საზანოს ღვინის მარანი – ტრადიცია, რომელსაც მეექვსე თაობა აგრძელებს

საზანოს ღვინის მარანი – ტრადიცია, რომელსაც მეექვსე თაობა აგრძელებს
ფოტო: საზანოს ღვინის მარანი
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსას ხეობაში საზანოს ღვინის მარანს და საოჯახო ბუტიკურ სასტუმროს შეხვდებით. საზანოს ღვინის მარანი სულ რაღაც 1 წელია გაიხსნა და ღიაა მსურველებისთვის, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ხანგრძლივია. იგი ორასწლოვან ტრადიციას ითვლის, რომელიც ლევან ჭანტურიძის საგვარეულო მამულში მდებარეობს.

ლევანი საგვარეულოს მე-6 თაობის წარმომადგენელია, რომელიც ღვინის ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. 2017 წელს გადაწყვიტა დაბრუნებულიყო საზანოში, ჩაეტარებინა რესტავრაცია და აღედგინა ღვინის დაყენების მრავალწლიანი ტრადიცია. მისი თანადამფუძნებელი, ტატო გიორგაძე ბავშვობის მეგობარია, რომლის წინაპრებიც ასევე დაკავშირებულნი იყვნენ ღვინის წარმოებასთან. მეგობრების საერთო ძალისხმევით აღდგა ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში მოდიოდა საგვარეულოსთან ერთად.

საზანოს ღვინის მარნის მიზანი უნიკალური დასავლური და იმერული ვაზის ჯიშების გადარჩენა, აღდგენა, გაშენება და მათგან იმერული ტრადიციული წესით ღვინის წარმოებაა: ოცხანური საფერე, კრახუნა, ციცქა, ალადასტური, ოჯალეში – ეს იმ ჯიშების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საზანოს მნიშვნელოვან – ვაზისა და მათგან დაყენებულ ღვინის სახეობებს წარმოადგენს. საზანოს ღვინის შეძენა, გარდა ადგილზე ვიზიტისა, შესაძლებელია 8000 მოსავალში, ახლად გახსნილ რიყის კომპლექსსა და კოტე აფხაზის 30-ში მდებარე ღვინის მაღაზია „დოქში“; ასევე, რესტორნებში – „სახლი N11“ და „პიანო“.

გაყიდვების ქსელი აქტიურად ფართოვდება და წლის ბოლომდე დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა. ჯერჯერობით საზანოს ღვინო არ გადის საზღვარგარეთ, თუმცა შესწავლის პროცესშია სამიზნე ქვეყნების ბაზრები, როგორებიცაა: აშშ, კანადა, იაპონია და პოლონეთი. მიმდინარე წლის ბოლომდე სწორედ ამ ქვეყნებშია პროდუქციის გატანა დაგეგმილი, მომავალი წლიდან კი ბალტიისპირეთის, სკანდინავიის რეგიონის და სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებაც დაიწყება.

საზანოს ღვინის მარნის მნიშვნელოვან სამუშაო მიმართულებას ღვინისა და გასტროტურიზმის განვითარებაც წარმოადგენს. საზანოს ღვინის მარანსა და სასტუმროში სტუმრებს იშვიათი 11 ჯიშის ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ და აქვე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ჭაჭისაც, ადგილობრივი კერძების ფართო ასორტიმენტთან ერთად. კერძების ძირითადი ნაწილი ასევე საზანოს ბაღებსა და ბოსტნებში მოყვანილი პროდუქტებით მზადდება. აქვე შესაძლებელია ადგილზე გამომცხვარი თონის პურის და ტრადიციული იმერული ყველის გასინჯვაც. საწარმოო პროცესის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

საზანოს სასტუმრო ორიგინალური სტილის, კონცეფციისა და დიზაინის საოჯახო სასტუმროა. Entrepreneur-თან საუბარში თანადამფუძნებლები ყვებიან: „2019 წელს გავხსენით 5-ნომრიანი ბუტიკური სასტუმრო, რომელიც განთავსებულია წინა საუკუნეში აშენებულ შენობაში. იერსახეს ჩაუტარდა რესტავრაცია, ხოლო ინტერიერი მთლიანად შეიცვალა და მოეწყო ბუტიკური სტილის უნიკალური დიზაინის სასტუმრო, რომელიც შეზავდა ძველი დროს ექსტერიერთან. 2020 წელს კომპლექსს დაემატება იმერული ოდა, რომელიც მთლიანად მოწყობილი იქნება მზის ენერგიაზე და წარმოგვიჩენს მე-19-მე-20 საუკუნეების იმერეთის ეთნოგრაფიას, როგორც გარეგნულად, ისე ინტერიერით. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ სტუმარს ვაგრძნობინოთ იმერული სტუმართმოყვარეობა და მივცეთ საშუალება სრულად შეიგრძნოს გარემოს ავთენტურობა. ჩვენი გუნდი სასტუმროსა და ღვინის მარნის გარდა, მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გასტროტურიზმი და ადგილობრივი კულტურული ტურები. ჩვენი მიზანია, დავიწყებული კერძები და იმერეთისთვის დამახასიათებელი გემო არ დაიკარგოს და გავახსენოთ ქართველ ერს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი კულტურა აქვს ამ მხარეს“.

სამომავლო გეგმები ვენახის გაფართოებასა და საწარმოს განვითარებასთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე ვენახი 3 ჰექტარს მოიცავს, თუმცა უახლოეს ორ წელიწადში მისი გასამმაგებაა დაგეგმილი. თუ ამჟამად საწარმოს წლიური წარმადობა 60 000 ბოთლ ღვინოს ითვლის, 2020 წლისთვის მისი რაოდენობა 100 000 ბოთლ ღვინომდე უნდა გაიზარდოს. ხედვა კი, რომელიც საზანოს გუნდს საკუთარ საქმესა და ამ სფეროსთან დაკავშირებით აქვს, ამბიციურია:

„საზანოს ღვინის მარანში და სასტუმროში მოსული სტუმარი თავს იგრძნობს განსაკუთრებულად, აღმოაჩენს ახალ გემოებს, გასინჯავს ექსკლუზიურ ღვინოს ჩვენი საცავებიდან და ისიამოვნებს გარემოთი. ჩვენი გუნდი ამ ყველაფერს საკუთარი ხარისხის ხარჯზე ვაკეთებთ. ჩვენთვის სერვისი და მასპინძლობა პირველ ადგილზე დგას, შესაბამისად, ხდება ყველაფრის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი, ასევე თითქმის დავიწყებული იმერული ღვინის ჯიშების წამოწევით, ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ასეთი ჯიშებია კრახუნა, ოცხანური საფერე და ა.შ. რომელთაც გასულ საუკუნეში იმის გამო ჩეხავდნენ, რომ მოსავალი ნაკლები იყო, თუმცა ხარისხი ძალიან მაღალია. ჩვენი რჩევა იქნება მომავალი თაობისთვის, რომ მიიღონ მეტი აკადემიური ცოდნა მეღვინეობის კუთხით, რადგან არსებობს უამრავი ჯიში, რომელსაც დღეს გადარჩენა სჭირდება და ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. მაგალითად, კაჭიჭი, შავკაპიტო, ძელშავი. აკადემიური ცოდნისა და ძველი ტრადიციების შეზავებით კი ამ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ!“

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur