დარბაზი“. იგი 2010 წელს გახდა Anytime Fitness-ის ფრანჩაიზი, უკვე დიდი გაკვეთილი ჰქონდა მიღებული. „ფრანჩაიზინგის პოტენციალი გაფართოების მოდელში დავინახე და ვიფიქრე, რომ თუ ოდესმე იდეა მომივიდოდა თავში, რაც შეიძლება დიდ მასშტაბებზე და სწრაფად უნდა მეცადა − კაპიტალის ასამუშავებელი ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს“.

2016 წელს მან Code Ninjas იდეა მოიფიქრა, ანუ პროგრამირების სკოლა ბავშვებისთვის, რომელშიც მთავარი ხალისიანი განწყობა უნდა ყოფილიყო. ძლიერი ინფრასტრუქტურა შექმნა და ფრანჩიზების ობიექტების გაყიდვა დაიწყო. გზად დაბრკოლებები შეხვდა, მაგრამ ოპერაციების გამეორებამ და პარტნიორების მომსახურებაზე ზრუნვამ, Code Ninjas საუკეთესო პროდუქტად აქცია, რომელმაც სულ 20 თვეში 380 ობიექტი გაყიდა.

რა ისწავლა მან

1: ნიშის განსაზღვრა

გრეჰემს მიაჩნდა, რომ მისი კონკურენტები პროგრამირების სფეროში მთლიანად აკადემიურ მეცნიერებაზე იყვნენ ორიენტირებული. „ჩვენ კი გვინდოდა, ბავშვებს Code Ninjas-ში მოსვლის სურვილი ჰქონოდათ“, − ამბობს იგი. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს, რომ სწავლა სახალისო ყოფილიყო. ფრანშიზის დაწყებამდე რამდენიმე სასწავლო პროგრამა გამოცადეს. „ყველაფერი გამოვცადეთ − ლექციები, კომპიუტერული შეცდომების გასწორების პროგრამები და ბოლოსდაბოლოს მივხვდით, რომ ამ ბავშვებს ჩვენს პლატფორმებზე საკუთარი თამაშების შექმნა უნდოდათ“, − ღიმილით იხსენებს გრეჰემი.

2: მომზადება მასშტაბის გასაზრდელად

იგი აღიარებს, რომ თავიდან არასწორად შეაფასა, რამდენი ადამიანი გადაიხდიდა ფულს სისტემაში შესასვლელად. „ექვს თვეში 12 ერთეული გავყიდეთ, ეს ტემპი ნამდვილად არ იყო კარგი“, − ამბობს იგი. მან ორჯერ შეამცირა ფრანშიზის გადასახადი და დამატებითი ხარჯები, რომ პოტენციური კლიენტებისთვის ეს ბიზნესი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა და საქმე წინ წავიდა − პირველ წელს 240 ფრანშიზა გაყიდეს.

3: ფრანჩაიზების მომსახურება

„ჩვენ ადრევე მივხვდით, რომ ზოგიერთი ჩვენი ფრანჩაიზი ჩემსავით მეტისმეტად გულჩათხრობილი იყო. ისინი ინტროვერტები არიან“, − ამბობს იგი. ამიტომ მისმა გუნდმა პარტნიორების დასახმარებლად საუკეთესო სისტემა შექმნა. „მაგალითად, კვირაში ერთხელ ვურეკავთ კომპანიის ხელმძღვანელებს, ყველაფერს განვიხილავთ, რაც კი კომპანიაში ხდება. თუ რაიმე აინტერესებთ, მათაც შეუძლიათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“.

4: მკაფიო მიზნების დასახვა

ბრენდმა ისე სწრაფად დაიწყო ზრდა, რომ გრეჰემმა ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები შექმნა, რომლითაც კომპანიის წარმატების მონიტორინგი იყო შესაძლებელი ყველა დონეზე. ამით დარწმუნდა, რომ ხარისხის სფეროში ყველაფერი კარგად იყო. „ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები ნებისმიერ თანამშრომელს აქვს და ისინი გუნდის მენეჯერთან და ხელმძღვანელობასთან მიდის“, − ამბობს იგი, − „ამით ვგრძნობთ ორგანიზაციის პულსს. ეფექტურობის ეს საკვანძო მაჩვენებლები ჩვენი გულისცემაა, გულის რიტმია და ამიტომ, თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ, არ გვეცოდინება მიდის თუ არა ყველაფერი სტაბილურად“.

„თუ ფრანჩაიზი წარმატებული არ არის, ვერც ჩვენ ვიქნებით წარმატებულები“

სამი ალდიბმა კარგად იცის, რომ ყველაზე გადატვირთული პიცის ბაზარია. მაგრამ ამის მიუხედავად, აქ დიდი შესაძლებლობები იმალება. „პიცა ყველასთვის და ყოველთვის სასურველი იქნება“, − ამბობს იგი, − „შესაძლოა მილიონერი იყოთ და მაინც პიცას მიირთმევდეთ; ან კოლეჯის სტუდენტი და სტუდენტური ბიუჯეტით ყიდულობდეთ მას. ამიტომაა ეს ინდუსტრია $45-მილიარდიანი“.

