📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Amadaam: ბიზნესის გაციფრულების ქართველი პიონერები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Amadaam

ცოტა ხნის წინ დაარსებული პროგრამული ანალიტიკური უზრუნველყოფის ქართული კომპანია Amadaam საკუთარ სერვისს ნებისმიერი ტიპის ბიზნეს ან არაკომერციულ ორგანიზაციას სთავაზობს, რომელიც ცდილობს 21 საუკუნის ტექნოლოგიურ გამოწვევებს ციფრული ტენდენციების გამოყენებით უპასუხოს. იდეის ავტორები და დამფუძნებლები პაატა დოღონაძე, სანდრო შუბლაძე და გიორგი წყაროველი არიან. სანდრო პროგრამისტი და ფინანსისტია, პაატა იურისტი, ხოლო გიორგი − მედიკოსი. საერთო ინტერესებით გაერთიანებულ გუნდში თანხმდებიან, რომ წარმატების ფორმულა პროგრესსა და ტექნოლოგიებშია.

დამფუძნებლები Entrepreneur-ს უყვებიან, რომ კომერციული მიდგომა და იდეის ბიზნესად ჩამოყალიბება ამჟამინდელი დირექტორის, სანდრო შუბლაძის ინიციატივით დაიწყო. იდეის უნიკალურობაც გარკვეულწილად მისი გამოცდილებით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავდება, დამფუძნებლების თქმით, პროგრამირება და ფინანსები თანაბრადაა მათი საუკეთესო მხარე და სწორედ ამ ორი სფეროს მაღალ დონეზე კომბინირებულ დამუშავებას მოითხოვს Amadaam-ის საქმიანობა.

პირველი პროდუქტი, რომელიც შეასრულეს როგორც გუნდმა ქართულ ბაზარზე, იყო მესამე უმსხვილესი ბანკის დაკვეთა, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების მიხედვით ავტომატური რეპორტინგის სისტემის მომზადება SQL-თან ინტეგრაციით. შედეგმა დამკვეთებში დიდი მოწონება დაიმსახურა. არასწორად მიაჩნიათ, როცა მსხვილი კომპანიები დღემდე თვლიან, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებისთვის აუცილებლად უცხოურ კომპანიებს უნდა მიმართონ.

„21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა შესაძლებლობების უკიდეგანო არეალი. შეუძლებელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც არ ზრუნავს ციფრული პლატფორმის დანერგვაზე − როგორც გაყიდვებისა და შესყიდვების, ასევე უშუალოდ წარმოების პროცესში. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიღებული ნებისმიერი პრობლემის ციფრული გზებით გადაწყვეტაში. ჩვენ არ ვცდილობთ რომელიღაც კონკრეტულ საკითხზე პროგრამის შემუშავებას და შემდგომ მის გაყიდვას, როგორც სერიული პროდუქტისას. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია კონკრეტულ პრობლემებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება, რომელიც პირდაპირ პასუხობს კლიენტის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, არ გვქონია შემთხვევა, როცა ერთი პროგრამა ორჯერ გავყიდეთ. მიზეზი მარტივია − შეუძლებელია თუნდაც ერთ ინდუსტრიაში დაკავებული ერთი და იგივე მასშტაბის ორ კომპანიას გამოადგეს იდენტური პროდუქტი. ხოლო მაგალითად, Microsoft-ის, SAP-ის ან Oracle-ის დაქირავება, რომ სერიული საბუღალტრო ან სხვაგვარი აღრიცხვის ალგორითმი თქვენს საჭიროებებზე მოარგოს, ადვილი წარმოსადგენია, რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული. სიახლე და მნიშვნელოვანი უპირატესობა ასევე ჩვენი გუნდის მრავალფეროვნებაშია. თუ თავად არ გაქვთ გადაწყვეტილი, კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში ჩვენი კონსულტანტები დაგითვლიან, რა ტიპის პროცესების ავტომატიზაცია იქნება თქვენთვის უფრო სასარგებლო და მოსალოდნელ შედეგებსაც გაგაცნობენ", − გვეუბნებიან დამფუძნებლები, რომლებსაც კომპანიიის დაარსებამდე ცალკ-ცალკე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ თავიანთ სფეროში.

შეკითხვაზე, თუ რა ტიპის სირთულეებს აწყდებიან როგორც დამწყები კომპანია, შემდეგი პასუხი მივიღეთ: „გამოწვევები განსხვავდება ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ქართულ ბაზარს რაც შეეხება, აქ თავდაპირველად გვიწევს მტკიცება ჩვენი სერვისის საჭიროების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებთ საკუთარი თავის შეთავაზებას. თუმცა დადებითი სხვაობა რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით თვალსაჩინოა. გაციფრულების საჭიროებაში უკვე ეჭვი აღარავის შეაქვს არც ქართულ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტრენდი თითქოს ვერ გახდა საკმარისი მოტივაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში. კითხვაზე, არის თუ არა „ბიზნესის გაციფრულება" წარმატების გარანტია? პასუხია − რა თქმა უნდა არა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია", − აცხადებს კომპანია Amadaam-ის გუნდი.

კომპანიის საწყისი ფინანსური ინვესტიცია მხოლოდ დამფუძნებლების შენატანებით შემოიფარგლება, რაც საწყის ეტაპზე სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ამჟამად კი ცდილობენ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების შესახებ. კაპიტალის მოზიდვაზე მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ორიენტირებას.

შეკითხვაზე, თუ რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, გვპასუხობენ: „ჩვენი მიზანია, ნდობა, რომელიც უკვე მოვიპოვეთ როგორც ახალგაზრდების გუნდმა, გვინდა გარდავსახოთ ნდობაში ახალგაზრდა კომპანიის მიმართ. გრელვადიანში, გრანდიოზული გეგმები გვაქვს. მათ შორის, ინდივიდუალური სერვისების გარდა, კონკრეტული პროდუქტების შექმნაც. ჩვენი ინფორმაცია დღითი დღე იზრდება ბიზნესის კონკრეტული საჭიროებების შესახებ. ვფიქრობ, შევძლებთ ამგვარი პროდუქტის მომზადებას, მათ შორის ქართული რეალობისთვის მისაღებ ფასად".

საუბრის დასასრულ, სტარტაპებს ურჩევენ, რომ ნუ დაიწყებენ იდეის რეალიზებას პირდაპირ კაპიტალის მოზიდვის მცდელობით. ეცადონ მაქსიმალურად განავითარონ იგი საკუთარი ძალებით და მხოლოდ ამის შემდეგ უფრო ძლიერი პოზიციებით დაიწყონ პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობა. ფიქრობენ, რომ ყველაზე ღირებული ინვესტიცია, რომელიც სტარტაპს სჭირდება, არის დრო და რომ როგორი ხელგაშლილიც უნდა იყოს მისი პოტენციური დამფინანსებელი, არანორმირებული დროის ინვესტიციის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ასევე მიაჩნიათ, რომ კალმებისა და ფურცლების დრო ბიზნესში დამთავრებულია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე