📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - გიორგი კუჭუხიძე (ESB) "კრიზისი ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი აღმოჩნდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მახსოვს პანდემიის დასაწყისი და ის პირველი დღეები, როდესაც მთელი მსოფლიო პანიკამ მოიცვა. ხალხი დაბნეული და შეშინებული იყო. ამ ყველაფერს უფრო მეტად ამძაფრებდა გაურკვევლობა.

პირველ ეტაპზე გარკვეულწილად ოპტიმისტურად ვუყურებდით შექმნილ სიტუაციას, მაგრამ მალევე გავაცნობიერეთ, რომ ბიზნესი და საზოგადოება საკმაოდ დიდი გართულებების წინაშე აღმოვჩნდებოდით.

მოგეხსენებათ, ESB − „ევროპის ბიზნეს სკოლა" ევროპული სტანდარტის ტოპმენეჯმენტის ტრენინგპროგრამებს სთავაზობს მოქმედ ტოპმენეჯერებს და შესაბამისად, ჩვენი რეაქცია კრიზისისადმი უნდა ყოფილიყო ყველასთვის მაგალითი, რათა რთული დრო ყველას ერთად უსაფრთხოდ და ღირსეულად გადაგვეტანა.

თავდაპირველი სირთულეები მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ დასწრებული ტრენინგების მიმართულებით გვქონდა გამოცდილება და პრაქტიკა, ახლა კი სრულად უნდა გადავლაგებულიყავით დისტანციური სწავლების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2018 წლიდან დისტანციურად მუშაობს, ვერ ვხვდებოდით, როგორ შეგვენარჩუნებინა პროგრამების განხორციელების მაღალი ხარისხი, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია, როდესაც კრიზისს იყენებ შენ სასარგებლოდ, განვითარებისთვის, სწავლისთვის, მეტი უნარებისა და განახლებული, წარმატების მომტანი დამოკიდებულებების გასავითარებლად.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კორონას კრიზისი ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი აღმოჩნდა. ჩვენ არ გავჩერდით, არ შევეგუეთ და კრიზისი ღირსეულად გადავლახეთ.

სამყაროში ყველაფერი მყიფეა და შესაძლოა წამებში გაქრეს, ამიტომ სანამ ხარ, როგორც ორგანიზაცია თუ ინდივიდი, უნდა განაგრძო მუდმივი სწავლა, უნარების განვითარება და მსოფლმხედველობის შეცვლა. საუკეთესო ინვესტიცია ხომ საკუთარი კომპეტენციების განვითარებაა.

გამოჩნდა დრო, რომელიც ოქროს ინვესტიცია აღმოჩნდა ჩვენთვის. დავიწყეთ თანამშრომლების უფრო ინტენსიური შიდა ტრენინგები, ინდივიდუალურად დავიწყეთ მენეჯერების ცოდნის, უნარებისა და მიდგომის განვითარება. შედეგებმა არ დააყოვნა და დღეს კომპანიას ეს დრო და რესურსი მაღალი უკუგებით უბრუნდება.

კრიზისი საუკეთესო საშუალებაა, გამოავლინო შენი რეალური შინაგანი ორგანიზაციული თუ ინდივიდუალური კულტურა და ეს საზოგადოებას გრძელვადიან პერსპექტივაში დაამახსოვრდება.

ESB − „ევროპის ბიზნეს სკოლამ" პირველსავე დღეებში შექმნა უფასო ტრენინგების პლატფორმა, რომელსაც უამრავი ტრენერი, მენტორი, ქოუჩი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტი შემოუერთდა. ისინი უანგაროდ ატარებდნენ ტრენინგებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებისა და ბიზნეს სკოლის სახელით.

ყველა ორგანიზაციას ვურჩევ, ეს კრიზისი ადამიანების გულებსა და გონებაში მათი სწორი პოზიციონირებისთვის გამოიყენონ, დაუბრუნონ საზოგადოებას მათგან მიღებული კეთილდღეობის ნაწილი და მოახმარონ მათ პროგრესულ განვითარებას.

მოკლევადიანი ხედვა მხოლოდ დაგვაზიანებს. საჭიროა, ვიფიქროთ მასშტაბურად, დავინახოთ განვითარებისა და შესაძლებლობების მთლიანი სურათი, რომელიც ძალიან დიდი დინამიკით დაიწყება კრიზისის შემდეგ. ამ განვითარების სისწრაფეს და დინამიკას სჭირდება დღეს გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან და არა მოკლევადიანი ხედვა.

ზოგადად, საუკეთესო PR-სტრატეგია გულწრფელობა და სიმართლეა, რომელსაც ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია ყოველთვის გრძნობს და ხედავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!