აქციეთ რეალობად

ინდივიდუალურად მოგვარება?

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიკო ბრენჩი ხვეული თმის მოვლის საშუალებების მულტიმილიონდოლარიანი ხაზის, Miss Jessie’s-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. პროდუქცია ბრენჩისნაირი ქალებისთვისაა, რომლებსაც სურთ, თმა ბუნებრივად ატარონ. თუმცა, 20 წლის წინ, კარიერის დასაწყისში, მიკოს პროდუქციის შექმნაზე არ უფიქრია. მას, უბრალოდ, უყვარდა თმაზე მუშაობა და ამიტომ, სალონი გახსნა. სალონმა წარუმატებლობა მალევე განიცადა, მაგრამ ბრენჩიმ მომავალ წარმატებას შეუქმნა საფუძველი.

Entrepreneur Georgia

ნაბიჯი 1

ისწავლეთ წარსულიდან

თმის მოვლის შემსწავლელი კურსების დასრულების შემდეგ, ბრენჩმა დასთან − ტიტისთან ერთად გახსნა ორადგილიანი სალონი ბრუკლინში, ბორუმ-ჰილიში. შემდეგ, გაფართოების პერსპექტივით, უფრო ფართო სივრცეში გადაინაცვლა ძველი კლიენტურის გარეშე. „ორ წელიწადში ჩვენმა ბიზნესმა მარცხი იწვნია“, − აცხადებს ბრენჩი. დებმა ეს გაკვეთილად მიიღეს. მათ ახალი სალონი გახსნეს, მცირე ზომას დასჯერდნენ და ამჯერად, საქმეს უფრო მეთოდურად მიუდგნენ.

ნაბიჯი 2

იპოვეთ ნიშა

ყველა სალონი რაღაცით ერთმანეთს წააგავს. როგორ შეიძლება ყოფილიყო მისი სალონი სხვებისგან გამორჩეული? ბრენჩს 2000 წლამდე ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ადრე თმას ყოველთვის ისწორებდა, თუმცა თმის ბუნებრივად გაშლა დაიწყო, როცა მარტოხელა დედა გახდა, აღსაზრდელი შვილით („თმის გასასწორებლად დრო არ მქონდა“, − ამბობს ის). მომხმარებლებისგან მისმა ახალმა იმიჯმა არაერთი ქათინაური დაიმსახურა. მიკო დარწმუნდა, რომ სპეციალიზებულად აფროამერიკელი ქალების ბუნებრივად ხვეულ თმაზე არავინ მუშაობდა. ბრენჩმა ეს მისია თავად იკისრა და თმის ქიმიურად გასწორება მომსახურებიდან ამოიღო. „ეს სარისკო სვლა იყო, რადგან ფული გვჭირდებოდა“, − აცხადებს ბრენჩი. „მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა და მალე უამრავი ქალი გვესტუმრა ხვეული თმით − ებრაელები, იტალიელები, ლათინოამერიკელები“.

ნაბიჯი 3

მოძებნეთ შემოსავლის ახალი წყაროები

ბრენჩი ხვეული თმის დასაყენებლად სათანადო საშუალებებს ვერ პოულობდა. „დავიწყეთ შეძენილ პროდუქტებში რაღაც-რაღაცების დამატება, საბოლოოდ კი, საკუთარი პროდუქტი შევქმენით“. შინ დამზადებული პროდუქტის ხაზს, ბებიის პატივსაცემად, Miss Jessie’s დაარქვეს და გასაყიდად ადგილობრივ მაღაზიასა და საკუთარ სალონში შეიტანეს. შემდეგ ბრენჩი ნიუ იორკში გაეშურა, სასაჩუქრე და კოსმეტიკურ ქსელ Ricky’s-ში შევიდა და ითხოვა გასაუბრება საწყობის წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ყოველ სამშაბათს მართავენ შეხვედრას და მთხოვა, ნიმუშები გამეგზავნა“, − აცხადებს ბრენჩი. იგი ასეც მოიქცა. მალე Miss Jessie’s-ის შეძენა 25 მაღაზიაში გახდა შესაძლებელი.

ნაბიჯი 4

ჩაუყარეთ საფუძველი წინსვლას

ქალებმა წარმოება სამზარეულოდან სარდაფში გადაიტანეს, შემდეგ კი 5000 კვადრატული ფუტის მოცულობის სამუშაო სივრცეში. მათ დაიქირავეს მცირე ზომის გუნდი, რომელიც წარმოებას ჩაიბარებდა, სანამ დამფუძნებლები მარკეტინგსა და განვითარებაზე იზრუნებდნენ. „მადლობა ღმერთს, ასე მოვიქეცით“, − ამბობს ბრენჩი, − „რადგან 2010 წელს Target დაგვიკავშირდა“. საცალო პროდუქციით მოვაჭრე ქსელს საკუთარ დახლებზე, Miss Jessie’s სურდა და ბრენჩი დათანხმდა პროდუქტის 200 მაღაზიაში შეტანაზე. „ეს იყო ტესტი“, − აცხადებს ის, − „ჩვენი პირველი სალონი ძალიან მალე გაიზარდა და დაიძირა. ამჯერად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედეთ. ორასი მაღაზიის მომარაგება შევძელით და დღეს ეს რიცხვი 1700-მდე გავზარდეთ“.

ნაბიჯი 5

დარჩით თქვენი ფესვებისადმი ერთგული

ამჟამად Miss Jessie’s, ქვეყნის მასშტაბით, 16 განსხვავებულ პროდუქტს ყიდის: Target-ში, Walmart-ში, Walgreens-სა და CVS-ში. ბრენჩი კვლავ ამუშავებს სალონებს: ერთს მანჰეტენში, სოჰოში და ერთსაც − სამხრეთ ფლორიდაში. „მათი ფუნქცია კვლევა-განვითარებაა“, − აცხადებს ის. „ჩვენ ვიღებთ რეალურ ცნობებს, რაც გვეხმარება, შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ბაზარს სჭირდება. განსაკუთრებით ახლა, როცა ამ მიმართულებით უფრო მეტი ბრენდი იქმნება“.