📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი და მაინც, რა არის ნიჭი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

პირველად ეს ფრაზა, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ, ბავშვობაში, ჩემთან დაკავშირებით გავიგე. ჩემი პირველი „დამრიგებლისგან", რომელიც კრებაზე საკუთარ მშობლებს სტანდარტულ „ტკბილ-მწარე" და დაბალანსებულ შეფასებას მოახსენებდა ჩემი აკადემიური მოსწრებისა. მას არ მოსწონდა ის ამბავი, რომ მხოლოდ ოთხიანები (დღევანდელი რვიანები, ან B) მყავდა ყველა საგანში და უმაღლეს შეფასებაზე არ „ვჩალიჩობდი". ამიტომაც უპატაკა დედაჩემს, რომ „ნიკა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია". ის კი არ იცოდა ჩემმა დამრიგებელმა, რომ ეს ფრაზა ხუთი წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დიდ კითხვის ნიშანს გააჩენდა (არც ის იცოდა, რომ ოთხიანებზე სულ სხვა მიზეზით გავჩერდი და სულ სხვა საფიქრალი მქონდა სკოლაში მეცადინეობის გარდა. თუმცა, ბულინგზე ცალკე სტატიას ალბათ როდესმე გავბედავ და დავწერ).

ეს გაცვეთილი და ზრდილობისთვის ნათქვამი ფრაზა ჩემზე კიდევ ბევრჯერ მოვისმინე სკოლაში და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თხუთმეტი წლის ასაკში აღმოვაჩინე, − „უნიჭო ვარ", რადგანაც იმ გაგებით, როგორც ამბობდნენ, მე ნიჭი საკუთარ თავში ვერ ვიპოვე. ჩვენ ხომ ამ ფრაზით ნიჭს თავიდანვე ფუნდამენტურად არასწორ დეფინიციას ვაძლევთ და რაც მთავარია, შვილებს ვაჩვევთ, რომ თუ „კარგად სწავლობ", ნიჭიერი ხარ. არადა, კარგად სწავლა ხომ 80%-ით შედგება კუნთივით გამომუშავებადი უნარებისგან და ინტელექტუალური შრომისგან. ის, რასაც ჩვენ „ნიჭიერია"-ში ვგულისხმობთ, ხშირად შეძენილ უნარებს მოიაზრებს და ნიჭთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთელი თაობები იზრდება ისე, რომ ნიჭი „კარგად სწავლასთან" აქვს გაიგივებული და ეს „კარგად სწავლა" კი − უამრავი მასალის დაზეპირებასთან. ვიზრდებით და შემოქმედებითობის ატროფიას განვიცდით, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ნაკლებობის ფონზე ვცდილობთ ეს მითიური „ნიჭი" ავიმაღლოთ, რომ მერე მის ხარჯზე გავიდეთ იოლად.

და მაინც, რა არის ნიჭი? ძველ საბერძნეთს და მათ ფულად ერთეულს რომ თავი გავანებოთ, გავრცელებული განმარტება ასეთია: ადამიანის გამორჩეული ბუნებრივი უნარი, ამა თუ იმ საქმიანობაში მაღალი წარმადობისა.

ბუნებრივი და არა შეძენილი და „გამოზრდილი" უნარი.

ჩემი აზრით, შეძენილი უნარები განსაზღვრავს და აღწერს იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლია მოცემულ მომენტში და რამდენად კარგად. ნიჭი განსაზღვრავს და აღწერს იმას, რის გაკეთებას შეძლებდი ძალიან კარგად, უნარები რომ შეგეძინა. ანუ, ბუნებრივი ნიჭი შეძენილი უნარების გარეშე იშვიათად გადის რაიმე შედეგზე.

ამავდროულად, ნიჭი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას საშუალოდ აკეთებ. ნიჭი მაქსიმალისტურია, ის არაა ნაცრისფერი. საშუალო ფეხბურთელზე ხომ არ ამბობენ, ნიჭიერიაო? არც საშუალო მევიოლინეზე და არც მხატვარზე. ზუსტად ამ მიზეზით არ შეიძლება ნიჭისა და სიზარმაცის რამენაირად დაკავშირება ერთმანეთთან: ნებისმიერ საქმეში უმაღლესი შედეგების მიღწევა ხომ მხოლოდ უდიდესი შრომის შედეგია და არა ფატალისტური, იმედსა და გამართლებაზე დაფუძნებული პასიურობის. ერთი მხრივ, მხოლოდ ნიჭის („კეთილი ბიძიების", ბუნების ძალების, სანტა კლაუსის) იმედად განსაკუთრებული შედეგების მოლოდინი ძალიან დიდი შეცდომაა. მეორე მხრივ, ნიჭი აუცილებლად „ჩქეფს" და „ყვირის". ის არ გასვენებს, ვიდრე უნარებს არ შეიძენ და საკუთარი თავის იმ საქმით გამოხატვას არ დაიწყებ, რისი ნიჭიც გაქვს. ამიტომ, ნიჭიერი ადამიანი ზარმაცი ვერასოდეს იქნება ამ საქმეში. როდესაც ნიჭი „გაწვება", უბრალოდ ვერ ისვენებ და სწავლობ, სანამ ძალიან მაგარი არ გახდები. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ნიჭი ძალიან ახლოსაა შემოქმედებითობასთან.

ჩვენ კი მაინც, ჯიუტად ვაკრავთ ჩვენ შვილებს „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" ადამიანების იარლიყს და ამით უნებლიედ ვაქცევთ მათ ჩვეულებრივ, ზარმაც, ნაცრისფერ ადამიანებად, ვისაც შემოქმედებითობა წაართვეს და „დაზეპირება" აჩუქეს ცხოვრების გზის საგზლად.

დროა, გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანი ბუნებრივად შემოქმედებითია. შესაბამისად, ნიჭიერი. თუ ეს ასეა, ზარმაციც ვერ იქნება. ზოგი უბრალოდ ძიებაშია იმ საქმისა, რომელშიც სიზარმაცე არ ექნება.

შევეშვათ, ნუ ვაქცევთ ამ ჩარჩოში საკუთარ შვილებს და სულ მალე, ისინი იპოვიან საყვარელ საქმეს, სადაც უზომოდ ნიჭიერნი იქნებიან და სიზარმაცე აღარც ემახსოვრებათ. იქნებ იმის დროც მოვიდა, რომ ჩვენც დავამსხვრიოთ ჩვენში ეს „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი" სტერეოტიპი და ვიპოვოთ საქმე, რომელიც იმდენად გვეყვარება, რომ ღამითაც კი არ მოგვასვენებს?

ნიკოლოზ გოგოჭური

VRex - ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი