ლიდერი ტიტულის გარეშე!

ახალ სამყაროს ახალი ტიპის ლიდერები სჭირდება!

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვაკის განახლებულ აუზზე გახსნის დღიდან (2004) რამდენიმე წელი რეგულარულად დავდიოდი. შემდეგ იყო სხვადასხვა სპორტული ექსპერიმენტი...

entrepreneur.ge

2020 წლის დასაწყისში, კორონამდე – აუზები და სპორტდარბაზები ჯერ კიდევ შეუფერხებლად რომ მუშაობდნენ, ვაკის აუზს კვლავ ვესტუმრე და პირველივე შეხება ამ კარგად დავიწყებულ ძველ ადგილთან ისეთი ემოციური გამოდგა, რომ მას შემდეგ ვინახავ ამ ამბავს ჩემი მორიგი სარედაქციო სვეტის თემად და ეს დროც დადგა!   



აუზის მენეჯერთან რეგისტრაციის გავლის შემდეგ გარდერობთან მისულს, ქურთუკი ჯერ გახდილიც არ მქონდა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ხმა შემომესმა: გიორგი, შენ ხარ? როგორ ხარ? სად დაიკარგე?



ეს იყო ქალბატონი მერი, აუზის მეგარდერობე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ კლუბის დღევანდელ წევრებს ცნობს სახელებით, არამედ წლების წინანდელ წევრთა სახელებიც არ ავიწყდება…



საოცარია – რამდენი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, დადიოდა და დადის ვაკის აუზზე და ამ ქალბატონს აქვს უნარი, დაიმახსოვროს მათი უმრავლესობის სახელი, ღიმილით მიიღოს და ღიმილითვე გაისტუმროს ასობით ადამიანი ყოველდღიურად.



მჯერა, რომ თითქოს პატარა და უმნიშვნელო ცხოვრებისეული მომენტებიდან დიდი და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეიძლება.

და მაინც, რა შეიძლება ვისწავლოთ ამ პატარა ისტორიიდან?

#1. სახელი ძვირფასი რამაა, რომლის გაგონებაც ყველაზე მეტად უხარიათ ადამიანებს. სახელების დამახსოვრების ნიჭი ყველას არ აქვს, მათ შორის არც მე, მაგრამ იმ დღეს, ქალბატონ მერისთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს ის ნაკლია, სხვა ბევრ ნაკლთან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწორო. მეტი ყურადღება, მეტი სითბო და გულწრფელი ინტერესი გამოვიჩინოთ სხვა ადამიანების მიმართ და არც მათი სახელების დამახსოვრება გაგვიჭირდება!

#2. ნამდვილ ლიდერს სხვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობა აყალიბებს ლიდერად და არა თანამდებობა ან ოფიციალური წოდება. რით შემიძლია დაგეხმარო? – ესაა შეკითხვა, რომელსაც ნამდვილი ლიდერები ყველაზე ხშირად სვამენ. თქვენც ასე მოიქეცით! დაეხმარეთ ადამიანებს და არ დაელოდოთ სამაგიერო სარგებელს. გინდათ ეს თუ არა, თქვენ მიერ გაწეული დახმარება, დღეს თუ ხვალ, ბუმერანგივით  დაგიბრუნდებათ.

#3. დიდი თუ პატარა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, სულით და გულით უნდა ვაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. შემხვედრია არაერთი მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში, მაგრამ ბევრ მათგანს გვერდითაც არ დავუყენებდი ქალბატონ მერის – ვაკის აუზის გარდერობის გამორჩეულ დიასახლისს, პროფესიონალს და საკუთარი საქმის უბადლო შემსრულებელს, რომელიც თავისი საქმის მინისტრიცაა, გენერალური მენეჯერიც და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც! უგულოდ ან სანახევროდ გაკეთებულ საქმეს შედეგიც სანახევრო აქვს. ნამდვილი ლიდერები ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებენ, კარგად და ხარისხიანად აკეთებენ! ასე მოიქეცი შენც და მალე აღმოაჩენ, რომ ორგანიზაციული იერარქიის რა საფეხურზეც უნდა იყო, ლიდერად ქცევას ზემდგომ თანამდებობაზე დაწინაურების ლოდინი არ სჭირდება. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე! გაიზარდე თავად და გაზარდე სხვაც!     

#4. ჩვენი საქმიანობისთვის გამოყოფილი ფიზიკური სივრცე ჩვენი რეალური გაქანების ლიმიტს ვერ დაგვიწესებს, თუ ჩვენ თავად მოვინდომებთ საზღვრების გარღვევას! ვაკის აუზის გარდერობი 5-6 კვადრატულ მეტრი თუ იქნება, მაგრამ მისი დიასახლისი ისე ბრწყინავს და ანათებს, რომ მის მიერ გასხივებული პოზიტიური ენერგია გაცილებით შორს აღწევს. კაშკაშა ვარსკვლავივით იბრწყინეთ და ანათეთ თქვენც! სადაც უნდა იყოთ და რასაც უნდა აკეთებდეთ! ახალ სამყაროს ახალი ტიპის ლიდერები სჭირდება! გახსოვდეთ – ახალ სამყაროში ლიდერებს მხოლოდ სტატუსითა და თანამდებობით არ აფასებენ!  

#5. ყოველთვის შემატეთ თქვენს საქმიანობას დამატებითი ღირებულება და გააკეთეთ მეტი, ვიდრე ამას თქვენგან ელიან. გააკეთეთ ის, რაც შესაძლოა არ გევალებათ, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებულს დატოვებს თქვენს კლიენტებსა თუ თანამშრომლებს. არ მგონია, კლუბის წევრების სახელებით დამახსოვრება მეგარდერობეს სამუშაო აღწერილობის სავალდებულო პუნქტად შეეტანა ვაკის აუზის მენეჯმენტს... გარდერობში სხვებიც მუშაობენ, მაგრამ ანათებს მხოლოდ ერთი.

ანათეთ თქვენც!

მადლობა, ქალბატონო მერი!  

P.S.: თუ ფიქრობთ, რომ ნამდვილ ლიდერს არ სჭირდება თანამდებობა და ოფიციალური წოდება, მაშინ თქვენი აზრით, რომელია ის თვისებები, რაც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი ტიტულის, საქმიანობის სპეციფიკისა და მასშტაბისა, ნამდვილ ლიდერად აქცევს?  იფიქრეთ და მომწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხზე.