მაჩეტე, ჟეტონი და ორი ლუდი

"ახლა თაობებს სურთ ახალი რელსები, უფრო სწრაფად რომ იარონ"

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალ ბარში ვიყავით გუშინ მე და ჩემი მეგობრები. აი, ისეთი მეგობრები, გუდა და ბავშვი ერთნაირად მოკიდებული რომ ჰყავთ უკვე, მაგრამ წეს-ჩვეულების დაკარგვა ახალგაზრდობის დათმობას უნდა ნიშნავდეს. ამიტომაც, ცალი თვალი ბავშვისკენ უჭირავთ და მეორეთი ლუდის ბოთლს აკონტროლებენ, მალე რომ არ ჩაიცალოს. აივნის ბოლოში ვისხედით ჩვენ. ოცი წლის ბიჭები მოვიდნენ იქ ამასობაში, მუსიკასთან უფრო ახლოს დასცეს სამოძრაო წერტილი და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პანიკური მდგომარეობისა, კორონავირუსთან დაკავშირებული, რომლის გამოც უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი, ესენი გაბადრული ღაწვების თანხლებით ელექტრომუსიკის ბითებს უჯერებდნენ.

Entrepreneur Georgia

მარტის დაისი ისე დააწვა ტყემლის ხეს, ორი ბუტკო რომ გასკდა, მე თვითონ დავინახე. ამასობაში ჩემს მეგობრებსაც გაუსწორდათ ნაპარასკევალი დაძაბული სახეები. ორასი წლის წინ აშენებული სახლის ხის აივანზე, რომელმაც მეფის რუსეთს მოგლეჯვას, საბჭოთა კავშირს წართმევას, 1990-იანებში დაწვას, ვარდების რევოლუციის დროს ეკლით ხაწვას და ახლა კორონავირუსით მოშლას გაუძლო, 32, 20, 8 და 4 წლის ადამიანები ერთად ვისხედით. არაფერი, უბრალოდ ერთად ვისხედით.

ოთხის რომ ვიყავი, მჯეროდა, როცა დიდი გავხდებოდი, მერე უფრო კარგად იქნებოდა ყველაფერი. ოცის რომ გავხდი, ვფიქრობდი, დიდი რომ გავხდებოდი, უფრო მეტი მექნებოდა ფული. გუშინ აივანზე მივხვდი, რომ უკვე დიდი ვარ, თუმცა არც კარგად არის ყველაფერი და არც უფრო მეტი მაქვს ფული. მერე ძალიან შემეშინდა, მეკითხა რვა წლის ბავშვისთვის, რა უნდოდა, როცა გახდებოდა დიდი. მხოლოდ იმიტომ შემეშინდა, რომ მივხვდი − საკუთარ თავს თუ ვერ გავუმართლე მოლოდინი, შანსი მაქვს სხვა დავადანაშულო ამაში. მაგალითად, პოლიტიკა, გარემო, მენტალიტეტი და ა.შ. მაგრამ არ მინდა, იმიტომ, რომ რვა წლის ბავშვიც, როცა გახდება დიდი, მაშინ მე ვიქნები უფრო დიდი და მე უფრო დიდობამდეც შეიძლება ვერ შევძლო, ხელი შევუწყო ბავშვს რეალიზდეს, ანუ მიიღოს ის, რაც მისთვის დიდობას ნიშნავს.

თბილისის აივანი ისეთი რამეა, თაობებსაც, ვირუსებსაც, შიშებსაც და სიამაყეებსაც ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც დაიტევს, თანაც − ლამაზად. თუმცა მთავარი არ იქნება ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ მთავარი იქნება, როგორ ვაკეთებთ.

ზაალა უნიჭიერესი ბიჭია, სკოლაში მათემატიკას სწავლობდა კარგად. მერე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, მაგრამ დირექტორთან კონფლიქტი მოუვიდა და რადგან მისი ხელფასი თავმოყვარეობას არ ჰყოფნიდა, ეგრევე წამოვიდა სამსახურიდან. მერე ბევრი რამ სცადა, იმუშავა ხან სად და ხან სად, მაგრამ ეგ ყველა სამუშაო გზის ფულადაც არ იყო საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული შვილზე. მახსოვს, პარლამენტს ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული სპეციალისტის თანამდებობაზე. ორი საკითხი იყო. უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და მერე უნდა ჩაგეწყო. ორ თვეში ზაალამ კანონმდებობა ისე ისწავლა, რომ 98 ქულა კი მიიღო, მაგრამ ვერ ჩააწყო. ჩააწყო რა, ვერ დაარეკინა ვერავის. მერე ზაალამ დურგლობა დაიწყო, რაღაც ხის „ცეხში“ მუშაობდა, მაგრამ შვილს, მოტოციკლეტს, მშობლების ეგოს და მეზობლების მოსაკრებელს მისი ხელფასი არც მანდ ეყო. და ზაალა ჩინეთში წავიდა. ინგლისურს ასწავლის ხუთ წლამდე ბავშვებს, მღერის მთელი დღე, ყველაზე საყვარელ არსებებს − ბავშვებს უყურებს და ანაზღაურებაც ზუსტად იმდენი აქვს, გუბეში დამხრჩვალ კატას რომ გააცოცხლებს.

დანარჩენები ისევ ისე, რა − გიო და ნინი 10 საათი მუშაობენ დღეში და თავისი ხელფასი მაინც არ ჰყოფნით იმისათვის, რომ ცხოვრების ხარისხი იმაზე უფრო მაღალი ჰქონდეთ, ვიდრე ამისთვის შრომობენ. თოკა და მართა იმ კატეგორიიდან არიან, რომ უმართლებთ და უძრავი ქონების გაქირავების ხარჯზე შეუძლიათ დღე ხატვაში, მუსიკის რახუნში და ახალი ჰობის გამოგონებაში დახარჯონ. კიდევ არის ერთი − ვოვა, ბათუმელი ბიჭია, არასოდეს არსად უმუშავია და ვერასოდეს ვიგებ, საიდან აქვს ხოლმე სამოძრაო ფული.

რაღაცნაირი, არა უშავს თაობა ვართ და ძალიან მიკვირს სინამდვილეში, რატომ ხდება ასე?.. არა უშავს, კიარადა, უშავს. ძალიანაც უშავს ეს ყველაფერი და მაინც სანამ დროა, რაღაცნაირად უნდა შევწყვიტოთ საბჭოთა გავლენიდან გამოყოლილი კომპლექსები. უხარისხოა, ჟეტონის სისტემასავით.

ახლა ისეთი დრო მოვიდა, რომ ცოდნა ნებისმიერ მაჩეტეზე ძლიერია და ორი ბოთლი ლუდი სინამდვილეში იმაზე ძვირია, ვიდრე ანაზღაურებაა ქვეყანაში.

ახლა თაობებს აღარ უნდათ რევოლუციები. ახლა თაობებს სურთ ახალი რელსები, უფრო სწრაფად რომ იარონ.