4 რამ, რაც ანტრეპრენერებმა შეიძლება მაიკ ტაისონისგან ისწავლონ

მცნებები ჭკუის კოლოფისგან შავ შორტებში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასული წლის ნოემბერში 54 წლის მაიკ ტაისონი 15 წლის განმავლობაში პირველად გავიდა რინგზე, რომ 51 წლის როი ჯონს უმცროსს დაპირისპირებოდა. საჩვენებელი  მატჩი 8 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ფრედ დასრულდა. ტაისონმა დიდი გულმოწყალება გამოიჩინა, ეცადა მოწინააღმდეგე  არ გაენადგურებინა.  ამ მატჩს დიდი წარმატება ხვდა წილად, მილიონები მოიტანა, ჩემპიონს ასეთი წარმატება  ფილმის პრემიერის („წვეულება ვეგასში“) შემდეგ არ ჰქონია.

NBC

რკინის მაიკი ლოს ანჯელესის სპორტული ცენტრის რინგზე გასვლისას სულ სხვა ადამიანი იყო. ის აღარ იყო, რომელმაც კევინ მაკბრადთან ორთაბრძოლის შემდეგ დატოვა რინგი ათ წელიწადზე მეტი ხნის წინ.  ლეგენდარული მოკრივე იმ ფულის გამოსამუშავებლად იბრძოდა, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მისი აღარც მოწინააღმდეგეს ეშინოდა და აღარც მის საყვარელ მაყურებელს.

ტაისონი გადადგომის შემდეგ მიხვდა, რომ მოწინააღმდეგის დამახინჯება მისი საკუთარი მომავლის განადგურების ხარჯზე მოხდა. მან  ჯო როგანის შოუში 2019 წელს განაცხადა, რომ ისე ძალიან ეშინოდა საკუთარი თავის, რომ დარბაზში აღარ დადიოდა.  მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა.

შემდეგ ინტერვიუში, ერთი წლის შემდეგ, ტაისონმა აღტაცებით განუცხადა როგანს, რომ კიდევ ერთხელ გავიდა რინგზე და ამ ასაკში დაბრუნებისთვის ემზადებოდა.

ქვემოთ გაეცნობით რა გაკვეთილები მიიღო ამ მეომარმა მოკრივემ  ცხოვრებისგან, და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ნებისმიერ სფეროში გადასარჩენად ...

ყველას აქვს გეგმა, ვიდრე სახეს კარგად არ გაულამაზებენ

ეს არის ფრაზა, რომელსაც მაიკი წლების განმავლობაში იმეორებდა. კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ტაისონი ბრძოლას ჯერ კიდევ მაშინ იწყებდა, როდესაც  სკამზე იჯდა.  ირწმუნებოდა, რომ იმის წარმოდგენა შეეძლო, თუ როგორ არტყამდა მუშტს თავში  მოწინააღმდეგეს. თუ ტაისონის რომელიმე მოწინააღმდეგეს გადარჩენა სურდა, საუკეთესო სტრატეგია მისი ისე მომწყვდევა იყო, რომ გამანადგურებელი იარაღის გამოყენების საშუალება არ ჰქონოდა - სწორედ ამას აკეთებდა უმეტესად ჯონსი ორთაბრძოლისას.

მაგრამ მაიკმა როიზე შეტევა სხეულის დარტყმებით დაიწყო. ჯამში, ტაისონმა 35-ჯერ დაარტყა, ჯონსი აღიარებდა, რომ ბოლო რაუნდებში ამის გამო ენერგია მთლიანად გამოეცალა. მაიკი არასდროს იყო ცნობილი, როგორც ახლო დისტანციაზე მებრძოლი, მაგრამ  ამდენი წლის შემდეგ, ახალი ტრიუკები ისწავლა.

თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, ბაზარს უნდა მოერგოთ. ერთი და იგივეს გამეორება და უსასრულოდ ასე გაგრძელება სრულიად წარმოუდგენელია, და ნამდვილი უგნურებაა.  თუ ანტრეპრენერი ხართ, ახალი სტრატეგიები უნდა ისწავლოთ. ის, რაც თორმეტი თვის წინ ამართლებდა, დღეს უკვე აღარ ამართლებს.  ჩვენ მუდმივად უნდა ვეძიოთ ინოვაციები ჩვენს მარკეტინგში, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროებში.

გაარკვიეთ ვის ებრძვით და რატომ

ტაისონმა ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”უკვე თხუთმეტი წელია ეს აღარ გამიკეთებია, მე არ ვარ გიგანტი, მე დამწყები ვარ!”.

ამ სიტყვებმა სიცილი გამოიწვია, მაგრამ ის ამას სრულიად სერიოზულად ამბობდა.

"ადრე მხოლოდ საკუთარ თავზე და ლამაზმანებზე, კარგ მანქანებზე, თვითმფრინავებსა და კატარღებზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის", – აღიარა მაიკმა. "მე სულ სხვა გზით წავედი".

მწვერვალზე ყოფნისას ტაისონმა უდიდესი სიმაღლეები დაიპყრო და შემდეგ ყველაზე დაბლა დაეშვა. მაგრამ მაკბრაიდთან დამამცირებელი მარცხის შემდეგ, წარმატებით შეძლო რეპუტაციის აღდგენა. მეუღლის, ლაკიჰა სპაისერის დახმარებით მსახიობობა დაიწყო, ინვესტიციები განახორციელა და შეთანხმებებს მოაწერა ხელი. ამ ბრძოლაში მაიკმა მილიონები მოიპოვა საქველმოქმედო მიზნებისთვის და იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ახლა ის უკვე ადამიანია, რომელიც სხვებისთვის იბრძვის.

ანტრეპრენერების უმრავლესობა ბიზნესს იწყებს და მთელი ყურადღება შემოსავალზე აქვს გამახვილებული. კომპანია იზრდება და  ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით: საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება თუ მეტი ფულის შოვნა?

თუ შემოსავალს ვირჩევთ, მთავარი ყოველთვის მორიგი ხელფასის დღე იქნება. თუ პირველ ვარიანტს,  აუცილებლად ვემახსოვრებით საზოგადოებას. ამიტომ, თავიდანვე კარგად გაარკვიეთ, ვისთვის იბრძვით და რატომ.

კომფორტულად გრძენით თავი იმ დროს, როდესაც არაკომფორტულად ხართ

რატომ გადაწყვიტა მაიკმა რინგზე დაბრუნება? მას სხვა აღარაფერი დარჩენოდა. როდესაც მას ეს შეკითხვა დაუსვეს, ასე უპასუხა: ”იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამის მეშინია ”.

ტაისონს ბრძოლა რომ შეძლებოდა, პირველ რიგში მთავარი მეტოქე, საკუთარი თავი უნდა დაემარცხებინა.

მაიკმა ათი წელი შიშში გაატარა, საკუთარი თავის ეშინოდა.  მას აღარც  ხელთათმანები აუღია ხელში და აღარც სიმძიმეები აუწევია.  იცოდა, რომ როგორც კი თავის მოწონებას დაიწყებდა, მისი ეგო იმწამსვე  იფეთქებდა. როდესაც მისი მოკლე ვიდეო რგოლი გამოჩნდა, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ იბრძოდა ძველებურად, ის ვირუსული გახდა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ის ბრუნდებოდა. 

ტაისონს 16 წუთში უფრო მეტი ურტყეს, ვიდრე უმრავლესობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ჩემპიონი ამტკიცებდა, რომ იგი თავს "შესანიშნავად" გრძნობდა და "კიდევ მეტსაც გაუძლებდა".

მაიკი ისე ურტყამდა მუშტებს როის, რომ მარათონი დაესრულებინა და არა ისე, რომ ნოკაუტში ჩაეგდო. 

”ვფიქრობ, ნამდვილი ბრძოლა დისტანციის გავლაა,” –  თქვა ტაისონმა. ” ჩემი მიზანი ბოლომდე გაძლება იყო,  ყველას ხომ ვერ ჩავაგდებ ნოკაუტში”.

შემდეგ მაიკმა მადლობა გადაუხადა თავის სპარინგ პარტნიორებს, რომლებიც მას რამდენიმე კვირის წინ ურტყამდნენ, რომ  როისთან ბრძოლისთვის მომზადებულიყო.  

ანტრეპრენერები იმ მომენტში მარცხდებიან, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობენ. ჩვენ რეაგირებას ვიწყებთ, იმის ნაცვლად რომ რაღაც შევქმნათ. იმ წუთას ხდებით ძლიერი და სწავლას იწყებთ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ პირდაპირ თვალებში ჩახედოთ თქვენს შიშებს. წარმატების გასაღები ისაა, რომ ქაოსის დროს მშვიდად იგრძნოთ თავს.

ასე გააგრძელეთ

ორთაბრძოლის შემდგომ ტაისონმა აღიარა, რომ ტრავმების მიღების  ეშინოდა. როდესაც ვხედავთ, რომ  ვინმე რაღაც სახიფათოს აკეთებს, ვფიქრობთ, რომ ისინი უშიშრები არიან.  ტაისონს ეშინოდა და ამიტომ 193 დარტყმიდან მხოლოდ 67 მოახვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დარტყმების მხოლოდ მესამედი მოხვდა მიზანს. ამ სტატისტიკას თავისი გაკვეთილი აქვს.  

ტაისონი მაინც აგრძელებდა დარტყმებს იმ იმედით, რომ რაღაც მოხდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო,  ჯონსი მას ბოლოს მოუღებდა. ეს სრულიად აშკარაა.

მაიკმა თხუთმეტი წლის წინ დარტყმების მიღებას დანებება არჩია. ეს მისი მშფოთვარე კარიერის სამარცხვინო დასასრული იყო. მაგრამ ცხოვრებას არ შეუწყვიტია მისთვის დარტყმების მიყენება, ამიტომ იგი ემოციურად გახდა უფრო ძლიერი და ამით ანგარიში გაათანაბრა.  

მგონია, რომ ანტრეპრენერები გლადიატორებს გვანან.  ჩვენ ყველაფერს რისკქვეშ ვაყენებთ და როგორც წესი, სარეზერვო გეგმა არ გვაქვს. ამიტომ სხვა გზა არ გვრჩება, როგორღაც უნდა ავამოქმედოთ ყველაფერი. როდესაც გვეჩვენება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ველოდით, სწორედ იმ წუთიდან უნდა გავაორმაგოთ ჩვენი მცდელობები და რინგზე დავრჩეთ.  თუ გსურთ, როგორც ანტრეპრენერმა  წარმატებას მიაღწიოთ, დანებებაზე არც კი უნდა იფიქროთ.

მთავარი პრობლემა რინგზე მოხვედრაა. საბედნიეროდ გასული წელი როგორც იქნა დასრულდა, მაგრამ ეს სულაც  არ ნიშნავს, რომ 2021 წელი შეწყვეტს მუშტების დაშენას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ბრძოლა გაქვთ მოგებული ან წაგებული, მთავარი ის არის, კიდევ უფრო ძლიერი გახდებით თუ დანებება გადაწყვიტეთ?