📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მედიტაცია, როგორც გონების ტრენაჟორი რა არის მედიტაცია?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2019 წლის ზამთრის მორიგ საღამოს, როცა ორივე ბავშვი მივაძინე, მეც დაღლილობა მომეკიდა და ვიფიქრე, მოდი ამაღამ ლეპტოპს აღარ გავხსნი და „ნეტფლიქსზე" რაიმე სერიალს ჩავუჯდები-მეთქი. პლედი მივიფარე და ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ პირველი სერიის დასრულებისას მივხვდი, რომ შინაარსი საერთოდ ვერ გავიგე. ნახვისას იმდენ რამეზე გამექცა გონება, იმდენი მიმდინარე საქმე გამახსენდა, იმდენი სცენარი მოიხაზა მეორე დღისთვის, რომ ერთი მარტივი სერიალის შინაარსი ვერ გავიგე. ამ მომენტში მივხვდი, როგორ მინდოდა თავის კარგად დაფერთხვა და ამ მუდმივი ალიაქოთისგან დროებით მაინც დასვენება. ეს მუდმივი ზუზუნი თავში აშკარად მიუარესებდა პროდუქტიულობას, ცუდად მოქმედებდა ჩემს გუნებაზე, მართმევდა მოსვენებას, და შესაბამისად, სიხალისესაც. მოკლედ, ნამდვილად ცვლილების დრო იყო.

ცოტა „დავგუგლე", ერთი-ორ მეგობარს ვკითხე აზრი, ვისაც მსგავს რეჟიმში უწევდა ცხოვრება, და საბოლოოდ მივედი მედიტაციამდე.

რა არის მედიტაცია

პირველი, რაც სიტყვა „მედიტაციის" გაგონებისას თვალწინ გვიდგება, არის ლოტოსის პოზაში მჯდარი ბუდა, რომელიც თავისთავად გვაიძულებს, მედიტაცია აღვიქვათ, როგორც აღმოსავლური სპირიტუალური პრაქტიკა, და ეს ასეც იყო − ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით ადრე, ინდოეთში თვალდახუჭული ისხდნენ და მედიტირებდნენ. თუმცა 1960-იან წლებში დაიწყო მედიტაციის ვესტერნიზაცია − აშშ-ში დაიწყეს მეცნიერული კვლევები, შეისწავლეს მედიტაციის გავლენა სხვადასხვა ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვაზე. რამაც შედეგად მოგვცა რელიგიისგან/სპირიტუალობისგან დაცლილი პრაქტიკა, რომელიც რეალურად არის ტვინის სავარჯიშო სტრესთან გასამკლავებლად.

მედიტაცია რელაქსაციისა და თვითშეცნობის მეთოდია, რომლის დროსაც ფოკუსი გადაგაქვს სუნთქვაზე, სიტყვაზე, მანტრაზე, ხმაზე ან სურათზე, და შენი ცნობიერებიდან განაგდებ გარეგან სტიმულს.

ბოლო 50 წელიწადში მედიტაციის პოპულარობა გაიზარდა როგორც განათლების სფეროში, ასევე ბიზნესში. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ, სადაც 1800 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან, დაადასტურა, რომ მედიტაცია აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას, სტუდენტების აკადემიურ მოსწრებასა და მათ კრეატიულობას, რის შემდეგაც ამერიკის ბევრმა სკოლამ მედიტაცია კურიკულუმში შეიტანა.

აშშ-ის ჯარში მედიტაციას იყენებენ, როგორც სტრესთან გამკლავების ინსტრუმენტს.

სამეცნიერო კვლევების შედეგად დადასტურებული შედეგები ასე გამოიყურება:

  • მედიტაცია გიუმჯობესებთ კონცენტრაციის უნარსა და მახსოვრობას
  • მედიტაცია გეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში
  • რეგულარულად, დღეში 20 წუთი მედიტაციაც კი გაგხდით უფრო ენერგიულს.

მედიტაციის რამდენიმე პოპულარული პრაქტიკა არსებობს, და ყველა ყველასთვის არ არის. როგორ იპოვო შენთვის საუკეთესო მედიტაცია? უნდა სცადო, სანამ რომელიღაც არ მოგეწონება, მოგანიჭებს სიმშვიდეს და მოგანდომებს პრაქტიკის გაგრძელებას. დღეისათვის დასავლეთში ორი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც თავისუფალია რელიგიისგან და ორიენტირებულია თვითშეცნობასა და რელაქსაციაზე, არის გონებაგახსნილობა და ტრანსცენდენტული მედიტაცია.

Mindfulness − გონების გახსნა − ეს პრაქტიკა გვასწავლის, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიქრებს, რომლებიც მედიტაციისას თავში გაგვივლის; არ უნდა განვსაჯოთ ეს ფიქრი, არ უნდა ჩავუღრმავდეთ, და არც ძალით უნდა გავაგდოთ, უბრალოდ დავაკვირდეთ, როგორ მიდის და მოდის ფიქრები გონებაში. ხოლო პარალელურად, ვკონცენტრირდებით სუნთქვაზე და იმ ფიზიკურ შეგრძნებებზე, რომელსაც სუნთქვისას განვიცდით.

Transcendental − ტრანსცენდენტული მედიტაცია − მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პრაქტიკა, რომელსაც დღეს უკვე 5 მილიონამდე ადამიანი მიმართავს. პრაქტიკა ვედური ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. პრაქტიკანტს ენიჭება მანტრა, ანუ სიტყვა, რომელიც თავისი ვიბრაციით ეხმარება კონცენტრაციაში. ტექნიკა გულისხმობს დღეში ორჯერ 20- წუთიან მედიტაციას, რომლის დროსაც გონებაში იმეორებ მანტრას. შესაბამისად, ფოკუსირდები მასზე. ფიქრები შემოდის, მაგრამ მარტივად უბრუნდები მანტრას, რაც საშუალებას გაძლევს ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და მიაღწიო სრულყოფილ ცნობიერებას, თვითშეგნებას, რაც განიჭებს ღრმა რელაქსაციას.

როგორ უნდა "იმედიტირო"

დასაწყისისთვის შეგიძლია მარტივად სცადო შემდეგი:

მოძებნე YouTube-ზე 20 min Meditation Music, ამოირჩიე ერთ-ერთი ტრეკი.

მოთავსდი კომფორტულად − ისე, რომ ზურგი გქონდეს სწორად. შეგიძლია სავარძელში ან სკამზე, ან თუნდაც ხალიჩაზე დაჯდე, თუ ლოტოსის პოზა გემარტივება, მთლად უკეთესი.

დახუჭე თვალები და უბრალოდ, მშვიდი სუნთქვა დაიწყე. ეცადე სუნთქვაზე კონცენტრირდე. ცხვირით ჩაისუნთქე და ცხვირით ან პირით ამოისუნთქე. ძალდატანების გარეშე, ჩვეულებრივ რიტმში.

ამ პროცესში აუცილებლად შემოგეჭრება ფიქრები, გაგახსენდება, რომ მანქანა გასარეცხია, ან ხვალ შეხვედრისთვის პრეზენტაცია გაქვს დასასრულებელი... არა უშავს, ეს ნორმალურია. უბრალოდ, ეცადე მშვიდად ფოკუსირდე ისევ სუნთქვაზე.

მედიტაციის დაწყება ადვილი არ არის. თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეს სუნთქვაზე კონცენტრირება. თუ ასე მოხდა, შეგიძლია სცადო Guided Meditation. ამისთვის ისევ YouTube გამოგადგება, ან რომელიღაც უფასო აპლიკაცია. მაგალითად, Headspace, Calm ან Aura.

ვისაც გივარჯიშიათ, და გამოგიცდიათ, როგორ ტრანსფორმირდება სხეული სწორი კვებისა და ვარჯიშის შედეგად, მათთვის უფრო გასაგები იქნება, როგორ მუშაობს მედიტაცია − ეს არის ვარჯიში ტვინისთვის. როგორც ერთხელ გაკეთებული პრესის ვარჯიშით ვერ გამოისახავ 6 კუბს მუცელზე, ასევე მედიტაციის პირველი პრაქტიკითაც ვერ გახდები ერთიანად ენერგიული, თუმცა რამდენიმე კვირა საკმარისია, რომ ძალიან დიდი სხვაობა დაინახო შენს ყოველდღიურობაში.

ნამასტე!

მარიტა გენებაშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინისა" და "მინდორის" თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან