⚡ Get All Content for 20% Off ⚡

''კრისტალის'' მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა" USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19.

ჰაკათონის მიზანი ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა იყო. ამ ბიზნესწამოწყებების დასაფინანსებლად, „კრისტალმა" გამოყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50 000 ლარის მოცულობით. პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ გამოცდილი ექსპერტები. საინვესტიციო კომიტეტის (Pitching) სესიის შემდეგ კი გამოვლინდა 6 გამარჯვებული იდეა და გუნდი.

„კრისტალში" აცხადებენ, რომ „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გლობალური ეპიდემიის, COVID-19-ის შესაკავებლად ეფექტური გზების ძიება და ინოვაციური ბიზნესიდეების თუ გადაწყვეტილებების წახალისება.

შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ძალიან ღირებული, საინტერესო, ინოვაციური ბიზნესიდეა ან უბრალოდ, ინიციატივა, რომელიც დაეხმარება როგორც ქვეყნებს, ასევე კონკრეტულ ადამიანებს COVID-19-თან ბრძოლაში. სწორედ ასეთი იდეებისა და ინიციატივების გენერირებისა და სწრაფად განხორციელებისთვის ხელშეწყობა იყო ჩვენი მიზანი, როცა ჰაკათონის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ".

Entrepreneur ამჯერად გაგაცნობთ ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულს – ლადო გოგოლიძეს, რომლის იდეა არა მხოლოდ ინოვაციურობით გამოირჩეოდა, არამედ იმ დროისათვის აქტუალური პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად – მან მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი, მიზნის გასახორციელებლად კი ჩაერთო ფონდ „კრისტალის" ჰაკათონში, რომელმაც ლადოს საშუალება მისცა პანდემიის დროს ხორცი შეესხა იდეაზე – არა მხოლოდ მატერიალური კუთხით უზრუნველეყო იგი, არამედ გაეწია ყველა საჭირო დახმარება, რაც მართვადი სუნთქვის აპარატის სრულყოფისთვის იქნებოდა საჭირო: „არსებული პროექტი პირდაპირი პასუხი გახდა დამდგარ ახალ რეალობასთან მიმართებაში, სადაც ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად, სხვადასხვა სპეციალობისა და იდეოლოგიის ხალხის კონსოლიდაცია გახდა საჭირო. სწორედ ამის შესაძლებლობა მოგვცა პროექტმა და რა თქმა უნდა, მიღებული დაფინანსებაც მნიშვნელოვანია, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი პანდემიის პირობებში საკმაოდ მძიმე გასაწევია საკუთარი ჯიბიდან".

თავად ლადო საკუთარ პროექტს იდეად არ მიიჩნევს, არამედ აფასებს როგორც აუცილებლობას: „მართვადი სუნთქვის სრულფასოვან აპარატს აღვიქვამ, როგორც საჭიროებას. იგი იქნება აქტუალური, ვიდრე იარსებებს ვირუსების საფრთხე, რომლებიც ადამიანის ფილტვებს აზიანებს. ჩვენ მიერ შექმნილი აპარატი გამოირჩევა იმით, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მისი ნებისმიერი ოდენობით წარმოება საცალო გაყიდვაში არსებული დეტალების გამოყენებით, რაც მის თვითღირებულებას, განსხვავებით აპარატის სერტიფიცირებული „დიდი ძმისგან", მნიშვნელოვნად ამცირებს და ზრდის ხელმისაწვდომობას. თანაფარდობა შემდეგი: $12 000 / $550-თან. განსხვავება სერტიფიცირებულ აპარატსა და ჩვენ მიერ შექმნილ აპარატს შორის არის გამოყენებული ნაწილების რესურსი. მაგ: სერტიფიცირებული მართვადი სუნთქვის აპარატის სარქველს სამუშაო ციკლი აქვს 3 მლნ. ჩაკეტვა/გახსნა, ხოლო ჩვენსას 1 მლნ. დასახულ მიზანს ორივე ერთნაირად ასრულებს – შეინარჩუნოს ადამიანის სიცოცხლე", – ამბობს ლადო.

გუნდმა რამდენიმე დღის წინ შექმნა სატესტო გარემო, სადაც შეისწავლება წნევით მილებში შემოსული აირების წინასწარი მართვა ექიმი-რეანიმატოლოგის მიერ შეყვანილ პარამეტრებზე დაყრდნობით. აირების შესაბამისი ნაზავისა და მოცულობის მიღების შემდეგ კი დაიწყება სუნთქვის სრულყოფილი ციკლების იმიტირება და სატესტო ფილტვზე ტესტირება.

როგორც ლადო ამბობს, მისთვის პროექტში გამარჯვება უპირველესად, ნიშნავს საზოგადოების მხარდაჭერას, რაც ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დიდი მოტივაციაა. ასევე იმის გაცნობიერებაც, რომ შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლესთან გქონდეს მომავალში საქმე – განსაკუთრებით არა პირდაპირ, არამედ შენ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით, აათმაგებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შეაფასებს კრიტიკულად პროექტსა და მის მიმდინარეობას, მით ნაკლები იქნება შეცდომის დაშვების შანსი.

ლადოს თქმით, პროექტმა ასწავლა დროითი რესურსის გადანაწილება და შეუცვალა განწყობა: „თავიდან, ეს მართლაც მხოლოდ იდეა იყო, პროექტის დახმარებით კი შესაძლებელი გახდა მისი რეალობაში გადმოტანა. ზოგადად, ყველა მენტორისგან მოველი მათი მხრიდან იდეის ვალიდაციას, რადგანაც ადამიანს საკუთარი აზრი და პროექტი ყველაზე სწორი, მართებული და უეჭველად შესრულებადი ჰგონია, მაგრამ ზოგჯერ რეალობასაა აცდენილი – გამოცდილება, ან დროისა და ფულადი რესურსები არ ჰყოფნის. ამ ყველაფერს კრიტიკულად აფასებენ მენტორები და რჩევა-დარიგებებს იძლევიან მათ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია".

ახლა ლადო ცდილობს დაასრულოს შექმნის პროცესი. გუნდი მზადაა, პროექტი უსასყიდლოდ გადასცეს ნებისმიერ პირს/კომპანიას, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში თვითღირებულების ფასად აწარმოოს მართვადი სუნთქვის აპარატები საქართველოსთვის, საზღვრებს გარეთ კი საკუთარი სურვილით განაგრძოს კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობა: „აღნიშნული აპარატებით საქართველოში ბიზნესის წარმოებას არ ვაპირებ", – ამბობს ლადო.

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია