დამშვიდების 6 გზა დიდი პრეზენტაციის ან გამოსვლის წინ

ამ მარტივი რჩევების დახმარებით, სხდომათა დარბაზში შესვლამდე უნდა მოდუნდეთ კიდეც და თქვენი მღელვარებაც დააცხროთ
დამშვიდების 6 გზა დიდი პრეზენტაციის ან გამოსვლის წინ
ფოტო: Pixabay

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საჯარო გამოსვლა ნამდვილად არ არის ყველა ადამიანის ძლიერი თვისება და მდგომარეობა უფრო მეტად რთულდება, როდესაც იმ აუდიტორიის წინაშე გიწევთ გამოსვლა, რომლის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი კარიერისთვის. მით უფრო, თუ გეგმა გაქვთ შედგენილი, როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას.

გასაკვირი არ არის, რომ მათ წინაშე თქვენი მოსაზრებების განხილვა საკმაოდ რთული იქნება. ბოლოს და ბოლოს, ყველა ხომ ვერ იქნება აბრაამ ლინკოლნი, რომელიც თავისი ცნობილი გეტისბურგის მიმართვით გამოდის. თუმცა, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი გეტისბურგის ეფექტის შესაქმნელად რაღაც ლინკოლნისეული გამონახოთ.

მსგავსი სტატია: ილონ მასკმა ახალი Tesla Cybertruck წარადგინა

ამისათვის, მაქსიმალურად უნდა დამშვიდდეთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე დაიწყოთ ზრუნვა, რადგან ეს განსაზღვრავს, პრეზენტაციაზე წარმატებას მოიპოვებთ თუ პირიქით − ხელი მოგეცარებათ.

წარმატების მთავარი საიდუმლო პრაქტიკაა

ადამიანი პრაქტიკის მეშვეობით აღწევს სრულყოფილებას და ამიტომ, როდესაც დიდი პრეზენტაციის ჩატარებაზეა საუბარი, მთავარი დევიზი ეს უნდა იყოს. რაც მეტ რეპეტიციას გაივლით, მით უკეთ შეძლებთ გამოსვლას. შესაძლოა, საკმარისი დრო არ გქონდეთ, მაგრამ თუ სერიოზული შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ პოტენციურ კლიენტებსა და ინვესტორებზე, ეს მომენტი უზომოდ მნიშვნელოვანია. შთაბეჭდილების შექმნისას, ყველაზე დიდ გავლენას თქვენი წარმოთქმული სიტყვები მოახდენს. ასე რომ, საკუთარი სიტყვა კარგად მოამზადეთ. სპონტანური გამოსვლა რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ერთადერთი შანსი გეძლევათ.

აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე ეცადეთ, საკუთარ გამოსვლაზე იმუშაოთ და მაქსიმალურად დახვეწოთ, სხვადასხვა ფრაზა და წყაროები გამოიყენოთ.

თქვენი სიტყვა ჩაიწერეთ და ყურადღებით მოუსმინეთ, დაადგინეთ, რა საკითხში გაქვთ პრობლემები. შეაფასეთ და დაფიქრდით, გაკმაყოფილებთ თუ არა ეს ვარიანტი, გსურთ თუ არა ასე გაგრძელება? ბარათები შეადგინეთ თქვენი გამოსვლის საკვანძო მომენტებით და ამ საკითხებს პერიოდულად დაუბრუნდით.

სიურპრიზები თავიდან აიცილეთ

წარმატებული გამოსვლის მთავარი საიდუმლო კარგად მომზადებაა. ბოლო წუთისთვის ნურაფერს მოიტოვებთ. მომზადებაში მხოლოდ თქვენი პრეზენტაცია კი არ იგულისხმება, არამედ ტექნიკური საკითხების მოგვარებაზეც თქვენ უნდა იზრუნოთ. შეამოწმოთ, არის თუ არა ყველაფერი ადგილზე. საკონფერენციო დარბაზს, ელექტრონულ მოწყობილობებს გადახედეთ, გადაითვალეთ, რამდენ ადამიანს იტევს დარბაზი, არის თუ არა სასმელი და ა.შ.

როდესაც რაიმე მოულოდნელი ხდება, ბუნებრივია, ეს მღელვარებასაც იწვევს და განწყობაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, ეს მომენტი მაქსიმალურად უნდა აიცილოთ თავიდან. სიურპრიზები შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ ყოველთვის − არა. შეეცადეთ, ყველაფერი წინასწარ მოაწესრიგოთ.

როდესაც ნერვიულობა ძალას გაცლით

ამის გაგება ცოტა არ იყოს რთულია, არა? გჯერათ თუ არა, რომ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც გამოსვლის წინ ნერვიულობენ, მუსიკას უსმენენ ან ფეხებს აბაკუნებენ. ზოგიერთები კი, ნერვების დასამშვიდებლად, ფილმის კულმინაციურ მომენტებს უყურებენ. ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ ეს შინაგანი შფოთვის ენთუზიაზმად გარდაქმნაში ეხმარებათ, რაც ასე საჭიროა ასეთ დროს.

კვლევებით დადგინდა, რომ ენთუზიაზმის ფაქტორი უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ჩაატარებთ პრეზენტაციას. ნებისმიერ საშუალებას მიმართეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ შემთხვევაში სწორედ ეს გზა იქნება ეფექტური.

დილა ადრიანად დაიწყეთ

პრეზენტაციაზე დანიშნულ დროზე ადრე უნდა გამოცხადდეთ. ხომ არ გინდათ, რომ დაიგვიანოთ და ყველაფერი, რაც კი ხდება, ერთდროულად დაგატყდეთ თავს. ვიდრე გამოსვლას დაიწყებთ და ყველაფერი თქვენს ხელთ არ აღმოჩნდება, საკუთარ თავს დასამშვიდებლად დრო მიეცით.

ცოტაოდენი გაიარ-გამოიარეთ, შეეცადეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრეთ და ყველაფერი სათანადოდ გააანალიზოთ. ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ მომზადებული მიხვიდეთ ადგილამდე და ზუსტად განსაზღვროთ, როგორ და როდის უნდა გადახვიდეთ მოქმედებაზე.

დაესწარით, ყურადღებით იყავით და შეითვისეთ

ყოველთვის გონებაში უნდა გქონდეთ ეს სიტყვები − „დაესწარით, ყურადღებით იყავით და შეითვისეთ!“ თუ ღონისძიებაზე ან სემინარზე მოხსენებით გამოდიხართ ან პრეზენტაციას ატარებთ, არ დაივიწყოთ, რომ წინა პრეზენტაციებსაც უნდა დაესწროთ. ეს მთელი შეკრების ატმოსფეროს შეგრძნებაში დაგეხმარებათ. ფხიზლად იყავით და თქვენს კოლეგა-გამომსვლელებს ბოლომდე ყურადღებით მოუსმინეთ. ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ უჭირავს თავი აუდიტორიას. ეს იმის შეფასების საშუალებას მოგცემთ, თუ როგორი განწყობაა გარშემო.

პრინციპში, სხვა გამომსვლელის სიტყვა შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს, მაგრამ მისი გარკვეული ნიუანსები თქვენს პრეზენტაციაშიც დაგეხმაროთ.

ღიმილი არ დაივიწყოთ

ეცადეთ, აუდიტორიამ თქვენს სახეზე შეშფოთებული გამომეტყველების ნაცვლად, მხოლოდ ღიმილი დაინახოს. იზრუნეთ იმაზე, რომ აუცილებელი სითბო და კეთილგანწყობა გამოხატოთ მათ მიმართ. ღიმილი იმის ნიშანია, რომ საკუთარ თავსა და სამუშაოში დარწმუნებული ხართ. მაგრამ, ნუ „გადაამლაშებთ“ − ნამდვილად არ იქნება კარგი, თუ ჯამბაზის როლში გამოხვალთ.

Latest on Entrepreneur