ლობოტი - პირველი ქართველი იურისტი ბოტი

"გვინდა „ლობოტი" იყოს მაგალითი არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა ისეთ ბაზრებზე, სადაც სამართლის სფეროში ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის დამკვიდრებული."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ინოვაციური ონლაინსერვისების ტენდენციას ქართველი იურისტი ბოტი შეუერთდა, რომელიც იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA-ის მიერ შეიქმნა. კომპანიამ გეზი შედეგებზე მომართული შემოქმედებითობისკენ აიღო და მიზნად კონსერვატიული იურიდიული სერვისების გათანამედროვება დაისახა. სწორედ ამ მიზნებთან თანხვედრას წარმოადგენს „ლობოტი“.

Entrepreneur Georgia

„ლობოტი, როგორც პირველი იურისტი ბოტი, მიზნად ისახავს, გახდეს ამ სფეროს ლიდერი და შექმნას ახალი მიდგომები იურიდიულ სერვისში არა მხოლოდ ერთი თუ ორი კომპანიის მასშტაბით, არამედ გლობალურად. რეალურად, ხელოვნური ინტელექტის როლი იურიდიულ სერვისებში მთელ მსოფლიოში იზრდება. გვინდა „ლობოტი“ იყოს მაგალითი არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა ისეთ ბაზრებზე, სადაც სამართლის სფეროში ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის დამკვიდრებული. გვსურს დავამტკიცოთ, რომ შესაძლებელია კარგი და შედეგზე მომართული პროდუქტების შექმნა შემოქმედებითი მიდგომით“, – უყვება Entrepreneur-ს უჩა ძიმისტარიშვილი, CCLA-ის პარტნიორი.

იურიდიული სააგენტო CCLA-ი ახალგაზრდა წევრებითაა დაკომპლექტებული. გუნდი მუდმივად ცდილობს თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ტექნოლოგიების გამოყენებით სერვისების განვითარებას და თითოეული საკითხისადმი გულისხმიერი მიდგომით მდგრადი შედეგების მიღწევას.

„2019 წელს დავიწყეთ აქტიური საქმიანობა სამართლისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და მისი უფრო მეტი შესაძლებლობის წარმოჩენის მიზნით. CCLA-მა ჩაატარა პირველი კონფერენცია – „სამართალი და ტექნოლოგიები“. ორგანიზება გაუწია სტუდენტურ ჰაკათონს, სახელწოდებით „ასწავლე ლობოტს“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სტუდენტები ახალ პროდუქტებს სპეციალურად „ლობოტისთვის“ ქმნიდნენ. ამ მხრივ, 2020 წელიც ძალიან აქტიური იქნება. ვგეგმავთ ახალი ვებგვერდის ამუშავებას, მნიშვნელოვანი პლატფორმების გააქტიურებას, საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიასთან იურიდიულ სფეროში და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას“, – გვპირდება სააგენტოს გუნდი, რომლის პროდუქტმაც სახელმწიფოს მხრიდან დიდი მოწონება და ნდობა უკვე დაიმსახურა. „ლობოტმა“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ თანადაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა და 100 000-ლარიანი გრანტით დაჯილდოვდა. ამასთანავე, „თიბისის“ 2019 წლის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტიც გახდა ინოვაციური პროდუქტის კატეგორიაში.

ამ წარმატებების შემდეგ, სტარტაპისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. პროდუქტით ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მრავალი მომხმარებელი დაინტერესდა. „ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ შეგვიძლია ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ და დავნერგოთ უკეთესი თანამედროვე იურიდიული სერვისები“.

ამ ეტაპზე „ლობოტის“ გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ერთ-ერთ მსხვილ ყაზახურ ფინანსურ კომპანიასთან, რომლისთვისაც სწრაფ და მოქნილ იურიდიულ სერვისს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ლობოტთან“ თანამშრომლობითა და ტექნოლოგიური სერვისების დანერგვით კი მისი საქმიანობა არსებითად გაუმჯობესდა.

პარალელურად, CCLA მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს სამართლისა და ტექნოლოგიების დასაახლოებლად, რათა მაღალი ხარისხის პროდუქტები საერთაშორისო მასშტაბით მომავალშიც წარმატებით დანერგოს. გუნდში სჯერათ, რომ ტექნოლოგიებს სამართლის სფეროში დიდი შესაძლებლობები აქვს და კომპანია საკუთარი აქტივობებით ამას მომავალშიც წარმოაჩენს.

„გვჯერა, რომ 2020 წელი აუცილებლად იქნება აქტიური და წარმატებული. კომპანიას უკვე აქვს ახალი ოფისი, რომელიც გაზაფხულიდან არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უმასპინძლებს და სტარტაპებს ღირებულ დახმარებას, კონსულტაციებს გაუწევს. CCLA სტარტაპმეგობრული სააგენტოა. ჩვენს პორტფელში დიდი ადგილი უჭირავს სტარტაპების იურიდიულ მომსახურებას. ვცდილობთ ამ ეტაპზე გვერდით დავუდგეთ მათ და ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ სერვისი. გვჯერა, ისინი დიდი კომპანიები გახდებიან და მომავალში ჩვენი მსხვილი, ლოიალური პარტნიორები იქნებიან.

ჩვენი რჩევა სტარტაპკომპანიებისთვის იქნება, რომ ვიყოთ გახსნილები, გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი წარმატებები და წუხილი, გავაძლიეროთ ერთმანეთი და შემოქმედებითად მივუდგეთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენი მხრივ, მზად ვართ გავაგრძელოთ მხარდაჭერა“.

მას კი, ვისაც სურს გამოსცადოს პირველი ქართველი იურისტი ბოტის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება და სასურველ საკითხზე ორენოვანი კონსულტაცია მიიღოს, „ლობოტს“ ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლია მიმართოს.