ალდიბმა ამიტომ გადაწყვიტა პიცაზე ყურადღების გამახვილება, თუმცა იქამდე 10 წელი ისეთი ბრენდების ფრანჩაიზი იყო, როგორიცაა Marble Slab, Subway და Great American Cookies. შემდეგ დაახლოებით 30 ადგილას გაყიდა თავისი პორტფოლიო და Urban Bricks-ისთვის დაიწყო თავისი კონცეფციის დამუშავება, Chipotle-ს სტილის რესტორანი შექმნა, ოღონდ პიცის ფრანშიზა.

„15 წლის წინ მხოლოდ ჩემი საყვარელი მექსიკური რესტორნის ბურიტოს თუ მივირთმევდი სან-ანტონიოში“, − ამბობს იგი, − „მაგრამ ახლა Chipotle-ში საკუთარი ბურიტოების მომზადება მომწონს. ამერიკას ყველაფერი განსაკუთრებული უყვარს და რატომ არ უნდა მეცადა პიცით რაიმე განსაკუთრებულის შექმნა? ახლა უკვე ყველას შეუძლია თავისი პიცისთვის სასურველი ინგრედიენტების შერჩევა“.

ფრანჩაიზის ათწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ახალი ბრენდის ფრანჩაიზერობა დიდი შოკი აღმოჩნდა. „ადრე, საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშაულებდი, თუ რომელიღაც მაღაზია კარგად არ მუშაობდა და ოპერაციებთან დაკავშირებით რაღაც ხდებოდა“, − ამბობს იგი, − „მაგრამ როდესაც ფრანჩაიზერი ხარ, სულ სხვა საქმეა. თუ ფრანჩაიზი წარმატებული არ არის, ვერც ჩვენ ვიქნებით წარმატებულები“.

რა ისწავლა მან

1: ითხოვეთ დახმარება

ალდიბი ფრაშიზის დაწყებასთან დაკავშირებულმა ბიუროკრატიამ გააოგნა. „წარმოდგენაც კი ძნელია, რამდენი დოკუმენტი და ფული დამჭირდა ბიზნესის გასაფორმებლად“, − ამბობს იგი. საქმეების მარტო წარმოების ნაცვლად, ამ საკითხის განსახილველად სტრატეგიული პარტნიორებისა და რესურსების მოძიება გადაწყვიტა. „მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ფრანჩაიზინგის საერთაშორისო ასოციაციის მიმართ. ეს საუკეთესო რესურსი იყო. სავარაუდოდ, საუკეთესი ინვესტიცია, რომელიც ოდესმე დაგვიბანდებია“, − იხსენებს ალდიბი.

2: კარგი ფრანჩაიზის ფასი

ალდიბს სიცოცხლით სავსე და აქტიური ფრანჩაიზები უნდოდა და არა ისეთები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ბიზნესში. ამიტომ შედარებით დაბალი ფასების დაწესება გადაწყვიტა. დღეს ამაყობს იმით, რომ მისი ფრანშიზის გადასახადი მხოლოდ $35,000-ია. „მათ პოზიციაში მეც ვყოფილვარ, ასე რომ მათი შესაძლებლობები ვიცი“, − ამბობს იგი, − „ჩვენ საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება გვქონდა განვითარებისა და გაფართოების, და მენიუს ხარჯებთან დაკავშირებითაც. რესტორნის ბიზნესი საკმაოდ რთულია და გვინდა იგი სტაბილური და საიმედო გავხადოთ“.

3: მკაფიო მიზნების დასახვა

ალდიბი დარწმუნებული იყო, რომ სისტემაც შექმნა და მთელი რიგი რეკომენდაციებიც შეადგინა, რომლებიც მის ფრანჩაიზებს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. მაგრამ მათთვის ხელის ჩაკიდება ნამდვილად არ უფიქრია და ამის შესახებ წინასწარ შეატყობინა. „ყოველთვის ვეუბნები პარტნიორებს“, − ამბობს იგი, − „თევზის დაჭერას აუცილებლად გასწავლით, მაგრამ თევზს არ დაგიჭერთ. თუ საკუთარი ხელით არ ისწავლით მუშაობას, არც ამ და არც ნებისმიერ სხვა ბიზნესს ხელი არ უნდა მოჰკიდოთ“.

4: გამოაკეთეთ, რაც დაზიანებულია

ალდიბმა ისწავლა, რომ ყველა ფრანჩაიზი ვერ მოიპოვებს სწრაფად წარმატებას და ამიტომ, თუ მაღაზია კარგად არ მუშაობს, წინასწარ ჩარევას ცდილობს. „თუ მათ არ გაუმართლებთ, არც ჩვენ გაგვიმართლებს“, − ამბობს იგი, − „წინსაფრებს ვიკეთებთ, გუნდს თავიდან ვამზადებთ და იმის აღდგენას ვიწყებთ, რაც ფრანჩაიზს პირველ რიგში მოსწონდა. ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ და ბრენდს დავეხმაროთ, რომელსაც წარმატების შანსი მიეცა“.