ანტრეპრენერები სერიოზულად დააზარალა კორონავირუსმა - გადარჩენის რა გზები არსებობს?!

როგორ განვაგრძოთ წინსვლა პანდემიის პირობებში?
ანტრეპრენერები სერიოზულად დააზარალა კორონავირუსმა - გადარჩენის რა გზები არსებობს?!
ფოტო: IDG Insider

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხშირად ამბობენ, რომ Covid-19-ით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკის წინაშე ხანდაზმულები და ის ადამიანები არიან, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. მაგრამ მცირე ბიზნესკომპანიებიც ასეთივე დაუცველები არიან. მათ შორის ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას ვერ გადაურჩებიან.

სერაი ტოეფი, სტელენბოშის ბიზნესსკოლის უნივერსიტეტიდან (USB) ამბობს, რომ მართალია, შიში და პანიკაა გამეფებული, მაგრამ ანტრეპრენერებმა მთელი იმედი თავიანთ ყველაზე ძლიერ თვისებაზე − შეუპოვრობაზე უნდა დაამყარონ.

"როგორც მცირე ბიზნესის მფლობელს, სავარაუდოდ, ნაკლებად მოსალოდნელია დიდი აქციონერი გყავდეთ, რომელიც ასეთ დროს დაგეხმარებათ, ამიტომ მთელი ძალა უნდა მოიკრიბოთ და უნდა დარწმუნდეთ, რომ ჯერ კიდევ ფეხზე იქნებით იმ დროს, როდესაც კარანტინი მოიხსნება“.

ტოეფი შემდეგ სამ გზას სთავაზობს მცირე ბიზნესის მფლობელებს ასეთ დროს გადასარჩენად.

შეამცირეთ ხარჯები

„ერთი უპირატესობა, რაც მცირე ბიზნესს ნამდვილად აქვს, ისაა, რომ უმეტესობას ჩვენი ბიზნესი ნულიდან გვაქვს შექმნილი და ვიცით, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბევრი რამ მცირე სახსრებით. როდესაც ჩვენი ბიზნესი იზრდება, მაშინ უკვე „ფუფუნების საგნების“ დამატებას ვიწყებთ, რათა ჩვენი ცხოვრება გაცილებით კომფორტული გავხადოთ − ოფისები, ბიზნესმოგზაურობა, პერსონალი, გართობა, დაზღვევა, უფრო დიდი მანქანა და უთვალავი მცირე რამ. უკვე დროა, თანხების თვითნებური ხარჯვა შეწყვიტოთ“.

მისი თქმით, მცირე ბიზნესს სამოქალაქო ვალდებულება აქვს − ყველანაირად უნდა ეცადოს, ასეთ დროს რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ადგილი შეამციროს, ამიტომ პრიორიტეტული უნდა გახადოს ყველა სხვა დანარჩენი ხარჯის შეკვეცა იქამდე, ვიდრე მთელი გუნდი დაზარალდება. 

ამ ეტაპზე მთავარი − ბანკებთან და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების გამართვაა სადღესასწაულო დღეების ანაზღაურებაზე, ფასდაკლებებზე, პროცენტების ნიხრების შემცირებასა და ნებისმიერ სხვა დახმარებაზე, რისი გაწევაც კი შეუძლიათ. „ამ ეკონომიკურ ვარდნას რეგიონული კი არა, გლობალური ხასიათი აქვს და ამიტომ ყველა დაზარალდა. თქვენს ბანკებსა და მომწოდებლებს თქვენვე სჭირდებით გადასარჩენად, რადგან მათაც მოუწევთ დიდი ბრძოლების გადატანა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბრძოლა მოუწევთ, თუ თქვენ, როგორც კლიენტს, დაგკარგავენ. ახლა მოლაპარაკებების დროა“.

გააგრძელეთ ფუნქციონირება

ტოეფი ხაზგასმით ამბობს, რომ „ეს არდადეგები არ არის, მაგრამ არც საკუთარი თავის შებრალებისა და დატირების დროა. დადგა დრო, გააკეთოთ ის, რასაც ანტრეპრენერები აკეთებენ, ეს არის საჩქარო. შემოქმედებითად მიუდექით ყველაფერს და მუშაობის გაგრძელების გზა მოძებნეთ“.

თუ შეგიძლიათ, პერსონალს მიეცით საშუალება შინიდან ლეპტოპებით იმუშაონ და ამ ინსტრუმენტთაგან ზოგიერთი გამოიყენეთ, რომლებიც დისტანციური მუშაობისას დაგეხმარებათ:

  • Zoom, Google HangOuts ან Skype − შეხვედრების გასამართად გუნდთან და კლიენტებთან
  • Slack ან Basecamp − გზავნილების მყისიერად გასაცვლელად
  • Monday, Asana ან Clickup − შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად და პროექტების სამართავად
  • Dropbox და GoogleDrive − ფაილების გასაცვლელად
  • Remo და GoToWebinar − ონლაინღონისძიებებისთვის
  • Facebook, LinkedIn და Instagram − ინტერნეტში კონტაქტების დასამყარებლად

თუ თქვენი ბიზნესი უფრო მეტად წარმოებაზეა დამყარებული, რაიმე გზა გამონახეთ და ფუნქციონირება გააგრძელეთ, თუნდაც წარმოება შეამცირეთ, და ამავე დროს, არც სოციალური დისტანცირება დაივიწყოთ. თუ ქარხანა გაქვთ, რომელშიც 150 ადამიანია დასაქმებული, პერსონალის გათავისუფლების ნაცვლად, ისინი ორ ცვლად ამუშავეთ − 75 თითოეულში. ამ შემთხვევაში, სულ მცირე, გარკვეული პროდუქციის წარმოებას მაინც შეძლებთ და ამასთან ერთად, თქვენს თანამშრომლებს სამსახურსაც შეუნარჩუნებთ“.

ითანამშრომლეთ კონკურენტებთან

როგორც ტოეფი ამბობს, კონკურენტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ახლა არ არის იმის დრო, რომ კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებაზე იზრუნოთ, ახლა მათ ხელი უნდა გაუწოდოთ და დაინტერესდეთ, ხომ არ შეგიძლიათ სამუშაო დატვირთვის განაწილება, ცოდნის გაზიარება და ერთად მუშაობა იმისათვის, რომ გადარჩეთ.

კომუნიკაციას მიაქციეთ ყურადღება

ისე, როგორც ყველა კრიზისების დროს, აქტიური კომუნიკაცია განგაშის გრძნობას ამცირებს. ტოეფი ამბობს, რომ უმთავრესი მნიშვნელობა პერსონალთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის უფრო მეტად გააქტიურებას აქვს.

„შეახსენეთ თქვენს კლიენტებს, რომ ჯერ კიდევ ფუნქციონირებთ, დახმარება და მხარდაჭერა შესთავაზეთ მათ. თქვენი თანამშრომლები შეშფოთებულები იქნებიან, ამიტომ დაეხმარეთ მათ, ეს დრო გადაატანინეთ, რაც შეიძლება გულწრფელი იყავით მათთან და პატიოსნად მოექეცით. სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ასეთ დროს ნებისმიერი მათგანი დაუცველი იყოს; შესაძლოა გაგაოცოთ იმან, თუ რამდენად ბევრი ადამიანი დაგიჭერთ მხარს. არაერთჯერ ყოფილა ისე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, თანამშრომლები შემცირებულ ხელფასსა და შემცირებული საათებით მუშაობაზე დათანხმებულან“.

სტრატეგია დაამუშავეთ

მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იმდენად გადატვირთულები არიან სამუშაოთი, რომ ხშირად სტრატეგიის დამუშავების დროც არ აქვთ. თუმცა, ეკონომიკის შენელება სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა შეანელოთ მუშაობა. ტოეფი ამბობს, რომ კომპანიების მფლობელებმა ეს დრო უნდა გამოიყენონ დასაფიქრებლად, თუ როგორ უნდა გააკეთონ ყველაფერი უკეთ, როდესაც კარანტინი მოიხსნება.

„მოქნილობის გამოჩენა სტრატეგია არ არის, ეს უნარია. უნარი, რომლის გამოყენება ყველაზე უკეთ სტრატეგიის ფარგლებში ხდება. „კანვა“ ბიზნესმოდელი (Business Model Canvas) სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ახალი ან მოქმედი კომპანიების ბიზნესმოდელის აღსაწერად. ის სრულ გარანტიას იძლევა იმისა, რომ თქვენი ბიზნესის ყველა ელემენტი იქნება განხილული ამ დროის განმავლობაში. სავარაუდოდ, Covid-19-მდე და მის შემდგომ პერიოდებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება. მზად იყავით უკეთესი გახდეთ პანდემიის დამთავრების შემდეგ“.

იკითხეთ და ისწავლეთ

როგორც ანტრეპრენერისთვის, თქვენი ერთადერთი უდიდესი აქტივი, თვითონვე ხართ. ეს დრო საკუთარ თავზე სამუშაოდ გამოიყენეთ, წიგნები წაიკითხეთ ან ინტერნეტით ისწავლეთ. არსებობს რამდენიმე მოკლე კურსი, რომელთა გავლა იზოლაციაში ყოფნის დროსაც შეგიძლიათ.

მხოლოდ გადარჩენაზე კი არ იფიქროთ, იბრძოლეთ კიდეც

რაჰმ ემანუელის სიტყვები გავიხსენოთ: „დროს ნუ დაკარგავთ, კარგი კრიზისი გამოიყენეთ“.

„ჩვენ ყველა იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა გადავურჩეთ ამ კრიზისს, მაგრამ რა მოხდება, თუ ამ რამდენიმე რჩევას გამოვიყენებთ და იზოლაციიდან გაცილებით ძლიერები გამოვალთ. შეუპოვრობა, შემოქმედებითი აზროვნება, მიზანმიმართულობა და წარმატების მიღწევის ჟინი − ეს სიტყვები ანტრეპრენერთა სინონიმია. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, ყველა მათგანს მოვუწოდოთ, რომ უბრალოდ კი არ უნდა გადარჩნენ, არამედ უნდა იბრძოლონ, − ამბობს ტოეფი“.

Latest on Entrepreneur