''KTW ჯგუფი'' ტრადიციული მეღვინეობიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე

1020 ჰექტრამდე ვენახი, მარნის ტიპის 4 საწარმო, ღვინისა და სპირტის ჩამომსხმელ-გადამამუშავებელი 4 ქარხანა და 9 საფირმო მაღაზია!
''KTW ჯგუფი'' ტრადიციული მეღვინეობიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
12 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8000 წლის წინ საქართველოში დაწყებული მეღვინეობის მდიდარი ისტორია 21-ე საუკუნეშიც წარმატებით გრძელდება. უძველესი ტრადიციებისა და ნამდვილი ქართული ღვინის გემოვნური თვისებების შენარჩუნებას „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აგრძელებს, რომელიც ძველისა და ახლის ოსტატური სინთეზით ქართულ ღვინოს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას აცნობს. ჩვენ კი ძველ გემოებს კიდევ ერთხელ გვახსენებს. 2020 წლის თანმდევი გლობალური პანდემია და ახალი რეალობა არც საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის აღმოჩნდა მარტივი. მიუხედავად ამისა, „KTW ჯგუფმა“ ახალ დღის წესრიგთან ადაპტაცია უმტკივნეულოდ მოახერხა და ახალ პროექტებზეც აგრძელებს მუშაობას, რაზეც „KTW ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზურა ჩხაიძემ ENTREPRENEUR-ს საკუთარი ხედვა გაუზიარა.

 

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ („KTW ჯგუფი“) თანამედროვე ხედვისა და უძველესი ღირებულებების კომბინაციით უკვე 19 წელია ბაზარზე ოპერირებს და განვითარებას არაერთი მიმართულებით განაგრძობს. წლების წინ კონკურენტულ გარემოში დაარსებულმა კომპანიამ ზურა ჩხაიძის თაოსნობით უმთავრეს პრინციპად ტრადიციული ტექნოლოგიით უმაღლესი ხარისხის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება განიზრახა.

კომპანიამ განვითარების ტემპი და პარტნიორთა წრე სწრაფად გაზარდა და სულ მალე საექსპორტო მიმართულებითაც აქტიურად დაიწყო მუშაობა. წლების შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთგულ მომხმარებელთა უზარმაზარი რიცხვის მთავარ მიზეზად აქ თავდაუზოგავ შრომასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს მიიჩნევენ. კარგად ესმით, რომ კომპანია ქართული ღვინისა და კულტურის ერთგვარი ელჩია, რაც როგორც პატივი, ასევე უმაღლესი პასუხისმგებლობის საკითხია. ამიტომაც, დასახულ პრინციპებს ერთგულად მისდევენ. კომპანიის კონიაკი „ძველი კახეთი“ უკრაინისა და კიდევ არაერთი ქვეყნის ბაზარზე, გაყიდვების კუთხით 2008 წლიდან დღემდე უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს. ის „KTW ჯგუფის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რაც კიდევ ერთხელ კარგი დასტურია, რომ კომპანია ქართული ბრენდის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებასა და პოპულარიზაციაში დიდ როლს ასრულებს.

ხარისხის უმაღლეს ნიშნულზე შენარჩუნებასთან ერთად კი განვითარება, გაფართოება და ახალი მიმართულებების შემოერთება კომპანიის სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანზე ორიენტირებით „KTW ჯგუფი“ დღეს უკვე ჰოლდინგის სტატუსს ფლობს და მთელი საქართველოს მასშტაბით 1020 ჰექტრამდე ვენახს, მარნის ტიპის 4 საწარმოს, ღვინისა და სპირტის ჩამომსხმელ-გადამამუშავებელ 4 ქარხანასა და 9 საფირმო მაღაზიას აერთიანებს.

გარდა ამისა, შუაგულ კახეთში, სოფელ ახაშენში, ალაზნის ველის მიკროზონაში კომპანია ტურისტულ კომპლექსს „ახაშენი ღვინის კურორტი & სპა“ ფლობს, რომელიც მოგზაურებს ქართული ღვინის კულტურის მძაფრ ისტორიას აზიარებს.

თბილისის ისტორიულ უბანში, ორბელიანის მოედანზე კი „KTW ჯგუფის“ სასტუმრო კომპლექსს ‒ „ორბელიანი რეზიდენსს“ შეხვდებით, რომელიც სადეგუსტაციო სივრცეს, მაღაზია-სალონს, ღია კაფესა და რესტორანს აერთიანებს. ამასთანავე, კომპანია ტურიზმის განვითარებაშიც აქტიურადაა ჩართული. თითოეულ მაღაზიას ტურისტული სივრცე ახლავს, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში ღვინის გზის წარმატებით განვითარებას უწყობს ხელს.

კომპანიის წარმატებულ სვლებთან ერთად, ისევე, როგორც ყველასთვის, 2020 წლის თანმდევი პანდემია და ახალი რეალობა არც საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის აღმოჩნდა მარტივი. მიუხედავად ამისა, „KTW ჯგუფმა“ ახალ დღის წესრიგთან ადაპტაცია უმტკივნეულოდ მოახერხა.

თუ როგორ ესახება მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების გავლენა საქმიანობის სფეროზე, ამის შესახებ „KTW ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზურა ჩხაიძე Entrepreneur-ს საკუთარ ხედვებს უზიარებს:

„Covid-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პარადიგმა და მომხმარებლის ქცევა. შესაბამისად, ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვისაც უპირველესი ამოცანა საქმიანობის არსებულ რეალობაზე მორგება გახდა. აქედან გამომდინარე, ღვინის ინდუსტრიის სამომავლო განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოების უსაფრთხო და რეგულაციების შესაბამის გარემოში გადატანა, რათა სიტუაციის ცვლილებამ ეკონომიკისა და ტურიზმის ამ ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტის კოლაფსი არ გამოიწვიოს“.

მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციისა და საქმიანობის უწყვეტად შენარჩუნებისთვის, „KTW ჯგუფმა“ ახალ რეალობასთან მორგებით კომპანიის ოპერირების ძირითადი მიმართულებების შეუფერხებლად წარმართვა გააგრძელა. არ შეწყვეტილა პროდუქციის წარმოება, რეალიზება და ექსპორტი.

მართალია, საერთაშორისო მიმოსვლებისა და ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო კომპანიის ტურისტული საქმიანობა დროებით შეფერხდა, თუმცა მის მფლობელობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე კომპლექსი „ახაშენი ღვინის კურორტი & სპა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დროებით საკარანტინე სივრცედ გამოცხადდა. კომპანიამ, მასპინძლობასთან ერთად, რისკის წინაშე მყოფ ადამიანებზე ზრუნვაც შეითავსა.

პანდემიური გამოწვევების გადალახვისა და ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, კომპანიას კიდევ არაერთი ამბიციური გეგმა და მიზანი აქვს. როგორც ზურა ჩხაიძე გვეუბნება, ამის თქმის შესაძლებლობასა და რესურსს ის მრავალფეროვანი კომპეტენციებით დაკომპლექტებული გუნდი აძლევს, რომელიც „KTW ჯგუფის“ ისტორიას ქმნის. ეს გუნდი უკვე არაერთი მასშტაბური და ერთმანეთისგან კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტის ავტორია.

„ჩვენი გუნდი დაახლოებით 2000-მდე ადამიანს აერთიანებს, რომლებიც იმ სანდო ღირებულებებს ქმნიან, რომელსაც „KTW ჯგუფი“ წარმოადგენს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიას ჰყავს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი. თითოეულ მათგანს საკუთარი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და ინტერესით აღსავსე მიდგომა აქვს. ჩვენთვის საამაყოა, რომ კომპანიის შიგნითაც იმ ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით, რომელსაც ვემსახურებით. „KTW ჯგუფის“ მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს,

თანამშრომლებს ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობები შეუქმნას. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს. ამიტომაც ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზეც მუდმივად ვზრუნავთ. ასევე უნდა ითქვას, რომ „KTW ჯგუფი“ ყველა მიმართულებით იყენებს უახლეს ტექნოლოგიებსა და ცოდნას, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია დანერგილი. საბოლოოდ, ჩვენი გუნდის ხედვა, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება კი წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და მიღწეულ წარმატებებზე პირდაპირ აისახება. საგულისხმოა, რომ პანდემიის პირობებში, ჩვენ თანამშრომელთა 100% შევინარჩუნეთ და კადრების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი მიდგომების მოქნილობასა და წარმატებულობაზე“, ‒ გვიყვება ზურა ჩხაიძე.

პროფესიულ განვითარებასთან ერთად, კომპანიაში პერსონალის ჰიგიენასა და საწარმოო გარემოს მაღალ სანიტარულ ნორმებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. „KTW ჯგუფის“ საწარმოები უკვე რამდენიმე წელია, ISO 22000 და HACCP- სერტიფიკატებს ფლობს. ამასთანავე, ითვალისწინებენ და გულდასმით მისდევენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციასა და მითითებას. სპეციალური სტანდარტით აღჭურვილ სამუშაო გარემოში თანამშრომლები თერმოსკრინინგს ყოველდღიურად გადიან და უსაფრთხოდ აგრძელებენ მუშაობას. მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი თანამშრომლები კი მათივე უსაფრთხოებისთვის დროებით იზოლაციაში აღმოჩნდნენ.

კომპანიის უწყვეტ საწარმოო პროცესს, დიდ გუნდთან ერთად, უახლესი მანქანა- დანადგარებიც უზრუნველყოფს. მათი მეშვეობით, ერთ დღეში 145 000 ბოთლის ჩამოსხმაა შესაძლებელი. პროფესიონალებისა და ტექნოლოგიური მიღწევების ძალების ერთიანობით კი, კომპანიის 70-ზე მეტი დასახელების სასმელი, მაღაზიების დახლებსა თუ შოურუმებში, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა.

ჰოლდინგის საქმიანობათა მიმართულებები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც კომპანიის სასმელების ასორტიმენტი. სულ მალე „KTW ჯგუფის“ პორტფოლიოს ქართული, დასავლური მეღვინეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი შეემატება. „შატო ასკანა“ გურიაში შემოდგომაზე გაიხსნება. ზურა ჩხაიძისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

„ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ის ჩემს ფესვებს ‒ გურიის სოფელ ასკანას უკავშირდება. აქ XlX საუკუნის 80-იან წლებში ჩემმა დიდმა ბაბუამ, ანთიმოზ ჩხაიძე- ასკანელმა საკუთარ მარანში ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება დაიწყო. „შატო ასკანას“ კომპლექსი სწორედ წინაპართა ტრადიციისა და გურული მეღვინეობისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვაა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ გაითქვა სახელი. ჩვენი მიზანია, სტუმრებმა უკეთ გაიცნონ გურია და მისი უნიკალური ღვინო. ჩამოვიდნენ და აქაური საოცარი ატმოსფერო შეიგრძნონ. ვფიქრობ, ეს პროექტი გურიის, როგორც ღვინის მწარმოებელი რეგიონის, განვითარებასა და პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“.

მეღვინეობის გარდა, „შატო ასკანას“ სივრცე კერძო, დახურული ღონისძიებებისთვისაც იქნება მორგებული. ასევე, შატოში იგეგმება მივიწყებული გურული ვაზის ჯიშების აღორძინება და მათი პოპულარიზაცია. ჩხავერი, ციცქა, ჯანი, საკმიელა ‒ ვაზის ის ჯიშებია, რომელთა უნიკალური გემო მსოფლიომ უნდა გაიცნოს. მანამდე კი ამ ყველაფრის დაგემოვნებას გურიაში, ქართულ კულტურასთან შერწყმული მოდერნიზებული ბიზანტიური არქიტექტურული სტილის მქონე კომპლექსში შეძლებენ. ის უძველესი მარნის საცავს, ზამთრის ბაღს, გურულ ეთნოკუთხეს, სკვერს, საცურაო აუზს, სპასა და სპორტდარბაზს აერთიანებს, საიდანაც გურიის ფერდობსა და ბახმაროს მთებზე შთამბეჭდავი ხედი იშლება. „შატოს ასკანას“ კარი გურული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებით რთველის დადგომასთან ერთად გაიღება.

„KTW ჯგუფს“ კიდევ ერთი პროექტი ‒ „გურამიშვილის მარანი“ ეკუთვნის, რომელიც დედაქალაქთან ახლოს, საგურამოში მდებარეობს და განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებით გამოირჩევა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, მარნის აღდგენამდე, აქ ღვინო არ დაწურულა.

„ჩვენი დიდი სურვილი, აღგვედგინა ილიას მარანში ღვინის დაწურვის უძველესი ტრადიცია, შეიძლება ითქვას, რომ უფლის ნებითა და ჩვენი თავდაუზოგავი შრომით აღსრულდა. 10 წლის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით საკუთარი წვლილი შეგვეტანა მარნისა და ვენახების აღდგენის საქმეში, რაც მხოლოდ 2012 წლის შემდეგ მოვახერხეთ. ლიტერატორ თამაზ ტყემალაძის რეკომენდაციითა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის დირექტორ ანდრო ბედუკაძის ძალისხმევით, იჯარით გადმოგვცეს ვენახები, სადაც აღვადგინეთ ვაზის ის უძველესი და იშვიათი ჯიშები, რომელიც ამ ტერიტორიაზე იყო გაშენებული. მარნის აღდგენა და ვენახის გაშენება იყო ერთგვარი მადლიერების გამოხატულება თადეოზ გურამიშვილისა და რა თქმა უნდა, უდიდესი ქართველის ‒ ილია ჭავჭავაძის ღვაწლის მიმართ. ჩემში უდიდეს მოწიწებასა და ამავდროულად, სიამაყეს იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია იხილოს გურამიშვილების მარანში ის ქვევრი, რომელშიც ღვინოს თავად ილია ჭავჭავაძე აყენებდა. შემიძლია გაგიმხილოთ, რომ „გურამიშვილის მარანს“, პირადად ჩემთვის, გარდა ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობისა, საკრალური დატვირთვაც აქვს. როდესაც აქ ჩემს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად შემოვდივარ, აუცილებლად ვილოცებით და ღვინოს ვაგემოვნებთ. ეს მარანი ჩემთვის იგივე ეკლესიაა. აქ ხომ არაერთ იმ მართალ ადამიანს ულოცია, რომელსაც განსაკუთრებული საქმეები აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. ემოციებით ვსაუბრობ „გურამიშვილის მარანზე“, თუმცა ის ობიექტურად მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელია“, ‒ გვიზიარებს გამორჩეულ დამოკიდებულებას ზურა ჩხაიძე.

დღეს „გურამიშვილის მარანში“ ქართული ტრადიციული მეთოდებით ღვინისა და კლასიკური შამპანურის ჩამოსხმა უკვე რეგულარულად ხორციელდება. პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და წარმოების ტემპი წინ სწრაფად მიიწევს. ღვინის წარმოების პროცესში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების პარალელურად ნარჩუნდება ღვინის ის ავთენტური გემო, რომელიც ქართლის რეგიონის ტრადიციულ მშრალ ღვინოს უნდა ჰქონდეს. კომპანიას „გურამიშვილის მარნის“ განვითარებასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი ამბიციური გეგმა აქვს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომ დაუშვებელია გურამიშვილის ტერიტორია განიხილებოდეს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის, ვინაიდან ეს იმ უნიკალურ ფასეულობათა მქონე მარანი და ისტორიაა, რომელსაც დიდი რუდუნებით სჭირდება მოფრთხილება და იმ იერსახის შენარჩუნება, რომელიც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს“.

საქართველოს კუთხეების მეღვინეობის ტრადიციათა გაცოცხლება კომპანიისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სოფელ მარანაში ქართლის ჯიშების ასაღორძინებლად დიდი ვენახი გაშენდა. აქ მოწეულ ყურძენს საგანგებოდ „გურამიშვილის მარნის“ ღვინის სახეობებისთვის გამოიყენებენ. ამ ნაბიჯით კომპანია ქართლის საღვინე ჯიშთა გამის გამრავლებას უწყობს ხელს.

რაჭული ვაზის უნიკალური ჯიშების განვითარებისთვის კი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში, 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და თეთრას ჯიშის ვაზის ნერგებმა დაიდო ბინა. დასავლური მევენახეობის წახალისების მიზნით, კომპანიამ გურიასა და აჭარაში მევენახეებს საკონტრაქტო გარანტიით საჩუქრად ვაზის 120 000 ნერგი

გადასცა. შემოდგომაზე კი ამ მევენახეთათვის ყურძნის ხელსაყრელ ფასად შეძენას გეგმავს, რაც დარგის ადგილობრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ნაბიჯი იქნება.

და ეს ყველაფერი არ არის. „KTW ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „გურჯაანი აგრომ“ საქართველოში ყველაზე დიდი ფართობის ვენახის გაშენება დაიწყო. მასშტაბური პროექტი იმითაც გამოირჩევა, რომ ის მთლიანად მექანიზებულია და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ემყარება.

ვენახი გავაშენეთ, სადაც ერთ ჰექტარ მიწაზე 5500 ვაზის ნერგია დარგული. ამავე წელს, დამატებით ვგეგმავთ კიდევ 200 ჰექტარი მიწის ათვისებას. ჩვენ საქმიანობაში ჩავრთეთ ევროსტანდარტის შესაბამისი ტრაქტორები და ვაზის მოვლის მანქანა-დანადგარები. ასევე, ვგეგმავთ შევიძინოთ ყურძნის საკრეფი კომბაინი, რომელიც სრულად მექანიზებულია. ჩვენი კომპანია მუდმივად ახერხებს თანამედროვე სმარტ-ტექნოლოგიების გენერირებას ყოველდღიურ აგროსაქმიანობაში“, ‒ ამბობს ზურა ჩხაიძე.

ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით ვენახისათვის ულტრათანამედროვე ავტომატიზებული წვეთოვანი სისტემის შექმნაც შეძლო. დამონტაჟდა წყალსაწრეტი არხი, რომელიც წვიმიან ამინდში ვენახის სიმშრალის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ექსპერიმენტები მომავალშიც გაგრძელდება. იგეგმება ვენახის დრონების გამოყენებით შეწამვლა. მისი გამართლების შემთხვევაში კი ეს მეთოდი საქმიანობაში აქტიურად დაინერგება. „KTW ჯგუფი“ ერთ- ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც სმარტ-ტექნოლოგიების ინტეგრირებას აგრონომიულ საქმიანობაში აქტიურად ახორციელებს.

მუდმივ სიახლეებზე, განვითარებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე ფოკუსირებით, კომპანიას მომავალშიც არაერთი ამბიციური მიზანი აქვს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროექტებით, ის მრავალი ადამიანის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახლო სამომავლო გეგმების სიაში კი პრიორიტეტულ ადგილს გურჯაანში, კერძოდ, სოფელ ზიარში დაგეგმილი ღვინის თემატიკის მქონე ეკოსოფლის შექმნა იკავებს, რომელიც არაერთი მახასიათებლით ინოვაციური პროექტი იქნება.

ამასთანავე, კომპანიას ახალი ინტერესებიც აქვს, რაც დედოფლისწყაროსა და სიღნაღში კაკლოვანი ჯიშების, კერძოდ კი კაკლის, ნუშისა და ზეთისხილის გაშენებას უკავშირდება.

„საქართველოში არსებული კლიმატური პირობებიდან და ნიადაგიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ივრის ნაპირის ტერიტორია ერთ-ერთი პერსპექტიული სივრცეა ამ კაკლოვანი კულტურების გასაშენებლად. ამ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა და ექსპორტზეც გადის. ჩვენი უპირატესობა ფასის კონკურენტუნარიანობა, რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და ხარისხობრივი მაჩვენებელი გახლავთ“.

ქვეყნისთვის ახალი პოტენციური შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ მასშტაბური კვლევა „ნიუ ჯეოგრაფიკს“ და „ქოლიერსს“ რეგიონის ფუნდამენტური შესწავლისა და პრიორიტეტული საწარმოო მიმართულებების დასადგენად დაუკვეთა.

„ეს კვლევა უდიდესი სარგებლის მომტანია არა მხოლოდ „KTW ჯგუფისთვის“, არამედ მთელი რეგიონისა და ნებისმიერი იმ დამწყები კომპანიისა თუ მცირე მეწარმისთვის, რომელიც ამ ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ვფიქრობ, დაახლოებით 10 თვეში გვექნება დასკვნა, რომელიც გვაჩვენებს სრულ სურათს, თუ რომელი მიმართულებების წარმოება იქნება მიზანშეწონილი აღნიშნულ რეგიონებში“, ‒ გვეუბნება ზურა ჩხაიძე.

საქმიანობათა მასშტაბების ზრდის პარალელურად, „KTW ჯგუფში“ თაობათა გამოცდილებისა და ახალი ხედვების სინთეზსაც შეხვდებით. ზურა ჩხაიძის უფროსი ვაჟი, სანდრო ჩხაიძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სპორტის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებისა და NBA-ს გუნდში, Brooklyn Nets-ში მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ჰოლდინგის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. ამასთანავე, მეგობრებთან ერთად ღვინის თემატიკაზე აპლიკაცია Vault Wines შექმნა, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის მიკვლევადობაში ეხმარება. საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართული ღვინის მიკვლევადობა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა დღეს უკვე სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და სასურსათო პროდუქციის ავთენტურობის დაცვაზეც მუშაობენ. აპლიკაცია უნიკალური ჰოლოგრამებისა და ბლოკჩეინ- ტექნოლოგიის საშუალებით პროდუქციის იდენტიფიკაციას ახდენს, მომხმარებელი კი ხედავს, თუ რა გზას გადის პროდუქტი ყურძნის დაკრეფიდან საბოლოო ჩამოსხმამდე. იდეა ერთ-ერთი მსხვილი შვეიცარიული ფონდის ნოვატორულ კონკურსში 1000-დან 10 აპლიკანტს შორის მოხვდა და დაფინანსებაც მოიპოვა.

ასევე, ის შვეიცარიის ქალაქ დავოსში „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც“ გაიცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდებმა მსოფლიო ლიდერებისგან, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან, არაერთი რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს.

გარდა საკუთარი საქმიანობისა, „KTW ჯგუფში“ სანდროს პასუხისმგებლობები სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელობას ექსპორტში, სოფლის მეურნეობაში, სტუმარ- მასპინძლობაში, ბრენდის მშენებლობასა და ახლა უკვე მარკეტინგშიც მოიცავს. ის ასევე აქტიურადაა ჩართული ახალი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა „ახაშენის ღვინის კურორტი“, „შატო ასკანა“, „ნენას“ ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სასტუმრო „ორბელიანი რეზიდენსი“, ასობით ახალი ჰექტრის გაშენება კახეთის ზონაში და სხვა.

„ისევე, როგორც ყველა მოზარდს, მასაც სპორტი იტაცებდა, რომელიც ნაწილობრივ თავის პროფესიად აქცია. ამასთანავე, საქმისა და მუშაობის მიმართ ბავშვობიდან ჰქონდა გამოკვეთილი ინტერესი. პირველად, ქარხანაში ყუთების აწყობაზე იმუშავა. პირველი სიმბოლური ხელფასი 13 წლის ასაკში აიღო. ამ ასაკიდან კომპანიაში ყველა პოზიცია გაიარა და დღეს უკვე „KTW ჯგუფის“ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან, ესწრება საერთაშორისო გამოფენებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ქართულ ღვინოსა და მის 8000-წლოვან ტრადიციას პოპულარიზაციას უწევს. ერთად მოგზაურობისას გვიყვარს ღვინის სახეობების დეგუსტაცია, მათი განხილვა და ჩვენს ღვინოსთან შედარება. შემიძლია ვთქვა, რომ მისი ასაკის მიუხედავად, უკვე კარგად ერკვევა მეღვინეობაში, ტექნოლოგიურ დონეზეც კი. მომწონს მისი თანამედროვე ხედვა და საინტერესოა მისგან ახალი იდეების მოსმენა ჩვენი ბიზნესის მომავალი განვითარების შესახებ. სანდროს აზრს ვენდობი. ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მეორე ვაჟი ‒ ნიკოლოზი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლება ვენაში, „ვებსტერში“, მალე შემოგვიერთდეს მე და სანდროს. მით უფრო, რომ მასაც აქვს გამოხატული ინტერესი ჩვენი საქმიანობის მიმართ და უკვე რამდენიმე გამოფენაზეც წარადგინა კომპანია“, ‒ გვითხრა ზურა ჩხაიძემ.

თავად სანდროს კი მიაჩნია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ქვეყნის სიყვარულისა და ოჯახური ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სწორი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს მსოფლიო ღვინის რუკაზე მკაფიო ადგილის მონიშვნის საქმეში მასაც სურს საკუთარი წვლილის შეტანა.

„საქართველო განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა მსოფლიო მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანიის როლი საკმაოდ დიდია ამ ისტორიულ მისიაში, აუცილებელიც კი იყო ჩემი ჩართვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნის სამშობლოსა და ოჯახურ ბიზნესში რეალიზება. ვცდილობ KTW ტექნოლოგიურად ადაპტირებული გავხადო ისეთ სფეროებში, როგორიცაა ERP-სისტემები, მზის ენერგია,

ბლოკჩეინი, დისტანციური მომსახურება, ელექტრონული კომერცია, მარკეტინგი და ა.შ. წილად მერგო, წინ გავუძღვე საქვეყნოდ საამაყო საქმეს, რომელსაც ზურა ჩხაიძე მართავს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მისი იმედი გავამართლო. ჩვენ ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ვაცნობთ მსოფლიოს ღვინის უძველეს სამშობლოს“, ‒ სანდრო ჩხაიძე.

გლობალური მიზნებითა და საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებით, „KTW ჯგუფი“ განვითარებას განაგრძობს. მასთან ერთად კი საქართველო, როგორც ღვინის კულტურის უძველესი აკვანი და ამ ინდუსტრიაში დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ ღიად პოზიციონირებს, რაც როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე მის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებას პირდაპირპროპორციულად და დინამიკურად ზრდის.

Latest on Entrepreneur