2-8 სექტემბერს ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2-8 სექტემბერს ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარაში წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებთ, გამონაკლისი არც შემოდგომაა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როცა  ჰაერს ნელ-ნელა სიგრილე, ცას კი ღრუბლები ეპარება. ამ დროს არაფერი სჯობს ზღვის სანაპიროდან თუ მთის მწვერვალებიდან გადამფრენი ფრინველების თვალთვალს, ბინოკლით, ტელესკოპით, რითაც გნებავთ.

ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თუ ცას ხშირად ახედავთ, დაინახავთ ფრინველთა უჩვეულოდ მომრავლებულ გუნდებს, რომლებიც ქალაქს გადაუფრენენ. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ფრინველები ზამთრისთვის ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ.

ბათუმის ცას ყოველწლიურად 32 სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, მათ შორის, ველის, მდელოს, ჭაობის ძელქორები, ჩია, მცირე და გველიჭამია არწივები, კრაზანაჭამიები და სხვა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ევროპასა და ამერიკაში ზოგისთვის პროფესიაა, ზოგისთვის – ჰობი და დასვენების ერთგვარი ფორმა.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის მაღალი წერტილებიდან უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან,  2-8 სექტემბერს კი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და ყველას შეეძლება დატკბეს სანახაობით. 

ფრინველთა მიგრაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავად სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ჩანს. ჩაინიშნეთ ეს ადგილები:  

  • ჭოროხის დელტა
  • სოფელი ჩაისუბანი
  • სოფელი სახალვაშო
  • ბათუმის ზღვისპირა პარკი
  • ნავსადგური
  • კოლხეთის ეროვნული პარკი 

2-8 სექტემბერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დევიდ ერტერიუსს ფრინველებზე დამკვირვებელთა ტურსააგენტო აქვს შვედეთში და ბუნების დამცველების, ორნითოლოგებისა თუ ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის გეგმავს ტურებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებში. წელს მის რუკაზე ბათუმიც მოინიშნა. საქართველოში პირველადაა და 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე დააკვირდება ჯგუფთან ერთად მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას.

„აფრიკა, ეთიოპია, ინდოეთი, შრი ლანკა, მონღოლეთი და ა.შ. – ბევრგან დავდივართ. ბათუმში წელს პირველად ვარ და ეს საოცარი ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. უჩვეულოდ გაგვიმართლა, ხშირად კარგი ხილვადობაა და ძალიან ახლოსაც ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით ფრინველებს. მათ ტყეების თავზე ფრენა არ მოსწონთ და ზღვის გავლით არჩევენ მიგრაციას.

შავ ზღვას და ბათუმს გაუმართლა – ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიგრაციო დერეფანია ფრინველებისთვის, რაც აჭარის დიდ სამომავლო ტურისტულ პოტენციალზე მეტყველებს.

ვრჩებით აქვე, სახალვაშოს საოჯახო სასტუმროში, სადაც ძალიან კარგად მიგვიღეს და საუცხოო ქართული კერძებითაც გვიმასპინძლდებიან“, – ამბობს დევიდი.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პირველად 2012 წელს ჩაატარა. მაშინ ტურიზმის ეს მიმართულება აჭარაში ახალი იყო, ახლა კი დეპარტამენტს ამ მიმართულებით უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც Birding Caucasus-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუხაია ამბობს, ყოველ წელს იზრდება ფრინველებზე დაკვირვების პუნქტების რაოდენობა.

„აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არამხოლოდ აკვირდებიან, აღრიცხავენ კიდეც მიგრირებულ ფრინველთა რაოდენობას, სახეობათა მრავალფეროვნებას.

ბათუმის პარალელურად ახლა პანამაში, გიბრალტარსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აკვირდებიან ფრინველებს. სახეობათა მრავალფეროვნება, ფრინველთა რაოდენობა – ყველა ეს სამეცნიერო ინფორმაცია იკრიბება და თავს ერთიან ბაზაში იყრის, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საერთო სურათის წარმოსადგენად“, – ამბობს ალექსანდრე რუხაია.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა ფესტივალის შემდეგაც, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ დააკვირდეთ არაჩვეულებრივ სანახაობას – ათასობით, ათიათასობით მტაცებელ ფრინველს, რომლებიც ბათუმის გავლით აფრიკის კონტინენტისკენ მიფრინავენ.

ფესტივალის ფარგლებში გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში რეგისტრაციით, ან დარეკვით შემდეგ ნომერზე: 577 90 90 93

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur