GSI Partners - 2020 წელს დაფუძნებული კიდევ ერთი ბიზნესი!

გაიცანით გიორგი იაშვილი!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი იაშვილი

Entrepreneur Georgia

GSI Partners-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის დაწყება?

ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობთ და შესაბამისად, წლების მანძილზე დიდი გამოცდილებაც დაგვიგროვდა.  ეს გამოცდილება ძალიან მრავალფეროვანია  და მოიცავს, როგორც საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სექტორებში მრავალწლიან წარმატებულ საქმიანობას, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულად განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს.

ბოლო წლებში, ჩვენი გუნდის წევრები - გიორგი იაშვილი, გიორგი გურგენიძე, დავით შავგულიძე, როგორც ინდივიდუალური კონსულტანტები, ვთანამშრომლობდით სხვადასხვა კომპანიასა თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან. თუმცა, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მას შემდეგ რაც, რამდენიმე საინტერესო პროექტში გადავიკვეთეთ და ვნახეთ, რომ ერთად გაცილებით უფრო ეფექტურად შეგვეძლო მუშაობა, გაგვიჩნდა იდეა, რომ უკვე დროა ჩვენმა ცოდნამ, გამოცდილებამ და კომპეტენციამ ერთ წერტილში მოიყაროს თავი.

ამას დაემატა ისიც, რომ ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, წლევანდელი წლის დასაწყისში რადიკალურად შეიცვალა მსოფლიოში არსებული დღის წესრიგი - მოქალაქეების სოციალური დისტანცირების აუცილებლობამ ფაქტიურად თავდაყირა დააყენა მსოფლიოში არსებული ბიზნეს პროცესები და კომპანიების უმეტესობა იძულებული გახადა, დროის მოკლე პერიოდში ადაპტირებულიყვნენ ახალი რეალობისადმი და საკუთარი ბიზნეს საქმიანობა შეძლებისდაგვარად გადაეწყოთ დისტანციური მუშაობის მოდელზე.

დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მასიურად გადასვლამ კი გამოიწვია ის, რომ კიბერუსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც მანამდე შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო, ახლა წინა პლანზე გადმოვიდა და მათი გათვალისწინება კომპანიებისთვის უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.

მივხვდით, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე და ზუსტად ახლა იყო ყველაზე შესაფერისი დრო ჩვენი იდეის განსახორციელებლად.

სწორედ ასე გაჩნდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინოვაციური სერვისების მომწოდებელი კომპანია “GSI Partners”.

თქვენი მომსახურების/პროდუქტის მოკლე აღწერა

ჩვენი მრავალფეროვანი სერვისებიდან გამოვარჩევდი შემდეგ მიმართულებებს:

  • მენეჯმენტ კონსალტინგი - რომელიც მოიცავს კიბერუსაფრთხოების რისკების მართვას, შესაბამისი ბიზნეს პროცესების შეფასება-გაუმჯობესებას, სტრატეგიისა და მმართველობის ჩარჩოს შემუშავებას, დანერგვის პროცესის მხარდაჭერას და ა.შ.
  • შესაბამისობა - რომელიც გულისხმობს როგორც საერთაშორისო (ISO 27001/27701, GDPR, NIST CSF და სხვა), ასევე, ადგილობრივი მარეგულირებელი ჩარჩოს (კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს და ა.შ.) მოთხოვნების მიმართ შესაბამისობის მიღწევაში მხარდაჭერა, როგორც საკონსულტაციო მომსახურების, ასევე შეფასება-აუდიტის ჭრილშიც.
  • ცნობიერების ამაღლება - რომელიც მოიცავს, როგორც ტოპ მენეჯმენტის, ასევე შესაბამისი ბიზნეს მიმართულებების, საბოლოო მომხმარებლებისა და კლიენტების ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიების დაგემვას, შემუშავებას და განხორციელებას.

ვინ არიან პოტენციური მომხმარებლები და რატომ უნდა შეიძინონ თქვენგან?

“GSI Partners”-ის ინოვაციური სერვისებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ბიზნესის და ინფორმაციული აქტივების დაცვა კიბერშეტევებისაგან. ჩვენი მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთები შეიძლება იყვნენ როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ორგანიზაცები, რომელთა მდგრადობა და ბიზნეს-უწყვეტობა ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია, ასევე კერძო კომპანიებიც, რომელთა ძირითადი ბიზნეს პროცესებიც დაფუძნებულია IT სისტემებზე და შესაბამისად, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების პირობებში, მათი ბიზნესის გაჩერება და მათთვის ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანის მიყენება შეუძლია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კიბერ დაჯგუფებებს.

თუმცა, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით საქმიანობაზე ვაკეთებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ კიბერუსაფრთხოება გლობალური ცნებაა და ჩვენი ინოვაციური მიდგომები თანაბრად რელევანტურია როგორც ქართული ბიზნესისთვის, ასევე, შვედური თუ ესპანური კომპანიებისთვის.

ჩვენი სერვისების ევროკავშირის მიმართულებით განვითარებაში ძალიან აქტიურად გვეხმარება პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და აგრეთვე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ვფიქრობ, რომ სხვებთან შედარებით ჩვენი ობიექტური უპირატესობა თანაბრად გამომდინარეობს ჩვენი სოლიდური გამოცდილებისა და ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების მასშტაბის, ხარისხისა და მრავალფეროვნებისაგან.

ჩვენ გუნდს გამოარჩევს:

  • სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (საჯარო, კერძო, საფინანსო, ენერგო, საკონსულტაციო, Big 4).
  • სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო პროექტების განხორციელების გამოცდილება (აშშ, დიდი ბრიტანეთი, EU, თურქეთი, უკრაინა).
  • რეგიონში პირველად განხორციელებული საერთაშორისო პროექტები:               ISO 27001 სერტიფიცირება, GDRP მზაობის შეფასება და დანერგვის მხარდაჭერა, CBEST/TIBER-EU Threat Intelligence Based Ethical Red Teaming და ა.შ.
  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული წარმატებული პროექტები.
  • სფეროს მარეგულირებელ ორგანიზაციებთან (ციფრული მმართველობის სააგენტო, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა) მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება.
  • ეროვნული სტრატეგიის, კანონმდებლობისა და დარგობრივი მარეგულირებელი დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და ხშირ შემთხვევაში მათ შემუშავებაში, განახლებაში მონაწილეობის მიღების გამოცდილება.
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების საფუძვლიანი, სხვადასხვა სერტიფიკატებით აღიარებული ცოდნა, და რაც მთავარია, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენების წარმატებული მაგალითები.